ქვეყანათმცოდნეობა

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები დიდ ინტერესს აღარ იწვევს

4 იანვარს აიოვას შტატში ჩატარდა აშშ-ს რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის შესარჩევი პირველი არჩევნები - ე,წ. პრაიმერი.

რამდენიმე თვეში გადაწყდება ამ პარტიის შიდა არჩევნებში გამარჯვებულის ვინაობა, რომელიც დაასახელებს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს და წარდგება უშუალოდ საპრეზიდენტო არჩევნებში.

დაახლოებით ერთი წლის წინ ჩვენ უკვე ვწერდით აშშ-ს რესპუბლიკური პარტიის რეიტინგული კანდიდატების შესახებ და მათგან გამოვყავით ორი - მასაჩუსეტსის ყოფილი გუბერნატორი რომნი და ტეხასის ამჟამინდელი გუბერნატორი პერრი. თუმცა მოხდა ისე, რომ პერრის გამოსვლები ტელევიზიით და დებატებში მონაწილეობა მისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა და ამ კანდიდატმა დაკარგა რეიტინგი. მისი ადგილი დაიკავა ყოფილმა სენატორმა სანტორუმმა, რომელიც ახლა მთავარ კონკურენციას უწევს რომნის.

სანტორუმი ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური კანდიდატია რესპუბლიკელებს შორის. ის ცნობილია რადიკალური ანტიმუსლიმური, ანტირუსული და პროსიონისტური გამონათქვამებით და წარმოადგენს რესპუბლიკური პარტიის იმ ფრთას, რომელიც ე.წ. ქრისტიან-სიონისტების მოძრაობას ეყრდნობა. გარდა ამისა, სანტორუმს მჭიდრო კავშირები აქვს ამერიკის სომხურ ლობისთან - იგი ყოველთვის მხარს უჭერდა სომხების გენოციდის აღიარებას აშშ-ს სენატის მიერ.

კიდევ ერთი კანდიდატი, რომელმაც ბოლო თვეებში აქტიური კამპანია გააჩაღა, არის წარმომადგენელთა პალატის წევრი ტეხასის შტატიდან რონ პოლი. ამ პიროვნების პოზიციები თითქმის დიამეტრულად განსხვავდება სანტორუმის და მისთანების პოზიციებისგან: რონ პოლი მოითხოვს აშშ-მ შეწყვიტოს ისრაელის უპირობო მხარდაჭერა, შეწყვიტოს აგრესიული ომები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში და ა.შ.

აიოვას შტატის პირველად არჩევნებში სწორედ ეს სამი კანდიდატი მოექცა სიის სათავეში - რომნიმ და სანტორუმმა ხმების დაახლოებით 25% მიიღეს, ხოლო პოლმა 22%. რონ პოლისთვის ეს საკმაოდ კარგ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა უკეთესი იქნებოდა, რომ ის უფრო მაღალ ადგილას აღმოჩენილიყო. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ნაკლები შანსია, რომ აშშ-ს პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა დაუშვას რონ პოლის მსგავსი ფიგურის გასვლა არჩევნების ფინალურ ეტაპზე.

სავარაუდოდ, მთავარი ბრძოლა წარიმართება რომნის და სანტორუმს შორის, თუმცა კიდევ რჩება შანსი, რომ პერრიმაც უკანასკნელი ძალები მოიკრიბოს და ლიდერებს შორის მოექცეს. ოღონდ, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს რესპუბლიკელთა კონკურსში, მას ნაკლები შანსები ექნება მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ, რადგან ყველა მათგანი წარმოადგენს „არგამსვლელ“ კანდიდატურას.

ზოგი უფერულია და უქარიზმო (რომნი, პერრი), ზოგი - ოდიოზური და ზედმეტად რადიკალური (სანტორუმი), ზოგი - ამერიკისთვის უჩვეულო და ჯერ კიდევ ახალი ხილი (პოლი). ამის გამო, მთლიანად რესპუბლიკური პრაიმერი დიდ ინტერესს არ იწვევს მსოფლიოში, განსხვავებით 4 წლის წინანდელი მოვლენებისგან, როცა დემოკრატების და რესპუბლიკელების შიდა არჩევნები ლამის მსოფლიო პოლიტიკის მთავარ ახალ ამბავს წარმოადგენდნენ. აშშ-ს პოზიციების შესუსტება მსოფლიო არენაზე ამგვარადაც, ირიბად დაიმზირება.