ქვეყანათმცოდნეობა

რუსულ-ამერიკული ურთიერთობები, როგორც თვითმიზანი ანუ აი-აი-„ვალდაი“!

ცნობილი რუსი პოლიტიკური კომენტატორი მიხაილ ლეონტიევი, როგორც ჩანს, მართალი იყო, როდესაც ბარაკ ობამასა და ჯონ მაკკეინს შორის გამართული საპრეზიდენტო დუელის წინ ამბობდა, რომ რუსეთის

ინტერესებში იყო საგარეო-პოლიტიკური ჰარდლაინერის მაკკეინის გამარჯვება, და არა ობამასი, რომელიც აქცენტს ამერიკის შიდა ეკონომიკურ მდგომარეობაზე აკეთებდა.

ამასთან მნიშვნელობა არ აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც იმავე 2008 წელს ომი გააჩაღა რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ, ერთი შეხედვით, თითქოს პარადოქსულად, ისევე როგორც რუსი პატრიოტი ლეონტიევი, მაკკეინის - საკუთარი ლობისტის გამარჯვებას ბევრად უფრო ხელსაყრელად მიიჩნევდა, ვიდრე კავკასიის პრობლემატიკისგან შორს მდგომი ობამას პრეზიდენტობას. რუსეთის ინტერესს წარმოადგენდა პრეზიდენტ ჯ. ბუშის დროს კონტინენტურ „ბებერ“ ევროპასა და აშშ-ს შორის წარმოქმნილი გაუცხოების შენარჩუნება. ამგვარი გაუცხოების შენარჩუნება შეეძლო სწორედ მაკკეინს, რომელიც ძალისმიერ პოლიტიკაზე აკეთებდა აქცენტს. ევროპამ, რომელსაც ეშინოდა თავის ოკეანისმიღმელ სტრატეგიულ პარტნიორთან გაუცხოებისა, სიხარულით აღიქვა ობამას გამარჯვება, რამაც შეაჩერა ამერიკასა და ევროპას შორის ნაპრალის გაღრმავება. ამ ფაქტმა შეზღუდა რუსეთის დიპლომატიისთვის საჭირო მანევრირების სივრცე. დასავლეთის გახლეჩის პროექტი განუხორციელებელი გამოდგა. გერმანიასა და საფრანგეთში აშკარად პროატლანტისტური ძალების გამარჯვებამ - მერკელის გერმანიაში და სარკოზის საფრანგეთში - კიდევ უფრო გაართულა რუსეთის მდგომარეობა, თუმცა გავიმეორებთ, გადამწყვეტი იყო ობამას ფაქტორი, რადგან მაკკეინის გამარჯვების შემთხვევაში თვით მემარჯვენე ატლანტისტები გერმანიასა და საფრანგეთში არ იყვნენ მზად, მხარი აებათ ამერიკის ხისტი პოლიტიკისათვის.

 

 

რუსეთისთვის კიდევ ერთი უარყოფითი შედეგი, ჩვენი შეფასებით, მდგომარეობს იმაში, რომ მანამდე გამოკვეთილი კონსოლიდაცია რუსულ პოლიტიკასა და საზოგადოებრიობაში, განახლების პროცესში მყოფი რუსული სახელმწიფოს საგარეო-პოლიტიკური ძლიერების ზრდის იდეის გარშემო, რომელიც იკვებებოდა ანტიამერიკული განწყობების ჯანსაღი დოზით, შეირყა. რუსული ხელისუფლების კრიტიკული დამოკიდებულება დასავლეთის მიმართ, რომელიც გამოიხატა პუტინის გამოსვლაში უსაფრთხოების საკითხების კონფერენციაზე მიუნხენში 2007 წელს ან ამერიკელების მიერ საქართველოში „მიშისტების“ ხელით მოწყობილი სამხედრო პროვოკაციის ენერგიულად აღკვეთაში, თითქმის მთლიანად გაბათილდა (ამ მხრივ იმავე პუტინის მწარე სიტყვებიც ლიბიის დაბომბვებთან დაკავშირებით, საერთო სურათს ვერ ცვლის). ამ ფაქტს არა მხოლოდ საგარეო-პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს რუსეთისთვის, არამედ შიდაპოლიტიკურიც, რადგან რუსეთის შიგნით ბოლო დროს გარკვეულწილად გამოიკვეთა პოლიტიკური სისტემისა და პოლიტიკური თანხმობის დესტაბილიზაციის ტენდენციები. რუსეთს როგორც დღეს არ გააჩნია, ისე მანამდეც არ ჰქონდა მკაფიოდ გააზრებული პოზიტიური იდეოლოგია, ამგვარი იდეოლოგიის როლს, ავად თუ კარგად, მაგრამ მაინც ასრულებდა ანტიამერიკანიზმი, იმის შეგრძნება, რომ ამერიკა უტევს რუსეთს „ფერადი რევოლუციების“ საშუალებით, ქვეყნის სამხრეთ საზღვრებთან პროვოკაციების მოწყობით და ასე შემდეგ. ყოველივე ეს ხელს უწყობდა რუსეთის შიგნით ფართო სპექტრის კონსოლიდირებას, რაც ნებისმიერი წინ გარღვევისა და მოდერნიზაციის საფუძველს წარმოადგენს, რომლისკენაც რუსეთის ხელისუფლება ისწრაფის, მაგრამ, ამავე დროს, ჩანს, რომ უფრო მეტად იგი არჩევანს აკეთებს მოდერნიზაციის საგარეო მხარდაჭერაზე, ვიდრე საკუთარი საზოგადოებრიობის თანადგომაზე.

 

 

ამგვარი მიდგომის გამოვლინებად შეიძლება მივიჩნიოთ ცნობილი ე. წ. ექსპერტთა საერთაშორისო სადისკუსიო ჯგუფის „ვალდაის“ ანალიტიკური მოხსენება. ენერგიული და ბრწყინვალე განათლების რუსი პროფესიონალების სამუშაო ჯგუფმა ს. კარაგანოვის ხელმძღვანელობით განიხილა ორმხრივი ურთიერთობები, შეაფასა ობამას ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული „გადატვირთვის“ პლიუსები და მინუსები. ქვევით წარმოგიდგენთ ამ საინტერესო მოხსენების ბმულს (რუსულ ენაზე) და მკითხველებს თავად შეუძლიათ მისი გაცნობა, ჩვენ კი შემოვიფარგლებით მოკლე კრიტიკული შენიშვნით მთავარი საკითხის გარშემო.

 

 

ჩვენი აზრით, მოხსენების ავტორები რუსულ-ამერიკული ურთუერთობების გაუმჯობესებას უყურებენ, როგორც თვითმიზანს. მათი მხედველობის არეალიდან გამორჩენილია ფაქტი, რომ ხანდახან მხარეებს შორის კონფრონტაცია ერთ-ერთ მხარეს უფრო აძლევს ხელს, ამ შემთხვევაში მოსკოვს, ვიდრე დაახლოება, რომელიც დღეს ხდება რუსეთისთვის ამერიკული ინტერესებისა და მსოფლიო პრობლემების ამერიკული ხედვის შეუმჩნეველი, „რბილად“ თავს მოხვევით. ამის თვალსაჩინო მაგალითი მოცემულ მოხსენებაშია: ავტორები რატომღაც აქსიომად მიიჩნევენ, რომ „მხარეთა ინტერესების უდიდესი ნაწილი, მათ შორის მათთვის სასიცოცხლოდ უმნიშვნელოვანესი, ერთმანეთს ემთხვევა. ამ კატეგორიას განეკუთვნება საერთაშორისო პოლიტიკის სტრატეგიული უსაფრთხოების სფეროში დესტაბილიზაციის თავიდან აცილება, ჩინეთის მშვიდობიანი აღმავლობის უზრუნველყოფა, მასობრივი განადგურების შეიარაღებათა შეზღუდვა და გაუვრცელებლობა, ავღანეთში, პაკისტანში, ერაყში სიტუაციის სტაბილიზაცია, ინდურ-პაკისტანური და არაბულ-ებრაული კონფლიქტების მოგვარება, ირანისა და კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ბირთვული პრობლემების დარეგულირება...“ ავტორები, რა თქმა უნდა, არ გარჯილან, დაესაბუთებინათ, თუ რატომ უნდა ცდილობდეს რუსეთი ამერიკის გლობალური ინტერესების ამ ტრადიციული „კრებულის“ გაზიარებას. მაგრამ მათთვის ეს ხომ აქსიომაა, ხოლო ვაშინგტონთან კეთილი დამოკიდებულება, უფრო ზუსტად - ვაშინგტონის კეთილი დამოკიდებულება მოსკოვისადმი - თვითმიზანი.

 

მოხსენების ტექსტი იხ. აქ.