ქვეყანათმცოდნეობა

ისტორიის გახსენება

უკანასკნელ თვეებში განსაკუთრებით დაიძაბა ვითარება ირანის ისლამური რესპუბლიკის გარშემო. აშშ-ს და ისრაელის ოფიციალური წარმომადგენლები ხმამაღლა მსჯელობენ ამ ქვეყნის წინააღმდეგ

საჰაერო თუ სხვა სახის თავდასხმის განხორციელების შესახებ. ბოლო დროს საქართველოშიც, განსაკუთრებით ინტერნეტ-სივრცეში, ერთგვარად გაიზარდა ინტერესი ირანის მიმართ, რაც, ალბათ, გამოძახილია მსოფლიოში შექმნილი სიტუაციისა.

რამდენიმე დღის წინ ჩვენი საიტის ერთ-ერთმა მკითხველმა კომენტარი გაუკეთა ერთ-ერთ სტატიას. (ბმული). ეს არ იყო პრიმიტიული ლანძღვა-გინება და ისლამური რესპუბლიკის „მხილება“ შუასაკუნეებრივ ჩამორჩენილობაში და ა.შ., რაც ახასიათებთ პროდასავლური პროპაგანდით გონებაამღვრეულ ცალკეულ მოქალაქეებს. ამიტომ შევეცდებით პასუხი გავცეთ მკითხველის მიერ მოტანილ ზოგიერთ ინფორმაციას.

პირველი, ეს არის მტკიცება, თითქოს ირანის ბოლო შაჰის, რეზა ფეჰლევის მმართველობის 38 წლის განმავლობაში, „მხოლოდ“ 5 000 კაცი იმსხვერპლა სამთავრობო რეპრესიებმა, რაც თითქოსდა აიათოლა ხომეინის მიერ შექმნილმა კომისიამ დაადგინა და რომლის დასკვნა „გასაიდუმლოებულია“. შეიძლება იყო კიდეც შემდგარი რაიმე კომისია, მაგრამ საყოველთაოდ ცნობილია, რომ მხოლოდ ე.წ. 15 ხორდადის მოვლენების დროს (1963 წლის 5-6 ივნისი) დაიღუპა და მძიმედ დაიჭრა 15 ათასამდე ადამიანი, როცა შაჰის ფორმირებებმა ცეცხლი გაუხსნეს ხალხს თეირანის მისადგომებთან და თავად ქალაქში. ათასობით (რამდენიმე ათასი, ზუსტი ციფრი უცნობია) ადამიანი დაიღუპა 1978 წლის 8 სექტემბერს, თეირანის ერთ-ერთ მოედანზე გამართული დემონსტრაციის დახვრეტის შედეგად. ამ მოედანს ამჟამად შაჰიდების (წამებულთა) მოედანი ეწოდება.

შაჰის რეჟიმის ბევრი ოპოზიციონერი დაპატიმრებული იყო, განსაკუთრებით 1963-1978 წლებში. ბევრ მათგანს უშიშროების სამსახური, ე.წ. „სავაკ“ სასტიკად აწამებდა. თუმცა, ფაქტია ისიც, რომ რეჟიმი, როგორც წესი, ვერ ბედავდა ისლამური ოპოზიციის ლიდერების სიკვდილით დასჯას.

ამის მიზეზია ის, რომ ირანში მოქმედებდა კანონი, რომლის მიხედვითაც მეცნიერი, რომელსაც აიათოლას ტიტული ჰქონდა. არ შეიძლებოდა სიკვდილით დასჯილიყო. იმდენად ძლიერი იყო ისლამის და შიიტი „სასულიერო პირების“ გავლენა, რომ შაჰის პროამერიკულმა რეჟიმმაც კი ვერ გაბედა ამ კანონის გაუქმება. ამის გამო ვერ მოიყვანეს სისრულეში თავად ხომეინის მიმართ გამოტანილი სიკვდილით დასჯის განაჩენი, რადგან აღმოჩნდა, რომ მას უკვე მინიჭებული ჰქონდა აიათოლას ტიტული. იმის გამო, რომ ისლამისტურ ოპოზიციას, ძირითადად, სწორედ მაღალი რანგის „სასულიერო“ პირები მეთაურობდნენ, მათი სიკვდილით დასჯა ვერ ხერხდებოდა. თუმცა, რეჟიმი მაინც ცდილობდა თავისი მიზნების მიღწევას. მაგალითად, აიათოლა ხომეინის უფროსი შვილი მუსტაფა, რომელიც მისი უახლოესი თანაშემწე და თანამებრძოლი იყო, მოწამლეს 1977 წელს, რევოლუციამდე ორიოდე წლით ადრე.

მეორე საკითხი, რომელიც ხანდახან ეჭვს იწვევს და ზემოთნახსენებ კომენტარშიც არის მასზე საუბარი, გახლავთ ის, რომ „ირანის შაჰის დამხობა აწყობდათ როგორც აშშ, ისე საბჭოებსაც“. სხვათა შორის, 70-იანი წლების ბოლოს შაჰის რეჟიმის პროპაგანდაც შეეცადა ეს მოსაზრება გაევრცელებინა. კერძოდ, 1978 წლის 7 იანვარს, ერთ-ერთ გაზეთში, გამოქვეყნდა წერილი, რომლის ანონიმი ავტორი ამტკიცებდა, რომ ირანის წინააღმდეგ ერთდროულად მოქმედებს „შავი და წითელი იმპერიალიზმი“ (იგულისხმებოდა დასავლეთი და საბჭოთა კავშირი). ამ სტატიამ დიდი რეზონანსი გამოიწვია მაშინ და მას საპროტესტო დემონსტრაციებიც მოყვა, რომელიც ასევე იარაღის გამოყენებით ჩაახშეს (დაიღუპა ათეულობით ადამიანი).

1976 წლის ნოემბერში, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში კარტერის გამარჯვებამ, თავიდან თითქოს გაართულა შაჰის ურთიერთობები ახალ ადმინისტრაციასთან. ცნობილია, რომ რეზა ფეჰლევი აქტიურად აფინანსებდა და მხარს უჭერდა რესპუბლიკელ კანდიდატს. მაგრამ მალე შედგა კარტერის პომპეზური ვიზიტი ირანში და ამ უკანასკნელმა საქებარი სიტყვები არ დაიშურა შაჰის მიმართ. ცნობილია, რომ შაჰის მმართველობის ბოლო წლისთვის, ირანში მუდმივად იმყოფებოდა ამერიკელ და ისრაელელ ინსტრუქტორთა მთელი არმია, რომლის რიცხოვნობამ ბოლოს 60 ათასს მიაღწია. თუმცა, ამერიკელები ხედავდნენ, რომ შაჰის რეჟიმი უკვე ძირგამომპალი და მორყეული იყო და მისი გადარჩენა შეუძლებელი ჩანდა. თავად შაჰი სიმსივნით იყო ავად, რაც ამერიკელებისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო უკვე 1978 წლის ბოლოსთვის. ასე რომ, აშშ ცდილობდა ირანში დაესვა ან სამხედრო დიქტატურა, ან ხელისუფლებაში მოეყვანათ ე.წ. ლიბერალები, რომლებიც მრავლად იყვნენ მაშინ ირანში. სხვათა შორის, ლიბერალებმა მოახერხეს კიდეც მართვის სადავეების ხელში ჩაგდება მცირე ხნით, თუმცა შემდეგ ხომეინიმ და მისმა მომხრეებმა ჩამოაშორეს ისინი ხელისუფლებას, რადგან ხალხის აქტიური ნაწილის უმრავლესობა სწორედ ისლამისტების მხარეს იყო.

ამავე დროს, არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ დასავლეთის ქვეყნებს ნაწილობრივ ხელს აძლევდათ ისლამისტების მოსვლა ხელისუფლების სათავეში, რადგან ამ დროისთვის მწიფდებოდა კრიზისი ავღანეთში, რამაც საბოლოოდ აიძულა საბჭოთა კავშირი, შეიარაღებული ძალები შეეყვანა ამ ქვეყანაში. ირანის მხარდაჭერა ავღანელი მუჯაჰედების მიმართ კრიტიკულად საჭირო იყო დასავლეთისთვის, რაც ირანში ისლამისტური რეჟიმის პირობებში იყო შესაძლებელი. ამავე დროს, მათ სჭირდებოდათ საპირწონე, რომ დაებალანსებინათ სპარსეთის ყურის მონარქიები, რომლებიც ისლამის რადიკალური სექტის მიმდევრები არიან და მიუხედავად დასავლეთთან სტრატეგიული თანამშრომლობისა, ხანდახან ავლენენ ტენდენციას, თავისივე პატრონებს უკბინონ.

თუმცა, უკვე 1980 წელს, დასავლეთმა, კერძოდ აშშ-მ, პირდაპირ მიუსია ახლადშექმნილ ისლამურ რესპუბლიკას სადამ ჰუსეინის მმართველობის ქვეშ მყოფი ერაყი, რასაც სისხლიანი ომი მოჰყვა (1980-1988 წ.). ცნობილია, რომ როგორც აშშ, ისე სსრკ, დიდძალ სამხედრო დახმარებას უწევდა ერაყს, განსაკუთრებით 80-იანი წლების პირველ ნახევარში, რამაც საშუალება მისცა მას, არ წაეგო ომი.

სავარაუდოდ, ამერიკელი და ევროპელი ანალიტიკოსები, შესაძლოა, არც ელოდნენ, რომ ისლამური რესპუბლიკა წარმატებით გადალახავდა სიძნელეებს და აქამდე მოაღწევდა. მათ, ალბათ, ჰქონდათ გათვლა, რომ როგორც საბჭოთა კავშირში, იმ დროისთვის, უკვე შეინიშნებოდა იდეური კრიზისი, იგივე დაემართებოდა მომავალში ხომეინისტურ იდეოლოგიასაც, თუმცა ჯერჯერობით ეს პროგნოზი არ მართლდება.