ქვეყანათმცოდნეობა

დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის ფორმულა - როგორ განვთავისუფლდეთ რუსეთისგან (ნაწილი პირველი)

ჯიმი ჯალიაშვილი

 

შესავალი. 

დღიდან დამოუკიდებლობის მოპოვებისა, საქართველო იბრძვის

(ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისათვის.

ვიბრძვით: ტერიტორიული მთლიანობისთვის, რუსეთის გავლენისაგან განთავისუფლების, სიტყვის თავისუფლების, სამართლიანი სასამართლოს, დემოკრატიული რეჟიმის, საბაზრო ეკონომიკისა და საკუთრების დაცვა-შენარჩუნებისათვის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, ნატოში გაწევრიანების, ელემენტარული სტაბილურობისათვის. . . ვიბრძვით ყველა მიმართულებით და “ყველა ყველას წინააღმდეგ”: ურთიერთს ებრძვიან ოპოზიციონერები, ხელისუფლება და საზოგადოება, “გაახალგაზრდავებული” პენსიონერები და ჭაბუკი ჩინოვნიკები და ა.შ.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ რაც უფრო მეტი შემართებით ვიბრძვით, მით უფრო უკუშედეგებს ვიღებთ. ვინმემ რომ არ იფიქროს – ქართველი ერი საჭირო ენერგიას არ იღებსო – მის გასაგონად ვიტყვი: ის, რაც საქართველოს ხალხმა გაიღო, ბარე ჩვენი ზომის ხუთ ქვეყანას ეყოფოდა.

ახლა, ერთი შეხედვით, მიზანი ყველასათვის გასაგები და მისაღებია, დასაეჭვებელი არც მიზნის მიღწევის საშუალებებია. და მაინც, იქნებ ღირდეს პრობლემის არსში ჩაწვდომა, ბოლოს და ბოლოს, განმეორებადი წარუმატებლობები უთუოდ მოითხოვს ამას.

1. დამოუკიდებლობის პრობლემა: გადაუჭრელი და გადაჭრადი

დღეს-დღეობით მიჩნეულია, რომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ერთადერთი და უმთავრესი კრიტერიუმია მისი სუვერენიტეტი. სახელმწიფო დამოუკიდებელია, თუ იგი უფლებამოსილია (სუვერენულია): ქვეყნის შიგნით - აირჩიოს მმართველობის საკუთარი ფორმა და პოლიტიკური რეჟიმი, ეკონომიკური განვითარების კურსი, სამართლებრივი თუ საგანმანათლებელი სისტემა და ა.შ. ქვეყნის გარეთ – დაიცვას საკუთარი უსაფრთხოება; განახორციელოს სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპი; არ დაუშვას თავისი ქვეყნის საშინაო საქმეებში სხვა სახელმწიფოთა ჩარევა; გაწევრიანდეს მისთვის მისაღებ საერთაშორისო სტრუქტურებში და ა.შ.

სახელმწიფოთა თანასწორობისა და დამოუკიდებლობის ამ ძირეულ პრინციპებს საფუძველი ჩაეყარა ჯერ კიდევ ვესტფალიის ხელშეკრულებაში (1648 წ.) და ოფიციალურად იგი დღესაც ყველაზე მნიშვნელოვან პრინციპად მიიჩნევა. თანახმად ამ პრინციპისა, ყოველი სახელმწიფოს სუვერენიტეტის საზღვრები ვრცელდება სხვა სახელმწიფოს სუვერენიტეტის გადაკვეთამდე. მაგრამ მსოფლიო ისტორია და თანამედროვეობა იმას გვიდასტურებს, რომ სუვერენიტეტის განმტკიცებისა და გავლენის გაფართოებისაკენ სახელმწიფოთა მისწრაფება ბუნებრივი და გარდაუვალია. ასე რომ არ იყოს, მუდამ ერთი მსოფლწესრიგი იარსებებდა და არც კონფლიქტებთან გვექნებოდა საქმე. ისიც ფაქტია, რომ, როგორც წესი, გავლენის გაფართოება უწინარეს ყოვლისა პატარა და სუსტი სახელმწიფოების ხარჯზე ხორციელდება. ამ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა არა აქვს გავლენის გაფართოების საშუალებებსა და ფორმას. თუ წარსულ ისტორიაში ეს ომებით მიიღწეოდა, ახლა ასეთივე როლს ასრულებს ეკონომიკური, იდეოკრატიული, ფასეულობითი და სხვა მსგავსი საშუალებები. ამასთან არც ძალისმიერი მეთოდებია მივიწყებული. დღეს იმის მოწმენიცა ვართ, თუ როგორ ითვისებენ დიდი და ძლიერი ქვეყნები პატარა, მაგრამ დამოუკიდებელი ქვეყნების ტერიტორიის ნაწილს (თანაც სამხედრო საშუალებებით) და როგორ “ქმნიან” ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს (კოსოვოს, სამაჩაბლოს, აფხაზეთს. . .).

ამიტომ ადვილი არაა იმის მტკიცება, რომ მაგალითად, ავღანეთი, მექსიკა, აშშ, კოსოვო, თურქეთი, რუსეთი, ირანი და სხვა სახელმწიფოები თანასწორი დამოუკიდებლობის მქონე ქვეყნებია.

რეალობა ისაა, რომ პატარა და დიდი სახელმწიფოების თანასწორობის პრინციპი ფაქტობრივად არ მუშაობს. ხოლო, რადგან და ვიდრე ეს ასეა, დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით პატარა ქვეყნები ამჯობინებენ იმ საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას, რომელითაც უფრო მეტ სუვერენიტეტს შეინარჩუნებენ.

ამ თვალსაზრისით, საქართველო გამონაკლისი არაა და ევროატლანტიკური სივრცისაკენ მისი მისწრაფება გასაგები და გამართლებულია. მით უფრო, რომ რუსეთთან მრავალსაუკუნოვანი სარწმუნოებრივი, კულტურული, სოციალური კავშირების მიუხედავად მან სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვა.

მაგრამ ორიენტაცია თავისთავად არ უზრუნველყოფს მიზნის შესატყვის შედეგს. არსებითი მნიშვნელობა აქვს მიზნის განხორციელების საშუალებას (პოლიტიკას). შეიძლება ითქვას, რომ დღემდე მოქმედი პოლიტიკა მიზნისა და რეალობის არაადეკვატურია. არაადეკვატური და არაეფექტურია იმიტომ, რომ ხისტია; ხისტია იმიტომ, რომ აგებულია დილემაზე: ან რუსეთი, ან აშშ. რჩება შთაბეჭდილება, რომ ამგვარი პოლიტიკის აპოლოგეტები რუსეთთან კონფრონტაციას მიიჩნევენ საქართველოს დემოკრატიულობის გამოვლინებად ან ამას სჩადიან მფარველი ქვეყნის გულის მოსაგებლად და მათგან ჩვენდამი მეტი მხარდაჭერის მოსაპოვებლად.

 

ძნელად დასაჯერებელია, აშშ-ს საქართველოსადმი მხარდაჭერის იმაზე მეტი მოტივი სჭირდებოდეს, ვიდრე რუსეთის ტერიტორიულ საზღვრებთან მიახლოება. განა ამ ყველაზე მთავარი მოტივის გამოვლენება არაა ის, რომ საქართველოში გასული საპრეზიდენტო და საპარლამენტო ასერიგად საეჭვო არჩევნების შემდეგ კვლავ დემოკრატიულ სახელმწიფოდ შეგვაფასა?!

 

მიუხედავად ამისა, ძნელად დასაჯერებელია, რომ სამაჩაბლოში (ე.წ. სამხრეთ ოსეთში) სამხედრო მოქმედებების დაწყება დაკავშირებული იყო აშშ-ის ლიდერებთან; ისევე, როგორც დაუჯერებელია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ ივარაუდა კონფლიქტში რუსეთის სამხედრო ჩარევის გარდუვალობა. თუ ეს ასე არაა, მაშინ ჩვენ ეს მსხვერპლი მართლაც რუსეთის არადემოკრატიულობის კიდევ ერთი გამოვლენისთვის გაგვიღია?!

უფრო მეტიც, იმთავითვე ადვილად განჭვრეტადი იყო არა მარტო საქართველოს საშინაო საქმეებში რუსეთის ჩარევა, არამედ ჩვენი მარცხიც. გასაკვირია, მაგრამ ომის შემდგომ ჩვენმა ექსპერტებმა აქა-იქ საუბარი დაიწყეს წარუმატებლობის მიზეზებზე. თურმე ნუ იტყვით და, ზოგი მათგანი მიზეზს საქართველოს სათანადო სამხედრო მოუმზადებლობაში ხედავს, ზოგიც ტაქტიკაში, მხედართმთავართა უნიათობაში და ა.შ.

რა თქმა უნდა, სამხედრო კომპონენტი ძალზედ მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი პოლიტიკაა, მით უფრო, არაპროპორციული სამხედრო ძალების მქონე სახელმწიფოთა შორის. უმრავლეს შემთხვევაში ომში გამარჯვებას მართებული პოლიტიკის მქონე ქვეყნები აღწევენ (განსაკუთრებით შესამჩნევია ეს XX საუკუნიდან მოყოლებული) და აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს ქვეყნის ტერიტორიულ ზომას, ასაკსა თუ სხვა ფაქტორებს (მაგალითად, სსრ კავშირის - ფინეთის ომი). ომები აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან წავაგეთ, უწინარეს ყოვლისა, უმართებული პოლიტიკით, წავაგებთ მომავალშიც, თუ პირუთვნელად არ ვაღიარებთ ჩვენს შეცდომებს და არ შევცვლით დღემდე მოქმედ პოლიტიკას.

ამ პოლიტიკის მცდარობას განაპირობებს ანტირუსეთული პოლიტიკის სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის რანგში აყვანა. თქმა არ უნდა, გასაგები და ლოგიკური იყო საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესში ანტირუსეთული პოლიტიკა, რომელსაც თითქმის ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა იყენებდა. მათ შორის და, სხვებზე არანაკლებ ამას თავად რუსეთიც აკეთებდა, რადგან საბჭოთა იმპერიის დაშლა რუსეთის საბჭოთა ფედერატიული სოციალისტური რესპუბლიკის გაუქმების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ იყო, რომ მაშინდელი რუსი ლიდერები (ელცინი, გაიდარი, ფეოდოროვი, იაკოვლევი და სხვები) მხარს უჭერდნენ საბჭოთა რესპუბლიკების ანტისაბჭოურ (გაგებულს როგორც ანტირუსულ) პოლიტიკას. შეიძლება ითქვას – ამ საკითხში ყველას ინტერესები თანხვედრი იყო.

მართლაც, ანტისაბჭოური მოძრაობა ხელს უხსნიდა იმპერიის დაშლას, ხოლო ანტიიმპერიული პოლიტიკა – საბჭოური სისტემის გაუქმებას. შესაბამისად, რომელიმე რესპუბლიკის საბჭოთა იმპერიიდან გასვლა უთუოდ უკავშირდებოდა პოლიტიკური და საზოგადოებრივი სისტემის ძირეულ გარდაქმნას. ზოგიერთმა ქვეყანამ ეს დროულად გაიგო და ძირითადი აქცენტი საკუთარი ქვეყნის გარდაქმნაზე გადაიტანა; საქართველომ კი პირიქით – რუსეთთან კონფრონტაციაზე. იქმნებოდა და დღესაც იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუსეთს აიგივებდნენ და დღესაც აიგივებენ საბჭოთა იმპერიასთან. ასეთი გაიგივება ოფიციალური რიტორიკის ღერძად იქცა და თითქოსდა დავბრუნდით 90—იან წლებში. . .

ამიტომ იყო, რომ ლამის საყოველთაო კამათის საგნად იქცა საკითხი: ჯერ დამოუკიდებლობა თუ დემოკრატიული გარდაქმნები. არადა, საბჭოთა კავშირის დაშლის  და პოსტსაბჭოური რესპუბლიკების სუვერენიზაციის შემდეგ ანტირუსეთული პოლიტიკის გაგრძელება სულ უფრო ნაკლებად მომგებიანი იყო. ხოლო ის, რომ პოსტსაბჭოური რუსეთი კვლავ იმპერიულ ან იმპერიული ამბიციების ქვეყნად დარჩა, ეს სხვა საკითხია და ამაზე ქვემოთ ვიტყვი.

ჩვენთვის მთავარი რუსეთის იმპერიულობის დასაბუთება კი არაა, არამედ ის, თუ რამდენად სწორია და მომგებიანია პოლიტიკა, რომელსაც გასული საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში ჩაეყარა საფუძველი და რომლის რეანიმირება 2003 წლიდან დაიწყო. ჩვენთვის მთავარია არა იმის გარკვევა, თუ რას წარმოადგენს რუსეთი (ეს ასე თუ ისე ვიცით), არამედ ის, თუ რამდენად ადეკვატური და ეფექტურია პოლიტიკა, რომლითაც ვცდილობთ რუსეთის გავლენისაგან განთავისუფლებას.

ჩვენგან განსხვავებით, პოსტსაბჭოური ქვეყნების უმრავლესობამ ანტირუსეთული პოლიტიკა ზომიერების ფარგლებში მოიქცია და აღმშენებლობითი პროცესის საშუალებად აქცია. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, სწორედ ანტირუსეთული პოლიტიკით ყველაზე მეტად და უკეთ რუსეთმა ისარგებლა; ის დღეს სხვა ქვეყნებზე არანაკლებადაა ინტეგრირებული ევროპასა და მსოფლიოს სხვადასხვა სტრუქტურებში და ბევრ სახელმწიფოზე არანაკლებად წონიანია. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ რუსეთი სამაგალითო დემოკრატიის ქვეყანაა. რეალურ დემოკრატიამდე რუსეთსაც და საქართველოსაც ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასავლელი. და ამ კონტექსტში დემოკრატიულობა-არადემოკრატიულობა არსებითი საკითხი არაა. ბოლოს და ბოლოს, აგვისტოს ომის შემდეგ მაინც უნდა გავიგოთ, რომ რუსეთის ეკონომიკურ-ფინანსური ბაზარი ევროპისათვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი დემიკრატიის ხარისხი, ან საქართველოს მიმართ მისი გადაცდომები.

ის, რომ ესტონეთმა, ლიტვამ და ლატვიამ თავი დააღწიეს რუსეთის გავლენას (ვგულისხმობ სახელმწიფოებრიობაზე უშუალო გავლენას), აიხსნება არა იმდენად რუსეთთან კონფრონტაციული პოლიტიკით, არამედ გეოპოლიტიკით. ერთ რომელიმე, მით უფრო ტერიტორიულად დიდ სახელმწიფოს რომ სხვადასხვაგვარი გავლენა აქვს სხვადასხვა მეზობელ ქვეყანაზე, ესეც გეოპოლიტიკური ფაქტორით აისახება. გამომდინარე აქედან, შეუძლებელი და წამგებიანია ვინმეს ან რაიმეს კალკირება. თუ ბალტიის ქვეყნებმა რუსეთთან ხისტი პოლიტიკით დააღწიეს თავი რუსეთს, საქართველომ იმავე პოლიტიკით პირუკუ შედეგები მიიღო.

ასე და ამ პოლიტიკით მივედით რუსეთ-საქართველოს ომამდეც, რომელმაც კიდევ უფრო დიდი ზარალი მოგვიტანა. ამჟამინდელი გადასახედიდან ძნელია მომხდარის სრული და კონკრეტული ანალიზი. მოვა დრო და პასუხი გაეცემა შეკითხვებს.

მაგრამ ეს თავისთავად ვერ მოხდება და ამ თვალსაზრისით, იქნებ, სრულ ანალიზს წაადგეს პასუხი შეკითხვაზე: ვის აძლევდა ხელს (ვის წისქვილზე ასხამდა წყალს) ის, რაც მოხდა და ვინ დარჩა გამარჯვებული? • ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული მიზნები თანმხვედრია: პირველი მოქმედებს ძირითადად გეოპოლიტიკური ინტერესებით – შეამციროს რუსეთის გავლენა სამხრეთ კავკასიაში და გააფართოოს საკუთარი გავლენა. საქართველო მიისწრაფვის ნატოსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებით რუსეთის გავლენისაგან განთავისუფლებისა და საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ.

ამ ეტაპზე აშშ ცდილობს თანმიმდევრული და მოქნილი პოლიტიკით სამხრეთკავკასიური სივრცეში დამკვიდრებისათვის მყარი საფუძვლების მომზადებას. ამიტომ იგი ჯერ-ჯერობით თავს არიდებს საქართველოს გამო რუსეთთან მწვავე კონფრონტაციას. გამომდინარე აქედან უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთ-საქართველოს სამხედრო დაპირისპირება აშშ-ის პოლიტიკას არ პასუხობდა იმის გამოც, რომ მნიშვნელოვნად შეიზღუდებოდა საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობა. აშშ-ის აღნიშნულ პოზიციას ადასტურებს, აგრეთვე, თეთრი სახლის მიერ საქართველოს ხელისუფლებისადმი მიმართული მკაფიო რეკომენდაციებიც, რომლის მთავარი აზრი მდგომარეობს შემდეგში – მოაგვარეთ ურთიერთობა რუსეთთან! რადგან ჩვენ ეს ვერ მოვახერხეთ, ბუნებრივია, ის, რაც მოხდა, არც აშშ-ის ინტერესებში შედიოდა.

რუსეთის მიზანი - სამხრეთ კავკასიაში გავლენის გაძლიერებით საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა – სრულიად გასაგებია. ყველა დროისა და ყველა ტიპის იმპერია იგივეს ცდილობდა. ზოგიერთი მათგანი მიზანს აღწევდა, ზოგიერთი კი ამას ვერ ახერხებდა. ერთიც და მეორეც დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე.

თანამედროვე ცივილიზებულ მსოფლიოში არაეფექტური, მიუღებელი და წამგებიანია ძალის გამოყენებით გავლენის გაფართოების ფაქტები. ამიტომ გავლენის სივრცის მოპოვება გეოპოლიტიკურ ფაქტორებთან ერთად დიდადაა დამოკიდებული დიდი სახელმწიფოს ფასეულობით სისტემაზე. ცხადია, რუსეთი ვერ შეძლებდა და თვალსაწიერ მომავალშიც ვერ შეძლებს ამ მხრივ აშშ-თან კონკურენციასა და საქართველოსთვის ალტერნატიული ვარიანტის შექმნას (აღარაფერს ვიტყვი ფინანსურ და ტექნოლოგიურ დივიდენდებზე). მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, რუსეთს შეეძლო საქართველოზე გავლენის მოპოვების სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი რესურსების გამოყენება. ამ თვალსაზრისით მნიშვნელობა არა აქვს ისეთ საკითხებს, თუ ვინ დაიწყო ომი და ვინ რა ზომის აგრესია აფრქვევდა. ფაქტი ისაა, რომ რუსეთიც და საქართველოც ყავლა გასული ხისტი პოლიტიკით გარდუვალს ხდიდნენ სამხედრო კონფლიქტს.

საქართველომ წააგო ომი და დიდი დანაკარგები განიცადა. მაგრამ არანაკლები დანაკარგი მიიღო რუსეთმა. მან ფაქტობრივად დაკარგა საქართველო, ხოლო საქართველომ გაირთულა ნატოში შესვლა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ომი არც რუსეთისთვის აღმოჩნდა ხელსაყრელი.

გამოდის, რომ ამ ომში ყველა მხარემ წააგო; გამარჯვებული კი არავინაა (თუ არ ჩავთვლით სამაჩაბლოსა და აფხაზეთს, რომლებიც რუსეთზე დამოკიდებულ დამოუკიდებლობას ეღირსნენ). მგონი ეს სიტუაცია ბოროდინოს ბრძოლას (1812) შედეგებს წააგავს. • არც საქართველოა გამარჯვებული. ჩვენ წავაგეთ ბრძოლა, რადგან ვერ შევძელით სრულიად სამართლიანი მიზნის მიღწევა – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. უფრო მეტიც, ამგვარი შესაძლებლობა, ჯერ-ჯერობით, შორეულ პერსპექტივაში თუ განიხილება. მაგრამ საქართველო ვერც მომავალში შეძლებს გამარჯვებას და რუსეთის გავლენისაგან განთავისუფლებას, თუ კვლავ იგივე პოლიტიკით იხელმძღვანელებს. როცა ერთ და იმავე ქცევას იგივე წარუმატებლობა მოსდევს და ამას არ ვითვალისწინებთ, მაშინ ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგივე წარუმატებლობა არ განმეორდება. დამოუკიდებლობა სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი დამოუკიდებლობის განკარგვა (შარლ დე გოლი).

ამიტომ კვლავ აქტუალურია საკითხი: როგორ “გავნთავისუფლდეთ” რუსეთისაგან.

 

              (გაგრძელება იქნება)