ქვეყანათმცოდნეობა

რუსეთის ”ირანიზაცია” - შესაძლებლობა, აუცილებლობა თუ ფანტაზია?

გიორგი ვეკუა

რუსეთის საფონდო ბირჟა ჯერ ისევ ”ფსკერთან” ფართხალებს, როგორც უყვართ ხოლმე თქმა საბირჟო ”ანალიტიკოსებს”, რომლებიც ყოველდღე აცხობენ თავიანთ პროგნოზებს. მათი საყვარელი ფრაზებია: ”ბირჟა ელოდება სიახლეებს აშშ-დან”... ”განწყობას ბირჟაზე განაპირობებს აშშ-ს შრომის ბაზრის ახალი ამბები”... და ა.შ. რა თქმა უნდა, გლობალიზაციის პირობებში ეს გასაგებიცაა, მაგრამ ასეთი მჭიდრო ბმა რუსული საფონდო ბაზრისა ამერიკულთან, თანაც რუსული აქციების უკიდურესი სიიაფის პირობებში მეტყველებს მხოლოდ ერთ რამეზე: რეალურ სუვერენიტეტამდე რუსეთს ჯერ კიდევ ბევრი უკლია.

კი მაგრამ, რა შუაშია სუვერენიტეტი, იკითხავს მკითხველი. იმ შუაშია, რომ რუსეთის ეკონომიკა, როგორც ჩანს, არც ისე სწორი მიმართულებით ვითარდებოდა, თუკი ე.წ. მსოფლიო კრიზისმა ასე ძლიერ გააიაფა რუსული კომპანიების აქციები, უფრო მეტად, ვიდრე სხვა განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის ე.წ. BRIC-ის ქვეყნებში (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი). ეკონომიკის გარეშე, რომელსაც ნებისმიერი კრიზისის დროს, მათ შორის ხელოვნურად გამოწვეული კრიზისის დროსაც, შეეძლება სტაბილურად იფუნქციონიროს, რაიმე სუვერენიტეტზე საუბარი ზედმეტია.

და რა დავინახეთ რუსეთის შემთხვევაში, დაწყებული აგვისტო-სექტემბრიდან? ქვეყნიდან დასავლური სპეკულაციური კაპიტალის გაქცევა, საფონდო ბაზრების უფსკრულში ჩაქცევა, რაც გაჭირვებით შეაჩერეს საფინანსო ინექციების საშუალებით, პანიკა, რომელსაც ზოგი ექსპერტი, საიტი თუ გაზეთი აღვივებდა, მოსახლეობის მიერ ანაბრების მასობრივი გატანა ბანკებიდან, და სულ ახლახანს, გიგანტური სავალუტო სპეკულაციები რუსული ბანკების (მათ შორის, სახელმწიფო ბანკების!) მონაწილეობით, რომლებიც ”რუბლის წინააღმდეგ” თამაშობდნენ და ყიდულობდნენ უცხოურ ვალუტას, იმის მაგივრად, რომ ეკონომიკა დაეკრედიტებინათ. ასეთი რამეები არ უნდა მომხდარიყო, ნებისმიერი ”კრიზისის” მიუხედავად, ეკონომიკის ფუნდამენტი სწორად რომ ყოფილიყო ჩადებული. რუსეთის მთავრობა და ფინანსური წრეები არ უნდა გამოკიდებოდნენ სპეკულაციური კაპიტალის მოზიდვას, საფონდო ბირჟების უსასრულოდ გაბერვას და უზარმაზარი რეზერვების დაგროვებას, რომლებიც ახლა ისევე სწრაფად იხარჯება, როგოც იზრდებოდა. ეს უბრალოდ ხდება იმ ვალების დაბრუნება, რომლებიც რუსეთის კომპანიებმა აიღეს დასავლეთში, ოღონდ თუ მაშინ დოლარი 24-25 რუბლი ღირდა, ახლა 35-36 ღირს...

ამგვარი ვალები 400 მილიარდ დოლარს აღემატება. დაიხარჯა თუ არა ეს ფული ინფრასტუქტურის და რეალური ეკონომიკის განვითარებაზე? ნაწილობრივ კი, მაგრამ ამავე დროს მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც იმპორტის გაზრდას მოხმარდა, მათ შორის სასურსათო და სხვა ფართო მოხმარების საქონლის იმპორტს.

ახლა კი ყურადღება მივაქციოთ ირანს. ამ ქვეყანას საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს რუსეთთან და საქართველოსაც მოუწევს მასთან ინტენსიური ურთიერთობების აწყობა, თუკი როდესმე ჩვენი სამშობლო განთავისუფლდება პროამერიკული კომპრადორული ხელისუფლებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ირანი დასავლეთის ქვეყნების მხრიდან მკაცრი სანქციების ქვეშ იმყოფება და იძულებულია დიდი თანხები ხარჯოს აშშ-ს და ისრაელის შესაძლო თავდასხმის მოგერიების თავიდან ასაცილებლად, ეკონომიკური ცხოვრება ამ ქვეყანაში ნორმალურ კალაპოტში მიმდინარეობს. თუმცა ირანი უფრო მეტადაც კი დაზარალდა ნავთობზე ფასის დაცემის გამო, ვიდრე რუსეთი, რადგან ირანი მხოლოდ ნავთობის ექსპორტიორია, რუსეთი კი გაზისაც, ხოლო გაზის ფასი ნავთობის ფასზე 6-9 თვიანი დაგვიანებით იცვლება. გარდა ამისა, ირანმა გაცილებით გვიან დაიწყო სამრეწველო განვითარება: 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ქვეყანა ათწლიან ომში ჩათრეული აღმოჩნდა, 90-იანი წლების ბოლოს და ამ საუკუნის პირველ წლებში კი ხელისუფლებაში ე.წ. ლიბერალები, ზომიერი ისლამისტები იყვნენ, რომლებიც არასაკმარისად ანვითარებდნენ ეკონომიკის ყველა დარგს.

ირანში არ შეინიშნებოდა არც ფართომასშტაბიანი სავალუტო სპეკულაციები, არც საფონდო ბაზრის მკვეთრი დაცემა, არც დეპოზიტების გადინება ბანკებიდან, არც ეკონომიკის დაკრედიტების პარალიზება და არც ადგილობრივი ვალუტის გაუფასურება. მართალია, ირანში მაღალი ინფლაციაა, მაგრამ მთავრობის სწორი სოციალური პოლიტიკის გამო ის არ აწვება მძიმე ტვირთად მოსახლეობის ღარიბ ფენებს და არც ეკონომიკის განვითარებას აბრკოლებს. უმუშევრობის დონე ნელა, მაგრამ სტაბილურად მცირდება. ამჟამად ის 10 პროცენტის დონეზეა და 2005 წელთან შედარებით 2-3 პუნქტით შემცირდა და ეს იმ ქვეყანაში, სადაც გაჭირვებით ხერხდება შობადობის კონტროლი და მოსახლეობის 40 პროცენტი 25 წელზე ახალგაზრდაა.

რა შეიძლება იყოს ირანსა და რუსეთს შორის ამგვარი განსხვავების მიზეზი? იქ რატომ არ გაიქცნენ ადამიანები მასიურად თავიანთი ფულის ევროებზე, ფუნტებზე, იენებზე და მით უფრო, დოლარებზე გადასახურდავებლად? რატომ არ დაიწყეს ბანკებიდან ანაბრების გატანა? თავად ბანკებმა რატომ არ მიჰყვეს ხელი სავალუტო სპეკულაციებს? ეს ყველაფერი არ მოხდა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ირანში არსებობს გარკვეული დისციპლინა და ზოგიერთი რამ აკრძალულია, არამედ იმიტომაც, რომ ამ ქვეყანაში სხვა ”თამაშის წესები” მოქმედებს, საზოგადოებას და ხელისუფლებას სხვა მენტალიტეტი აქვს. მათ გააჩნიათ მკაფიო გაგება იმისა, რომ ირანი სუვერენული ქვეყანაა და ისე უნდა მოიქცე, რომ ქვეყანა არ დაიქცეს, ხალხმაც ნორმალურად იცხოვროს და ეკონომიკაც რენტაბელური იყოს. ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე რაიმე ეკონომიკური თეორიები და მაღალკვლიფიციური ეკონომისტები, რომლებსაც ”დიდი ავტორიტეტი” აქვთ დასავლეთში. სინამდვილეში კი ბევრად უფრო მნიშვნელოვანიცაა, რადგან სწორი მენტალიტეტის გარეშე არავითარი ეკონომიკური რეცეპტები, მითუმეტეს, დასავლური, არ იმუშავებენ.

”სწორი მენტალიტეტი” - ეს მორიგი საბჭოური ელფერის მქონე ლოზუნგი არაა, არამედ გადაუდებელი აუცილებლობა ყველა ქვეყნისთვის, რომელსაც სურს სინამდვილეში სუვერენული იყოს და არ დაიხრჩოს ამერიკულ ”ლიბერალურ” ჭაობში. ეს არის იდეოლოგია, საკუთარი პოლიტიკური თეორია, რომელიც უნდა ჰქონდეს ყველა ქვეყანას, მათ შორის რუსეთს ან თუნდაც საქართველოს. იდეოლოგიის დამკვიდრება შეუძლებელია ”ზემოდან”, დირექტიულად, მაგრამ უპირველეს ყოვლისა სახელისუფლებო, მმართველობითი და ინტელექტუალური ელიტა უნდა იყოს მისი მატარებელი. ”გაჟღენთილი” უნდა იყოს შესაბამისი ფასეულობებით და განწყობებით.

სრულიად ნათელია, რომ რუსეთში (ისევე როგორც საქართველოში) იდეოლოგიის, საკუთარი პოლიტიკური თეორიის საფუძველი უნდა გახდეს მართლმადიდებლობა. არავითარი სხვა საფუძველი არ არსებობს. იგივეა ირანშიც, სადაც შიიზმი წარმოადგენს სახელმწიფო იდეოლოგიის საფუძველს. მაგრამ რუსეთი ის ქვეყანაა, რომელშიც ცხოვრობენ ავტოქტონი არამართლმადიდებელი აღმსარებლობის ხალხები, ძირითადად მუსლიმები (სუნიტები) და ბუდისტები (ლამაისტები). ამიტომაც მუშაობა იდეოლოგიაზე, პოლიტიკურ დოქტრინებზე უნდა გულისხმობდეს არამართლმადიდებელი ხალხების ინტეგრაციის პრობლემას საზოგადოებაში, რომლის იდეოლოგია დაემყარება მართლმადიდებლობას. ჩვენი აზრით, აქ არ არსებობს რაიმე გადაულახავი წინააღმდეგობანი, რადგან ტრადიციულ კონფესიებს (მართლმადიდებლობა, ისლამი, თუნდაც სუნიტური მიმართულების და ბუდიზმი ლამაიზმის სახით) შეუძლიათ თანაცხოვრება ტრადიციულად ორიენტირებული საზოგადოების ფარგლებში.

გარდა საფუძვლისა (მართლმადიდებლობისა), ახალი რუსეთის იდეოლოგია გამდიდრებული უნდა იყოს სხვა სააზროვნო პროდუქტებით და ფასეულობებით, რომლებიც რეალურად გათავისებული იქნებიან ხალხის დიდი ნაწილის და ელიტის მიერ და გამოდევნიან მათი ცნობიერებიდან ე.წ. ლიბერალურ ფასეულობებს, რომლებიც თავს მოახვიეს რუსულ საზოგადოებას (ისევე როგორც ქართულს) ბოლო წლებში. აქ არ არის ამ თემაზე დეტალურად საუბრის საშუალება, მაგრამ აღვნიშნავთ, რომ რუსეთში უკვე შეინიშნება საკმაოდ საინტერესო მოძრაობა ამ მიმართულებით. მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ახალი სააზროვნო პროდუქტების შესამუშავებლად, ხდება გადაფასება და წამოწევა ისტორიულად არსებული საზოგადო-ფილოსოფიური მიმართულებებისა და მათ ბაზაზე ახალი მიმდინარეობების ჩამოყალიბება. თუ ეს პროცესი დინამიურად გაგრძელდა, მაშინ შესაძლებელია შეიქმნას ახალი იდეოლოგია, რომელიც დაეფუძნება მართლმადიდებლობას და რუსი ხალხის ყოფიერების, აზროვნების და ისტორიის საფუძვლების გააზრებულ წარმოდგენებს.

ტექნოლოგიურად ამჟამინდელი ”ლიბერალური” იდეოლოგიიდან ახალ იდეოლოგიაზე გადასვლის პროცესი საკმაოდ რთული ჩანს. ლიბერალიზმის ან უფრო სწორად, სამოქალაქო საზოგადეობის დასავლური იდეოლოგია დღეს უკვე იდეოლოგია ან პოლიტიკური თეორიაც აღარ არის. ის იქცა ყოველდღიურობად, ჩაჯდა საყოფაცხოვრებო, საინფორმაციო პროცესების ქსოვილში და დამკვიდრდა, როგორც ფონი, ცხოვრების საფუძველი. შეუძლებელია ამ ფონის კავალერიული შეტევით ან დირექტიულად მოსპობა თუ ბლოკირება. ის განაპირობებს ლამის ყველაფერს ჩვენს ირგვლივ - დაწყებული მოხმარების სტრუქტურიდან დამთავრებული კვების, ჩაცმის, ქცევის სტილით, შობადობის მოდელით და ა.შ. თუ სახელმწიფო შეეცდება დასავლური მას-კულტურის და იდეოლოგიის ეს მძლავრი ნაკადი ერთბაშად შეაჩეროს, მაშინ შეიძლება წარმოიქმნას ვაკუუმი, რადგან არ არსებობს მზა მოდელები, რომლებიც ჩაანაცვლებდნენ არსებულს და ადამიანებს მისცემდნენ ორიენტაციის საშუალებას. ამიტომ აუცილებლობას წარმოადგენს ახალი, ალტერნატიული მოდელების და სააზროვნო პროდუქტების შექმნის დაჩქარება, რათა შესაძლებელი ფახდეს მათი საშუალებით ყოველდღიური ყოფის თანდათანობითი შევსება და ”ლიბერალური” ფასეულობების და მოდელების გამოდევნა.

ავიღოთ, მაგალითად, დემოგრაფიული სიტუაცია. რუსეთი იდგა და დღესაც დგას დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე (ისევ და ისევ, საქართველოც ანალოგიურად). მოსახლეობა რუსეთში წინა წლებში მცირდებოდა მილიონზე მეტი ადამიანით ყოველწლიურად, მიმდინარეობდა მოსახლეობის დაბერების და სასკოლო ასაკის ბავშვების რაოდენობის სწრაფი კლების პროცესები. 2000 წლიდან დაწყებულმა ცხოვრების დონის აწევამ თითქმის ვერ მოახდინა გავლენა დემოგრაფიულ სიტუაციაზე. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს ცნობილ ფაქტს, რომ შობადობა და ცხოვრების დონე პირდაპირპროპორციული არ არიან. პირიქით, უკუპროპორციულიც კი არიან ხშირად (რაც უფრო მაღალია ცხოვრების დონე, მით უფრო დაბალია შობადობა). მხოლოდ უკანასკნელი 2-3 წლის განმავლობაში რუსეთში შეინიშნება გარკვეული ცვლილებები, რაც უკავშირდება სამთავრობო პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს მატერიალურ წახალისებას მე-2 ბავშვის გაჩენისთვის. მაგრამ არანაკლები, თუ მეტი არა, როლი ითამაში, როგორც ჩანს, სახელმწიფო პროპაგანდამ. სწორედ ეს არის მთავარი - ადამიანების მენტალიტეტი, მათი შეხედულებები ცხოვრებაზე. არავითარ მატერიალურ წახალისებას არ ძალუძს მენტალობის შეცვლის გარეშე შობადობის აწევა და ეს კარგად ჩანს განვითარებული ქვეყნების მაგალითზე. მხოლოდ მაშინ, როცა მოსახლეობის უმრავლესობა ტრადიციულ ფასეულობებს მისდევს (და არა ლიბერალურს ანუ სამოქალაქო საზოგადოების ფასეულობებს), მართლაც რელიგიურია და ამავე დროს, ამაყობს საკუთარი ქვეყნით და გულდამშვიდებული უყურებს მისი მომავალს, შესაძლებელია მაღალი შობადობის უზრუნველყოფა. ეს მოხდება იმ შემთხვევაშიც, თუკი ქვეყანას გარკვეული ეკონომიკური სიძნელეები აქვს და ცხოვრების დონეც დაბალია სხვებთან შედარებით. აი პრაქტიკული მაგალითი, როცა იდეოლოგიის თავისებურებები, ფასეულობები უშუალოდ ახდენენ ზეგავლენას საზოგადოების ძირითადი პრობლემების გადაჭრაზე, რომლებიც არანაირი სხვა გზით არ გადაიჭრება.

დემოგრაფიის თემას უკავშირდება ისეთი საკითხიც, როგორიცაა მოსახლეობის განსახლება. რუსეთი ამ მიმართულებითას სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას (დავიღალეთ ერთიდაიგივეს წერით, მაგრამ ანალოგიურად საქართველოც - კარგად ჩანს, რამდენად ბევრი საერთოა ამ ორ ქვეყანას შორის, მიუხედავად განხვავებებისა, თუნდაც პრობლემების თვალსაზრისით). ციმბირი, შორეული აღმოსავლეთი დასახლებულია უკიდურესად მეჩხერად. ამავე დროს, საზღვრის მეორე მხარეს, ასობით მილიონი ადამიანი უკვე ვეღარ ეტევა თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში. ეს განსხვავება ქმნის ისეთივე წნევას, როგორსაც წყალუხვი მთის მდინარე ახდენს კაშხალზე. ამ კაშხლის გარღვევა უზარმაზარი ტერიტორიების ”დატბორვის” საფრთხეს ქმნის. როგორ შეიძლება საკუთარი (არა ჩამოსული) მოსახლეობის რაოდენობის გაზრდა ამ რეგიონებში? შობადობის გაზრდის გარდა, გარდაუვალი ხდება რუსეთის ცენტრალური რეგიონებიდან ხალხის გადასახლების პოლიტიკის დაწყება. მაგრამ ვერანაირი ეკონომიკური სტიმულები და შეღავათები ვერ იმუშავებს ეფექტურად ამ მიმართულებით, თუ არ იქნა იდეოლოგიური მოტივაცია. მხოლოდ პატრიოტულად განწყობილ ადამიანებს, რომლებსაც შეგნებული აქვთ თავიანთი მისია ქვეყნის და შთამომავლობის წინაშე, შეუძლიათ გახდნენ დიდი იმიგრაციული ნაკადების შემადგენელი ნაწილი. ამავე დროს, ეკონომიკური წახალისების გარეშეც არაფერი გამოვა.

დაახლოებით იგივე შეიძლება ითქვას სხვა პრობლემებზეც. ამასწინათ, აშშ-ს პრეზიდენტმა ობამამ წამოაყენა დევიზი, რომელიც ეკონომიკის გადარჩენის ოფიციალურ პროგრამაშიც კი ჩაიწერა: ”იყიდე მხოლოდ ამერიკული (ნაწარმი)!”. იგივე დევიზი უნდა ჰქონდეს ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანას: იყიდე პირველ რიგში შენი საკუთარი ნაწარმი. შესაძლებელია თუ არა ამის განხორციელება თანამედროვე რუსეთში, დასავლური სამომხმარებლო მოდელის და სამოქალაქო საზოგადოებისკენ სწრაფვის პირობებში? აბსოლუტურად შეუძებელია. ამასთან იდეოლოგია საჭიროა თუნდაც იმისთვის, რომ საზოგადოებამ რამე აწარმოოს, რადგან თუ არაფერს აწარმოებ, ვერც ვერაფერს იყიდი (შენს საკუთარს).

პირველ რიგში კი საჭიროა საკუთარი კვების პროდუქტების წარმოება და მოხმარება, რათა უზრუნველყოფილი იქნას სასურსათო უსაფრთხოება. და ამასთან, ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი პროდუქტების და არა გენეტიკურად მოდიფიცირებულების და ქიმიკატებით გატენილი, პლასტმასის გემოს მქონე ”სურსათის”. ესეც იდეოლოგიაა - რა ვჭამოთ, როგორ, როდის, როგორ მომზადებული და ა.შ. არავინ იფიქროს, რომ ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკური კინკლაობები თუ მთავრობის დეკრეტები. ყველაფერი იწყება საფუძვლიდან, ყოველდღიური ცხოვრებიდან, ადამიანთა შორის ურთიერთობებიდან, ქცევის მოდელებიდან... ცოტაოდენი უტრირებას თუ დავუშვებთ, შეგვიძლია ვთქვათ: ხალხი, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ყოველდღიურად ან ხშირად მაინც იკვებება, ვთქვათ, მაკდონალდსებში (ჰამბურგერებით), ვერასოდეს შექმნის სუვერენულ სახელმწიფოს, ვერც საკუთარ კულტურას, ფასეულობებს და სააზროვნო პრიდუქტებს.

სხვა გზა კი არ არსებობს, არც რუსეთისთვის, არც ირანისთვის, არც საქართველოსთვის და სხვა ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელსაც სურს თვითიდენტიფიკაციის შენარჩუნება ან გამოკვეთა და არ სურს შთაინთქას პროფანიზებულ თანამედროვე რეალობაში, იმის გარდა, რომ შექმნას საკუთარი იდეოლოგია თავისივე რწმენის საფუძველზე და გაამდიდროს იგი იდეებით, რომლებსაც აიღებს ეროვნული ცნობიერების თუ არაცნობიერის სიღრმეებიდან, მითოსიდან და ტრადიციებიდან.