ვამაყობთ დიდი სამამულო ომის გმირებით! - თბილისში საცხრამაისო ტურნირი გაიმართა

ვამაყობთ დიდი სამამულო ომის გმირებით! - თბილისში საცხრამაისო  ტურნირი გაიმართა

თბილისში პნევმატური იარაღიდან სროლაში ახალგაზრდების ღია ტურნირი გაიმართა და ფაშიზმზე გამარჯვების დღეს - 9 მაისს მიეძღვნა. ტურნირი ომის გმირების, საქართველოს ყველაზე წარმატებული სნაიპერების - ვასილი კვაჭანტირაძისა და ვლადიმერ (დათო) სალბიევის სახელს ატარებს.

ევრაზიის ინსტიტუტის დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძე აღნიშნავს, რომ სკოლებში მეორე მსოფლიო ომის ისტორიის არასაკმარისი სწავლების გამო ახალგაზრდები ხშირად ივიწყებენ და არ იციან ომის შესახებ. ამ ხარვეზის პრაქტიკაში შესავსებად ჩატარდა ასეთი ტურნირი, რათა ახალგაზრდები გაეცნონ დიდი სამამულო ომის გამოჩენილ მებრძოლებს.

ტურნირის დაწყებამდე ორგანიზატორებმა მონაწილეებს უამბეს გამარჯვების დღის მნიშვნელობა საქართველოსთვის, რამდენი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა ომში, ასევე იმ გმირებზე, რომელთა საპატივსაცემოდ დასახელდა ღონისძიება.

ტურნირის მონაწილეებს გადაეცათ სიგელები, წიგნები ომის შესახებ და ფულადი პრიზები. საპრიზო ფონდი 1,5 ათასი ლარი იყო და თითოეულმა მონაწილემ მიიღო პრიზი, თუნდაც სამეულში ვერ მოხვდა. ეს კარგი მოტივაცია იყო ახალგაზრდებისთვის, რომ დაინტერესდნენ წინაპრების ისტორიითა და სამხედრო ღვაწლით.

ღონისძიებას მასპინძლობდა ოლიმპიური ჩემპიონისა და პრიზიორის, ნინო სალუქვაძის ტირი.

აღსანიშნავია, რომ ეროვნებით ოსი სალბიევი და ქართველი კვაჭანტირაძე, შესაძლოა, მომავალში, ქართველი და ოსი ხალხების ერთიანობის სიმბოლოდ ვაქციოთ.

რა ინფორმაციას შეიცავს ტურნირის მონაწილეთათვის გათვალისწინებული სამახსოვრო სიგელები:

 

ვამაყობთ ჩვენი გმირებით!

ვასილი შალვას ძე კვაჭანტირაძე (1907-1950 წწ.) - წარმოშობით გურიიდან, სოფ. გურიანთადან იყო. ფაშიზმის წინააღმდეგ სნაიპერის პოზიციაზე, დ. ს. ომის (1941-1945) დაწყებიდანვე, იბრძოდა წითელი არმიის რიგებში: ქერჩი-ფეოდოსიის სადესანტო ოპერაციაში, სტალინგრადის ბრძოლაში, კალინინისა და ბალტიისპირეთის ფრონტებზე, ბელორუსიაში (ოპერაცია „ბაგრატიონი“) და სხვ. წითელი არმიის ყველაზე წარმატებულ სნაიპერთა შორის, განადგურებულ ფაშისტთა რაოდენობით, მესამე ადგილზეა (534 ზუსტი გასროლა, სხვა მონაცემებით - 542). ამას ემატება მის მიერ კიდევ ერთი განადგურებული გერმანული ქვემეხი. ითვლებოდა 43-ე არმიის ერთ-ერთ საუკეთესო სნაიპერად. ბრძოლებში დაიჭრა 5-ჯერ. კიდევ ერთ სახელგანთქმულ სნაიპერთან, კუზმა სმოლენსკისთან ერთად, მოამზადა 50 სნაიპერი. 1945 წელს, სერჟანტ კვაჭანტირაძეს მიენიჭა უმაღლესი სამხედრო ჯილდო - საბჭოთა კავშირის გმირის წოდება.

აგრეთვე დაჯილდოებული იყო: ლენინის ორდენით (ორგზის), წითელი დროშის ორდენით, წითელი ვარსკვლავის ორდენით და სამამულო ომის II ხარისხის ორდენით.

ვლადიმირ (დათო) გაბრიელის ძე სალბიევი (1916-1996 წწ.) - წარმოშობით ხევიდან, დღევანდელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტიდან (სოფ. თოთიდან, რომელიც დღეს აღარ არსებობს) იყო. ეროვნებით ოსი. სკოლის დამთავრებამდე საქართველოში ცხოვრობდა, შემდეგ ოჯახი ვლადიკავკაზში გადავიდა. დ. ს. ომში (1941-1945) თავი გამოიჩინა სნაიპერის პოზიციაზე და ჯამში 601 ფაშისტი გაანადგურა ზუსტი გასროლით. იბრძოდა კალინინის, ლენინგრადის, ცენტრალურ, დონის, ჩრდილო კავკასიის, სტალინგრადის ფრონტებზე, ასევე 1-ლ უკრაინულ ფრონტზე.  ომის მანძილზე 3-ჯერ დაიჭრა და 4-ჯერ მიიღო შერყევა, მაგრამ ჰოსპიტლიდან ყოველ ჯერზე დაბრუნდა ფრონტზე. უმცროსმა ლეიტენანტმა სალბიევმა შექმნა სნაიპერთა შენაერთი, რომელმაც ჯამში 800-მდე ფაშისტი დახოცა.

საბჭოთა კავშირის გმირის წოდება დაუმსახურებლად არ მისცეს, მაგრამ ფლობდა ჯილდოებს: სამამულო ომის II ხარისხის ორდენს (ორგზის), წითელი დროშის ორდენს (ასევე ორგზის), მედალს „მამაცობისთვის“.