ქვეყანათმცოდნეობა

რუსეთი და ამერიკული სცენარი ახლო აღმოსავლეთში

ტუნის-ეგვიპტის რევოლუციებით გამოწვეული დაბნეულობა დასავლეთმა გადალახა და წარმატებით მოექცა არაბული უკმაყოფილების სათავეში, გახდა რა ამ უკმაყოფილების მთავარი ინსპირატორიც.

ამის თვალნათელი მაგალითი ლიბიაა, სადაც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით არა მარტო ნატოს სამხედრო-საჰაერო ძალები არის ჩართული, არამედ ყოველგვარი რეზოლუციის გარეშე სპეცსამსახურებიც, რომლებიც აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლის აღებაში. ოპერაციაში დაფიქსირდა ყატარისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მებრძოლები, ბრიტანეთის სადაზვერო სამსახურის მ-6 წარმომადგენლები, საფრანგეთის სპეცსამსახურის მუშაკები. ლიბიის ხელისუფლების დამხობაში განუზომელია მათი წვლილი.

კადაფის და მისი არმიის უძლეველობაზე დღეს ბევრი დამცინავად აღნიშნავს, რომ ისე არ წვიმდა, როგორც ქუხდაო - ანუ კადაფის არმიის უძლეველობის მითი არ გამოდგა მართალი, ისევე, როგორც თავის დროზე ერაყის სადამ ჰუსეინის. ცხადია, წარმატება შედეგით იზომება, თუმცა რა საფასურით - საკითხავია. როდესაც ნატოს ძალები ებრძვიან მასთან შედარებით დაბლა მდგომ, არამოწინავე არაბულ ქვეყანას, თანაც იყენებენ თვით უშიშროების საბჭოს რეზოლუციით დაუშვებელ ხერხს, გამარჯვება არ გაჭირდება.

მიუხედავად ამისა, ნატოს გაუჭირდა კადაფის წაქცევა. მრავალთვიანი ინტენსიური ომი ამის დასტურია. რომ არა დაუშვებელი, აკრძალული ილეთების გამოყენება, ომი კიდევ უფრო გაჭიანურდებოდა. კადაფი შეძლებდა მეამბოხე ოპოზიციის კისრის მოგრეხას.

მაინც რის შესრულება უგულებელყო დასავლეთმა და ნატომ? გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მთელი რიგი პუნქტების - უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფო (კადაფის) შეიარაღებული ძალების მხრიდან მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვასთან დაკავშირებით.

ნატოს სამხედრო-საჰაერო ძალებს ყველაფერი უნდა ეღონათ კადაფის სამხედრო თვითმფრინავების მიერ მეამბოხეებზე და სამოქალაქო ობიექტებზე საჰაერო თავდასხმის შესაჩერებლად.

რა გააკეთა ნატომ? უპირველეს ყოვლისა, თავს დაესხა სახელმწიფო სამხედრო ობიექტებს. გაანადგურა კადაფის სამხედრო-საჰაერო ძალები. მასირებული, პერმანენტული საჰაერო იერიშებით დაბომბა და გაანადგურა, არა მარტო ზემოთ აღნიშნული ობიექტები, არამედ სამოქალაქო შენობა-ნაგებობებიც, ათეულათასობით მსხვერპლით. ქალაქ ტრიპოლიზე მეამბოხეთა იერიშის მიტანამდე ნატომ ოთხჯერ დაბომბა დედაქალაქი, რამაც 1500-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე შეიწირა.

დასავლეთმა დაარღვია რეზოლუციის ის პუნქტი, რომელიც კრძალავდა ლიბიაში იარაღის შეტანას. მან არა მარტო თანამედროვე იარაღით აღჭურვა მეამბოხეები, არამედ სამხედრო ექსპერტებიც დაახმარა იარაღის გამოყენების შესასწავლად და საბრძოლო ნოუ-ჰაუს დასაუფლებლად. ერთი სიტყვით, დასავლეთმა დაშვებულ-აკრძალული ყველა ხერხი გამოიყენა მიზნის მისაღწევად.

ცხინვალის ომთან დაკავშირებით დასავლელი ექსპერტები ხშირად იყენებენ ტერმინს - “სამხედრო ძალის გადაჭარბებული გამოყენება” - ცხადია რუსეთის მიმართ. ობიექტურად იბადება კითხვა: ნატოს საჰაერო ძალების სრული ამოქმედება ლიბიის გაცილებით სუსტი სამხედრო-საჰაერო პოტენციალის წინააღმდეგ არ ნიშნავს გადამეტებული ძალების გამოყენებას?

ლიბიის მოვლენებში თავისი სიტყვა თქვა რუსეთმა, ერთის შეხედვით, თითქოს ორჭოფული, ნეიტრალური, მაგრამ გადამწყვეტი. გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ რეზოლუციის მიღების დროს რუსეთმა თავი შეიკავა ანუ რეზოლუციას არც მხარი დაუჭირა და არც წინააღმდეგ მისცა ხმა. თავშეკავება თავისთავად ნიშნავდა ლიბიის ხელისუფლების წინააღმდეგ გალაშქრებას.

უშიშროების საბჭოს მუდმივ ხუთ წევრს აქვს ვეტოს დადების უფლება, რაც გადაწყვეტილების არმიღებას ნიშნავს. რუსეთმა თავი შეიკავა, რითაც მწვანე შუქი აუნთო აშშ-სა და დასავლეთს იმაში, რასაც ადგილი ჰქონდა ლიბიის წინააღმდეგ.

იცოდა თუ არა რუსეთმა, რომ დასავლეთის ქმედება გასცდებოდა უშიშროების საბჭოს რეზოლუციის ჩარჩოებს და რომ იტყვიან, “დაუკრეფავში” გადავიდოდა? ცხადია იცოდა, მაგრამ... შემდგომ ოფიციალურ განცხადებებში რუსეთმა არაერთხელ აღნიშნა რეზოლუციის დამრღვევთა ცუდი ქცევის შესახებ, რაც სხვა არაფერი იყო, თუ არა ჩხუბის შემდეგ მუშტების ქნევა. ჩვენებურად რომ ვთქვათ, რუსეთმა კადაფის ლიბია “ჩაუშვა”.

რომ იტყვიან დათვი ჯერ არ მოუკლავთ და ტყავს ინაწილებენო - ასეა ლიბიის საქმე. ომის დამთავრებამდე კარგა ხნით ადრე დასავლეთმა დაიწყო ლიბიის დროებით ხელისუფლებასთან ბიზნესური გარიგება ნავთობსა და გაზთან დაკავშირებით. ვინ არ აქტიურობს აქ - იტალიური „ენი“ და ფრანგული „ტოტალი“, სხვა დასავლური კომპანიები - რუსული არსად ჩანს. ლიბიის დროებითი ხელისუფლების განცხადებით, არც ერთის ინტერესი არ შეიბღალება, არ დაიკარგება ჩადებული ინვესტიციები, მაგრამ გარანტია იმისა, რომ ეს ასე იქნება, ძნელი სათქმელია, რამეთუ სავარაუდო საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 8 თვის შემდეგ იგეგმება, შესაბამის კორექტივებს შეიტანს ბიზნესის საქმეში. თუმცა აქედანვე ცნობილია, რომ მომავალი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული იქნება საფრანგეთ-იტალიასთან, აშშ-ნ, ნატოს სხვა წევრ ქვეყნებთან ურთიერთობა, ვიდრე თუნდაც ვეტოს არდამდებ რუსეთთან.

მედვედევის რუსეთის გადაწყვეტილებით, კადაფის რეჟიმიც განადგურდა, მასთან ერთად ამ ქვეყნის სტაბილურობაც და რუსეთის ბიზნეს-ინტერესებიც. და ეს ყველაფერი აშშ-რუსეთის „გადატვირთვის“ გამო. თეთრმა სახლმა შეძლო მედვედევის დაყოლიება ანუ რუსეთმა ამერიკასთან ურთიერთობის გაუარესებას ამჯობინა კადაფის “ჩაშვება”. რას მოიმოქმედებს რუსეთი სირიასთან დაკავშირებით - არავინ იცის.

აფრიკის ჩრდილოეთში დაწყებული არაბული რევოლუცია ახლო აღმოსავლეთისკენ ინაცვლებს სირიის სახით. ლიბიის წაქცევის შემდეგ დასავლეთი მთელი ძალების კონცენტრაციას სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ მოახდენს. სწორედ დასავლეთის და მისი ახლო აღმოსავლელი პარტნიორების - საუდის არაბეთის, ყატარის, იორდანიის ხელით რა ხანია მიმდინარეობს საინფორმაციო შეტევა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადისა და მმართველი პარტია „ბაასის“ წინააღმდეგ. საინფორმაციო ომში ჩართულია ისეთი ტელეკომპანიებიც, როგორებიცაა „ალ-ჯაზირა“ და “ალ-არაბია“ (საუდის არაბეთი), რომ არაფერი ვთქვათ „ბი-ბი-სი“-ზე, „სი-ენ-ენ“-ზე, სხვა ცნობილ დასავლურ ტელეკომპანიებზე.

მსოფლიო საზოგადოებრივი აზრი უკვე მომწიფებულია ბაშარ ასადის დესპოტიზმთან დაკავშირებით. აშშ-ი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, სხვები მოითხოვენ სირიის წინააღმდეგ უშიშროების საბჭოს მიერ მკაცრი სანქციების შემოღებას. რუსეთი წინააღმდეგია, მასთან ერთად ჩინეთიც, მაგრამ დიდხან გაჰყვება რუსეთს ასეთი პოზიცია? ძნელი სათქმელია.

სულ ახლახანს პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა, რომ თუ ასადი სასწრაფოდ არ გამოასწორებს ვითარებას ქვეყანაში, არ დაიწყებს ოპოზიციასთან მოლაპარაკებას, არ შეუდგება დემოკრატიის მშენებლობას, რუსეთი იძულებული იქნება, გადახედოს საკუთარ პოზიციას. რას ნიშნავს ეს? ალბათ იმას, რასაც ადგილი ჰქოდა ლიბიასთან მიმართებაში ანუ სრული მოსალოდნელია, რომ რუსეთმა სირიაც ჩაუშვას. მაგრამ რუსეთისთვის სირია გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ლიბია. ურთიერთობაც ამ ორ ქვეყანასთან განსხვავებულია. ლიბიასთან - ისე რა, კადაფის დასავლეთთან ჩახუტების გათვალისწინებით ხან აღმავალი, ხან - დაღმავალი,.

სირია სხვაა. ამ ქვეყანას მჭიდრო სამხედრო-ეკონომიკური ურთიერთობები ჰქონდა საბჭოთა კავშირთან. სირიის ლიდერი ჰაფეზ ასადი, ბაშარ ასადის აწ განსვენებული მამა, საბჭოეთის მტკიცე მოკავშირედ თვლიდა თავს. საბჭოთა კავშირისთვის სირია იყო მყარი დასაყრდენი ახლო აღმოსავლეთში და ამ პოზიციების გასამყარებლად ის იარაღით, სამხედრო სპეციალისტებით ამარაგებდა სირიას. სირიის ლიდერი ჰაფეზ ასადი საბჭოთა კავშირის ხშირი სტუმარი იყო. ერთ-ერთი ვიზიტის დროს ის საქართველოშიც იმყოფებოდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მკვეთრად შეიცვალა მისი მემკვიდრის - რუსეთის პოლიტიკა თავის მოკავშირეებთან. რუსეთმა უარი თქვა აზია-აფრიკის, ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან სამხედრო-ეკონომიკურ კავშირებზე, მათთვის დახმარების გაწევაზე, რაც არა მარტო ეკონომიკური უქონლობით იყო გამოწვეული, არამედ პოლიტიკური მოსაზრებითაც. ელცინის რუსეთის პოლიტიკა ძირფესვიანად განსხვავდებოდა დიდი წინამორბედის პოლიტიკისაგან. ის გამოირჩეოდა ამერიკისადმი მთელი რიგი დათმობებით.

რუსეთის მიერ მიტოვებულმა მოკავშირეებმა რის ვაი-ვაგლახით გააგრძელეს არსებობა ოღონდ სხვაგვარი - ბევრმა მათგანმა ისეთივე გზა აირჩია, როგორც რუსეთმა, კარდინალურად შეცვალა ტრადიციული იდეოლოგია, ახალი, დასავლური იდეოლოგიით. მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ადრე არჩეულ გზას არ უღალატეს. მათ შორის არის სირიაც.

ერთის შეხედვით არც რუსეთს შეუცვლია თავისი დამოკიდებულება სირიის მიმართ, თუმცა გახშირდა შეპირებული სამხედრო შეკვეთების გაჭიანურება - უპირველეს ყოვლისა აშშ-სა და დასავლეთის პრეტენზიების გამო.

სირია ახლო აღმოსავლეთში ანტიამერიკული პოლიტიკის ფორპოსტია და ამ პოზიციის სიმტკიცეში დიდი წვლილი შეაქვს ირანს - სირიის ხელისუფლების მოკავშირეს და მეგობარ ქვეყანას. სირია-ირანს ყველაფერთან ერთად აერთიანებს ანტიისრაელური პოლიტიკა. ირან-სირიის კავშირები ჰესბოლასთან და ჰამასთან, რუსეთის ურთიერთობა ყველა მათგანთან სერიოზულ თავსატეხს უქმნის აშშ-ს და ისრაელს. მართალია, აშშ-ი, ნატო არ აპირებენ სირიის წინააღმდეგ საჰაერო იერიშის მიტანას, როგორც ამას ლიბიაში ჰქონდა ადგილი, მაგრამ ყველა ღონეს მიმართავენ სირიის შიგნიდან გასატეხად. თუ აშშ-ი მოახერხებს რუსეთის დაყოლებას ისე, როგორც ამას ადგილი ჰქონდა ლიბიასთან მიმართებაში, დასავლური მიზანი არ დააყოვნებს. შეძლებს რუსეთის პრეზიდენტი ვაშინგტონის მომნუსხავი მზერის ატანას? - უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.

ასადისა და ბაასის პარტიის დაცემით აშკარად შეირყევა რუსეთის პოზიციები არა მარტო სირიაში, არამედ ახლო აღმოსავლეთში, გარდა ამისა, პირველ პლანზე წამოიწევს არაბული რევოლუციებით ბინდგადაკრული ირანი - აშშ-ს ნომერი პირველი მტერი. სირიიდან გამოთავისუფლებული საყოველთაო დასავლური რეაქცია ქარიშხლის მომასწავებელი შავი ღრუბლებივით მოიყრის თავს ირანის ცაზე და სრული შესაძლებელია მან ისეთი წარღვნა გამოიწვიოს, აქამდე რომ არავის უნახავს.

ირანი გაცილებით ძლიერია არა მარტო სამხედრო თვალსაზრისით ერთად აღებულ სირია-ლიბიაზე, არამედ სხვა ქვეყნებზეც. მასთან კატა-თაგვობანას თამაში ძვირი დაჯდება. ყოველივე ამას მართლაც შეიძლება ჰქონდეს ადგილი, თუკი რუსეთი ლიბიასავით “ჩაუშვებს” სირიას.

სამწუხაროდ, ახალი რუსეთი დაეჩვია “ჩაშვებას”. ბოლო ოცი წლის განმავლობაში ასეთს არაერთხელ ჰქონდა ადგილი. გავიხსენოთ იუგოსლავია და მილოშევიჩი, ირანის მიმართ უშიშროების საბჭოს სანქციები, მოლდოვის კომუნისტთა მიმართ გადადგმული ნაბიჯები, ბელორუსიის პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან არსებული რთული დამოკიდებულება, ენერგომატარებლების მიწოდების შეზღუდვა და სხვა.

რაც უფრო „იფურჩქნება“ აშშ-რუსეთის „გადატვირთვა“, მით უფრო უარესდება რუსეთის ურთიერთობა ტრადიციულ, გამოცდილ პარტნიორებთან. ერთხელ ირანის პრეზიდენტმა რუსეთის გასაგონად თქვა, რომ ახალი მეგობრების გამო ძველის დავიწყებას ადგილი არ უნდა ჰქონდეს, მით უმეტეს თუ ახალი უპირველესად არა მეგობრობით, არამედ ინტერესებით ხელმძღვანელობს.

გაითვალისწინებს ამ შეგონებას რუსული პოლიტიკა?

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი