ქვეყანათმცოდნეობა

დამოუკიდებლობის ფორმულა - როგორ განვთავისუფლდეთ რუსეთისგან (ნაწილი მეორე)

 

ჯიმი ჯალიაშვილი

წინა წერილის დასკვნით ნაწილში ვცადეთ გაგვერკვია, რომელი მხარე დარჩა ”აგვისტოს კონფლიქტში” გამარჯვებული.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვის (აშშ, საქართველო, რუსეთი) აძლევდა ხელს ის, რაც მოხდა. ერთი შეხედვით, აღნიშნული სამეულიდან მართლაც ვერავინ ისარგებლა. მაგრამ კონფლიქტის შემდგომდროინდელი ანალიზი საქართველოსთან მიმართებით არ იძლევა ცალსახა და ზუსტი პასუხის შესაძლებლობას.

მიუხედავად სამხედრო მარცხისა, შეიძლება ითქვას, საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვნად განიმტკიცა საშინაო-პოლიტიკური პოზიციები და ლეგიტიმურობის ხარისხი. რაც არ უნდა პარადოქსულად აღიქმებოდეს, ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყოველგვარი განსაკუთრებული ტექნოლოგიების გარეშე შეძლო ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილის ნეიტრალიზება. უფრო მეტიც, აშკარად გამოვლინდა ამ უკანასკნელის არა მარტო ალტერნატიული იდეოლოგიის სრული დეფიციტი, არამედ ორგანიზაციული და ტაქტიკური სისუსტეც. ამიტომაა, რომ ზოგიერთ მათგანს მერკანტილურმა და კომფორმისტულმა მოტივებმა სძლია და ხელისუფლების დანამატად იქცა.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლების მიერ ქვეყნის შიგნით მოპოვებული პოლიტიკური აქტივი სრულად პროგნოზირებადს ხდის მომავალი არჩევნების შედეგსაც. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს თავისთავად მეტყველებს თვით ოპოზიციის სისუსტეზე, მაგრამ ეს ცალკე საკითხია და მასზე მოგვიანებით ვისაუბრებთ.

ხელისუფლების პოზიციების გამყარებას კი დიდად განაპირობებს მისდამი მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილის (პირველ რიგში კი, ამ ომით დაზარალებულთა) მხარდაჭერა. წაგებული ომის მიუხედავად, მასების ასეთი მობილიზება და მოთმინება შესაძლოა რუსეთისათვის (და არა მარტო რუსეთისათვის) გაუგებარიც იყოს, მაგრამ ფაქტია და ამ ფაქტს გააჩნია თავისი უარყოფითი და დადებითი მხარეები.

ქვეყნის ლიდერის ქარიზმა (მით უფრო, პოსტსაბჭოურ სივრცეში) რომ დიდად განაპირობებს მასების ერთიანობასა და მორჩილებას, ყველასათვის ცნობილია და ამაზე არც ღირს დაწვრილებით ლაპარაკი. მაგრამ ქვეყნის მომავლისათვის უფრო უკეთესი იქნება, თუ ეს ყველაფერი ჩვენი საზოგადოების სოციალური და ფასეულობითი ინტეგრაციითაა განპირობებული. ძალზე ძნელია ამ საკითხზე ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა. ყოველ შემთხვევაში, ამის მიმანიშნებელი ტენდენციები საზოგადოებრივ და პოლიტიკურ სფეროებში ჯერ-ჯერობით არ შეინიშნება.

ხოლო ის, რაც დღეს საკმაოდ აშკარად შეიმჩნევა, არის მტრის ხატის პრინციპით მმართველობა, რომელიც უზრუნველყოფს ხელისუფლების სიმტკიცესა და ქვეშევრდომთა მორჩილებას. ამიტომაც, რაც უფრო ძლიერ ”მტერს” ვებრძვით, მით უფრო ადვილია მასების მობილიზება.

მმართველობის აღნიშნული პრინციპი ხელისუფლებას საშუალებას აძლევს:

  • მაქსიმალურად შეზღუდოს ან ფაქტობრივად აღკვეთოს განსხვავებული აზრი (აქ არ ვგულისხმობ განსხვავებულ აზრს იმის შესახებ, თუ სად როგორი სახლი ავაშენოთ, შევცვალოთ თუ არა ამა თუ იმ ქუჩის სახელწოდება, მივცეთ თუ არა გაჭირვებულ მოსახლეობას უფლება, გათბობისთვის მოიმარაგოს შეშა და ა. შ.);
  • ამყოფოს ქვეყანა მეტ-ნაკლებად მუდმივ საომარ მდგომარეობაში;
  • გადაფაროს საკუთარი წარუმატებლობა მტრის ფაქტორით;
  • მოითხოვოს, წააქეზოს და ნორმად აქციოს ხალხის მიერ სასიცოცხლო მოთხოვნილებების თვითშეზღუდვა და მსხვერპლის გაღება;
  • მოიპოვოს საზოგადოების მხრიდან კონტროლის მიღმა დარჩენისა და პირადი ინტერესების დაკმაყოფილების შესაძლებლობა და ა.შ. და მისთ.

შეიძლება ითქვას, რომ მტრის ხატის პრინციპი ხისტი პოლიტიკის განხორციელების მეტად ეფექტური საშუალებაა, მაგრამ ძალზე ხანმოკლე და დემოკრატიული ქვეყნისათვის - მიუღებელი. უფრო მეტიც, საბოლოო ჯამში მას საზოგადოებისათვის კატასტროფული პრობლემის მოტანა შეუძლია.

ამ პოლიტიკით მივედით სამხედრო კონფლიქტამდე და დღევანდელ რეალობამდე. თუ ეს მოსაზრება არასწორია, მაშინ უნდა დავუშვათ, რომ ხელისუფლებას წინასწარ გაუთვლია სამხედრო კონფლიქტის მოსალოდნელი შედეგები. კერძოდ, სამხედრო მარცხითა და სამაჩაბლო-აფხაზეთის დაკარგვით ხალხის ერთიანობისა და საკუთარი პოზიციების განმტკიცება. და რაც მთავარია, ნატო-ში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესაძლებლობა. მაგრამ ლოგიკურად წარმოიშობა შეკითხვა - თუკი ეს ყველაფერი გათვლილი და დაგეგმილი იყო, მაშინ ღირდა კი ამისათვის ესოდენ დიდი მსხვერპლის გაღება?! ამიტომაც ძნელად დასაჯერებელია, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლებამ მართლაც წინასწარ იცოდა. რადგან ეს ასეა, ამიტომაც წარმოიშობა სხვა მრავალი შეკითხვა, რომელთა უპასუხოდ დატოვება ქვეყნის მომავალს არ წაადგება. ჩემი მიზანი არ არის სამხედრო ოპერაციის ანალიზი და მით უფრო, შეფასება, მაგრამ ცხადია, რომ მარცხის უმთავრესი მიზეზი, უწინარეს ყოვლისა, პოლიტიკაში უნდა ვეძიოთ.

ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მოიპოვა დასავლეთის მხარდაჭერა (როგორც ამის დამტკიცებას ცდილობენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები), არის რეალობის დამახინჯება, თუ მიჩქმალვა არა. უფრო ზუსტი და ვითარების ობიექტური ასახვა იქნებოდა, თუ ვიტყოდით, რომ დასავლეთმა ზურგი არ შეგვაქცია და მიუხედავად ჩვენი შეცდომებისა, გააგრძელა ჩვენთან ურთიერთობა. სამართლიანობა მოითხოვს, ისიც ვთქვათ, რომ აშშ-ის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა კვლავ აქტიურია და შესაძლოა, უფრო მეტადაც, ვიდრე სამხედრო კონფლიქტამდე.

ეს მხარდაჭერა, უწინარეს ყოვლისა, აშშ-ის გეოპოლიტიკური ინტერესებით აიხსნება. მეტი თუ მცირე დანახარჯებით აშშ მიუახლოვდა სტრატეგიული მიზნის მიღწევას; ისე როგორც მეტი თუ ნაკლები მსხვერპლით საქართველო მიისწრაფის ნატო-სკენ. და მაინც, პირველი მათგანის დანახარჯები გაცილებით მცირეა, რადგან არსებითი მნიშვნელობა არა აქვს მთლიან საქართველოში განლაგდება ნატო-ს სამხედრო ბაზები თუ ნახევარ საქართველოში. არც ამას უშავს რამე, ჩვენს ერს უკეთესი მომავლისათვის არაერთი მსხვერპლი გაუღია. მაგრამ წარსული ჩვენი დამამშვიდებელი ვერ იქნება. დღევანდელი გადასახედიდან საქართველო კვლავ დიდი რისკის წინაშე დგას. რუსეთული მენტალიტეტის გათვალისწინებით, არაა გამორიცხული, უფრო მძიმე სერიალებით ”აგვისტოს” გაგრძელება. მით უფრო, რომ სამხედრო კონფლიქტის შემდგომი პერიოდის ანალიზი მიანიშნებს რუსეთსა და აშშ-ს შორის გეოპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავებაზე. შესაძლოა, ეს გარეგნულად არ შეინიშნებოდეს, მაგრამ ცხადია, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო ოპერაციას ჰქონდა ანტიამერიკული მიმართულებაც. ეს კი ზესახელმწიფოს ამბიციების გათვალისწინებით, თეთრ სახლს არცთუ სასიამოვნო ფაქტად უნდა მიეღო.

აშშ-სგან განსხვავებით, რუსეთი უფრო დაუფარავად და ტლანქად მოქმედებს. ამიტომ, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მიერ განცხადებული მუქარა (საქართველოს წინააღმდეგ მორიგი სამხედრო ოპერაციის განხორციელების შესახებ), რბილად რომ ვთქვათ, ყურადსაღებია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეს განცხადება რუსეთის მინისტრმა არა თავისი კაბინეტიდან, არამედ თურქეთიდან გააჟღერა. როგორც ჩანს, იმავდროულად ეს იყო თურქეთის გაფრთხილებაც - ზედმეტი აქტიურობა არ გამოიჩინოს კავკასიაში.

ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება ღირს თუნდაც იმიტომ, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი არცთუ უსაფრთხოა. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე იქ ”მოთამაშეთა” პოზიციები არა თუ ხელსაყრელია საქართველოსა და აშშ-სთვის, არამედ პირიქით - სარისკოა. აღარაფერს ვიტყვი სამხრეთ კავკასიის ”მეორე სარტყელის” შემადგენელი ქვეყნების შესახებ.

გამომდინარე აქედან, ნატო-ში გაწევრიანებაც კი თვალსაწიერ მომავალში ჩვენს უსაფრთხოებას ვერ უზრუნველჰყოფს. მით უმეტეს, რომ საქართველო უფრო გამოკვეთილ ბუფერულ ზონად დარჩება და დაპირისპირებული ძალების გადამკვეთ წერტილად ჩამოყალიბდება. რუსეთულ მენტალიტეტსაც რომ თავი დავანებოთ, მიამიტობა იქნება იმაზე დაიმედება, რომ ნატო-ში გაწევრიანება თავისთავად ’მოხსნის’ საქართველოზე რუსეთის გავლენას. პირიქით, ახლაც და მომავალშიც ჩვენს ქვეყანას იგივე პრობლემები ექნება, რადგან, როგორც წესი, ყველა სახელმწიფო (მით უფრო, მეზობელი სახელმწიფოები) მეტ-ნაკლები ურთიერთგავლენის ქვეშ იმყოფებიან. მათ შორის არსებობს სხვადასხვა სახისა და ხარისხის გავლენა (ეკონომიკური, გეოპოლიტიკური, კულტურული, ისტორიული და ა. შ.). თუ ჩვენ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა გვესმის როგორც ურთიერთობათა ”დაკეტვა”, მაშინ ეს 21-ე საუკუნეში ყოფნას არ ნიშნავს; ან ნიშნავს იმ სახელმწიფოდ ყოფნას, რომლეთა მაგვართაც თანამედროვედ არ მიიჩნევენ.

წინა წერილში ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ სახელმწიფოს რეალური დამოუკიდებლობა განიზომება რეალური სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტით, მისი ხარისხით. ფორმალური და რეალური სუვერენიტეტი სხვადასხვა რამაა. შეუძლია თუ არა ხელისუფლებას სუვერენიტეტის რეალიზება - არის პოლიტიკური საკითხი. ხომ გვახსოვს, საქართველოს ხელისუფლების სუვერენიტეტი რეალურად არც იმ ტერიტორიაზე ვრცელდებოდა, რომელიც ფორმალურად ჩვენს იურისდიქციაში შედიოდა (აჭარა, სამაჩაბლო, აფხაზეთი). ყოფილ ხელისუფალთ არ შესწევდათ უნარი, რეალობად ექციათ სახელმწიფოს სუვერენიტეტი. ამას გულისხმობს სწორედ შარლ დე გოლის ცნობილი ფორმულა - დამოუკიდებლობა სხვა არაფერია, თუ არა დამოუკიდებლობის განკარგვა.

ამ ზოგად (მაგრამ საგულისხმო) ჭეშმარიტებაზე შევჩერდი იმიტომ, რომ ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაშიც არანაკლებ რთული იქნება რეალური სუვერენიტეტის შენარჩუნება. საკითხის დასმის წესით ვიტყვი - ვინ თქვა, რომ საქართველოში ნატო-ს ბაზების განლაგება არამც და არამც არ იქნება ჩვენი სახელმწიფოებრიობის დამოუკიდებლობის შეზღუდვა?!

ჩვენ ან შეგნებულად მივდივართ ამ გზაზე, და, მაშასადამე, ამ შეზღუდვაზე, ან უბრალოდ, მიამიტობით. დღევანდელი მსოფლწესრიგის პირობებში დიდი ფუფუნებაა იმის იმედად ყოფნა, რომ ჩვენი სუვერენიტეტის შემზღუდავ ქვეყანას ”მსოფლიო ხელისუფლება” დასჯის და რეალობად აქცევს საქართველოს დამოუკიდებლობას.

თავის დროზე ამ ილუზიით გავექანეთ რუსეთის იმპერიაში და ”მოვიცარიელეთ” უკან დასახევი გზა. მერე კი მოხდა ის, რაც ისტორიული კანონზომიერებით უნდა მომხდარიყო... დაირღვა გეოპოლიტიკური სტრუქტურა და საქართველო კვლავ უმძიმეს პირობებში აღმოჩნდა. ამ პოლიტიკით დღემდე მოქმედება არასწორია, რადგან უკიდურესობებში მოძრაობა იწვევს მის თანმდევ მძიმე ტკივილებს და ეროვნული თვითმყოფადობის გამოფიტვას.

გასაგებია, რომ პატარა ქვეყნების თვითგადარჩენა უმეტეს შემთხვევაში დიდი და ძლიერი სახელმწიფოს პატრონაჟით მიიღწევა, მაგრამ უკანდასახევი გზის შესაძლებლობა უთუოდ უნდა ვაქციოთ პროტექტორული პოლიტიკის აუცილებელ შემადგენელად (ისე, როგორც ამას აკეთებს ყაზახეთი, სომხეთი და სხვა პოსტსაბჭოური ქვეყანა). ამიტომ, იქნებ ჯობდეს ერთტოტიან ხეზე ასვლას გადავეჩვიოთ. მით უფრო, რომ თანამედროვე, დინამიკური და ცვალებადი მსოფლიოს პირობებში გეოპოლიტიკური სტრუქტურების ხანა სულ უფრო მცირდება.

არადა, ხისტი პოლიტიკის უარყოფითი შედეგები უკვე თვით ”სამკუთხედის” (რუსეთი-აშშ-საქართველო) ფარგლებში შეიმჩნევა. ამ ფორმატმა სულ რაღაც 2 - 3 წელიწადში გარკვეულწილად აბსოლუტური მნიშვნელობა შეიძინა და იგი თანდათანობით დაყვანილ იქნა მარტივ ფუნქციონალურ სქემამდე: რუსეთთან კონფრონტაციის ფუნქცია საქართველოს ერგო, მისი ქომაგის - აშშ-ს, აგრესორისა - რუსეთს. ამ სამეულიდან თავისი ფუნქცია ყველაზე უკეთ საქართველომ შეასრულა და მანვე ყველაზე მეტი ზარალი ნახა. სწორედ ამაში მდგომარეობს ჩვენი პოლიტიკის სიხისტე. ეს ხასიათი და აზროვნება ისტორიულად მოგვდევს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში შეხიზნული და ტყვეებად გაყიდული ჩვენი წინაპრები განსაკუთრებული ენერგიითა და ჟინით იბრძოდნენ უცხო ქვეყნისათვის...

სამკუთხედის ხისტობა იმაშიც ვლინდება, რომ სხვა პოლიტიკური სუბიექტებისათვის იგი გარკვეულწილად ჩაკეტილ და იმპერატიულ სტრუქტურად აღიქმება. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს ხელისუფლებას არც უცდია მისი ფარგლების გაფართოება (მაგალითად, რომელიმე წარმომადგენელი ევროპიდან). მხოლოდ საშინელი ”აგვისტოს” შემდეგ დაიწყო საუბარი პრობლემის ინტერნაციონალიზაციისა და ევროპის მნიშვნელობაზე. დავძენ, მანამდე ევროპა გვახსენდებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ დამკვირვებლებს დაედასტურებინათ საქართველოში ჩატარებული არჩევნების ”დემოკრატიულობა”.

                                                                                . . .

ჩვენი პოლიტიკისა და მისი შედეგების თუნდაც ეს მოკლე მიმოხილვა საშუალებას გვაძლევს, მოკლედ განვსაზღვროთ რუსეთისაგან განთავისუფლების რამედნიმე პრინციპი, კერძოდ:

  • რუსეთისაგან გათავისუფლება შესაძლებელია ანტირუსული პოლიტიკისაგან ჩვენი გათავისუფლებით. ეს გულისხმობს არა რუსეთისაგან განდგომას, არამედ მასთან დაახლოებას და ურთიერთობათა გაფართოებას. ტაქტიკური თვალსაზრისით ეს, უწინარეს ყოვლისა, ჩვენ გვჭირდება. ამას აკეთებს ყველა ის სახელმწიფო (მათ შორის დიდი და პატარა), რომელსაც მაინცდამაინც არ ეპიტნავება ჩრდილოელი გიგანტის ამბიციები. ეს იმიტომ, რომ მოგვწონს თუ არ მოგვწონს, გვიანდა თუ არა, რუსეთი თავისი გეოპოლიტიკური ფუნქციით თავისთავად ახდენს მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებზე ზეგავლენას. ნონსენსია და პოლიტიკური უუნარობის გამოვლენაა ჩვენებრ პატარა ქვეყანა სამხედრო კონფრონტაციაში შედიოდეს რუსეთთან და თანაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ისახავდეს მიზნად;
  • ”სამკუთხედის” ფორმატი საჭიროებს გარკვეულ ფუნქციონალურ ან სტრუქტურულ ცვლილებას... ამასთან ერთად, შესაცვლელია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ის ნაწილი, რომელიც ძირშივე კონფრონტაციულია და ეფუძნება მტრისა და მოყვრის პრინციპით ქვეყნების რანჟირებას. გასაგებია, რომ აშშ-ს შეუძლია და საფუძველიც აქვს ასეთი პრინციპით იხელმძღვანელოს და იმოქმედოს, მაგრამ ცოტა არარეალურია (თუ წამგებიანი არა), მისი საქართველოში ”გადმოტანა”;
  • ვფიქრობ, გარკვეული კორექტირება სჭირდება ეროვნულ ინტერესთა სისტემას, რომელიც გადმოცემულია ამავე კონცეფციაში. ყოველ შემთხვევაში, რუსეთ-საქართველოს სამხედრო კონფლიქტი თავისთავად მიანიშნებს ამ ორ ქვეყანას შორის ძირეულ ინტერესთა დაჯახებაზე. რა თქმა უნდა, საერთაშორისო ურთიერთობებში ყველა ქვეყანა საკუთარი ეროვნული ინტერესებით სარგებლობს და უმეტეს შემთხვევაში, ისინი ურთიერთსაპირისპიროა, მაგრამ პოლიტიკისა და პოლიტიკოსების ამოცანაა ამ დაპირისპირების მოხსნა და თანაც ისე, რომ დაცული იყოს საკუთარი ინტერესები. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა პოლიტიკური სუბიექტები ითვალისწინებენ ურთიერთინტერესებს. სხვა რამ საერთაშორისო ურთიერთობებში არსებითი არაა და მხოლოდ დეტალებია. სამხედრო კონფლიქტი მიანიშნებს იმაზე, რომ რომელიმე მხარეს საკუთარი ინტერესები ესმის არასწორად ან ვერ ახერხებს ინტერესთა თავსებადობის პოლიტიკურ საშუალებათა მიგნებას.

(გაგრძელება იქნება)