ქვეყანათმცოდნეობა

კულტურული აგრესია და საპნის ოპერები

2009 წლის აგვისტოში მაუწყებლობა დაიწყო თანამგზავრულმა ტელეარხმა Farsi1. ის დაფუძნებულია არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში და თავისი პროგრამების ტრანსლაციას აწარმოებს ირანზე,

ფარსი (სპარსულ) ენაზე. არხის მფლობელებად ასახელებენ მედია–მაგნატს და მილიარდერს რუპერტ მერდოკს და ავღანელ ბიზნესმენ მოჰსენის.

არხის პროგრამა, ერთი შეხედვით, საკმაოდ უცნაურია. მასში არ არის საინფორმაციო გამოშვებები, შემეცნებითი, საგანმანათლებლო და სპორტული პროგრამები, არამედ მხოლოდ სერიალები და კომედიური შოუები. ამასთან, სერიალებიდან არჩეულია ძირითადად ლათინოამერიკული სერიალები, ე.წ. „საპნის ოპერები“ და ცალკეული ამერიკული მძაფრსიუჟეტიანი სერიალები.

როგორც ამტკიცებს ზოგიერთი წყარო, მაგალითად, ირანული ემიგრანტული წრეებიდან აშშ–ში, ასევე თავად არხის თანამფლობელი მოჰსენი, მაუწყებლობის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ Farsi1 პოპულარული გახდა ირანელთა შორის. ებრაული რუსულენოვანი პორტალის, MIGnews–ის მონაცემებით, არხის გადაცემებს ირანის მოსახლეობის ლამის ნახევარი უყურებს. მოჰსენი უფრო მოკრძალებულ ციფრებს ასახელებს, მაგრამ ისიც მილიონებზე საუბრობს.

ამასთან, როგორც ამბობენ, ირანის ხელისუფლება ცდილობს ებრძოლოს ამ სატელიტური არხის მაუწყებლობას და ჩაახშოს ის. ამგვარი ქმედებები იწვევენ ისლამური რესპუბლიკის ირანელი და დასავლელი მოწინააღმდეგეების კრიტიკას, რომლებიც ბრალს სდებენ მმართველ რეჟიმს იმაში, რომ მას სურს წაართვას ირანის მოსახლეობას... ლათინოამერიკული სერიალები.

არხის მეპატრონეები აცხადებენ, რომ სერიალებიდან ამოღებულია პორნოგრაფიული და ეროტიული სცენები და კოცნის კადრებიც კი. ამიტომ, თითქოს, გადაცემების შინაარსი არ არღვევს ისლამური მორალის ნორმებს. მაგრამ ირანში სხვაგვარად ფიქრობენ. მათ სრულიად სამართლიანად მიაჩნიათ, რომ თუნდაც ეროტიული სცენების გარეშე, მოსახლეობის „დასმა“ პრიმიტიულ სერიალებზე, რომლებშიც ნაჩვენებია და ირიბი პროპაგანდა მიმდინარეობს ცოლ–ქმრული ღალატის, უაზრო გართობის, ჩაცმის სტილის და სხვ., უარყოფითია ირანის მოსახლეობის ცნობიერებისთვის და ნელ–ნელა წამლავს მას ე.წ. დასავლური ფასეულობების ზეგავლენით.

იმას, რომ ეს შეშფოთება უადგილო არაა, ადასტურებს თავად მსგავსი არხის გაშვების ფაქტი. ძნელი წარმოსადგენია, რომ მილიარდერი რუპერტ მერდოკი და დასავლური ინსტიტუტები, რომლებიც მის უკან დგანან, ზრუნავენ ირანელი დიასახლისების დასვენებაზე და გართობაზე ან თუნდაც აინტერესებთ კომერციული მოგება ირანის ბაზარზე შეღწევით. ნათელია, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს კულტურული აგრესიის მაგალითი, რომლის მიზანია თავს მოახვიოს სხვა ქვეყნებს საკუთარი ცხოვრების წესი და ფასეულობები, დაასუსტოს „მტრის“ ფასეულობები, რომლებზეც დგას ისლამური რესპუბლიკა. ხოლო კულტურული კოლონიზაციის შემდეგ ყოველთვის დგება ეკონომიკური და ხშირ შემთხვევაში, სამხედრო კოლონიზაციის ჯერი. ირანის ხელისუფლებას კარგად ესმის ეს, ამიტომაც დასავლეთის მიერ გაჩაღებული „რბილი ომის“ გამკლავება ამ ეტაპზე მის მთავარ პრიორიტეტად არის გამოცხადებული.