ქვეყანათმცოდნეობა

მუხტარ აბლიაზოვის საქმე რუსეთში სასამართლოს გადაეცა

მუხტარ აბლიაზოვის საქმე რუსეთში სასამართლოს გადაეცა

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ დაადასტურა საბრალდებო დასკვნა სს „ბტა-ბანკის“ დირექტორთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, მუხტარ აბლიაზოვის მიმართ, ასევე იმავე ბანკის მმართველობის თავმჯდომარის,

რომან სოლოდჩენკოს და მათდამი დაქვემდებარებული სხვა პირების მიმართ. მათ ბრალად ედებათ რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მე-4 ნაწილის 159-ე მუხლით (ქონების დატაცება განსაკუთრებით დიდი ოდენობით, თაღლითობის გზით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ), მე-3 ნაწილის 174.1 მუხლით (დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონების ლეგალიზება) და მე-3 ნაწილის 165-ე მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტებით (განსაკუთრებით დიდი ზარალის მიყენება მოტყუების გზით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულებები.

გამოძიება ვარაუდობს, რომ 2006-2009 წლებში ბრალდებულებმა „ბტა-ბანკიდან“ გაიტაცეს 58 მლრდ რუბლზე მეტი. ამისათვის, როგორც გენპროკურატურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, ისინი გასცემდნენ კრედიტებს მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც შესყიდული იყო ნასესხები თანხებით. შემდგომ ეტაპზე აბლიაზოვმა, თანამზრახველებთან ერთად, ორგანიზება გაუკეთა საიპოთეკო ხელშეკრულებების მოქმედების უკანონო შეწყვეტას. შედეგად, ბანკმა დაკარგა შესაძლებლობა, მოეთხოვა გირაოთი ანაზღაურება, ხოლო ბოროტმოქმედებმა ქონება განკარგეს საკუთარი შეხედულებისამებრ, მათ შორის, მიჰყიდეს მესამე პირებს.

 ყაზახეთში აბლიაზოვს დაუსწრებლად მისჯილი აქვს 20 წელიწადი პატიმრობა, „ბტა-ბანკიდან“ 7 მილიარდი დოლარის დატაცების გამო, ასევე, გასულ წელს მან მიიღო სამუდამო პატიმრობა, თავისი ბიზნეს-პარტნიორის, ერჟან ტატიშევის მკვლელობის ორგანიზების გამო.