ქვეყანათმცოდნეობა

ფინანსური კრიზისი ბელარუსში და რუსეთი - ოლიგოკრატიული ინტერესი სახელმწიფო ინტერესის წინააღმდეგ

საფინანსო კრიზისი, რომელმაც მიმდინარე წელს ბელარუსი მოიცვა და გამოიხატა უცხოური ვალუტების დეფიციტში, რამაც, როგორც ცნობილია, ეროვნული ვალუტის დევალვაცია და სხვა სერიოზული ეკონომიკური პრობლემები გამოიწვია,

მეტად მნიშვნელოვანი მომენტია როგორც საკუთრივ ბელარუსის მომავლისათვის, ისე მსოფლიო პოლიტიკაში რუსეთის მდგომარეობის ჩამოყალიბებისათვის - იქნება ეს ქვეყანა მსოფლიო მნიშვნელობის ძალა, რეგიონული ძალა თუ მეორეხარისხოვანი პოლიტიკური წარმონაქმნი რუკაზე.

თუკი ”სახელმწიფო ინტერესის” ცნებას (საგარეო-პოლიტიკურ კონტექსტში) განვსაზღვრავთ, როგორც სახელმწიფოს მოთხოვნილებათა ერთობლიობას, გამოხატულს სახელმწიფოს მხრიდან საკუთარი სამხედრო-სტრატეგიული უსაფრთხოების განმტკიცებისა და გარესამყაროზე გავლენის ზრდისკენ სწრაფვაში (პოლიტიკური ასპექტი), ასევე სწრაფვაში, უზრუნველყოს ნედლეულის მარაგებსა და გასაღების ბაზრებზე მაქსიმალურად თავისუფალი და ნაკლებად ხარჯიანი წვდომა (ეკონომიკური ასპექტი), ეს ორი ასპექტი კი ერთმანეთზე ბუნებრივად არის დამოკიდებული, შეიძლება, მინსკის მიმართ მოსკოვის მიერ განხორციელებული ქმედებების გარკვეული შეუსაბამობა შევამჩნიოთ ამ ცნებასთან. რუსეთის ინტერესებისთვის განსაკუთრებით წამგებიანად ეს ქმედებები გამოიყურება პოლიტიკური თვალსაზრისით (რისი შენიღბვა ხდება ეკონომიკური ინტერესების აქცენტირებით), თუმცა ბევრი კითხვა ჩნდება აგრეთვე რუსეთის ამჟამინდელი ბელარუსული კურსის ეკონომიკურ სარგებლიანობასთან დაკავშირებითაც.

 

ელემენტარულ ჯანსაღ აზრს ცალსახად მოკლებულია მოწოდებები, ბელარუსი დატოვებულ იქნას მისთვის საჭირო ფინანსური დახმარების გარეშე. რომ არაფერი ითქვას პოლიტიკურ ასპექტზე, სუფთა ეკონომიკური თვალსაზრისით ასეთი მოწოდება სისულელედ უნდა ჩაითვალოს - თითქმის აქსიომატური არგუმენტები ბელარუსისადმი მხარდაჭერის აღმოჩენისათვის გადმოცემულია ივან მაკუშოკის სტატიაში "Крах Беларуси обернется проблемами и для России".

 

სწორედ ამიტომ ოფიციალურმა მოსკოვმა უარი არ თქვა ბელარუსისადმი დახმარებაზე, მაგრამ ამასთან მინსკს მეტად ხისტი ეკონომიკური მოთხოვნები წაუყენა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცნობილი რეცეპტების სულისკვეთებით. ეს მან გააკეთა თანამედროვე კაპიტალისტური სისტემის აპოლოგეტის, რუსეთის ფედერაციის ფინანსთა მინისტრ კუდრინის პირით. ბელარუსის მთავრობისადმი მთავარი მოთხოვნაა მასშტაბური პრივატიზაციის ჩატარება. რუსეთის ხელისუფლებამ, ბუნებრივია, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ბელარუსი თვით ამ კრიზისულ პერიოდშიც აგრძელებს საოცრად მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლების დემონსტრირებას, ხოლო თავად კრიზისი გამოწვეულია რუსული მხარის მიერ ენერგოშემცველებზე ფასების მომატებით, რომლებზეც მთლიანად არის დამოკიდებული მისი დასავლელი მეზობელი (იხ. ი.მაკუშოკის ზემოთ აღნიშნული სტატია).

 

ეკონომიკური თვალსაზრისით რუსეთის ხელისუფლების მიდგომაში მაინც არის ლოგიკა, რომელიც, ერთი შეხედვით, რუსეთის სახელმწიფო ინტერესების მხოლოდ ეკონომიკურ ასპექტზეა დაფუძნებული, მაგრამ ამასთან გამოითქმის პოლიტიკური მოსაზრებებიც, პირველ რიგში, ბელარუსის პრეზიდენტის ლუკაშენკოს პოლიტიკურ საკითხებში უფრო დამყოლ, დამჯერე ფიგურად გადაქცევის აუცილებლობის შესახებ. ეს არგუმენტები კონცენტრირებული სახით წარმოდგენილია მ.შვეიცის სტატიაში "Лукашенко сдался". მთავარი ეკონომიკური არგუმენტი: ”რუსეთს გამოკვეთილად ხელს აძლევს ბელარუსული საწარმოების შესყიდვა. ჯერ ერთი, ისევე, როგორც სსრკ დროს, მოსკოვის ხელში თავმოყრილი იქნება მრავალი სახეობის პროდუქტის წარმოების მთელი ციკლი: იგივე ბელარუსული მანქანები რომ ავიღოთ, ისინი უკვე (მალე) რუსულ საწარმოებში იწარმოება, რუსეთიდანვე შემოსული მაკომპლექტებელი ნაწილებითა და აგრეთვე რუსული ენერგორესურსებით. პროდუქცია რუსულსავე ბაზარზე გაიყიდება”.

 

ამრიგად თითქოს თავიდან აცილებულია საფრთხე, რომელიც აღნიშნულია ი.მაკუშოკის სტატიაში, რომ ”თუკი ბელარუსული წარმოება გაჩერდება, ჩვენ რუსეთში მივიღებთ ათასობით დაკარგულ სამუშაო ადგილს, უზარმაზარ წაგებებსა და სოციალურ პრობლემებს” - წარმოება არ გაჩერდება, არამედ გადავა რუსი მწარმოებლების ხელში. მაგრამ ჩნდება კითხვა - ახლა როგორ მოიქცევა რუსეთი, განაგრძობს იგი თავისივე მწარმოებლებისადმი ფასმომატებული ენერგოშემცველების მიყიდვას, რა ფასშიც იგი დღესდღეობით ჰყიდის მათ ბელარუსულ საწარმოებს და რამაც ქვეყენაში მძაფრი კრიზისი გამოიწვია? თუ გაზპრომი ტარიფებს დაწევს რუსი - პირდაპირ ვთქვათ, ოლიგარქების მიერ ბელარუსის საწარმოების პრივატიზების შემდეგ? ამ შემთხვევაში ეს როგორ აისახება რუსეთის იმიჯზე, როგორც ენერგიის საიმედო მომწოდებელზე, რომელიც ეკონომიკას პოლიტიკური ზეწოლის იარაღად არ იყენებს?

 

მაგრამ მ.შვეიცი სიხარულს გამოხატავს არა მხოლოდ რუსეთისთვის შესაძლო ეკონომიკური დივიდენდების გამო ბელარუსის ხარჯზე, არამედ ხელებს იფშვნეტს ალექსანდრე ლუკაშენკოს რუსული პოლიტიკური ელიტის უმნიშვნელო მოსამსახურედ გადაქცევის მოლოდინში: ”ყველაფერთან ერთად, დაუყოლიებელი და ოდიოზური ბაწკა, რომელმაც, სხვათა შორის, ჯერ კიდევ არ სცნო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ხელ-ფეხშეკრული იქნება. მთელი ბელორუსული ეკონომიკა კრემლის კონტროლს დაექვემდებარება და ლუკაშენკოსგან საჭირო პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამოძალვა ისევე იოლი იქნება, როგორც რუსული ავტონომიების გუბერნატორებისაგან”.

 

”ოდიოზური ბაწკის” მიერ საკუთარ ქვეყანაში გავლენის შესაძლო დაკარგვით სიხარულის გამოხატვამდე ალბათ მაინც მოცდა სჯობს, თავად ეს ”ბაწკა” თუ იქნება ამაზე თანახმა. ბელარუსში ნაკლებად მოსალოდნელია უფრო მეტად პრორუსი მმართველის მოსვლა, ვიდრე თავად ლუკაშენკოა. ამის დავიწყება არ შეიძლება. ლუკაშენკოს გარეშე დასავლეთის გავლენა ბელარუსში აუცილებლად გაიზრდება და დასავლეთს სავსებით ძალუძს, იგი აყვავებული წარმოების მქონე ქვეყნიდან მუქთახორა ქვეყნად გადააქციოს, როგორადაც გადააქციეს, მაგალითად, საქართველო და ყოფილი სსრკ-ის კიდევ რამდენიმე რესპუბლიკა, რომლებიც მთლიანად არიან დამოკიდებულნი დასავლეთიდან გადმოგდებულ შემოწირულობებზე. ახალ პროდასავლურ ელიტებს ასევე შეუძლიათ უარი თქვან ”საბჭოთა წარსულზე” - მძიმე ინდუსტრიასა და სოფლის მეურნეობაზე, და საქართველოსავით ”სინგაპურიზაციის” გზაზე დადგომა. ეს რთული არ არის - ევროპული პარამეტრებით ბელარუსი შედარებით მცირე ქვეყანაა, შეიძლება მისი აყვანა ნაწილობრივ კმაყოფაზე და მისი საზოგადოებრიობის ხიბლში ჩაგდება, როგორც ეს, მაგალითად, სერბეთში მოხდა. სამაგიეროდ რუსეთი დაკარგავს თავის საიმედო ბასტიონს დასავლეთში, ევროკავშირისა და ნატო-ს საზღვრებთან, კალინინგრადის ოლქის სიახლოვეს. დასავლეთის ხარჯები საამისოდ გამართლებულია...

 

ბელარუსის ლიდერი თუმცა დამყოლი არ არის, მისი ბევრი ქმედება კი შესაძლოა, მართლაც მიუღებელია, მაგრამ იგი ურყევი მომხრეა რუსეთთან უმჭიდროესი სამხედრო-სტრატეგიული პარტნიორობისა, ორ მოძმე ხალხს შორის ერთობის სულისკვეთების შენარჩუნებისა. ეს მან არაერთხელ დაამტკიცა საქმით. ბელარუსისთვის სუვერენიტეტის არსებითი ელემენტების დატოვება, ამასთან მისთვის პროტექციის აღმოჩენა მრავალ, მათ შორის, ეკონომიკურ საკითხთან დაკავშირებით, რუსეთს საშუალებას აძლევს, მიიღოს სტრატეგიული სარგებელი, დაამტკიცებს რა, რომ მასთან სამოკავშირეო ხელშეკრულების ქონა მომგებიანია, რომ რუსეთთან კავშირი არ ნიშნავს სუვერენიტეტის დაკარგვას და ხალხის მიერ არჩეული ლიდერის ცენტრის მიერ დანიშნულ უმნიშვნელო გუბერნატორად გადაქცევას. ამგვარი მიდგომა რუსეთს უფრო მიმზიდველს გახდის ყოფილი სსრკ-ის სხვა ქვეყნებისთვისაც და დააჩქარებს საინტეგრაციო პროცესებს. ბელარუსის სახით პოზიტიური პოლიტიკური ექსპერიმენტების ლაბორატორია გაცილებით უფრო ხელსაყრელია, ვიდრე რუსი ოლიგარქების მიერ ბელარუსული ქარხნების შესყიდვა დაბალ ფასად.

 

ამ ფაქტორების არგათვალისწინება და ლუკაშენკოს კუთხეში მიყენების ჯიუტი გაგრძელება ნიშნავს, რომ რუსეთში ამ კონკრეტულ შემთხვევაში ოლიგოკრატიული ინტერესი უფრო პრიორიტეტულია სახელმწიფო ინტერესთან შედარებით. უპირველეს ყოვლისა, სწორედ ოლიგოკრატიას შეუძლია დროებითი სარგებელი ნახოს მიმდინარე პროცესებიდან, და არა რუსეთს, როგორც სახელმწიფოს.

 

დამატებით, მკითხველთა ყურადღებას ვთავაზობთ რუსული მასმედიიდან კიდევ ერთ შეფასებას - "Берегите Белоруссию!".