ქვეყანათმცოდნეობა

შეიყვარებს თუ არა საქართველო რუსეთს ?

გრიგორი ტროფიმჩუკი, სტრატეგიული განვითარების მოდელირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი (მოსკოვი)

საქართველოსა და რუსეთს შორის დღეს იმდენი ნაგავი დაგროვდა, რომ ამ ნაგვის მთა კავკასიის ქედის ყველაზე უფრო მაღალ, ცენტრალურ წერტილად იქცა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ თბილისი და მოსკოვი იმდენად მყარად გაეყარნენ ერთმანეთს, რომ ასწლიანი ომი მათ შორის გარანტირებულია. მაგრამ არც ისე უიმედოდ არის საქმე, თუკი, რა თქმა უნდა, გავაცნობიერებთ დაახლოების ხელის შემშლელ ფაქტორებს და საჭირო ფიგურებს საჭირო მიმართულებით გადავაადგილებთ.

პირველ რიგში, აუცილებელია გავიგოთ: სჭირდება კი საქართველოს რუსეთი, და პირიქით? იქნებ ყველაფერი თავისი გზით მიდის? იყვნენ რუსები ქართველებთან ერთად გარკვეული დროის მანძილზე, "უხელმძღვანელეს" მათ გარკვეული ხნით, ტკეპნეს მათი მიწა - ახლა კი სხვებს მივცეთ ხელმძღვანელობის საშუალება? ამ კითხვებით ტვინის ჭყლეტა გასული საუკუნის 80-იან წლებში შეიძლებოდა, როდესაც ჩვენ ყველას ერთად - რუსებს, ქართველებს, უკრაინელებს და ყველა სხვას საბჭოთა კავშირიში - გვეგონა, რომ კარგია იქ, სადაც ჩვენ არ ვართ.

დღეს, როცა მთლიანად მივიღეთ "დასავლური ცხოვრების წესი" და მკაფიოდ დავინახეთ, რომ არც ქართველს და არც რუსს იქ არავინ ელის და ფულს არ დაახვავებს დამკვრელური შრომისათვის, უკვე შეგვიძლია ფხიზლად შევაფასოთ ჩვენი სუვერენული პერსპექტივები ეგრეთ წოდებულ თავისუფალ სამყაროში.

დემოკრატიულმა რუსეთმა პირდაპირ უნდა აღიაროს: სწორედ მან გააკეთა ყველაფერი, რომ საქართველო ჩამოგვშორებოდა, რომ ადრე თუ გვიან საქმე ქართულ-რუსულ ომამდე მისულიყო. ასეთი აღიარების შემდეგ, როგორც წესი, უფრო გაგვიადვილდება ცხოვრება ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ეს დებულება არ საჭიროებს რაიმე მტკიცებულებას, საკმარისია მხოლოდ რამოდენიმე ცნობილი ფაქტი გავიხსენოთ:

- "პირველი ნარინჯისფერი" რევოლუცია, რომელმაც ბიძგი მისცა დამანგრეველ პროცესებს, არც კიევში მოხდა და არც თბილისში, არამედ სწორედ მოსკოვში, 1991 წელს; და მხოლოდ ამის შემდეგ დაიშალა მთელი ქვეყანა, დაიწყო ლოკალური ეროვნებათშორისი ომები;

- მოსკოველი კურიერები არწმუნებდნენ საქართველოს პრეზიდენტ ე.შევარდნაძეს, არ დაეშალა საპროტესტო ტალღა და დისციპლინირებულად გაეთავისუფლებინა ადგილი ახალი, იმედის მომცემი, ახალგაზრდა პრეზიდენტისათვის;

- რუსეთის მიერ გორბაჩოვ-ელცინის მოდელის "საერთო-საკაცობრიო ფასეულობებისადმი" ერთგულების დეკლარირება ნაცვლად რუსეთის ოფიციალური ხელისუფლების მიერ მისი დაგმობისა; ის კი არა და, აღნიშნული დებულებები კამათის საგნადაც არ გამხდარა, ხოლო გადარჩენილი გორბაჩოვი რუსეთში უდარდელად ცხოვრობს;

- რუსი პოლიტიკოსების და პოლიტოლოგების პრაქტიკულად შეუცვლელი, ჩაცემენტებული შემადგენლობა, რომლებიც, როგორც ერთი, ისე მოდიან "პირველი ნარინჯისფერი" რევოლუციიდან, ისინი ძერწავდნენ (სხვა სიტყვას ვერ იპოვნი) დემოკრატიული რუსეთის იდეოლოგიას, ხოლო ახლა - დაუნდობელი პატრიოტების სტატუსით - გამოძერწეს მოსკოვის მტრული დამოკიდებულება მახლობელ საზღვარგარეთთან, ბელორუსიის ჩათვლით...

შეიძლება ამის შემდეგ საქართველოს და უკრაინის დადანაშაულება "სხვის" სიყვარულში, თუკი ჩვენ ჩვენივე ხელებით გამოვაგდეთ ეს "ცოლები" სახლიდან? უცნაური იქნებოდა მათთვის პრეტენზიების წაყენება.

მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსული საზოგადოება თავად აღიარებს რუსეთის სტრატეგიულ შეცდომებს და პასუხს აგებინებს დამღუპველი მიდგომების გამტარებლებს, რუსეთს შეეძლება ააგოს ახალი ურთიერთობები, როგორც არ უნდა იყოს - მაინც სუვერენულ ქვეყნებთან მახლობელი საზღვარგარეთისა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ ჩამოვაყალიბებთ და დსთ-ს მასშტაბით მოვახდენთ ჩვენი უპირატესობების დემონსტრირებას, ჩვენ შეგვეძლება ჩვენი უახლოესი მეზობლებისადმი დასაბუთებული და წონადი პრეტენზიების წაყენება.

ჯერ კიდევ მხოლოდ ერთი წლის წინ, 2008 წლის დასაწყისში, კიდევ შეიძლებოდა ამგვარი შეფასებების და დასკვნების სიმკვეთრეზე გვეფიქრა, მაგრამ სამხრეთ ოსეთში ომის შემდეგ ნებისმიერი დამკვირვებლისათვის ცხადი გახდა, რომ რუსული ანგაჟირებული საექსპერტო ფენის ხანგრძლივი და დაძაბული მუშაობის გარეშე ეს შეჯახება, შესაძლოა, თავიდან ყოფილიყო აცილებული.

მიუხედავად ამისა, რუსულ პოლიტოლოგიაში გრძელდება უცნაური პროცესები: ისინი, ვინც სიტუაცია აგვისტოს ომამდე მიიყვანა, დღეს, 2009 წლის დასაწყისში, კვლავ თამამად იღებენ თავიანთ თავზე რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დამყარების საქმეს. დროა, მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ: ასეთი ფიგურანტებით არა თუ არანაირი ურთიერთობების დამყარება არ მოხდება, არამედ "მეორე სამხრეთოსურ" ომამდე მივალთ, გაცილებით უფრო მძიმე გეოპოლიტიკური შედეგებით როგორც რუსეთისათვის, ისე საქართველოსთვის. გავიხსენოთ გაიდარელები, რომლებმაც რუსეთის ეკონომიკა დააქციეს 90-იან წლებში, და დავფიქრდეთ: შეიძლება ამ გაიდარელების მოწვევა მათ მიერვე მოკლული ეკონომიკის ასაღორძინებლად?

სწორედ ასეთი რუსი სპეციალისტები არიან დაკავებულნი საქართველოს პრეზიდენტის რეგულარული ლანძღვით, და არ ესმით პროფესიონალი პროპაგანდისტვისათვის აუცილებელი ელემენტარული რამ.

პირველი: რუსეთის მოქალაქეები, რომლებსაც უღვივდებათ სიძულვილი მიხეილ სააკაშვილისადმი, გეოპოლიტიკურ და რეგიონულ სიტუაციაზე ვერანაირ გავლენას ვერ ახდენენ, მთელი პათოსი სიცარიელეში იკარგება.

მეორე: საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც თავიანთი ხელისუფლება მაინცდამაინც არ უყვართ, რაც პრინციპში არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი პოსტსაბჭოური დემოკრატიებისთვისაა დამახასიათებელი - მასობრივი ზეწოლის შედეგად ისინი უფრო დათბნენ ამ ხელისუფლების მიმართ.

მესამე: ასეთი მეთოდებით რუსეთი დარტყმის ქვეშ აყენებს პრორუსულად განწყობილ ელემენტებს საკუთრივ საქართველოს შიგნით, რომლებსაც არ შეუძლიათ წარსდგნენ საკუთარ ქვეყანაში "მოღალატეების" სტატუსით.

რუსული პროპაგანდა დაკავებულია არაფრის მომტანი წვრილმანებით და აგებს იმიტომ, რომ არ უხსნის ქართველებს არსებითად, რა ელით მათ უცხო და ცივ "ევროპულ სახლში", რომლისკენაც ისინი ასე აქტიურად და გულუბრყვილოდ მიილტვიან და რომლიდანაც გასაქცევად მზად არიან ბულგარელები, რუმინელები და თვით აღმოსავლელი გერმანელები, კონკრეტულ და ხისტ მონობაში ჩავარდნილები. ამის საწინააღმდეგოდ რუსული პროპაგანდა ბავშვური ტკობით განაგრძობს საქართველოს პრეზიდენტის დემონსტრირებას, როდესაც იგი რომელიღაც სამხედრო აღლუმზე მხედრული სალმის ნიშნად ხელს იდებს დაუბურავ თავზე, რითაც ეხმიანება ჯარში გავრცელებულ ხუმრობას - "ცარიელ თავზე ხელს არ იდებენ" (ამასთან, კომენტარის გარეშე რჩება რუსეთის დიდი მეგობრის "ჯორჯის" ანალოგიური ქმედებები, ისევე როგორც ყველა სხვა დასავლელი ლიდერისა, რომელთა არმიებშიც სალმის ამგვარი მიცემა დაშვებული ნორმაა). ამ ფონზე შემდგომი ქართველი პრეზიდენტიც ნაკლებ რბილი იქნება მოსკოვის მიმართ, თუნდაც მან ხელი არ მიიდოს უქუდო თავზე და ტელეეთერში საკუთარი ჰალსტუხი არ დაღეჭოს.

გარდა იმისა, რომ რუსეთს არ შეუძლია, გარესამყაროს წარუდგინოს სიტუაციის ადექვატური პოლიტოლოგები, მას ასევე არ შეუძლია თავისი მთავარი მუხრუჭის გადალახვა ინტეგრაციული ტენდენციებისთვის ბიძგის მისაცემად. რუსეთი არასოდეს, დახვრეტის მუქარის ქვეშაც არ აღიარებს სხვების გასაგონად, რომ მისი საბაზრო, დემოკრატიული შიგთავსი მეზობლების მოსაზიდად პრინციპში არ ვარგა. სწორედ ეს მომენტი წარმოადგენს რუსეთის მთავარ უბედურებას, როდესაც იგი გეოპოლიტიკურ სიდიდეზე აცხადებს პრეტენზიას. შეუძლია კი ქართველი ხალხის მოზიდვა ისეთ დიდ ჩრდილოელ ქვეყანას, სადაც ფასები ყოველ დღე იზრდება, სადაც ახალი წლის დღე - 1 იანვარი - გადაქცეულია ტარიფების ტოტალური ზრდის ზეიმად? ტარიფები ყველაფერზე - გაზზე, ელექტროენერგიაზე, ნაგვის გატანაზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, პურზე, ბენზინზე, ბინაზე, წყალზე, განათლებაზე, კავშირგაბმულობაზე. შეუძლია ასეთი პროპაგანდისტული ბალანსის მქონე რუსეთს, ნაყოფიერად აკრიტიკოს საქართველო მისი ეკონომიკის დოლარიზაციისთვის ან კომუნალური გადასახადების გაზრდისათვის? ეს ხომ უბრალოდ სასაცილოა, იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომ ამგვარი საგარეო პროპაგანდა პირველ რიგში თვით რუსეთის მოსახლეობაზე მოქმედებს გამაღიზიანებლად.

და ვის აირჩევს მთავარ ეკონომიკურ და პოლიტიკურ პარტნიორად საკუთრივ საქართველო, როდესაც თვალწინ ერთდროულად საბაზრო რუსეთი ერთის მხრივ და მეორეს მხრივ საბაზრო ამერიკა და ევროპა ჰყავს? ბუნებრივია, იგი იმ ბაზარს აირჩევს, სადაც მეტი ფული ტრიალებს და იმ დედაქალაქს, სადაც ამ ფულს ბეჭდავენ. რუსეთს არაფრით არ უნდა იმის გაგება, რომ საქართველო ნატო-ს თაყვანისმცემელი არ არის საკუთარი ბუნებით, უბრალოდ, ღატაკი საქართველო და მისი არცთუ მდიდარი ადამიანები იქითკენ ილტვიან, სადაც მათ ელემენტარულად მისცემენ ფულს, რათა შიმშილით არ დაიხოცონ.

ამერიკაც აძლევს ფულს საქართველოს. არა მარტო იმიტომ, რომ ამერიკას ფული თავად არ უღირს და მისი დაბეჭდვა უპრობლემოდ შეუძლია... უბრალოდ ამერიკა ანგარიშს უწევს ფაქტს, რომ თუ გსურს შეინარჩუნო ქვეყანა, უბრალოდ ვალდებული ხარ, მასში ჩაყარო ფული, თუნდაც ძლიერად არ გინდოდეს ეს, და სხვაგან გქონდეს ფულის ჩასადები ადგილი. ყბადაღებულ საბჭოთა კავშირს პროცესის ეს მხარე მშვენივრად ესმოდა, ეხმარებოდა რა ქვეყნის პერიფერიებს, ხშირად რუსების საზიანოდაც. მაგრამ სწორედ ამგვარმა მიდგომამ განაპირობა სსრკ საგარეო-პოლიტიკური წონა.

თანამედროვე რუსეთს, მიუხედავად ყველა თავისი პრობლემისა, თავისუფლად შეუძლია საჭირო ფინანსების გამონახვა. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მას ერთდროულად არ შეუძლია ფულადი საშუალებების გამონახვა როგორც საგარეო-პოლიტიკური კურსის გასატარებლად, ისე ოლიგარქთა იახტების დასაფინანსებლად. ასე რომ, თუ გვსურს ვიყოლიოთ კეთილი მეზობლები, მათ შორის საქართველოს სახით, უნდა ავირჩიოთ: ან ძვირიანი მეძავები სამამულო ოლიგარქებისთვის ან რუსული დროშები შორეულ კოშკებზე.

">მაშასადამე, რისთვის შეიძლება, საქართველომ შეიყვაროს რუსეთი თანამედროვე ეტაპზე? ჩვეულების გამო? მაგრამ საქართველოში უკვე იცვლება ბოლო თაობები, რომლებიც გენეტიკურად მიიჩნევენ რუსებს ძმურ ხალხად, ხოლო ახალგაზრდა განვითარებულ ქართველებთან ეს ფაქტორი აღარ მუშაობს.

ფულის გამო? ფულზე უკვე ზემოთ ითქვა: ან უნდა ავირჩიოთ რუსი ოლიგარქების კეთილდღეობა საფინანსო კრიზისის დროსაც ან ფინანსების კონცენტრირება საგარეო-პოლიტიკური მიზნებისათვის. რუსეთი არჩევანს აკეთებს ოლიგარქების გართობის სასარგებლოდ.

მაშ იდეოლოგიისთვის? ყიდვა-გაყიდვის იდეოლოგია, აქციებზე თამაში, ბირჟებზე სპეკულაცია (საბაზრო სახელმწიფოს ბუნებრივი იდეოლოგია) ჯერ არავისთვის ყოფილა მიმზიდველი. რუსეთის დაუმუშავებელი იდეოლოგიის ნაწილია ნატოს-თან ურთიერთობის საკითხიც. რუსეთი, რომელიც თავად მჭიდრო კონტაქტში იმყოფება ნატო-სთან და სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში თანამშრომლობს მასთან, მაგალითად "პარტნიორობა მშვიდობისათვის", ვერასოდეს აუხსნის მსოფლიოს და მით უმეტეს დსთ-ს, რატომ არის მისი თანამშრომლობა ბლოკთან კარგი, ხოლო იმავე ბლოკთან თბილისის და კიევის ურთიერთობა - ცუდია.

იქნებ როგორც ქართველების, ისე რუსებისთვის მობეზრებული ჟირინოვსკის ან ზატულინ-დუგინის ტიპის პოლიტიკოსებისა და პოლიტოლოგების ხათრით? პირველი მათგანი ღიად უცხადებს უკრაინას, რომ რუსეთი მიეკუთვნება ოქროს მილიარდს, უკრაინელები კი - არა, ამით იგი აცამტვერებს არა თავის თავს, არა უკრაინელებს, არამედ, პირველ რიგში უმაღლეს რუსულ ხელისუფლებას, რომელიც თავის სიახლოვეს კვლავ აჩერებს ამ გამაოგნებელ ელცინურ კადრებს. მეორე - იკეთებს პირად "პიარს" ყველა მახლობელი საზღვარგარეთის საზღვრის გამშვებ პუნქტზე და საბაჟოზე, რომლის იქითაც მას აღარ უშვებენ, ბელარუსიის გარდა. მესამე - შეუფარავად გვთავაზობს თბილისში ტანკების გაგზავნას.

სურათზე: 1991 წლის მოდელის რუსეთის პოლიტოლოგიური მანქანა

ნავთობისა და გაზის გამო? სიყვარული "გათვლით", მატერიალურ საფუძველზე, მყარი არ არის ხოლმე. ჩვეულებრივ ყოფით სიტუაციაშიც ასეთი კავშირი კარგად არ მთავრდება: ქალი ან თავს იხრჩობს ან თავის მდიდარ ქმარს წამლავს, რათა მიიღოს მისი ქონება მემკვიდრეობით. მიუხედავად ამისა, რუსული ნედლეული თავისუფლად შეიძლება გახდეს საქართველოსთან ჩვენი სრულფასოვანი ურთიერთობების პროლოგი - მაგრამ უფასო ნედლეული, როგორც ეს ჩვენს ახლო წარსულში იყო. ნედლეული "შეღავათიანი ფასებით", როგორც ვხედავთ, დროდადრო თვით ბელორუსიის გაღიზიანებასაც იწვევს მოსკოვის მიმართ, ბელორუსია კი სულაც არ არის კავკასიური ქვეყანა. მაგრამ იმისათვის, რომ ნედლეული მთელი რუსული გეოგრაფიული ბუფერისთვის იყოს უფასო, რუსეთმა იგი, პირველ რიგში, თავისი საკუთარი მოქალაქეებისათვის უნდა გახადოს უფასო, რომლებიც უფრო შეიყვარებდნენ საკუთარ ხელისუფლებას. მაგრამ ეს უკვე სახელმწიფო იდეოლოგიის საკითხია.

იქნებ ქართველებმა რუსეთი დამოუკიდებელი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის უნდა შეიყვარონ? რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს - დიახ, საქართველოს შეუძლია რუსეთის შეყვარება მხოლოდ ამ ერთი პუნქტის გამო. მოსკოვი ერთადერთი ძალაა დედამიწაზე, რომელსაც შეუძლია საქართველოს ერთიანობის გარანტი გახდეს, ისევე როგორც სხვა მცირე მეზობელი ქვეყნებისა. და ეს სწორედ ასე იყო რუსეთის ისტორიის ასწლეულების მანძილზე. რუსეთისგან განსხვავებით, დასავლეთი ასეთ ობიექტებს ყოველთვის ანაწევრებდა და ნიველირებას უკეთებდა. ამ წესის ილუსტრაციას წარმოადგენენ ახალ-ახალი მაგალითები: "თავისიანებს" დასავლეთი აერთიანებს და აძლიერებს (გერმანია), "უცხოებს" აცამტვერებს (სსრკ, იუგოსლავია, სერბეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი). ქართველები ძალიან გულუბრყვილო ხალხი იქნება, თუკი იმედს იქონიებენ, რომ მათ მინიატურულ "იმპერიას" დასავლეთი ადმინისტრაციული თვალსაზრისით ხელუხლებელს დატოვებს. ასე რომ, პრობლემა მდგომარეობს მხოლოდ იმაში, რომ რუსეთი კვლავ მიმზიდველი გახდეს ქართველთათვის, და მაშინ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემა თავისით მოიხსნება... მაგრამ ჟირინოვსკის, ზატულინის და ელცინის მოწვევის სხვა სპეციალისტთა რუსეთი უძლურია ამის გასაკეთებლად.

ამ მძიმე შეკითხვებს საკმაოდ მარტივი პასუხი აქვთ. საქართველოს შეუძლია რუსეთი ჩვეულების გამო შეიყვაროს - თუკი მოსკოვი გაიგებს, რომ მან ახალგაზრდა ქართველებთან ურთიერთობას უნდა მიაქციოს მეტი ყურადღება, ვიდრე გაურკვეველ ქართულ ოპოზიციას. ფულის გამო - ახლებურად უნდა გაანაწილოს თავისი მთლიანი შიდა პროდუქტი. იდეოლოგიის გამო - რუსეთმა უნდა აჩვენოს მსოფლიოს, რა შთამბეჭდავი უპირატესობები აქვს რუსულ სახლში ცხოვრებას და რა უპირატესობები აქვს ამ სახელმწიფოსთან მეგობრობას. რუსეთის წარმომადგენლების ახალი სახელებისათვის - რომლებიც შეცვლიან მობეზრებულ მჟავე სახეებს. ნავთობის გამო, გაზის გამო, ახალი და მომაჯადოებელი რუსული სამხედრო-პოლიტიკური დოქტრინის გამო.

ყველაზე მნიშვნელოვანი ამაში ის არის, რომ ამგვარი რუსული მიდგომის არსებობის შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ ორიენტაციასა და ფორმატზე აღარაფერი იქნება დამოკიდებული. აღნიშნული ფორმულის მთავარი მახასიათებელია, რომ იარსებოს თავად ქართველმა ხალხმა, რომელიც აუცილებლად განიმსჭვალება ახალი და ადეკვატური რუსული ენერგეტიკით. მაგრამ თუკი მოსკოვი ვერ მოახერხებს, დროზე წარუდგინოს მსოფლიოს ამგვარი მიდგომები, საქართველო, თავისი ამჟამინდელი სახით, შესაძლოა, უკვე აღარც იყოს.

ყველაზე საშინელი (ქართველებისთვის კი - მოულოდნელი) ისაა, რომ ამაში დამნაშავე რუსეთი სულაც არ იქნება.