ქვეყანათმცოდნეობა

ირანი მხოლოდ ჩადრი არ არის

ირანის ისლამური რესპუბლიკის თემა არაერთხელ ყოფილა ჩვენი ინტერნეტ-ჟურნალის მსჯელობის საგანი, რაც არ არის გასაკვირი, რამეთუ თითქმის 80-მილიონიანი სახელმწიფო, მზარდი ეკონომიკითა და განვითარებული ინფრასტრუქტურით, ერთობ საინტერესო განათლებისა და სოციალური დაცვის სისტემით, მძლავრი არმიითა და მდგარი სახელმწიფოებრივი მოწყობით, მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, ხელოვნებითა და კულტურით, დღითიდღე იკრებს ძალებს და არა მარტო რეგიონის თვალსაჩინო წარმომადგენლად გვევლინება, არამედ მსოფლიოს.

თანამედროვე ირანს აქვს საკუთარი პოზიცია და ინტერესი კავკასიის რეგიონის მიმართ, გაცილებით მოკრძალებული, ვიდრე ამას საუკუნეთა მიღმა ჰქონდა ადგილი, მაგრამ მოკრძალება გააქტიურებით იცვლება, რაც თავისთავად ამიერკავკასიაში არსებული ქვეყნებისათვის, მათ შორის საქართველოსთვისაც საინტერესო და არა სახიფათო უნდა იყოს.

საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილ პოლიტიკოსთა და ექსპერტთა უდიდესი უმრავლესობისათვის ირანის ფაქტორის გააქტიურება ელდის მომგვრელია, რაც უდავოდ ნეგატიურად აღიბეჭდება საქართველო-ირანის გამოცოცხლებულ ურთიერთობებზე. აქვე უნდა ითქვას, რომ ჩვენს ძვირფას კოლეგებს საზღვარგარეთთან ურთიერთობა მარტო აშშ-თან და ევროკავშირთან ურთიერთობა ჰგონიათ. მათ ავიწყდებათ პრიმიტიული ჭეშმარიტება - ქვეყანა მაშინაა შემდგარი, როდესაც მეზობლებიდან დაწყებული, ყველასთან აქვს საერთო ენა გამოძებნილი ან ცდილობს ამას. ცხადია, ქვეყნის “შემდგარობას” უპირველესად პოლიტიკური სისტემა, ეკონომიკა და სხვა მრავალი ფაქტორი წყვეტს, მაგრამ ამ ფაქტორთა შორის არცთუ უმნიშვნელოა სხვასთან ურთიერთობაც.

კავკასია ყოველთვის იყო ახლო თუ შორეული სახელმწიფოების ინტერესთა ადგილი, თუმცა თანამედროვე პირობებში ეს ინტერესი გაასმაგებულია. ინტერესი დღითი-დღე ფართოვდება არა მარტო კასპიის ზღვის ენერგომატარებლების ხელში ჩაგდებისათვის, არამედ პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებისათვისაც. პატარა ტერიტორიაზე, რომელსაც ამიერკავკასია ჰქვია, ძირითადად ორი სუპერ სახელმწიფოს – აშშ-ს და რუსეთის და შედარებით მცირე, თურქეთის ინტერესები ეჯახება ერთმანეთს. რეგიონისადმი გარკვეული ინტერესი გააჩნია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, შუა აზიის ქვეყნებს, ისრაელს, უკრაინას, სხვებს.

ინტერესი აქვს გაჩენილი ირანის ისლამურ რესპუბლიკასაც, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან ირანის მზარდი გავლენა ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებზე თვალშისაცემია. აქვეAისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს ადგილი აქვს ირანის გააქტიურებას ჩრდილო კავკასიაში ანუ რუსეთის ფედერაციაში შემავალ ჩრდილოეთ კავკასიის ავტონომიებში.რეგიონში მოთამაშე ახალი ძალა – აშშ-ი დღიდან კავკასიაში გამოჩენისა, აღნიშნულ ზონას საკუთარი ეროვნული ინტერესების ზონად აღიქვამს და ცდილობს მაქსიმალურად შეზღუდოს რეგიონის ისტორიული მოთამაშე რუსეთი, გადაულახავი ბარიერი აღუმართოს რეგიონის მეორე ისტორიულ მოთამაშე ირანს. თუ რამდენად მოახერხებს აშშ-ი სანუკვარი ოცნების განხორციელებას, ძნელი სათქმელია, თუმცა ძალ-ღონეს რომ არ იშურებს ამისათვის, ცხადზე ცხადია.

ნომერ პირველი სახელმწიფო არც ფინანსებს ზოგავს კავკასიის ქვეყნების მოსახლეობის მოხიბლვა-გადაბირების მიზნით. ამ საქმეს ემსახურება არაერთი სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაცია –ამერიკული დაფინანსებით და იდეოლოგიით გაჯერებული. უშუალოდ ხალხთან მუშაობამ, მისთვის აშშ-ი ტრენინგებისა და კურსების მოწყობამ, შედეგი გამოიღო. ახალგაზრდობის დიდი ნაწილი სიმპათიით განეწყო შორეული ქვეყნისადმი. საპირისპირო, მე ვიტყოდი, მტრული განწყობა ჩაუბუდდა მეზობელი რუსეთის და ირანის მიმართ. რუსეთთან აშშ-ს “გადატვირთვის” პროცესის წამოწყების პარალელურად, აშშ-ს ჰეგემონისტური პოლიტიკა წამიერადაც არ იშორებს ჰეგემონისტურ სულისკვეთებას. მისი მიხედვით, რეგიონში ერთადერთი ძირითადი მოთამაშე აშშ-ი უნდა იყოს.

საკუთარი შორსმიმავალი გეგმების შესრულებისათვის ვაშინგტონმა საქართველოს ხელისუფალთა და პოლიტიკური ელიტის სახით, სტრატეგიული მოკავშირე გაიჩინა. სწორედ მისი ხელით და დახმარებით ის ცდილობს ბარიერები შეუქმნას რუსეთს. და არა მარტო მას, ირანსაც.

2008 წლის აგვისტოს ომამდე, კავკასიის საკითხებში ნაკლები პოლიტიკური და მეტი ეკონომიკურ-სავაჭრო აქტიურობით, თურქეთი გამოირჩეოდა. მან მოახერხა არა მარტო მოძმე აზერბაიჯანში პოზიციების განმტკიცება, არამედ საქართველოშიც. განსაკუთრებული მსჯელობის საგანია, ოდესღაც არაერთი საუკუნით თურქეთის შემადგენლობაში მყოფი აჭარასთან ურთიერთობა. ყბადაღებული ყარსის ხელშეკრულება, რომელიც ფაქტიურად არ მოქმედებდა საბჭოთა კავშირის დროს, მთელი სიგრძე-სიგანით ამოქმედდა საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში, ოღონდ ერთის განსხვავებით – ხელშეკრულებით ბათუმი ღია ქალაქი და ღია პორტია, ამჯერად კი გაფართოებული თურქული გავლენის ადგილი. დიდი მეზობლის არსებობა არა მარტო აჭარაში იგრძნობა, არამედ თბილისშიც.ანკარა სულ უფრო აქტიურ პოლიტიკურ პოზიციებს აფიქსირებს კავკასიის, განსაკუთრებით საქართველოს მიმართ, ახალ ინიციატივებს აჟღერებს კავკასიაში არსებული კონფლიქტური ზონების მიმართ. ხშირ შემთხვევაში ანკარისა და მოსკოვის მოსაზრებები სცილდება ერთმანეთს, რაც საფუძველს იძლევა ორთა შორის სამომავლო დაპირისპირებისათვის. დღეს, მათ შორის პრაგმატული თანამშრომლობაა, არა მარტო ენერგეტიკის სფეროში.

სხვა თემაა ირანი და მისი ინტერესები კავკასიაში. ადრეც მითქვამს და ეხლაც გავიმეორებ – ეს ქვეყანა სხვებთან შედარებით გვიან გამოფხიზლდა, თუმცა გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში ერთობ აქტიურობდა წვრილი სავაჭრო ურთიერთობის დონეზე, როგორც ჩანს ირანის ხელისუფლებამ შეცვალა საკუთარი მოკრძალებული პოლიტიკა კავკასიის ქვეყნების, კერძოდ საქართველოს მიმართ. აღნიშნულის დასტურად ირანის მთავრობის გადაწყვეტილებაა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დამყარებასთან დაკავშირებით.

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის კონფერენციაში მონაწილეობის დროს (ირანი ამ ორგანიზაციაში დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს), რომელიც თეირანში გაიმართა, ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ოფიციალური თეირანი საქართველოს აშშ და ნატოსთან თანამშრომლობის გამო, თავისთვის დაკარგულად მიიჩნევდა და ამდენად თვლიდა, რომ ნატოში თითქმის გაწევრიანებულ საქართველოსთან ის ურთიერთობაც რაც იყო, საკმარისი უნდა ყოფილიყო.მას შემდეგ, ოთხი წლის განმავლობაში, ვითარება მკვეთრად შეიცვალა, საქართველო ვერ გახდა ნატოს წევრი, მაგრამ საქართველო გახდა აგრესორი და ტერიტორიებჩამოჭრილი სახელმწიფო. გარდა ამისა გაიზარდა ირანის პოლიტიკური როლი მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში. მსოფლიო კონიუნქტურამ თავისთავად მოითხოვა კავკასიისადმი, კერძოდ საქართველოსადმი თეირანის პოლიტიკური მზერის მიპყრობა. აშშ-სა და რუსეთს შორის ახალი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებამ, რუსეთ-ირანის ტრადიციულ მეგობრობაში ბზარის გაჩენამ, ირანის წინააღმდეგ აშშ-ს მიერ შემოღებული გაეროს სანქციებისათვის რუსეთის მხარდაჭერამ, მოსკოვის მხრიდან ირანისათვის შეპირებული თავდაცვითი სისტემის ჩ-300 მიყიდვაზე უარის თქმამ, ირანის მხრიდან ადეკვატური რეაგირება მოითხოვა. ცხადია, ასეთ დროს სწორედ იქ ხდება ზეწოლის განხორციელება, სადაც მეტი სისუსტეს და ჭარბ მგრძნობიარობას აქვს ადგილი. რუსეთისათვის ასეთი ჩრდილოეთ კავკასიის ავტონომიები და ამიერკავკასიაა. ფართო თამაშის დაწყებამდე ოფიციალურმა თეირანმა ურჩია კრემლს აშშ-თან დამეგობრების გულისათვის ირანი არ გაეწირა, როგორც ირანელები თვლიან დიდი პოლიტიკა, დიდი ეშმაკია. მოსკოვმა მაინც ვაშინგტონი ამჯობინა.

თეირან-მოსკოვს შორის ცხადია არსებობს თანამშრომლობა, მაგრამ არა ისეთი, როგორც ადრე. თეირანმა საკუთარი წყენა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დააფიქსირა საქართველოს მხარდაჭერით, რუსეთის გულის გასახეთქად. ის სულ უფრო გამოკვეთილად აცხადებს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

მიმდინარე წელს ადგილი აქვს ირანელი ტურისტების რაოდენობის ზრდას აჭარაში, აგრეთვე ეკონომიკური თანამშრომლობის გამოცოცხლებას. ყოველივე ზღვაში წვეთია ორი ქვეყნის, განსაკუთრებით ირანის პოტენციალთან შედარებით, მაგრამ დასაწყისი დამაიმედებელია. აი ამ წარმატებული სტარტის (თბილისში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მანუჩეჰრ მოთაქის ვიზიტი) შემხედვარე ქართველი ექსპერტები და საზოგადოების არცთუ უმნიშვნელო ნაწილი არათუ სკეპტიკურად, არამედ შიშითაც განეწყო ირანის მიმართ. ნეგატიური მოსაზრების განმტკიცებას თავის მხრივ ხელს უწყობს აშშ-ს ადმინისტრაციის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ირანისადმი. ზოგიერთი პოლიტიკოსი აზრზე ვერ მოსულა, თუ რამ გამოიწვია აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორის, სააკაშვილის, ფერისცვალება. დასავლეთისაკენ მიდრეკილებს გულს უტეხს სააკაშვილის ცეცხლთან თამაში – ასე ფიქრობენ ისინი.

ქართულ პრესაში გამოქვეყნებული განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, შეშფოთება ჩანს ირანთან დაახლოების პერსპექტივასთან დაკავშირებით. ცხადია, შეშფოთების საფუძველი სულაც არ არის ბირთვულიარაღიანი ირანი. ამ საფრთხეს ამერიკელები აგონებენ საქართველოს მოსახლეობას. საილუსტრაციოდ აშშ-ს ელჩის ბასის ინტერვიუც კმარა ჟურნალ “ტაბულაში”. საზოგადოებას ეშინია სწრაფი ისლამიზაციის და აქედან გამომდინარე თავისუფალ ცხოვრებასთან დამშვიდობების, ქალების თავსაბურავითა და ლაბადებით შემოსვის, ალკოჰოლური სასმელების აკრძალვის და სხვა ისეთის, რომელიც მისი აზრით, შეზღუდავს თავისუფლებას და დასავლეთთან, კერძოდ აშშ-თან, ურთიერთობას, გაზრდის ტერორიზმს, ნარკოტიკების ტრეფიკს და სხვა.

ის, რომ გაუთვითცნობიერებული საზოგადოება ირანს ისე არ აღიქვამს, როგორც უნდა აღიქვამდეს, აშკარაა, მაგრამ რა უნდა ვთქვათ რიგით ადამიანებზე, როდესაც პოლიტოლოგებიც და პოლიტიკოსებიც სცოდავენ. ამ ცოდვას ჩემის აზრით, სხვა ახსნა აქვს – ამერიკული ინტერესის სამსახური. სხვაგვარად წარმოუდგენელიც იქნებოდა, რამეთუ ამერიკულ დაფინანსებას სხვა ხიბლი და ძალა აქვს, თანაც ისეთი, მოყვარეს, რომ შეგაძულებს.

ამას წინათ პოლიტოლოგი ხუციშვილი წერდა, თუ, როგორი შეშფოთებული არიან უცხოელები ქართულ-ირანული ფლირტით და პერსპექტივით – სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით (მან ეს მოსაზრება მოთაქის ვიზიტამდე გააკეთა, სრულიად დარწმუნებულმა, რომ ამას ადგილი არ ექნებოდა). ან ავიღოთ მეორე პოლიტოლოგის კლიმიაშვილის განცხადება, რომელიც მან მოთაქის ვიზიტის შემდეგ გააკეთა – “სააკაშვილი უვიზო რეჟიმს აფორმებს ირანთან და ამ დროს ნახეთ რას ასწავლიან ირანის სკოლაში. თუ მათ ისტორიის სახელმძღვანელოებს ნახავთ, იქ წერია, რომ ქართველი ერი არ არსებობს და სპარსელების ნაწილი ვართ. ირანში ქართველები არიანო გავიძახით. ღმერთმა ნუ ქნას და რამე, რომ მოხდეს ჩვენს და მუსლიმანურ სამყაროს შორის, ის ქართველები პირველები გადაგვივლიან. ჩვენ რად გვინდა ირანთან უვიზო რეჟიმი? წახვალ ირანში და გაიკეთებ ჩადრს? ეს არის შანტაჟი სააკაშვილის მხრიდან. ამით ის აშანტაჟებს ობამას – “აი, რომ არ მხვდები, მე ირანის მხარეს გადავდივარო”.

პარლამენტარი დ.ლორთქიფანიძე აცხადებს – რომ სააკაშვილის გაცოცება ირანისკენ იმის მიმანიშნებელია, რომ სააკაშვილი საქართველოს რუსეთის ორბიტაზე უპირებს დაბრუნებას. სხვა მაგალითების მოყვანაც შეიძლება, მაგრამ ესეც კმარა, ოღონდ ერთს დავუმატებ, რომ თუ რას და როგორ ასწავლიან საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, საქართველოს შესახებ, ძველი ისტორიაა. ამ მხრივ ირანის რა მოგახსენოთ, სომხეთს პირველობას ვერავინ წაართმევს. მძლავრი სომხური დიასპორის წყალობით, სისტემატურად გამოდის სომხეთის რუკები, სადაც თბილისი სომხეთის ქალაქად არის მინიშნებული, როდესაც რუსთაველს სომხად მოიხსენიებ, ყველაფერი ნათელი უნდა იყოს, მაგრამ ამის გამო სავიზო რეჟიმი უნდა შემოიღოს საქართველომ სომხეთთან? ვერბალურ ომს, ვერბალურითვე უნდა დაუპირისპირდეს, ცხადია ისტორიული ფაქტებისა და მაგალითების გამოყენებით, საერთაშორისო სიმპოზიუმებში მონაწილეობით და სხვა. ჩვენ კი რას ვაკეთებთ? აქუბარდიას ტელევიზიაში ვიფხანთ გულს. კონფერენციებს ვერ ვესწრებით სამივლინებო ხარჯების გამოო – აცხადებენ ქართველი მეცნიერები. ასეთ დროს თავისთავად ჩნდება კითხვა, სად არის ხელისუფლება ან სად არის ერის “მოჭირნახულე” ბიზნესი? არც ერთი და არც მეორე ამ საქმისთვის ერთი თეთრის გამცემი არ არის. აი, რაც შეეხება ნანუკას შოუს, ჯეოსტარს, ან “სამოთხის ვაშლებს” – იცოცხლე, დააფინანსებენ, ვინაიდან ეს ტელეშოუები საქართველოს დეგრადაციას ემსახურება.

მცდარია მოსაზრება, რომ ირანთან ჩახუტებით, საქართველო რუსულ ორბიტაზე აღმოჩნდება. როგორც ზემოთ აღვნიშნე, თეირან-მოსკოვის ურთიერთობაში ბზარი შეინიშნება. მის გამთლიანებას დიდი დრო დასჭირდება.

სააკაშვილის ირანისაკენ გადადგმული ნაბიჯი ვაშინგტონ-მოსკოვის საწინააღმდეგოდ არის მიმართული, რასაც კარგად ხვდებიან, როგორც ამერიკელები, ისე რუსები, ოღონდ ერთია, აქ იმ გამონათქვამთან გვაქვს საქმე, როგორიცაა – სიტყვა ჩიტი არ არის, გაფრენილი რომ დაიჭირო. სააკაშვილმა მაშინ ბრძანა ირანის პრეზიდენტის საქართველოში მოპატიჟება, როდესაც ობამასთან მიღება ვერ ჩააწყო. შემდეგ კი ანანებინეს, მაგრამ გვიან იყო. ირანმა აიტაცა პოლიტიკური განცხადება და უმალ გამოაცხადა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმება. მოვლენები სწრაფად განვითარდა. ორ ქვეყანას შორის გაფორმდა უვიზო ხელშეკრულება, დაინიშნა რეგულარული რეისი თბილის-თეირანს შორის. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ გააქტიურდება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა. ირანი მძლავრი სახელმწიფოა, შემძლე იმისა, რომ ინვესტიციები ჩადოს საქართველოში.

ირანი ტურიზმის თვალსაზრისითაც საინტერესოა. მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის ქვეყანა ათასობით დასავლელ ტურისტს იზიდავს. ირანი არ არის მარტო ჩადრი, ის განვითარებული განათლებისა და მეცნიერების ქვეყანაა. მას წარმატებული მძიმე მრეწველობა და მანქანათმშენებლობა აქვს. სხვაა პოლიტიკური თვალსაზრისი. ირანის კავკასიაში, კერძოდ საქართველოში გააქტიურება ახალი პოლიტიკური მოთამაშის გამოჩენის ტოლფასი იქნება, რაც უკვე არსებულ მოთამაშეებში კონკურენციას გააჩენს. ძველი მოთამაშეები იძულებული იქნებიან გარკვეული კორექტივები შეიტანონ საქართველოსთან მიმართებაში. პოლიტიკური საქართველოს საზრიანი თამაშის შემთხვევაში არც მწვადი დაიწვება და არც შამფური.

ჰამლეტ ჭიპაშვილი