ქვეყანათმცოდნეობა

ირანის გეოპოლიტიკური ტრიუმფი ახლოსაა

სწორედ ირანის „გეოპოლიტიკური ტრიუმფი“ შეიძლება ეწოდოს იმ ვითარებას, რომელიც ახლო აღმოსავლეთში იწყებს ფორმირებას.

ამაზე მიუთითებს ერაყის ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, თავი შეეკავებინა არაბულ სახელმწიფოთა ლიგის სამიტზე კენჭისყრის დროს, როდესაც ამ ორგანიზაციაში სირიის რესპუბლიკის წევრობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს, სირიის ხელისუფლების მხრიდან აჯანყებულთა მიმართ ძალის გამოყენების გაგრძელების გამო. სხვა არაბულ სახელმწიფოთაგან განსხვავებით, ამგვარი გადაწყვეტილების წინააღმდეგ ხმა მისცეს ლიბანმა და იემენმა, ხოლო ერაყმა, როგორც ზემოთ ითქვა, თავი შეიკავა.

 

სიახლეს არ წარმოადგენს, რომ არაბეთის ნახევარკუნძულის ქვეყნებს ამერიკული სატელიტები – მონარქიული დიქტატურები მართავენ. ბაჰრეინის მონარქიამ საუდის არაბეთის დახმარებით მშვიდობიანი ბაჰრეინელების საკმაო რაოდენობით სისხლი დაღვარა, და ეს მაშინ, როდესაც ბაჰრეინელი შიიტები, განსხვავებით სირიაში აჯანყებულებისაგან, არ იყვნენ შეიარაღებულნი. ასე რომ, არაბული დიქტატურების პოზიცია გასაკვირი არ არის. რაც შეეხება არაბული მაღრიბის ქვეყნებს – ეგვიპტიდან მავრიტანიამდე, ისინი ჯერ კიდევ ტუნისის, ეგვიპტისა და ლიბიის რევოლუციების შთაბეჭდილებების ქვეშ იმყოფებიან, ამიტომ მათი პოზიცია ასევე გასაგებია და პროგნოზირებადიც იყო. მაგრამ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით რაოდენობაზე უფრო მნიშვნელოვანი ხარისხია. კერძოდ, ახლო აღმოსავლეთისათვის სტრატეგიულად მცირე სახელმწიფო ლიბანი (რომელშიც არ გამოვიდა ამერიკული სცენარი და ეს ქვეყანა მთლიანობაში დარჩა ანტიამერიკულად და ანტისიონისტურად) უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ალჟირი, მაროკო და სუდანი, ერთად აღებული. აღმოსავლეთით ლიბანს, როგორც ცნობილია, საკუთრივ სირია ესაზღვრება, რომელსაც ლიბანში დიდი გავლენა აქვს და რომელიც ირანთან ახლო კავშირში იმყოფება, სირიის აღმოსავლეთით კი ერაყი მდებარეობს, რომელიც, მიუხედავად იქ განლაგებული ამერიკული სამხედრო შენაერთებისა, მეგობრობს თავის აღოსავლელ მეზობელ ირანთან და საერთაშორისო ასპარეზზე არ დგამს ირანის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯებს (გასაგებია, რომ არაბული ლიგის სამიტზე ერაყის მიერ გამოხატული პოზიცია იმით არის განპირობებული, რომ ბაღდადს ერთი მხრივ არ სურდა ლიგის წევრთა უმრავლესობის წინააღმდეგ წასვლა, მაგრამ მეორეს მხრივ იგი ძალზე უფრთხილდება თეირანის პოზიციას, რომელიც სირიის საქმეებში ჩარევის წინააღმდეგია; ამიტომაც ერაყმა, ირანის პოზიციის გათვალისწინებით, გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა). თუკი ირანულ-ერაყული დაახხლოება ამგვარი ტემპებით გაგრძელდება, ერაყში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის მკვეთრი შემცირების ფონზე ირანი სახმელეთო გზით პირდაპირ უკავშირდება სირიას და შემდეგ ლიბანს, მათი საშუალებით იღებს გასასვლელს ხმელთაშუა ზღვაზე. ეს კონსტრუქცია ჯერ კიდევ საკმაოდ მყიფეა, მაგრამ გამოირჩევა სწრაფი გამყარების ტენდენციით.

 

არ უნდა დაგვავიწყდეს იემენიც, რომელშიც სიტუაცია ჯერ კიდევ არ არის გარკვეული, მაგრამ ჩანს, რომ ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ამ ქვეყანაში პროამერიკული რეჟიმი აღარ იარსებებს. ირანის მხარეს მომზირალი იემენელი შიიტები პოლიტიკურად ძლიერდებიან. თავიანთი ქვეყნის ბევრ სუნიტთან მათ აერთიანებს რეგიონში შეერთებული შტატების მთავარი დასაყრდენისადმი – ერ-რიადში მოკალათებული საუდიტების რეჟიმისადმი ანტიპათია. პერსპექტივაში იემენის სიტუაციამ, შეიძლება, საუდის დიქტატურაზე მადესტაბილიზებელი გავლენა მოახდინოს, რაც უკიდურესად არ აწყობს ვაშინგტონს.

 

საკუთრივ ირანი აგრძელებს მყარად დგომას ატომური პროგრამის საკითხში და არ იხრის ქედს დასავლეთისა და ისრაელის ზეწოლის წინაშე, რაც ამ უკანასკნელთა დაბნეულობას იწვევს. ცხადია, რომ არც დასავლეთი და მით უმეტეს, არც ისრაელი, დღეს არ იმყოფებიან იმ მდგომარეობაში, რომ ირანის იძულებითი დაყოლიება მოახდინონ. რუსეთი და ჩინეთი გამოფხიზლებას იწყებენ და ისინი აღარ აპირებენ თეირანის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის გამკაცრების მხარდაჭერას. ყოველივე ეს კი მიუთითებს, რომ ირანის ისედაც მაღალი გეოპოლიტიკური ფასეულობა შეუქცევადად და სწრაფად იზრდება.