ქვეყანათმცოდნეობა

საქმე ჰამასში როდია

ამ ორშაბათს ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა, ლამის მთელი მსოფლიოს ჟურნალისტთა ტელეკამერების თანხლებით, სამხედრო ბაზა

„ცეელიმი"მოინახულა ქალაქ ბერშებას მახლობლად. ერის სახელით მან მადლობა გადაუხადა 600 მედესანტეს, რომლებიც ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციაში იღებდნენ მონაწილეობას. „რასაც ცახალმა (ისრაელის თავდაცვის ძალები) 16 დღის განმავლობაში მიაღწია, სხვა ქვეყნებს 16 წელი დასჭირდებოდათ", განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა.

ჯარისკაცებისადმი მიმართვის შემდეგ პერესმა იმ რეზერვისტების კითხვებს უპასუხა, რომლებსაც ოჯახების და სამუშაოს მიტოვება მოუხდათ ომის გამო. მათ უნდოდათ გაეგოთ, აქვს თუ არა აზრი ამ სამხედრო ოპერაციას. „მართალია, რომ ომის დასრულების შემდეგ ჰამასი ქმედითუუნარო იქნება?" - იკითხა ერთ-ერთმა ჯარისკაცმა. „თუ იგივე განმეორდება, რაც ჰესბოლას შემთხვევაში მოხდა, რომელიც არსებობას განაგრძობს და საფრთხეს უქმნის ისრაელს?" შიმონ პერესმა გარკვეულწილად თავი აარიდა პირდაპირ პასუხს: „საქმე ჰამასში ან ჰესბოლაში როდია, არამედ ირანში". წინა დღით იგივე განუცხადა ისრაელის პრეზიდენტმა თავის ფრანგ კოლეგას ამ უკანასკნელის იერუსალიმში ვიზიტის დროს. „ჰამასელები ირანის პირდაპირი წარმომადგენლები არიან", თქვა მან. მისი სიტყვებით, საჭიროა ირანს გადაეკეტოს ღაზას სექტორში შეღწევის საშუალებები საზღვის მიმდებარე გვირაბების და სასაზღვრო პუნქტების გავლით. შიმონ პერესი აშკარად არაა ერთადერთი ისრაელის ხელმძღანელობაში, ვინც ასე ფიქრობს. ეს ქვეყანა დიდი ხნის წინ დაბომბავდა ირანს, მაგრამ აშშ-ს პრეზიდენტი ბუში არ იძლეოდა თანხმობას ამგვარ ძალისმიერ აქციაზე. თეთრმა სახლმა არ მოისურვა მეორე ფრონტის გახსნა ერაყის ოკუპაციის პირობებში და უარყო ისრაელის თხოვნა მიეწოდებინა მისთვის "Bunker Busters"-ის ტიპის ბომბები, რომელთაც ირანის მიწისქვეშა ბირთვული ობიექტების განადგურება შეუძლიათ. ასევე აშშ-მ არ გასცა ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენების ნებართვა ისრაელის ავიაციის მიერ.

ისრაელისთვის „ამჟამინდელი ოპერაცია ერთადერთი შანსია, სტრატეგიული დარტყმა მიაყენოს ირანის ექსპანსიონიზმს", - წერდა იერუსალიმის სტრატეგიული კვლევების ცენტრ შალემის ორი პროფესორი ამერიკულ გაზეთ „ლოს-ანჯელეს თაიმსში". ირანმა აირჩია ჰამასი, სუნიტური ორგანიზაცია, რომელსაც ახლო კავშირები აქვს ე.წ. მუსლიმ ძმებთან ეგვიპტეში, რათა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი ებრაეული სახელმწიფოს წინააღმდეგ ჯიჰადში გადაზარდოს. მათი სიტყვებით, ყველაფერი ამაზე მიუთითებს, ისევე როგორც ჰესბოლას შემთხვევაში, რომელიც ირანის მეორე წარმომადგენელია რეგიონში, ლიბანთან საზღვის მეორე მხარეს. მაშ ასე, ეს არის ანალიზი ისრაელის ინტერესების პრიზმაში, საკმაოდ ზედაპირული, არსებითი ფაქტორების იგნორირებით.

ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი არსებობს ჯერ კიდევ ისრაელის დაარსებიდან 1948 წელს, რასაც თან ახლდა პალესტინელების სისტემატური და ძალადობრივი გაძევება მათი ტერიტორიიდან, ისევე როგორც სახლების და მიწების კონფისკაცია. მას შემდეგ პალესტინელებმა დაიწყეს ომი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შესაქმნელად, ხშირად ასევე დაუნდობელი და სასტიკი მეთოდებით, როგორც ამას აკეთებს ახლა ჰამასი. ამ ბრძოლაში წამყვანი როლი ეკისრებოდა პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციას, რომელმაც 1970-იან წლებში თავი „გამოიჩინა" თვითმფრინავების გატაცებებით და ბომბების აფეთქებით „პალესტინელი ხალხის განმათავისუფლებელი ბრძოლის სახელით". ბოლო დრომდე პალესტინური წინააღმდეგობის მოძრაობა იყენებდა კამიკაძე-თვითმკვლელების ტერაქტებს ისრაელის შიგნით. ამჟამად ეს ორგანიზაცია, რომელსაც სათავეში უდგას პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი, ითვლება ზომიერ ფრაქციად და სარგებლობს დასავლეთის კეთილგანწყობით.

ჰამასი და ჰესბოლა 1980-იან წლებში გამოჩნდნენ, როგორც რეაქცია იმ მხეცობებზე, რომლებსაც სჩადიოდნენ ისრაელის სამხედროები ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ლიბანში შეჭრის დროს. სოციალისტური იდეოლოგიის ადგილი მაშინ ისლამმა დაიკავა.

ეს ორი ორგანიზაცია დღესდღეისობით წარმოადგენენ ნაციონალურ, ისლამურ და სოციალურ მოძრაობებს, რომლებიც არ განადგურდებიან დაბომბვის შედეგად. მათი გამოყენება გარე ძალების მიერ მხოლოდ შეზღუდულად შეიძლება, რადგან ისინი ადგილზე არსებულ რეალიებზე არიან დამოკიდებული.

რა თქმა უნდა, ჰამასს მხარს უჭერს ირანი, რომელიც იარაღს აწვდის, ამზადებს მის მებრძოლებს და სავარაუდოდ, აფინანსებს კიდეც. მაგრამ ირანის მხარდაჭერა არ შემოიფარგლება ჰამასით, არამედ მოქმედებს მთლიანად პალესტინური საქმის მიმართ, როგორც ხაზი გაუსვა ალი მოჰამადიმ, გაეროსთან არსებული ირანის საკონსულოს სპიკერმა: „ისრაელის შეტევა დასავლეთ სანაპიროს წინააღმდეგ რომ ყოფილიყო მიმართული, ჩვენ ზუსტად ასევე წინააღმდეგი ვიქნებოდით". და მართლაც, ირანის ჰუმანიტარული დახმარება აღწევს პალესტინელი დევნილების ბანაკებამდეც კი, რომლებიც ლიბანში მდებარეობენ. წყლის ცისტერნები და გენერატორები - ირანის დახმარების გარეშე ამ ბანაკებში ცხოვრება გაცილებით აუტანელი იქნებოდა.

„ჰამასი პრაქტიკული და საიმედო ინსტრუმენტია ირანის ხელში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში იდეოლოგიური" - ამბობს საიდ ლეილაზი. თეირანელი ეკონომისტი და პოლიტიკური კომენტატორი. ის, რაც ამჟამად ღაზაში ხდება, მხოლოდ უადვილებს ირანს შეინარჩუნოს ანტიამერიკული განწყობები მუსლიმთა შორის, თვლის იგი.

ჰამასი, სუნიტური პარტია ისლამის რადიკალურ-კონსერვატიული აღქმით, ჩვეულებრივ პირობებში ძნელად თუ გახდებოდა ირანის პარტნიორი. მაგრამ ჰამასი ხომ ამასთან პალესტინური ორგანიზაციაა, რომელიც წინააღმდეგობას უწევს საოკუპაციო ძალას - ისრაელს. ეს კი მთლიანად შეესაბამება რევოლუციის თეორიას, რომელიც შეიმუშავა აიათოლა ჰომეინიმ: ყოველი რიგიანი მუსლიმის ვალია აწარმოოს ბრძოლა ჩაგვრის ყოველგვარი გამოვლინების წინააღმდეგ, რისი დემონსტრაციაც არის აშურას ყოველწლიური რიტუალი. ჩაგვრის ყველაზე მიუღებელი ფორმა, ამ ფილოსოფიის თანახმად, არის ოკუპაცია, რომელიც უფლებებს ართმევს მთელ ხალხს და იწვევს მათ დეგრადაციას. ამის თვალსაჩინო მაგალითად მიჩნეულია პალესტინის ოკუპაცია ისრაელის მიერ, რაც პალესტინელებს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მრავალტანჯულ ხალხად აქცევს. პალესტინელთა წინააღმდეგობის მხარდაჭერა მჩაგვრელთა წინააღმდეგ - რელიგიური ვალდებულებაა. და თუ ამ დროს გამოჩნდება კიდევ ერთი სტრატეგიული უპირატესობა საერთაშორისო პოლიტიკის ინტრიგებში, მით უკეთესი.

ჰამასისთვის ირანი ასევე ნაკლებად იდეოლოგიური პარტნიორია. ეს ორგანიზაცია რომ თავის დეკლარირებულ პრინციპებს ზედმიწევნით მისდევდეს, შიიტური ირანი მისთვის ლამის ურწმუნოთა სახელმწიფო იქნებოდა. ერაყში შიიტები და სუნიტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, როცა დაეცა სადამ ჰუსეინის დიქტატურა. ბაღდადში დღეს აღარ არსებობენ მთელი კვარტლები, სადაც წინათ შიიტები და სუნიტები გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, უმრავლესობაში მყოფი რელიგიური თემი წმენდდა თავის ტერიტორიას სხვა თემების წარმომადგენლებისგან, ხოცავდა და აძევებდა უმცირესობას.

ჰესბოლასა და ირანს შორის ურთერთობაც პრაგმატული ხასიათისაა. ჰესბოლა ასრულებს თავის რელიგიურ ვალდებულებას იმით, რომ ამზადებს მებრძოლებს ჩაგრული მუსლიმი ძმების რიგებიდან, ამავე დროს მისი ასეთი აქტიურობა ნიშნავს მთავარი მტრის - ისრაელის წინააღმდეგ მეორე ფრონტის სამხედრო-სტრატეგიულ გაძლიერებას. ამასთან ერთად, ჰესბოლა ქმნის საკუთარ პოზიტიურ იმიჯს ლიბანში მცხოვრებ 400 000 პალესტინელსა და მთელი მსოფლიოს სუნიტურ მოსახლეობას შორის, რომლებიც ამაოდ ელიან თავიანთი მთავრობების უფრო აქტიური მონაწილეობას პალესტინის დახმარების საქმეში. ისევე როგორც ირანის შემთხვევაში, ჰამასი თვალს ხუჭავს ჰესბოლასთან რელიგიურ განსხავებულობაზე. არსებობს მხოლოდ ერთი საერთო საქმე: ბრძოლა ისრაელის წინააღმდეგ.

გერმანული ჟურნალის „ტელეპოლისის" მასალების მიხედვით.