ქვეყანათმცოდნეობა

აიათოლა ხომეინის ხსოვნის დღე აღინიშნა მსოფლიოში

ამ დღეებში ირანში აღინიშნებოდა აიათოლა რუჰოლა ხომეინის გარდაცვალების 22 წლისთავი. აიათოლა ხომეინი დაიბადა 1900 წელს და გარდაიცვალა 1989 წლის 4 ივნისს თეირანში.

ასეულობით ათასმა ადამიანმა მონაწილეობა მიიღო ამ დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში. იყო არა მხოლოდ მიტინგები, არამედ სპორტული შეჯიბრებები, კულტურული და სამეცნიერო ღონისძიებები. სიტყვით გამოვიდნენ ირანის უმაღლესი თანამდებობის პირები, მათ შორის ლიდერი (რაჰბარი) აიათოლა ალი ხამენეი, პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი, პარლამენტის თავმჯდომარე ალი ლარიჯანი და სხვები. გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს, რომლებიც ასახავენ 3-4 ივნისს ირანში გამართულ სახალხო შეკრებებს.

არა მხოლოდ ირანში, არამედ სხვა ქვეყნებშიც აღნიშნეს აიათოლა ხომეინის გარდაცვალების 22 წლისთავი. ერთ-ერთი ასეთი შეკრება ჩატარდა ბეირუთში (ლიბანი), რომელსაც უძღვებოდა მოძრაობა „ჰეზბოლას“ გენერალური მდივანი, ჰასან ნასრულა. ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაშიც კი გაიმართა ხომეინის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები.

როგორც ცნობილია, აიათოლა ხომეინი იყო არა მხოლოდ სასულიერო მოღვაწე და პოლიტიკოსი, არამედ ირანის ისლამური რევოლუციის ლიდერი. ისლამური რევოლუციის შედეგად შეიქმნა მმართველობის ახალი სისტემა, რომელსაც ირანულ ენაზე „ველაიათ-ე-ფაქიჰ“ ჰქვია (ითარგმნება როგორც „ფაქიჰის“ ანუ ისლამის კანონებში განსწავლული პირის მმართველობა). თუ რას წარმოდგენს და როგორ არის აგებული ირანის პოლიტიკური და საარჩევნო სისტემა, მკითხველს შეუძლია მოკლედ გაეცნოს რუსეთის ფედერაციაში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის, რეზა საჯადის ბლოგში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით.

ბმული 1

ბმული 2