ქვეყანათმცოდნეობა

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაზე რელიგიური წარმოდგენების გავლენა

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაზე რელიგიური წარმოდგენების გავლენა

ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ რელიგიური თვალსაზრისით ამერიკის შეერთებული შტატები თავისი დაარსებიდან და კიდევ უფრო ადრეული - კოლონიური პერიოდიდან

მოყოლებული, სექტების ქვეყანაა. თუმცა წინამდებარე წერილში, რომელიც წარმოადგენს 2008 წელს ჩემს მიერ ქართულ ენაზე გამოცემული კრებულის („ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის საფუძვლები ამერიკელი და ევროპელი ავტორების მიხედვით - დასკვნები საქართველოსთვის“, თბილისი, გამომცემლობა „წიგნის სახელოსნო“) გადამუშავებულ მცირე ნაწილს, სიღრმისეულად არ იქნება განხილული ამერიკის მოსახლეობის რელიგიური თავისებურებები ზოგადად, არამედ წარმოდგენილი იქნება ამ რელიგიური წარმოდგენებისა და აშშ საგარეო პოლიტიკას შორის არსებული ურთიერთკავშირის ზოგიერთი ასპექტი.  ირიბი და ხშირად პირდაპირი გავლენა ამერიკელთა რელიგიური წარმოდგენებისა თავიანთი სახელმწიფოს პოლიტიკაზე - ძალიან დიდია იმისდა მიუხედავად, რომ აშშ-ს კონსტიტუციით რელიგია და პოლიტიკა ერთმანეთისგან გამიჯნულია.

 

   წინადადება - „ჩვენ ქრისტიანი ერი ვართ“ - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთაგან საჯაროდ უკანასკნელად ჰარი ტრუმენმა წარმოსთქვა 1947 წელს (Эдуард Лозанский: Этносы и лоббизм в США. О перспективах российского лобби в Америке; Москва 2004г., стр.39), ამის შემდგომ პერიოდში აშშ მოსახლეობაში არაქრისტიანთა წილი საკმაოდ გაიზარდა და სახელმწიფოს მეთაურს მსგავსი ფრაზების გამეორება აღარ შეეფერებოდა. პატრიკ ჯ. ბიუკენანი - პრეზიდენტების ნიქსონისა და რეიგანის მრჩეველი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი 1992 და 1996 წლებში - თავის წიგნში „დასავლეთის სიკვდილი“ (Patrick J.Buchanan: The Death of the West,  რუსული თარგმანი და გამოცემა 2004 წლისა) ვრცლად საუბრობს ამერიკის დექრისტიანიზაციაზე. მას მოჰყავს სხვადასხვა ფაქტი - სასამართლოებმა 1948 წლიდან აკრძალეს სკოლებში რელიგიის ნებაყოფლობითი შესწავლა, 1963 წელს ანტიკონსტიტუციურად გამოცხადდა ბიბლიის დამატებითი გაკვეთილები და სხვ., ხოლო როდესაც 1992 წელს მისისიპის შტატის გუბერნატორმა კირკ ფორდაისმა განაცხადა, რომ „ამერიკა ქრისტიანული ქვეყანაა“, მას მაშინვე მიაკერეს შოვინისტის იარლიყი, ვინაიდან გუბერნატორს „პოლიტიკური კორექტულობის“ თვალსაზრისით უნდა ეთქვა - „ამერიკა იუდეურ-ქრისტიანული ქვეყანაა“, - აღნიშნავს ბიუკენანი.

 

   თუმცა ამისდა მიუხედავად, ამერიკის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი რელიგიურია (ძირითადად პროტესტანტიზმის სხვადასხვა ფორმის მიმდევარი) და რელიგიური ელემენტები აშშ მრავალი პრეზიდენტის, მათ შორის ბოლოდროინდელების (რეიგანი, ჯ.ბუში უმცროსი) რიტორიკაშიც უხვად გვხვდება. დღემდე წარმოუდგენელია, რომ აშშ რომელიმე პრეზიდენტმა განაცხადოს, რომ იგი ათეისტია. ეს ეხება მორალის თვალსაზრისით თვით ისეთ არაკონსერვატულ პრეზიდენტებსაც, როგორებიც არიან ბილ კლინტონი და ბარაქ ობამა - „გეი“-ქორწინებებისა და სექსუალური უმცირესობების ერთგვარი „მფარველები“. მით უფრო რელიგიური რიტორიკით ხასიათდება ობამას დღევანდელი კონკურენტი რესპუბლიკური პარტიის რიგებიდან, ე. წ. მორმონთა ძლიერი სექტის წევრი მიტ რომნი. ათეიზმი და აგნოსტიციზმი, განსხვავებით ევროპისაგან, შეერთებულ შტატებში მაინცდამაინც მოდური არ არის. მეტიც, ადგილი აქვს ათეისტების დისკრიმინაციასაც-კი. ასე მაგალითად, ამერიკის 7 შტატში ათეისტებს აკრძალული აქვთ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა. ამ ნორმას ტეხასის, არკანზასის, მერილენდის, ტენესის, მისისიპის, ჩრდილო და სამხრეთ კაროლინის კონსტიტუციები ითვალისწინებენ - ფედერალური კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ, სადაც ნათქვამია (მუხლი 6), რომ დაუშვებელია ადამიანის მიერ თანამდებობის დაკავება დაკავშირებულ იქნას მის რელიგიურ აღმსარებლობასთან (ზემოთ დასახელებული შტატები ფედერალური კონსტიტუციის ამ მუხლს გვერდს უვლიან იმ არგუმენტით, რომ მასში საუბარია რელიგიურ რწმენაზე ანუ სხვადასხვა კონფესიების დისკრიმინაციის დაუშვებლობაზე და არაფერია ნათქვამი ღვთის არსებობის საკითხისადმი ადამიანის დამოკიდებულებაზე ანუ არადისკრიმინაციის ეს ნორმა არ ვრცელდება ათეისტებზე). ასევე საინტერესოა, რომ აშშ რამდენეიმე შტატში მოქმედებს არქაული კანონი, რომლის ძალითაც ჰომოსექსუალური კავშირი დანაშაულად ითვლება - არა მხოლოდ საზოგადო ადგილებში, არამედ თვით პრივატულ სივრცეშიც-კი, მაგალითად სასტუმროს ნომერში.

 

   ასეთი კონსერვატული ფასეულობები აშშ დიდ ნაწილში (განსაკუთრებით ეს ეხება აშშ-ს ე. წ. „ბიბლიურ სარტყელს“ – the Bible Belt – სამხრეთულ პროტესტანტულ შტატებს) დღემდე ბატონობს და მას ანგარიშს უწევენ უმაღლესი რანგის პოლიტიკოსები, თუმცა საქართველოში მივეჩვიეთ, რომ აშშ საელჩო სექსუალური უმცირესობების ვითომდა უფლებების დამცველად, სინამდვილეში - აკვიატებული იდეების გამტარებლად და სპონსორად გვევლინება. საინტერესო ფაქტს ჰქონდა ადგილი ლატვიის დედაქალაქ რიგაში, სულ ახლახანს, მაისის თვეში, როდესაც ე. წ. „გეი-აღლუმს“ მიესალმა აშშ ორი ელჩი (საკუთრივ ლატვიაში აშშ ელჩი და ესტონეთიდან რიგაში სპეციალურად ჩამოსული აშშ ელჩი) და სახელმწიფო მდივნის მოადგილე თომას მელია. ყოველივე ეს იმის მაჩვენებელია, რომ აშშ საგარეო პოლიტიკა მთლიანად არ ექვემდებარება რელიგიურ წარმოდგენებს ან კიდევ იმისა, რომ გარყვნილებამდე დასული თავისუფლების მხარდაჭერა ამერიკული სახელმწიფოს „საექსპორტო“ პროდუქტია, სპეციალურად  უცხოეთისთვის გამიზნული - არადასავლური ცივილიზაციების ქვეყნებში შორს მიმავალი პოლიტიკური გეგმების განსახორციელებლად.

 

   სამაგიეროდ, ამერიკული პროტესტანტიზმის (რომელსაც მთლიანობაში ვერ გავაიგივებთ ქრისტიანობის ცნებასთან, იმდენად შორს არის წასული ამერიკული ე. წ. „ევანგელიკალიზმი“ ქრისტიანობის მთავარი მრწამსისგან - ამის შესახებ საუბარი ნაწილობრივ ქვემოთაც იქნება) გავლენა აშშ საგარეო პოლიტიკაზე სექტების მხარდაჭერაში აშკარად გამოიხატება (ესეც „რელიგიური თავისუფლებების“ იდეალით შენიღბულია). ალბათ საქართველოს ლამის ყველა მოქალაქე შეხვედრია ქუჩაში ანდა თავად მასთან მისულან სახლში ე. წ. „იეჰოვას მოწმეების“ სექტის წარმომადგენლები, ბროშურებით და სააგიტაციო მასალებით ხელში, ასევე ალბათ ბევრს გაუგია „საიენტოლოგთა სექტის“ არსებობის და მასთან დაკავშირებული სკანდალების შესახებ (თუნდაც იმიტომ, რომ სექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მსოფლიოში პოპულარული ამერიკელი მსახიობი ტომ კრუზია). ამ და სხვა მარგინალ სექტებს ერთი შეხედვით არ აქვთ დიდი გავლენა აშშ საგარეო პოლიტიკაზე, თუმცა სექტების მოღვაწეობა საზღვარგარეთ საკმაოდ ხშირად სარგებლობს ვაშინგტონის მხარდაჭერით. იეჰოველების „ჩაგვრასთან“ დაკავშირებით აშშ პოლიტიკოსებმა არაერთხელ პროტესტით მიმართეს საქართველოს ხელისუფლებას, ბოლოს კი „მჩაგვრელი“ ბასილ მკალავიშვილი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. აშშ ყოფილი ელჩი რიჩარდ მაილსი საქართველოში მუშაობის დასრულების წინ 2005 წლის ზაფხულში, ყვარელში დაესწრო ბაპტისტური ეკლესიის გახსნას [საქართველოში არსებული რელიგიურ-კონფესიური ვითარების და პოლიტიკასთან ურთიერთდამოკიდებულების შესახებ იხ. გულბაათ რცხილაძე: Religion and Conflict Potential in Georgia, in: Central asia and the Caucasus, Lulea 2005 (1/33), როგორც ინგლისურ, ისე რუსულ ენაზე]. ბაპტისტური მიმდინარეობა აშშ-ში უკვე ბევრად დიდი მნიშვნელობის არის, ვიდრე ჩვენს მიერ უკვე ჩამოთვლილი ან სხვა სექტები: ზემოთ ნახსენებ „ევანგელიკალურ“ ტრადიციაზე დაფუძნებული ბაპტიზმის მიმდევართა შორის არის აშშ-ის რამდენიმე, მსოფლიოში კარგად ცნობილი პრეზიდენტი - აბრაამ ლინკოლნი, ჰარი ტრუმენი, ჯიმი კარტერი და ბილ კლინტონი. ჯორჯ ბუში-უმცროსიც, რომელიც, მისივე მოგონებების მიხედვით, ცნობილმა ბაპტისტმა მოქადაგემ ბილი გრემმა (Billy Graham) მოაქცია რწმენაზე, ქადაგებით გამოსულა ბაპტისტთა მრევლის შეკრებებზე (მაგალითად, 1999 წელს; თუმცა თავად ბუში, თავისი მეუღლის მსგავსად, ე.წ. მეთოდისტური ეკლესიის წევრია - მოძღვარი გრემი ბაპტისტია, მაგრამ თავს ზეკონფესიონალურად მოიაზრებს, ამიტომ მისი მიზანი არ ყოფილა ბუშის მოქცევა ბაპტიზმის ფარგლებში). ბაპტისტების პროცენტული წილი აშშ მოსახლეობას შორის შესამჩნევად მაღალია აღმოსავლეთ, სამხრეთ და ცენტრალურ შტატებში. შესაბამისად, ფუნდამენტალისტური „ევანგელიკალიზმიდან“ აღმოცენებული ბაპტიზმი ძალზე სერიოზული ძალაა ამერიკაში პოლიტიკური თვალსაზრისითაც. სერიოზული გავლენით სარგებლობენ მორმონებიც (რომელთა მრწამსი და ცხოვრების წესი კიდევ უფრო დაშორებულია ორთოდოქსალური ქრისტიანობისაგან, ვიდრე ბაპტიზმი). ჩემს მიერ უკვე დასახელებულ წიგნში, აშშ საგარეო პოლიტიკის საფუძვლების შესახებ, რომელიც 2008 წელს გამოიცა, წარმოდგენილია ამის დამადასტურებელ ერთი მაგალითი, რომელიც საქართველოს უკავშირდება - კერძოდ, აშშ-ს მაშინ უკვე ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის წერილი (1998 წლის 28 ოქტომბრით დათარიღებული) საქართველოს იმჟამინდელ პრეზიდენტ შევარდნაძეს, რომელშიც იგი რეკომენდაციას უწევს თავის მეგობრებს, მორმონების სექტის წარმომადგენელ ვინმე იორგენსენებს, მხარდაჭერა აღმოსჩენოდათ საქართველოში თავიანთი საქმიანი და რელიგიური მოღვაწეობის გასაშლელად. აქვე უნდა ითქვას, რომ ამერიკული სექტები, განსაკუთრებით მორმონები და ბაპტისტები, ფინანსურად ძალზე ძლიერნი არიან. „სამი საუნჯის“ მკითხველს წაკითხული თუ არა, გაგონილი მაინც ექნება მე-20 საუკუნის პირველი მეოთხედის შესანიშნავი ნაშრომი „პროტესტანტური ეთიკისა და კაპიტალისტური სულისკვეთების“ თაობაზე, მაქს ვებერის ავტორობით (Max Weber: Die protestantische Ethik und der Geist des Kapitalismus), სადაც შესანიშნავად არის გაანალიზებული პროტესტანტული კონფესიებისა და საფინანსო-ეკონომიკური წინსვლის ურთიერთკავშირი.

 

   როგორც ზემოთ წარმოდგენილი რამდენიმე ფაქტითაც ჩანს, ამერიკული რელიგიური მიმდინარეობები და სექტები საქართველოთი კარგა ხანია, რაც დაინტერესდნენ. მათ ზურგს უმაგრებს დიდძალი ფინანსები (მაგალითად, მორმონთა ხელშია სასტუმროთა „მერიოტის“ ქსელი), და ასევე აშშ სახელმწიფო მხარდაჭერა. თუმცა, როდესაც აშშ საგარეო პოლიტიკაზე რელიგიური წარმოდგენების გავლენას ვეხებით, პირველ რიგში, ეს გავლენა გამოიხატება ისევ და ისევ ამერიკელების მხრიდან ისრაელის მიმართ დამოკიდებულებით. აშშ-ს აგრესიული დამოკიდებულება რიგი სახელმწიფოების, პირველ ყოვლისა, ირანის ისლამური რესპუბლიკის მიმართ, სწორედ ისრაელის ამ უპირობო და თითქმის მონური მხარდაჭერით არის განპირობებული და არა საკუთრივ ამერიკული ინტერესების ობიექტური გააზრებით. ეს აუცილებლად გასათვალისწინებელი მომენტია, რომელიც დიდ ჩაღრმავებას არ საჭიროებს და თავად ამერიკული პროტესტანტიზმის დოგმებიდან ჩანს, ქვემოთ კი ვნახავთ, რომ აღნიშნული დოგმების მიმდევართ დიდი გავლენა აქვთ ამერიკელ პოლიტიკოსებზე.

 

   პროტესტანტებს, განსაკუთრებით კი, ამერიკელ პროტესტანტებს შორის, ბოლო ასწლეულის მანძილზე ფართო გავრცელება ჰპოვა ჩვენს მიერ უკვე ნახსენებმა ე.წ. ევანგელიკალურმა ანუ „ევანგელიის მქადაგებელთა“ მიმდინარეობამ. აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ამ მრწამსის წარმომადგენლების ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია საერთაშორისო სიონიზმისათვის ყოველმხრივი მხარდაჭერის აღმოჩენა. ამიტომ ევანგელიკალურ მოძრაობას ხანდახან „სიონისტურ ქრისტიანობასაც“ ეძახიან (უფრო მაჰმადიანები). გასაკვირი არ არის, რომ პროისრაული ლობი ამერიკაში ყოველნაირად ხელს უწყობს საზოგადოებაში ამგვარი წარმოდგენების გამყარებას. ე.ლოზანსკის რომ დავესესხოთ: „ალბათ ნებისმიერი, მათ შორის, ეთნიკური ლობის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებია. ამ თვალსაზრისითაც ისრაელის ლობი მაქსიმალური ეფექტით მოქმედებს, მასობრივ ცნობიერებაში ამკვიდრებს რა ისრაელის, როგორც ქრისტიანული დასავლეთის ერთგვარი ფორპოსტის ხატს, რომელიც გზას უღობავს ისლამური აღმოსავლეთის ექსპანსიას“. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ერთად მასობრივი გართობის საშუალებებიც, მაგალითისთვის, ჰოლივუდი, არ უნდა დავივიწყოთ. სიონისტური მოტივები საკმაოდ ღრმად არის გამჯდარი ამერიკული ფილმის ინდუსტრიაში. გავიხსენოთ ფანტასტიკური ჟანრის ფილმი „მატრიცა“, რომელიც მაყურებელს გადარჩენის ოაზისად წარმოუდგენს მიწისქვეშა ქალაქ სიონს. ეს ქალაქი წარმოადგენს სოლომონის ტაძრის სიმბოლოს, რომლის ნანგრევებიც, სიონისტთა მიხედვით, ალ-აქსას მეჩეთის ქვეშაა მოქცეული, ქალაქ იერუსალიმში. ამ სიმბოლურ ტაძარში ფილმის ავტორებმა ძველი იუდაიზმის სხვა სიმბოლოებიც გააცოცხლეს, მათ შორის, სინედრიონის საბჭო. ფილმში მსოფლიოს მომავალი დამოკიდებულია ებრაელი მესიის მოსვლაზე, მაგრამ მესია წარმოდგენილია არა როგორც ღმერთი (ქრისტიანობა) ან ღვთის მოციქული (შიიტური ისლამი), არამედ როგორც კომპიუტერის სპეციალისტი... მსგავსი მაგალითების პოვნა ჰოლივუდის ფილმებში, როდესაც „სამყაროს ხსნა“ ამერიკელს ან ამერიკელ ებრაელს აქვს აღებული ტვირთად, კიდევ მრავლად შეიძლება. შემთხვევითი არ არის, რომ მსგავსი ფილმები „გაპიარებულია“ და უხვად ჯილდოვდებიან „ოსკარებით“, სამაგიეროდ, მელ გიბსონის ფილმის - „ქრისტეს ვნებანი“ - მსგავს ფილმებს სიონისტური ლობის მეცადინეობის შედეგად დიდი წინააღმდეგობები და დაუსაბუთებელი ბრალდებები („ანტისემიტური“ და მისთ. შეფასებები) ხვდებათ ხოლმე (ისევე როგორც, მირშეიმერ-უოლტის გახმაურებულ წიგნს - John Mearsheimer/Stephen Walt: The Israel Lobby and U.S. Foreign Policy, New York 2007)   შეხვდა, რომელშიც ავტორებმა, საუნივერსიტეტო პროფესორებმა, დოკუმენტურად და მიუკერძოებლად აღწერეს ისრაული ლობის ძლიერება შეერთებულ შტატებში; ამის გამო ერთ-ერთმა ავტორმა პროფესორობა დაკარგა, მეორესაც არ ეწია ბევრად უკეთესი ბედი თავის კარიერაში).

 

   მაგრამ სიონიზმისა და ისრაელის უპირობო მხარდაჭერა ევანგელიკალების მხრიდან უპირველეს ყოვლისა, მაინც განპირობებულია არა იმდენად ისრაელის ლობის მოღვაწეობით, არამედ მათივე საკუთარი სარწმუნოებრივი წარმოდგენებით, სადაც ძირითადი ადგილი აპოკალიფსისს, ანუ სამყაროს დასასრულს უკავია [აქ და ქვემოთ წარმოდგენილი ინფორმაციები და ანალიზი ეფუძნება გერმანიის ტელევიზიის პირველი არხის -ARD/Das Erste - მიერ 2006 წელს მომზადებულ რეპორტაჟს („Die Road Map führt nach Armageddon“, აქვე აღვნიშნავ საინტერესო ფაქტს: დღესდღეობით ინტერნეტიდან წაშლილია გერმანიის ტელევიზიის ამ გადაცემის ჩანაწერი), ასევე გერმანელი ავტორის პეტერ ბიურგერის 2006 წელსვე გამოქვეყნებულ ნაშრომს, დამოუკიდებელ ინტერნეტ-გამოცემაში (Peter Bürger: „Armageddon und der apokalyptische Holocaust“, in: Telepolis, 12.08.2006, Link: http://www.heise.de/tp/r4/artikel/23/23322/1.html)]. ევანგელიკალებს სწამთ, რომ სამყაროს დასასრული მალე დადგება. მათი ზოგიერთი ლიდერი კონკრეტულ თარიღებსაც ასახელებდა, მაგალითად, პეტ რობერტსონი (Pat Robertson) იესო ქრისტეს დაბრუნებას 2007 წლისათვის ვარაუდობდა. თითქოს არაფერი, ასეთი „ექსტრავაგანტური“ პიროვნება ამერიკაში ბევრია, მაგრამ პატ რობერტსონი ცნობილი სატელევიზიო მქადაგებელი, რელიგიურ წრეებში გავლენიანი მოღვაწე და თან მრავალი წლის მანძილზე პრეზიდენტ (2000-2008) ჯორჯ ბუშის მეგობარია, პოლიტიკაზე საუბრები მათ ბუშის პრეზიდენტობის დროსაც ჰქონიათ... ეს სწორედ ის რობერტსონია, რომელმაც 2005 წლის აგვისტოში ტელევიზიით გამოსვლისას ვენესუელის პრეზიდენტის ჰუგო ჩავესის მოკვლა მოითხოვა ამერიკული სპეცსამსახურების მიერ: „ჩვენ შეგვიძლია, იგი გამოვთიშოთ, და, მე მგონია, რომ დადგა ის დრო, როდესაც ჩვენ ეს საშუალება უნდა გამოვიყენოთ“. მართალია, ამ სკანდალურ განცხადებას შეერთებული შტატების მმართველ წრეებში ფართო დადებითი რეზონანსი არ მოჰყოლია (ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად მაინც) და რობერტსონმაც მოგვიანებით მოიბოდიშა, „ფრუსტრირებული“ ვიყავი და ეს იმიტომ ვთქვიო, მაგრამ აღნიშნული მაგალითი აჩვენებს, თუ რაოდენ მიდრეკილები არიან ევანგელიკალები ექსტრემიზმისადმი.

პეტ რობერტსონი

   2001 წლის სექტემბრის ტერაქტები ამ რელიგიურ ექსტრემისტებს აპოკალიფსის მოახლოების ნიშნად მიაჩნიათ. მათი აზრით, პროტესტანტებმა მსოფლიოს მასშტაბით გარკვეული ქმედებები უნდა განახორციელონ, რათა მეორედ მოსვლის წინაპირობები შეიქმნას. ისინი თავიანთ რელიგიურ მოვალეობად მიიჩნევენ, დააჩქარონ მოვლენები, რომლებსაც შეუძლიათ, ხელი შეუწყონ მაცხოვრის დაბრუნებას. ევანგელიკალების აზრით, მსოფლიო ებრაელობამ უნდა განავრცოს ებრაული სახელმწიფო პალესტინაში, გაანადგუროს ალ-აქსას მეჩეთი იერუსალიმში და გუბბათ-ოლ-სახრის მეჩეთი ბეით ულ მუკადასში, და ამ მუსლიმანური სიწმინდეების ადგილზე ააგოს დიდი ტაძარი. მათ ასევე სწამთ, რომ იმ დღეს, როდესაც ებრაელები გაანადგურებენ ორ მუსლიმანურ სალოცავს, დაიწყება გრანდიოზული არმაგედონის ბრძოლა. ამ ბრძოლის დროს, მაშინ, როდესაც გამარჯვების სასწორი იესოს მოწინააღმდეგეების მხარეს დაიწყებს გადახრას, იესო დაბრუნდება და სხვა აღმდგარ ქრისტიანებთან ერთად დაამყარებს თავის ხელისუფლებას მსოფლიოში, ცენტრით ბეით ულ მუკადასში.

 

   ისრაელის უპირობო პოლიტიკური მხარდაჭერის ფესვგამდგარი იდეა ევანგელიკალებს შორის უშუალოდ ეფუძნება მათი მხრიდან ბიბლიის, კერძოდ, ახალი აღთქმის „აპოკალიპსის“ წიგნის პრიმიტიულ და დამახინჯებულ ინტერპრეტაციას. „რაც ისრაელის და მის მეზობლების თავს ხდება ამჟამად, ბიბლიაშია ნაწინასწარმეტყველები“ - ეს სიტყვები 2006 წლის ისრაელ-ლიბანის ომის დროს განაცხადა ე.წ. მეთოდისტური ეკლესიის (რომელსაც, როგორც აღვნიშნეთ, თავს მიაკუთვნებს ჯორჯ უოლკერ ბუში) პასტორმა ქალმა მარგარეტ სტრატონმა (Margaret Stratton) გერმანელი ტელეჟურნალისტების წინაშე. სტრატონის ტეხასელი მრევლისათვის, ისევე როგორც მილიონობით ამერიკელისათვის, უკანასკნელი ბრძოლა, უკვე კარგა ხანია, რაც დაიწყო. ამერიკელთა დაახლოებით ¼, ერთ ერთი კვლევითი ცენტრის (Pew Research Center) შეფასებით, ევანგელიკალებია, რომლებიც ბიბლიის სიტყვა-სიტყვით ინტერპრეტირებას ახდენენ და სწამთ, რომ საბოლოო ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის ისრაელში გაიმართება. უკვე ისრაელის სახელმწიფოს დაარსების ფაქტით 1948 წელს ევანგელიკალების უმეტესობისათვის დაიწყო ბიბლიური წინასწარმეტყველების აღსრულება, რომლის ბოლოც ყველა არაქრისტიანის სიკვდილი და განადგურება, ამავე დროს, იესოს იერუსალიმში დაბრუნება და ათასწლოვანი მშვიდობის დამკვიდრებაა. ისრაელის ჯარების შესვლა სამხრეთ ლიბანში 2006 წელს, ჰისბოლას რაკეტების ჩამოგდება ჩრდილოეთ ისრაელში - ყოველივე ეს მათთვის სანუკვარი დასასრულის დასაწყისს წარმოადგენს.

 

   მაგრამ სანამ ეს დღე არ დამდგარა, ევანგელიკალებს ისრაელის სახელმწიფო დღეს არსებულ საზღვრებში სჭირდებათ - ისრაელი, როგორც აპოკალიფტური ბრძოლის ასპარეზი. ეს მოსაზრება შეიცავს იერუსალიმის, როგორც ისრაელის მარადიული განუყოფელი დედაქალაქის დოგმას. „ისრაელი არის ერთადერთი ერი, რომელიც ღვთისგანაა შექმნილი“ - ამბობს პასტორი ჯონ ჰეიჯი (John Hagee), შეერტებულ შტატებში ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავლენიანი ევანგელიკალი, ტეხასის ქალაქ სან-ანტონიოს კორნერსტოუნის ეკლესიის (Cornerstone Church) ხელმძღვანელი, რომელიც 18 ათას წევრს ითვლის. ევანგელიკალი პასტორების წიგნები ამერიკაში, როგორც წესი, დიდი პოპულარობით სარგებლობენ და ბესტსელერტა რიცხვში ხვდებიან, ამ კატეგორიას განეკუთვნება ჰეიჯის წიგნიც - „Jerusalem Countdown”, სადაც ავტორის მიერ დახატულია სამყაროს აღსასრულის მისეული სცენარი: რუსეთი და მუსლიმური ქვეყნები ერთობლივად შეუტევენ ისრაელს; სხვადასხვა ჩახლართული სიტუაციებისა და ომების შემდეგ, რომელთა ფარგლებში, სხვათა შორის, ევროკავშირი გამოყვანილია, როგორც ამერიკელთა და ბრიტანელთა ჯარების წინააღმდეგ მებრძოლი ანტიქრისტე, იესო ბრუნდება დედამიწაზე და თავის მუდმივ სამეფოს აფუძნებს იერუსალიმში. ცნობილი ეკონომისტი და თეოლოგი, პროფესორი ფრანც ჰინკელამერტი (Franz J. Hinkelammert) მსგავსი ევანგელიკალი ავანტიურისტების იდეებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 1989 წელს წერდა:

 

   „რაც უფრო ცუდად არის საქმე, მით უკეთესია - ეს არის ფუნდამენტალისტური აპოკალიფტური აზროვნება. ჩვენს დღევანდელ მსოფლიოში ფუნდამენტალიზმი აზროვნების უმნიშვნელოვანესი ფორმაა, რომელსაც შეუძლია განადგურების ფაქტიდან დადებითი აზრის გამოტანა. რაც უფრო ცუდადაა საქმე, მით უკეთესია, რადგან ყოველი კატასტროფა წარმოადგენს იმის ნიშანს, რომელიც ქრისტეს დაბრუნებას მოასწავებს. ამიტომ ფუნდამენტალიზმი იმავდროულად არის ერთადერთი, ბევრი ადამიანის მამოძრავებელი იდეოლოგია, რომელიც ატომურ ომში პოზიტიურ აზრს ხედავს. ატომური არმაგედონი მის მიერ აღიქმება მომავლის თვალსაზრისით - იმედის ნიშნად. მაშინ, როცა ყველაფერი ნადგურდება, ყველაფერი კარგად იქნება. ‘ქრისტიანი’ აპოკალიფსური ექსტრემისსტების არასერიოზულად აღქმა 1979 წელს დაფუძნებული Moral Majority-ის წარმატებების შემდეგ, რომელიც ფუნდამენტალისტური წრეების რუპორის როლს ასრულებს, არ შეიძლება. მისი ისტორიული წინასწარმეტყველება გულისხმობს ‘ღვთის სამეფოსათვის უკანასკნელ ბრძოლას’ და ამიტომ ავტომატურად საჭიროებს მსოფლიო შეთქმულების არსებობას ხან კომუნისტების, ხან მშვიდობის აქტივისტების, ხან ‘პერვერსულების’ (განსაკუთრებით ჰომოსექსუალების), ხან ლიბერალი ქრისტიანების, ხან კათოლიკეების, ხან გაეროს, ხან ევროპის და ხანაც, და პირველ ყოვლისა, ისლამის მხრიდან“.

 

   როგორც ჟურნალი „შპიგელი“ („Der Spiegel”, 8/2003, S.98) იუწყება, ფუნდამენტალისტი ევანგელიკალებისთვის გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ანტიქრისტეს ქმედებების პრიორიტეტული ადგილია, „რადგან ევანგელიის გამოცხადების წიგნში (17,12) წერია, რომ დედამიწის ხელმწიფენი ‘თავიანთ ძალაუფლებას და ხელისუფლებას მხეცს გადასცემენ’. პაპი, რომელიც ომის მოწინააღმდეგეა, ითვლება ‘ბაბილონის მეძავად’, რადგან გამოცხადების მიხედვით (17,9) მეძავის ტახტი ‘შვიდ მთაზე’ დგას; ხოლო რომი სწორედ შვიდ ბორცვზე მდებარეობს. ის, რომ ევროკავშირი თავის არსებობას რომის ხელშეკრულებებს უმადლის, მთელს ევროპას აქცევს სატანის იარაღად“.

 

   ამ, ცოტა არ იყოს, ავადმყოფური იდეების მქონე ევანგელიკალი „მხსნელებისათვის“ სამყაროს დასასრულისაკენ მიმავალ გზაზე სტრატეგიის ნაწილია შეუზღუდავი კაპიტალიზმი, მილიტარიზმი (როგორც უკვე აშინიშნა, ატომური იარაღის გამოყენების ჩათვლით) და ამერიკული ბატონობა ანუ სუპერნაციონალიზმი. გლობალური დიალოგი კულტურათა შორის, სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენელთა შეხვედრები, მით უმეტეს, ეკუმენიზმი, ეკლესიათა საბჭო, ასევე საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი ევანგელიკალთა თვალში სატანის იარაღებია. ფუნდამენტალისტ ევანგელიკალთა მიერ ქრისტიანობის, ბიბლიის სულისკვეთების, მისი სოციალური ეთოსის განგებ დამახინჯება აშკარაა (მათ არგუმენტებში ეპიზოდურად ჭეშმარიტების მარცვლის შესაძლო არსებობის მიუხედავად). მათ „ხელში“ ბიბლია გადაქცეულია „შოვინიზმის, შეიარაღებისა და ომის აღჭურვილობის საწყობად“ - როგორც ამას სამართლიანად აღნიშნავს რელიგიის მკვლევარი მაინრად შერერ-ედმუნდსი  (Meinrad Scherer-Edmuds). ძნელია, არ დავეთანხმოთ ამ ფორმულირებას, როდესაც ევანგელიკალი სატელევიზიო მქადაგებლები, როგორც მაგალითად, ჯეიმს რობისონი (James Robison) პირდაპირ ამბობენ, რომ ქრისტეს დაბრუნებამდე მშვიდობის შესახებ სწავლების გავრცელება არასწორი და ადამიანების შეცდომაში შეყვანა იქნებოდა. ევანგელიკალები მოელიან ქრისტეს, როგორც მშვიდობისმყოფელს, კერძოდ, მშვიდობისმყოფელს ახლო აღმოსავლეთში (ძველი აღთქმის, კერძოდ, დანიელის წიგნის 9,27 სტროფის ინტერპრეტირებით).

 

   ევანგელიკალი ფსევდოქრისტიანები არც საკუთრივ მაცხოვრის პიროვნული არსის დამახინჯებას ერიდებიან: „ის კაცი (ანუ იესო - გ.რ.), რომელიც დედამიწაზე ცხოვრობდა, დაკუნთული კაცი იყო. [...] ქრისტე იყო მაჩო!“ - ეს სიტყვები აშშ-ში ერთ-ერთ ყველაზე უფრო გავლენიან მოქადაგეს, პრეზიდენტ რონალდ რეიგანის მეგობარს და ჯორჯ „დაბლიუ“ ბუშის მხარდამჭერს, ჯერი ფალუელს (Jerry Falwell) ეკუთვნის (ფალუელი თავის დროზე ღიად უჭერდა მხარს აპარტეიდის რეჟიმს სამხრეთ აფრიკაში; მას ანტიქრისტე ხან ებრაელად ეჩვენებოდა, ხან გამოთქვამდა აზრს, რომ „ღმერთსა და მოსეს შორის კავშირის“ გამო ებრაელები გარდაცვალების შემდეგ ავტომატურად ხვდებიან სამოთხეშიო. ფალუელი გარდაიცვალა 2007 წელს). ზოგიერთი სხვა მისიონერი იესოს მიაწერს „კაპიტალისტობას“.

ჯერი ფალუელი

   შემაჯამებელ პასუხს კითხვაზე, თუ რატომ უჭერენ ევანგელიკალი ქრისტიანები მხარს ისრაელს, პასუხს სცემს ევანგელიკალი პასტორი ფრიც მეი (Fritz May) თავის ვებ-გვერდზე. მხარდაჭერის ძირითადი მიზეზები და არგუმენტებია:

 

„ -ისრაელი, იორდანეს დასავლეთი სანაპიროს (სამარია და იუდეა) ჩათვლით, ღვთის სამყაროსეული და ხსნის ისტორიის არენა იყო და იქნება;

-იესო ქრისტე მისდამი, როგორც მესიისადმი ცოცხალი რწმენით სავსე ერთიან ისრაელში დაბრუნდება (რომაელტა მიმართ 11,25.26 და ა.შ.);

-ისრაელს დიდი მომავალი აქვს: იესო ქრისტეს მესიანურ ზესახელმწიფოში მან სულიერი და სასულიერო ლიდერობა უნდა იტვირთოს (ზაქარია 8,20-23; ესაია 2,2.3 და ა.შ.);

-ჩვენ მხარს ვუჭერთ სიონიზმს (=ებრაელების დაბრუნება ისრაელში და იქ ებრაული სახელმწიფოს აშენება), რადგან ეს ღვთის ნებაა (იეზიკიელი 11,17 და სხვ.). ამიტომ ჩვენ გამოვდივართ ისრაელის არსებობის სასარგებლოდ, ბიბლიაში აღთქმული საზღვრების ფარგლებში;

-მთელი იერუსალიმი ისრაელის მუდმივი დედაქალაქი უნდა დარჩეს აღარასოდეს უნდა იქნას გაყოფილი, რადგან ფსალმუნში (XVIII, 121) ნათქვამია: ‘დადგრომილ იყვნეს ფერხნი ჩუენნი ეზოთა შენთა, იერუსალემ. იერუსალემი შენებულ არს ვითარცა ქალაქი, რომლისა საყოფელნი მისნი მის თანა’“.

 

   ასეთი ტიპის ქრისტიანების წარმოდგენებში ისლამი საპირისპირო ანუ სატანურ როლს ასრულებს, რომელთანაც ბრძოლის წარმოება ყველა საშუალებით უნდა მოხდეს. ამის ერთგვარ გამოძახილად შეიძლება მივიჩნიოთ ხშირი ინციდენტები, როდესაც აშშ საოკუპაციო ძალები ავღანეთში თუ ერაყში შეურაცხყოფენ ყურანს, მუსლიმანების ადათ-წესებს და ასე შემდეგ.

 

   ყველაფერთან ერთად საინტერესოა, რომ მიუხედავად ასეთი პროისრაული პოზიციისა, ევანგელიკალებისათვის ებრაელობას, ებრაელ ხალხს და ებრაულ სარწმუნოებას არანაირი თავისთავადი მნიშვნელობა არ გააჩნიათ - ისრაელის სახელმწიფოს „გაძლიერება“ მათთვის მხოლოდ აპოკალიფტური „განრიგის“ აღსასრულებლად არის მნიშვნელოვანი. სამყაროს დასასრულს მათი წარმოდგენით მხოლოდ ის ებრაელები გადარჩებიან, რომლებიც იესო ქრისტეს აღიარებენ და სხვებაც მოაქცევენ, ევანგელიკალებს დაახლოებითი ციფრებიც აქვთ „დაანგარიშებული“ - იმ ებრაელებისა, რომლებიც, მათი აზრით, გადარჩებიან. ამ „რჩეულთა“ რიცხვი 144 ათასს შეადგენს, დანარჩენი ებრაელობა მუდმივი წყევლისათვის არის განწირული. ევანგელიკალური „თავისუფლების სახლი - ბიბლიის ინსტიტუტის“ დირექტორი უილმინგტონი (H.L.Willmington) ბიბლიის საფუძველზე (!) “ანგარიშობს“, რომ „ღვთაებრივი გადარჩენის გეგმის“ მიხედვით, სამყაროს დასასრულის პირობებში ებრაელთა 2/3, დაახლოებით 16 მილიონი ებრაელი, დაიღუპება.

 

   რასაკვირველია, ამგვარ „დაანგარიშებებს“ და ებრაელთა განსჯა-განკითხვას ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს (ამ ჭეშმარიტებას ნებისმიერი წიგნიერი მართლმადიდბელი სასულიერო პირი დაადასტურებს), ამიტომ სავსებით გასაგებია, რომ ზოგიერთი ავტორი ევანგელიკალურ მრწამსში ჩაპროგრამებულ ლატენტურ ანტისემიტიზმზე მიუთითებს. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში კიდევ უფრო აშკარაა, რომ ევანგელიკალები „ღვთისგან რჩეული ერის“ მდგომარეობას ამერიკელი ერისთვის იჩემებენ. ასე მაგალითად, სხვას თუ არავის, თვით პრეზიდენტ რეიგანსა და ფალუელს მიაჩნდათ: „არც ერთი სხვა ერი მთელს დედამიწაზე არ ყოფილა ყოვლისშემძლე ღვთისაგან ისე დალოცვილი, როგორც შეერთებული შტატების ხალხი“.

 

   მკითხველი შეიძლება მაინც დაეჭვდეს, რომ ესოდენ უცნაური აზრები და ადამიანები „ისეთ“ ქვეყანაში, როგორიც ამერიკაა, რაიმე სერიოზულ როლს ასრულებენ. ზემოთ უკვე აღინიშნა, რომ ტელემქადაგებლებს, რომლებიც თავისდათავად პოლიტიკურად აქტიურნი არიან და პოლიტიკურ განცხადებებს (მათ შორის, საგარეო პოლიტიკაზე) ხშირად აკეთებენ, მრავალი მიმდევარი ჰყავთ (რასაც მათი გადაცემების უამრავი ტელემაყურებელი და მათი წიგნების ასევე უამრავი მკითხველიც მოწმობს). [ტელემქადაგებლებს ამერიკულ პუბლიკაზე ლამის მომნუსხველი გავლენა აქვთ - მაშინაც, როდესაც საქმე ფულის მოხვეჭას ეხება. მაგალითი: ერთ-ერთი ასეთი მქადაგებელი ჯიმი სუეგერტი (Jimmy Swaggart) 1988 წელს მეძავებთან ურთიერთობაში იქნა მხილებული და ამიტომ მან მქადაგებლის ლიცენზია დაკარგა. თუმცა სუეგერტმა 30 მილიონი ტელემაყურებლის წინაშე ცრემლების ფრქვევით და აკანკალებული ნიკაპით განაცხადა: „მე ვცოდე... მე ფარულად შევცოდე და გთხოვთ პატიებას!“ ცოტა ხნის შემდეგ, იმავე ქადაგებაში სუეგერტი განაგრძობს: „თქვენ იცნობთ ინტელექტუალებს? მითხარით, ბატონო ინტელექტუალო, იცით თქვენ, რატომ არის რძე თეთრი და ბალახი მწვანე?.. ყველაფერი, რაც მე ვიცი, არის ის, რომ მე მაიმუნისგან არ ვარ წარმოშობილი... ყველაფერი, რაც თქვენ უნდა იცოდეთ, ბიბლიაშია დაწერილი! და ცოდვა! ექვსი ათასი წლის წინათ ადამმა და ევამ სცოდეს. სატანა ჩვენ ყველას გვიტევს, მე ვხედავ ბოროტებას! მაგრამ იესოს ძვირფასი სისხლი ჩვენს ცოდვებს ჩამოგვბანს, ეს წითელი და ძვირფასი მდინარე! ამ საღამოს ჩვენ თქვენი შემოწირულობები გვჭირდება! წამოდგეს ყველა ის, ვისაც 500 დოლარის მოცემა შეუძლია! 100 დოლარი! 50 დოლარი!..“ ტელემქადაგებლების ინსტიტუტი ამერიკაში ფულის მოხვეჭის ეფექტური საშუალებაა, მარტო ერთ გადაცემაში მილიონების ‘გაკეთება’ შეიძლება. იხ.: http://neueakropolis.de/index.php?option=com_content&task=view&id=397&Itemid=118 ]. ისიც აღინიშნა, რომ ბევრი ასეთი ევანგელიკალი მქადაგებელი, ქვეყნის ამა თუ იმ პრეზიდენტთან დაახლოებული პირია, თვით ეს პრეზიდენტებიც ევანგელიკალთა ეკლესიების წევრთა შორის ირიცხებიან. თუმცა ევანგელიკალების გავლენის ილუსტრირება უფრო ვრცლადაც შეიძლება. მაგალითად, ზემოთ უკვე ნახსენები ჯონ ჰეიჯი, რომლის წიგნის აშშ-ში 600.000 ცალის ოდენობით გაიყიდა, ცდილობს, რაც შეიძლება მეტი თავისი მკითხველი ჩააბას ლობისტური ორგანიზაციის Christians United for Israel-ის („გაერთიანებული ქრისტიანები ისრაელისთვის“) მუშაობაში. ევანგელიკალი ქრისტიანები პოლიტიკურად სულ უფრო აქტურნი ხდებიან. 2006 წლის ივლისში, ისრაელ-ლიბანის კონფლიქტამდე ცოტა ხნით ადრე, პირველად შეიკრიბა ევანგელიკალთა 3.500 დელეგატი სხვადასხვა შტატიდან ამერიკის დედაქალას ვაშინგტონში. ჰეიჯიმ, რომელიც ამტიცებს, რომ 40 მილიონი ამერიკელის სახელით ლაპარაკობს, ამ შეკრებაზე განაცხადა: „ჩვენ გვსურს დავწმუნდეთ, რომ კონგრესი არც ერთ ცენტს არ გამოჰყოფს ისრაელის მტრების სასარგებლოდ“. ჰეიჯის „გაერთიანებული ქრისტიანები“ მხარდამჭერებს პოლიტიკური ისტებლიშმენტის წრეებიდან პირველ ყოვლისა, რესპუბლიკურ პარტიაში პოულობენ. მათ ბანკეტზე საპატიო სტუმრად 1995 – 2007 წლების პერიოდის სენატში რესპუბლიკელთა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი, ამჟამინდელ რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო „პრაიმერზებში“ მიტ რომნის მთავარი კონკურენტი რიკ სანტორუმი (Rick Santorum) დაესწრო. ევანგელიკალების ხმების მოსაპოვებლად კენ მილმენი (Ken Mehlman), რესპუბლიკელების პარტიული ყრილობის ხელმძღვანელი კი შემდეგი სიტყვებით იბრძოდა: „სულ ერთია, ქრისტიანი, იუდეველი თუ მუსლიმი ხარ, ამერიკელი, იაპონელი თუ ინდოელი ხარ - ვისაც თავისუფლება უყვარს, იგი დღეს ისრაელელია!“

 

   უკვე 2004 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო (კონგრესი) არჩევნების დროს ევანგელიკალმა ამომრჩევლებმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს: არჩევნების პარალელურად 11 ფედერალურ შტატში რეფერენდუმი ტარდებოდა ჰომოსექსუალური ქორწინების საკითხთან დაკავშირებით, რამაც განსაკუთრებით ბევრი აღაშფოთებული ევანგელიკალის მობილიზება და საარჩევნო ურნებთან მიყვანა (სადაც შემდეგ ხმას რესპუბლიკელ კანდიდატებს აძლევდნენ) განაპირობა. ევანგელიკალების როგორც საარჩევნო ხმების, ისე შემოწირულობების მნიშვნელობაც მატულობს, რადგან ისინი შემოწირულობების გაკეთების მაღალ მზადყოფნას ამჟღავნებენ. იმავე 2004 წელს მხოლოდ ერთმა ებრაულ-პროტესტანტურმა ლობისტურმა ჯგუფმა - „ქრისტიანთა და ებრაელთა საერთაშორისო თანამეგობრობამ“ (International Fellowship of Christians and Jews), მისივე პრეზიდენტის იეხიელ ეკსტეინის (Yechiel Eckstein) შეფასებით, ევანგელიკალი ქრისტიანებისაგან დაახლოებით 20 მილიონი აშშ დოლარი შემოწირულობები მიიღო. ამგვარი ებრაულ-ევანგელიკალური ალიანსი ერთი შეხედვით უცნაურიც ჩანს, იმის გათვალისწინებით, რაც უკვე აღვნიშნეთ - ევანგელიკალური მრწამსის მიხედვით, არმაგედონის დროს ებრაელებმა ქრისტიანობა უნდა მიიღონ, რათა გადარჩნენ. ბევრი ამერიკელი ებრაელისათვის ამგვარი თეოლოგია გაუგებარი და მიუღებელია. ასევე, როგორც ცნობილია, უბრალო ამერიკელი ებრაელების უმეტესობა, როგორც წესი, დემოკრატებს აძლევს ხოლმე ხმას არჩევნებზე და არა რესპუბლიკელებს, განსხვავებით ევანგელიკალებისაგან. სამაგიეროდ, მათი ინტერესება სავსებით ემთხვევა ისრაელის მხარდაჭერის საკითხში.

                                                     *  *  *  *  *

     მთლიანობაში აშშ მოსახლეობის და პოლიტიკური ელიტის დიდი და გავლენიანი ნაწილის მეცადინეობით, აშშ საგარეო პოლიტიკა მნიშვნელოვანწილად განისაზღვრება ისრაელის უპირობო მხარდაჭერით, „თავისუფლების“ ნიღბის ქვეშ საზღვარგარეთ საკუთარი სექტების, აგრეთვე რელიგიისგან ფრიად დაშორებული გარყვნილებების წახალისებით. ისრაელის უპირობო მხარდაჭერა დესტაბილიზაციას იწვევს საქართველოს მეზობელ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. ამ თვალსაზრისით საქართველოსთვის განსაკუთრებით საშიშია ირანთან დაკავშირებული სცენარების ნეგატიური განვითარება. ასევე არანაკლებ საშიშია საკუთრივ საქართველოს შიგნით დასავლური სექტების გაძლიერება და სხვადასხვა არატრადიციული იდეური თუ სექსუალური მიმდინარეობების ლეგალიზაცია და მორალური გამართლება.

  

გულბაათ რცხილაძე

(სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში "სამი საუნჯე", #2, თბილისი, 2012)