ქვეყანათმცოდნეობა

ირანის ისლამური იდეალები და რევოლუცია

ჩვენს მკითხველებს ვთავაზობთ მეტად საყურადღებო ნაწყვეტებს რუსული გაზეთ „ზავტრას“ მთავარი რედაქტორის ა. პროხანოვის და ირანული გაზეთ „კეიხანის“ (ქართულად - „კოსმოსი“)

მთავარ რედაქტორის ჰუსეინ შარიათმადარის საუბრიდან: რა განსხვავებაა ირანის ისლამურ რევოლუციასა და რუსეთის ოქტომბრის რევოლუციას შორის; რა წყაროდან იღებენ შაჰიდები თავიანთ ენერგიას და სიკვდილისადმი შიშის დაძლევის ნიჭს; რატომ უძლებს ირანელი ხალხი გარე ძალების ზეწოლას; ცრუ-რეფორმატორთა პრობლემა; რა პასუხი გასცა ირანის სულიერმა ლიდერმა ამერიკელ ჟურნალისტს...

ჰუსეინ შარიათმადარი:

 

ჩვენი საუბრის დასაწყისში გავაკეთებ შედარებას ირანის ისლამურ რევოლუციასა და სხვა რევოლუციებს შორის, 1917 წლის რუსული რევოლუციის ჩათვლით. განსხვავება ბევრია, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღების ღირსად მიმაჩნია ერთი მომენტი.

 

მარქსიზმი, როგორც თქვენი სოციალისტური რევოლუციის იდეოლოგია, ქვეყანაში რევოლუციასთან და მის ლიდერებთან ერთად გაჩნდა. რუსმა ხალხმა ხელმწიფის მმართველობის პერიოდში არაფერი უწყოდა მარქსიზმის შესახებ. ეს იდეოლოგია ლენინმა შემოიტანა ქვეყანაში და ჯავშანმანქანიდან გამოაცხადა იმ მომენტში, როდესაც იგი რუსეთში დაბრუნდა. შემდეგ ამ იდეოლოგიის არსს ყოველი საბჭოთა ლიდერის მიერ თავისებურად აღიქვამდა: ხელისუფლება ამ მარქსისტული იდეოლოგიის მატარებელი და მფარველი იყო. ლენინის მიერ მარქსიზმის ინტერპრეტაცია განსხვავდებოდა ტროცკის ინტერპრეტაციისგან. ტროცკის ინტერპრეტაცია განსხვავდებოდა სტალინური გაგებისაგან. ხრუშჩოვმა სტალინის ინტერპრეტაციის გადახედვა მოახდინა. გორბაჩოვმა კი პრაქტიკულად მაქრსიზმის მთლიანი ფასეულობითი ნაკრები დაუქვემდებარა გადახედვას.

 

თავს უფლებას მივცემ, ვამტკიცო, რომ რუსმა ხალხმა ბოლომდე ვერა და ვერ გაიგო ამ იდეოლოგიის აზრი, რომელიც მან უცხოეთიდან მიიღო. მე ბოდიშს მოვიხდი ამგვარი სწორხაზოვანი შედარებისთვის. ჩვენი ისლამური რევოლუციის დროს მისი იდეოლოგია არ მოსულა ჩვენს ქვეყანაში რევოლუციასთან ერთად. ისლამის იდეოლოგია შორეული წარსულიდან მოყოლებული ცოცხლობდა ჩვენს ხალხს შიგნით, ჩვენი ადამიანების გულებში. როდესაც რევოლუცია მოხდა და გამოცხადდა მშვიდობის ისლამური კონცეფცია, ხალხმა იგრძნო, რომ მან ეს დიდი ხანია, იცოდა, რომ ეს მის გულში არსებობდა და მას სთავაზობენ იმას, რაც მან ოდესღაც დაკარგა.

 

იმამი ხომეინი თავის მიმართვებს ჯერ ერაყიდან, შემდეგ საფრანგეთიდან - პარიზიდან აგზავნიდან, და იგი ევედრებოდა ყოვლისშემძლე ღმერთს, რომ მას თავისი შაჰიდებისათვის ისეთივე თვისებები ეჩუქებინა, როგორებითაც იყვნენ დაჯიდოებულნი შაჰიდები წინასწარმეტყველ მუჰამედის დროს, ქერბელაში მიმდინარე ომის დროს, რომელიც ჩვენი მესამე იმამის ჰუსეინის სიცოცხლის დროს მიმდინარეობდა. ხალხმა მიიღო ეს მიმართვები და მოწოდებები, როგორც საკუთარი - ძალზე ახლო, კარგად ნაცნობი. ეს იმიტომ, რომ საუკუნეების მანძილზე ხალხი განიცდიდა მესამე იმამის დაღუპვას, მის მოწამებრივ სიკვდილს ისე, თითქოს ეს გუშინ მომხდარიყო.

 

იმამმა ხომეინიმ ხალხს არ მოუტანა ახალი იდეოლოგია - მან გაწმინდა ისლამი გვიანდელი ინტერპრეტირებებისა და ნალექებისაგან, სამაგიეროდ კი წარმოაჩინა ჭეშმარიტი, უტყუარი, ძველი ისლამი, რომელიც ადამიანთა გულებში გიზგიზებდა.

 

როდესაც ვსაუბრობთ ირანელი ხალხის უმაგალითო მოტივაციაზე გარე ძალების ზეწოლის წინაშე, შევჩერდები ორ პრინციპზე. პირველი პრინციპი: ხალხი, რომელიც ფლობს თვითგანწირვის მზაობას, ხალხი, რომელიც შედგება შაჰიდებისაგან, ტყვედ არ ნებდება. მხოლოდ ისინი ნებდებიან მტერს, ვინც არ არის მზად, თავისუფლებისათვის საკუთარი სიცოცხლე გაიღოს და არ შეუძლია, ბოლომდე იბრძოლოს. როდესაც ადამიანი მზადაა თავგანწირვისათვის, იგი უშიშარია და შეუძლია, მტერს ყველაზე უფრო თავდაჯერებული წინააღმდეგობა გაუწიოს.

/.../

მეორე პრინციპი, რომლის წყალობითაც ირანელი ხალხი უძლებს გარე ძალების ზეწოლას, ასევე ფორმულირებულია იმამი ხომეინის მიერ. მან განაცხადა, რომ თუკი ზესახელმწიფოები ხელს აღმართავენ ჩვენი რევოლუციისა და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ჩვენ, ჩვენი სულიერი ძალის გამოყენებით შევებრძოლებით მათ და გავიმარჯვებთ მათზე. ამ ომში, ჩვენ, ირანელები, გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ დასავლეთის მცხოვრებთათვის ყველაფერი, რასაც ისინი ფლობენ, ეს ამჟამინდელი მატერიალური სამყაროა, რომლის იქით მათთვის არაფერი არ არსებობს. ჩვენ კი მივიჩნევთ, რომ ეს ცხოვრება - მხოლოდ საწყისი, მცირე ნაწილია უსასრულო ცხოვრებისა, რომელიც გარდაცვალების შემდეგ გრძელდება.

/.../

ჩვენ ბრალს გვდებენ იმაში, რომ ისლამს გადაჭარბებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ და ამ გზით ვუპირისპირდებით სხვა რელიგიებს. ამ მხრივ მეტად საყურადღებოა ცნობილი ამერიკელი ფუტუროლოგის ელვინ ტოფლერის გამონათქვამი. მისი სიტყვებით, ის, რასაც აკეთებდა იმამი ხომეინი, არა მხოლოდ ისლამური სამყაროს გამოცოცხლებაა, არამედ მთელი მსოფლიოს გამოცოცხლება, იმ მსოფლიოსი, რომლისთვისაც რელიგია უმაღლესი ფასეულობაა, სადაც აზრი, იდეა, სული ყველა სხვა ფასეულობაზე უფრო მაღლა დგას.

 

/.../

რეფორმატორი - ეს ის ადამიანია, რომელიც ცდილობს, გამოასწოროს ნაკლოვანებები. ისლამში ნებისმიერი მუსლიმი რეფორმატორია, ვინაიდან ყოველი მორწმუნე კრიტიკულად არის განწყობილი ბოროტების მიმართ. მაგალითისათვის ყურანიდან ერთ აიათს მივმართავ. წინასწარმეტყველი გვასწავლის: იყავით ყურადღებით, თვალი ადევნეთ მათ, ვინც თავს ასაღებს სიახლეებისთვის მებრძოლად, სინამდვილეში კი პირად სარგებელს ეძებს. რას ნიშნავს ეს? შეიძლება გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც რეფორმების საფარველს ქვეშ კორუფციით არიან დაკავებულნი. არსებობენ თვალთმაქცები, რომლებსაც ჩვენ ბრალს ვდებთ კორუფციაში, ისინი კი გვპასუხობენ, რომ რეფორმატორები არიან.

 

ძალზე მნიშვნელოვანი განსაზღვრება მისცა ამ ცნებებს ჩვენმა ამჟამინდელმა ლიდერმა იმამმა ხამენეიმ. როდესაც „სი-ენ-ენ“-ის ჟურნალისტმა მას ჰკითხა - „შეიძლება, თქვენ გიწოდოთ კონსერვატორი?“, პასუხი ასეთი იყო: „განა მუსლიმს შეუძლია, იყოს კონსერვატორი?“ მაშინ ჟურნალისტმა მას უთხრა: „მაშ მე თქვენ ფუნდამენტალისტს დაგიძახებთ“. იმამმა ხამენეიმ უპასუხა: „თქვენ ისე ხშირად უწოდებთ მოლა ომარსა და ბენ ლადენს ფუნდამენტალისტებს, რომ ეს სიტყვა წაახდინეთ“. ჟურნალისტმა ჰკითხა: „მაშ როგორ უნდა მოგიხსენიოთ?“ იმამმა ამგვარი პასუხი მისცა მას: „დამიძახეთ პრინციპიალისტი. ეს სიტყვა თქვენ ჯერ არ გაგიფუჭებიათ“.

 

წყარო: "Завтра" № 2 (895) от 12 января 2011 г./ Iran.ru

სრული ტექსტი.