ქვეყანათმცოდნეობა

რუსეთი რევოლუციის მოლოდინში

2000-იანი წლების დასაწყისის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების უშუალო მონაწილე, ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე და ყოფილი ომბუდსმენი ნანა დევდარიანი, აანალიზებს

ეგრეთ წოდებული "ფერადი რევოლუციების" ხასიათს რუსულ პოლიტიკურ რეალობასთან მიმართებით.

* * *

გასული საუკუნის 80–იანი წლების დამლევიდან დაწყებული „ხავერდოვანი რევოლუციების“ ტალღამ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებამდე ოცი წლის დაგვიანებით მოაღწია. თუმცა ამ დროის განმავლობაში აწ გარდაცვლილი ვაცლავ ჰაველის მიერ ორ სახელმწიფოდ „ხავერდოვნად“ გაყოფილი ჩეხოსლოვაკიისგან განსხვავებით, სასტიკი და სისხლიანი რუმინული რევოლუციაც იყო და ისევ ქვეყნის დაშლის გზით დამყარებული „დემოკრატია“ ყოფილ იუგოსლავიაში.

ჩვენში ხშირად ტოლობის ნიშანს სვამენ ორ ტერმინს შორის: „ხავერდოვანი“ და „ფერადი“ რევოლუციები, მაგრამ განსხვავება მათ შორის თვალსაჩინოა. პირველ შემთხვევაში ეს არის ხელისუფლების არაძალადობრივი ცვლა (გარე ძალების ზომიერი ჩარევით), რომელსაც მმართველი ელიტისა და საზოგადოებრივი წყობის კარდინალური ცვლილება მოჰყვება, ხოლო მეორეში – ერთ მმართველ ელიტას მეორე ენაცვლება ისე, რომ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ცვლილება არ ხდება. სწორედ ამიტომ დაერქვა 2003 წლის მოვლენებს „ვარდების რევოლუცია“ და არა იმიტომ, რომ სააკაშვილს ვარდი ეკავა ხელში.

2004 წელს უკრაინაში იმავე სცენარით გათამაშდა ამჯერად „ფორთოხლისფერი რევოლუცია“, ხოლო 2005 წელს – ყირგიზეთში „ტიტებისა“ (ზოგიერთი ვერსიით – „ლიმონისფერი“). მოვლენათა შეფასება და კანონზომიერებათა გამოვლენა, ერთეული გამონაკლისების გარდა, ანალიტიკოსთა კორპუსმა მხოლოდ 2008 წლისთვის შეძლო. ნელ–ნელა გაიხსენეს ლენინი და ტროცკი, როგორც სახელმწიფო გადატრიალების პრაქტიკოსები, შემდეგ კი – ის თეორეტიკოსებიც, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ რევოლუცია შეიძლება მოაწყო ნებისმიერ ქვეყანაში, რომელშიც არსებობს სახელმწიფო გადატრიალების ჟინი შეპყრობილ ადამიანთა ჯგუფი. მითი სტიქიური სახალხო რევოლუციების შესახებ საბოლოოდ დაინგრა.

ბრიტანელი ჟურნალისტის და მკვლევარის, „დემოკრატიისა და თანამშრომლობის ინსტიტუტის“ კვლევითი პროგრამების დირექტორ ჯონ ლაფლენდის აზრით, რეჟიმის შეცვლისას მედიაზე კონტროლი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი რევოლუციების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებლად ვირტუალური რეალობის შექმნა იქცა. საქართველოს შემთხვევაში ეს ვირტუალურობა მხოლოდ გადატრალების განხორციელებას როდი ემსახურებოდა; იგი 2003 წლის შემდგომ სახელმწიფოს მართვის ძირითად ინსტრუმენტად რჩება.

ჯონ ლაფლენდმა ასე შეადარა ერთმანეთს ბელგრადისა და თბილისის გადატრიალებები: „ბელგრადში გამოყენებული პრაქტიკა ისევ ამოქმედდა საქართველოში 2003 წლის ნოემბერში პრეზიდენტ შევარდნაძის დასამხობად. წამოაყენეს და გაუთავებლად იმეორებდნენ არჩევნების გაყალბების ბრალდებებს. დასავლური მედია, ისე, რომ კითხვა არ გასჩენია, იმეორებდა ამ განცხადებებს, რომლებიც ხმების დათვლამდე გაცილებით ადრე იყო ფორმულირებული. ორივე პრეზიდენტის წინააღმდეგ პროპაგანდისტული ომი გააჩაღეს. შევარდნაძის შემთხვევაში – მას შემდეგ, როცა მას კარგა ხნის განმავლობაში დემოკრატ–რეფორმატორად წარმოგვიდგენდნენ. ორივე „რევოლუცია“ ძალიან მსგავსი „პარლამენტის აღებით“ განხორციელდა, რაც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ორივე შემთხვევაში ხელისუფლების გადაცემაზე მოლაპარაკებაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ჩართული, რომელიც ბელგრადშიც ჩაფრინდა და თბილისშიც, რათა მოქმედი პრეზიდენტების დამხობა უზრუნველეყო. და სხვათა შორის, ორივე შემთხვევაში ამერიკის ელჩი რიჩარდ მაილსი იყო.

ყველაზე დიდი მსგავსება სტუდენტური მოძრაობის გამოყენებაში იყო – „ოტპორი“ სერბეთში და „კმარა“ საქართველოში. ორივეს ერთი სიმბოლო ჰქონდა – შეკრული მუშტი თეთრ ფონზე. „ოტპორის“ ხალხი წვრთნიდა „კმარას“ ხალხს და ორივეს აშშ უჭერდა მხარს. ორივეს ჰქონდა აშკარა სტრუქტურა, რომელიც კომუნისტური პრინციპებით იყო ფორმირებული, – ავტონომიური უჯრედების ხილული სტრუქტურის შეხამებით ძლიერ ცენტრალიზებულ ლენინურ დისციპლინასთან.

როგორც სერბეთში, საქართველოშიც როლი, რომელსაც საიდუმლო ოპერაციები და ამერიკული ფული ასრულებდა, მხოლოდ მოვლენათა შემდგომ გაცხადდა. მოვლენებისას კი ტელევიზია განუწყვეტლივ ლაპარაკობდა, რომ „ხალხი“ გამოვიდა შევარდნაძის წინააღმდეგ. ყველაფერი, რაც ამ ოპტიმისტურ სიცრუეს ეწინააღმდეგებოდა, იფარებოდა, როგორც, მაგალითად ის, რომ „მარში თბილისზე“ სააკაშვილის მეთაურობით გორიდან, სტალინის ძეგლიდან დაიწყო. მედია არც მაშინ შეშფოთდა, როცა ახალმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა არჩევნებზე სტალინური 96% მიიღო“.

2005 წელს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში განხორციელებული გადატრიალებებით გულმოცემულმა ჯონ მაკკეინმა, ჯოზეფ ლიბერმანთან და კიდევ ორ კონგრესმენთან ერთად ამერიკის კონგრესს წარუდგინა კანონპროექტი „არადემოკრატიულ ქვეყნებში დემოკრატიისა და დემოკრატიული ფასეულობების გავრცელების შესახებ“. კანონპროექტი ლოგიკური შედეგი იყო იმ პრაქტიკული საქმიანობისა, რომელსაც გასული საუკუნის 70–იანი წლებიდან ეწეოდნენ ამერიკელი ნეოკონსერვატორები. 90–იანი წლებიდან მხოლოდ ე.წ. „დამოუკიდებელ“ ტელეკომპანიებზე ჩეხეთში, სლოვაკეთში, სლოვენიაში, რუმინეთსა და უკრაინაში 600 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა. ეს სწორედ ის რესურსი აღმოჩნდა, რომელმაც უზრუნველყო სახელმწიფო გადატრიალებების წარმატება ამ ქვეყნებში. და რაღა თქმა უნდა, სრულიად “შემთხვევითია”, რომ ამერიკული სცენარის განვითარებისას სცენაზე ერთი და იგივე ფონდები, საერთაშორისო სააგენტოები და ერთი და იგივე პერსონები ფიგურირებენ! მაგალითად, მარკ პალმერი (კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი) სხვადასხვა წლებში ყველა ამ ქვეყნის ანტისამთავრობო მოძრაობებს ეხმარებოდა ჯორჯ სოროსთან ერთად.

2003 წლის შემოდგომაზე პალმერმა გამოსცა წიგნი „ბოროტების ღერძის მსხვრევა: როგორ ჩამოვაცილოთ ძალაუფლებას 2025 წლისთვის უკანასკნელი დიქტატორები“. იგი 25 პირობას აღწერს, რომელთა შესრულება ამერიკისთვის არასასურველი რეჟიმების წარმატებით შეცვლას უზრუნველყოფს. მათ შორის: ლიბერალური და პროდასავლური მედიის შექმნა (პრესა, რადიო, ტელეკომპანიები, საიტები); დასავლური მედიის ინტენსიური პროპაგანდა „არადემოკრატიული რეჟიმის“ დელეგიტიმაციისა და დემონიზაციის მიზნით; დასავლური და ადგილობრივი მედიის საშუალებით ოპოზიციის ლეგიტიმაცია და მათთვის „ხალხის ჭეშმარიტი წარმომადგენლების“ იმიჯის შექმნა; საერთაშორისო ორგანიზაციებში (გაერო, ევროკავშირი, ეუთო, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და სხვ.) ისეთი რეზოლუციების მიღების ლობირება, რომელიც მკაცრად აკრიტიკებს „რევოლუციისთვის“ შერჩეულ ქვეყანას ადამიანის უფლებების, სიტყვის თავისუფლების, მედიის დამოუკიდებლობის გამო; ოპოზიციური ჯგუფების ტრენინგები ქუჩის „არაძალადობრივი“ აქციების, მანიფესტაციების, მიტინგების, სამთავრობო შენობების ბლოკირების განსახორციელებლად; იმგვარი ფსიქოლოგიური ატმოსფეროს შექმნა, რომელიც ხელისუფლების მომხრეებში წინააღმდეგობის გაწევის უნარს მოსპობს; „დიქტატორზე“ დიპლომატიური და ფინანსური მეთოდებით ზეწოლა, რათა აიძულონ ძალაუფლების „მშვიდობიანად“ დათმობა.

საქართველოს მოსახლეობამ ეს ყველაფერი საკუთარ ტყავზე იწვნია, მაგრამ „მსოფლიო დემოკრატიული რევოლუცია“ დედამიწაზე სვლას განაგრძობს. მართალია, ამ ექსპორტირებულ რევოლუციებში მარცხი მეტია, ვიდრე გამარჯვება, მაგრამ ჯონ მაკკეინი საქართველოსა და უკრაინის წარმატებას ეყრდნობა და იმავე სცენარის სხვა ქვეყნებში განხორციელებას იმედოვნებს. მისი ერთ-ერთი წინასწარმეტყველება, რომ „პუტინი კადაფის ბედს გაიზიარებს“, სწორედ ამის მინიშნებაა.

უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში პერიოდულად „ჟონავს“ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ფერადი რევოლუციის“ მატარებლის შემდგომი გაჩერება რუსეთში იგეგმება. საქართველოს ცალსახად პროამერიკული ხელისუფლების წარმომადგენლები დაუფარავად საუბრობენ გარდაუვალ რევოლუციასა და რუსეთის მოსალოდნელ დაშლაზე. რას უქადის საქართველოს დაშლილი რუსეთი და რა პროცესები მოჰყვება ამას კავკასიაში, მათ მაინცდამაინც არ აწუხებთ; მიაჩნიათ, რომ თავად ამთავითვე „მოგებულების“ ბანაკში არიან.

ორიოდე კვირის წინ ვწერდით, რომ მოსკოვში სათათბიროს არჩევნების შემდეგ გამართული მიტინგები სხვა არაფერია, თუ არა ტესტი, რამდენი ადამიანის გამოყვანა შეიძლება ქუჩაში ხელისუფლების წინააღმდეგ. თავად ეს ტესტი კი არა სათათბიროს არჩევნების, არამედ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადებაა, რომელიც 2012 წლის მარტში უნდა ჩატარდეს. რამდენიმე დღეში რუსეთის პრემიერმა პუტინმა თითქმის სიტყვა-სიტყვით იგივე თქვა. მომდევნო დღეებში თავად საპროტესტო გამოსვლების მონაწილეების მხრიდან გაისმა განსხვავებული ნოტები, რომ ისინი დარწმუნებული არიან, – პუტინი მოიგებს საპრეზიდენტო არჩევნებს, მაგრამ მათი მიზანია „დაასუსტონ პუტინი“.

თავად პუტინმა უკვე რეფორმების შესახებ დაიწყო ლაპარაკი. უბნებზე ვიდეოკამერების დადგმა, გამჭვირვალე ყუთები, საარჩევნო კომისიაში ყველა საპარლამენტო პარტიის წარმომადგენლების ჩასმა და ბოლოს, პუტინმა განაცხადა, რომ მას მხოლოდ ხალხის ნდობის მანდატით სურს პრეზიდენტობა. მისი ინიციატივები იმდენად ჰგავს შევარდნაძისთვის მისი მეგობრის – ჯეიმს ბეიკერის მიერ 2003 წელს ჩამოტანილ „ფორმულას“, რომ რუსეთის პრემიერი თავადაც უნდა ხვდებოდეს: ამ პირობების შესრულების მიუხედავად, ის, ვინც დღესვე იცის, რომ პუტინი გაიმარჯვებს (სოციოლოგიური კვლევები ამას ადასტურებს), მაინც იყვირებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა! მაშ, რისთვისაა ეს დათმობები? იმისთვის, რომ ოპონენტებმა იგი უკვე „დასუსტებულ პუტინად“ მიიჩნიონ?

რუსეთში „სამოქალაქო საზოგადოების“ ჩამოყალიბებისკენ მიმართული ამერიკული პროექტები ჯერ-ჯერობით მცირერიცხოვანი და არასაკმარისად გაპიარებულია. წლები დასჭირდება იმას, რომ ვითარება იმ კონდიციამდე მივიდეს, როგორც 2003 წლის თბილისში. ეს მხოლოდ სტარტია. მარათონის სტარტი. ამ მარათონში კი, როგორც დასაწყისში ვთქვით, უმნიშვნელოვანესია მედიის ფუნქცია და სულაც არ არის შემთხვევითი, რომ მოსკოვის მიტინგებზე ე.წ. „ტელესახეები“ გამოჩნდნენ.

მიტინგების იდეოლოგი და ორგანიზატორი, ბლოგერი ალექსეი ნავალნი, სლოგანის «Единая Россия – партия жуликов и воров» ავტორი, მიტინგზე ისეთი სიტყვით გამოვიდა, რომ ხელისუფლების არცთუ მომხრე რუსული მედიაც კი დააფრთხო. შეძახილები „ხო თუ არა?“, შეკრებილთაგან სკანდირების დაჟინებული მოთხოვნა, მუშკეტერების კრედოს გუნდური გამეორება – „ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის“! ყოველივე ამან ჟურნალისტებს ბევრი კითხვა გაუჩინა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მედიის შეფასებით, ქსენია სობჩაკი ბევრად უფრო სოლიდურად გამოიყურებოდა, ვიდრე ნავალნი. სააკაშვილის ფანი – ქსენია სობჩაკი დღესაც აღტაცებული ყვება, როგორი დემოკრატია ააშენა მიხეილმა საქართველოში, თუმცა იმის ჭკუა მაინც ეყო, რომ მიტინგზე ეთქვა: „ხელისუფლებისთვის კი არ უნდა ვიბრძოლოთ, არამედ მასზე ვიმოქმედოთ“!

სხვა ცნობადმა სახემ – ალექსეი ვენედიქტოვმა ვლადიმერ პუტინს მრავალსაათიანი შეხვედრისას პირდაპირ დაუსვა კითხვა: „თქვენ ოპოზიციაზე ლაპარაკობთ, მაგრამ მერწმუნეთ, მიტინგზე მხოლოდ ოპოზიცია როდია. თქვენ ახლა პასუხობთ იმას, რაზეც ოპოზიცია გეკითხებათ, მაგრამ რას უპასუხებთ უსამართლობით გაღიზიანებულ, განაწყენებულ ადამიანებს? მათ მიაჩნიათ, რომ ხმები მოპარეს“! ვფიქრობ, არ ღირს შეხსენება, რომ ეს 2003 წლის ქართული რევოლუციური რიტორიკის ზუსტი ასლია. იგი სიტყვა-სიტყვით იმეორებს გადაღეჭილ ფორმულირებებს და შელოცვებს. პუტინმა ვენედიქტოვს უპასუხა, რომ არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ ყველაფერი სასამართლოში უნდა გაირკვეს. ოღონდ ეგ არის, რევოლუციონერები სასამართლოში არ დადიან, ისინი სახელმწიფო გადატრიალებებს აწყობენ.

მოსკოვის ლიბერალური პუბლიკა შეძრა იმან, რომ პრემიერმა პუტინმა ოპოზიციას ბანდერლოგები უწოდა. თუმცა ალექსეი ნავალნი მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას მეტისმეტად გაერთო და რუსული მედიის შეფასებით ზუსტად ისე მოიქცა, როგორც კიპლინგის მახრჩობელა გველი – ბანდერლოგებთან. რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო, როცა ბანდერლოგს გეძახიან, მაგრამ ქართველი „რევოლუციონერები“ აქაც გამონაკლისს წარმოადგენენ. გიორგი არველაძე, ტელეკომპანია „იმედის“ ახლადაღმოჩენილი მეწილე, საკუთარ „რევოლუციურ მემუარებში“ ასე აღწერს პარლამენტში შევარდნას: „მოკლედ, ბანდერლოგებივით შევესიეთ პარლამენტის სხდომათა დარბაზს. აგერ-ეგერ ლოკალური ჩხუბები (თუ უფრო ძიძგილაობები) მიდიოდა. თუ რომელიმე მათგანთან მისწრება გინდოდა, ყველაზე სწრაფი გზა მაგიდებზე გადაირბენა იყო. მახსოვს, ცოტნე ბაკურიას ქოჩორა თავმა ისე მიმიზიდა, რომ მაგიდებზე მეც გადავირბინე, თუმცა მაინც ვერ მივწვდი“. ასე რომ, საწყენი არ უნდა იყოს, თუ ბანდერლოგს ბანდერლოგს დაუძახებ.

მოსკოველი ლიბერალები დასკვნებს გააკეთებენ, მთავარია, ეს დაგვიანებული არ აღმოჩნდეს. მეტისმეტმა თავგამოდებამ მათ შეიძლება ისეთივე „დემოკრატია“ და „ადამიანის უფლებები“ მოუტანოს, როგორიც საქართველოშია. ის, რამაც ქსენია სობჩაკი ავლაბრის რეზიდენციაში მოხიბლა, საქართველოს ძალიან ძვირი უჯდება.

ჯონ ლაფლენდმა აუცილებლად მიიჩნია საკუთარი კვლევისათვის ამგვარი დასკვნის დართვა: „ყველაფერი, რაც გადმოვეცი, შეთქმულების თეორიებს არ ეხება. ეს ნამდვილი შეთქმულებებია. აშშ-სთვის დემოკრატიის გავრცელება მისი ეროვნული უსაფრთხოების გენერალური სტრატეგიის მნიშვნელოვანი ელემენტია. სახელმწიფო დეპარტამენტის ბევრი სექტორი, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო და პროსამთავრობო სააგენტოები, როგორიცაა დემოკრატიის მხარდაჭერის ნაციონალური ინსტიტუტი და აშშ–ს მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორიცაა კარნეგის ფონდი, ყველას ამათ ბევრი საერთო აქვთ: ისინი თავს ახვევენ სხვა ქვეყნებს გარეშე ჩარევას, დასავლურს, ძირითადად, ამერიკულს. ეს ჩარევა ხშირად მეტისმეტად ხისტია და ამგვარი ჩარევები სწორედ იმისთვის გამოიყენება, რომ რევოლუციის გზით რეჟიმის შეცვლას შეუწყონ ხელი“.

საქართველომ ეს ყველაფერი უკვე გაიარა. ისინიც კი, ვინც რევოლუციური რიტორიკით ერთობოდნენ, ძალიან მალე მიხვდნენ, რომ გამოცხადებული ღირებულებები მხოლოდ ნიღაბი იყო, სინამდვილეში კი სახელმწიფო საკუთარი მოქალქეების დამსჯელ მანქანად ჩამოყალიბდა. მან ყოველგვარი ვალდებულება მოიხსნა ხალხის მიმართ და ვიწრო ჯგუფის ბატონობას ემსახურება. სამართლიანობა მოდური აღარ არის. სისასტიკე ნორმად იქცა. და, რაც მთავარია, ქვეყანაში ადამიანის უფლებები (სიცოცხლის უფლებიდან – საკუთრების უფლებამდე), დამოუკიდებელი სასამართლო, დამოუკიდებელი მედია სულს ღაფავს, მაგრამ 2003 წლისგან განსხვავებით, ამას არავინ იმჩნევს დასავლეთში. ხანდახან, მცირე შენიშვნებსა და საყვედურებს სჯერდებიან.

მაშინდელი საქართველოსგან განსხვავებით, ექსპორტირებული რევოლუციების ტექნოლოგია უკვე კარგად არის გაშიფრული და შესწავლილი. თუ რუსეთის საზოგადოება ამაზე შეგნებულად დახუჭავს თვალს და პროცესებს იმავე სცენარით მიუშვებს, მაშინ დღესვე უნდა ემზადოს იმისთვის, რომ მორიგი სააკაშვილი მიიღოს ქვეყნის სათავეში, ოღონდ ისეთი, როგორიც იგი ქართველებისთვისაა და არა ისეთი, როგორიც „ორ ქსენიას“ (სობჩაკსა და სოკოლოვას) ჰგონიათ!

 

ნანა დევდარიანი