ქვეყანათმცოდნეობა

ირანის ისლამური რესპუბლიკა განაგრძობს განმტკიცებას

სწორედ ასე შეიძლება შევაფასოთ ამა წლის 2 მარტს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგი ირანში. ისლამური რესპუბლიკის ლიდერები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ამ მოვლენას.

ირანის თითქმის ყველა ხელმძღვანელმა, დაწყებული უმაღლესი ლიდერიდან (რაჰბარი) აიათოლა ხამენეიდან, მოუწოდა მოსახლეობას, რომ აქტიური მონაწილეობა მიეღოთ საპარლამენტო არჩევნებში. რატომ იყო ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ არჩევნებში ხალხის აქტიური მონაწილეობა გახდებოდა კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ ირანელი ხალხი კვლავ ერთგულია ისლამური რევოლუციის და მის მიერ შექმნილი პოლიტიკური სისტემის.

ეს განსაკუთრებით საჭირო იყო იმ დროს, როცა ოპოზიციის ერთმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა არჩევნებს და ამით ცდილობდა მიეცა დასავლეთის ქვეყნებისთვის იმის მტკიცების საფუძველი, რომ ირანელებს აღარ სურთ ისლამური მმართველობა. თუკი ოპოზიციის ამ ნაწილის მოწოდების გამო, არჩევნებში მოსახლეობის მონაწილეობა დაბალი აღმოჩნდებოდა, ამას მოჰყვებოდა მძლავრი პროპაგანდისტული კამპანია დასავლურ მას-მედიაში და, შესაძლოა, ზოგიერთს შექმნოდა ილუზია, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ზომების მიღების დროც დადგა, რადგან ხალხში პესიმიზმმა და პასიურობამ დაისადგურა.

თუმცა ასე არ მოხდა. საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლების რეკორდულმა რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა. ადრიანი დილიდან, როცა საარჩევნო უბნები ჯერ არ იყო გაღებული, მათ წინ ხალხის რიგები დადგა. მთელი დღის განმავლობაში რიგები არ შემცირებულა და ხელისუფლება იძულებული გახდა, რომ რამდენჯერმე გაეხანგრძლივებინა ხმის მიცემის დრო, რათა ყველა მსურველს შეძლებოდა არჩევნებში მონაწილეობა. საბოლოოდ, ხმის მიცემა 5 საათით გაგრძელდა და ირანის დროით, 11 საათზე დასრულა.

წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 31 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა, რაც რეკორდული მონაცემია ირანის საპარლამენტო არჩევნებისთვის. თუმცა, ეს რაოდენობა ჩამოუვარდება 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობას, მაგრამ ეს არც არის გასაკვირი. რადგან საპრეზიდენტო არჩევნებში ყოველთვის უფრო მეტი ადამიანი ღებულობს მონაწილეობას, ვიდრე საპარლამენტოში. ირანი ამ მხრივ გამონაკლისი არ არის. შედარებისთვის, წინა, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში 25 მილიონზე ნაკლებმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ისევე როგორც 2004 წელს.

რაც შეეხება პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ არჩევნებში, მათგან გამოვყოფდით რამდენიმე ძირითად ძალას. პირველ რიგში, ეს არის ე.წ. პრინციპლისტების გაერთიანებული ფრონტი (Jebhe mottahed). პრინციპლისტებს ირანში ეძახიან ისლამური რევოლუციის კონსერვატიულ მომხრეებს, რომლებიც მხარს უჭერენ უმაღლეს ლიდერს - აიათოლა ალი ხამენეის. ამ ბლოკის მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა პარლამენტში ადგილების ნახევარზე მეტი მოიპოვეს პირველ ტურში. მეორე ადგილზე მოპოვებული მანდატების რაოდენობით გავიდნენ დამოუკიდებელი კანდიდატები, ხოლო მე-3-მე-4 ადგილები გაიყვეს ე.წ. რეფორმისტებმა და პრეზიდენტ აჰმადინეჟადის მომხრეებმა.

დასავლური მას-მედია ბოლო ერთი წლის განმავლობაში ცდილობდა გაებუქებინა ხამენეისა და აჰმადინეჟადს შორის უთანხმოება და საქმე ისე წარმოეჩინა, თითქოს ირანის პოლიტიკურ ელიტაში სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება დაიწყო. სინამდვილეში, როგორც გასულმა დრომ დაადასტურა, არანაირ პრინციპულ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია და არსებობდა მხოლოდ გარკვეულ საკითხებზე განსხვავებული აზრები, ცალკეულ თანამდებობის პირებს შორის, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა ნებისმიერ სახელმწიფოში. ეს რომ არ ყოფილიყო, მაშინ ირანის მოწინააღმდეგეები იტყოდნენ, რომ ქვეყანაში დიქტატურაა და ვერავინ ბედავს საკუთარი აზრის ქონას. ამჟამინდელმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ლიდერის (რაჰბარის) ავტორიტეტი ირანში შეუვალია და ისლამური რევოლუციის მიერ შექმნილი სისტემა კვლავ სარგებლობს მოსახლეობის დიდი ნაწილის ნდობით.