ქვეყანათმცოდნეობა

რას მოასწავებს რუსეთ-თურქეთის დაახლოება?

გიორგი მოლოდინი

რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტი

რუსეთისა და თურქეთის დაახლოება ერთ-ერთ მნიშვნელოვან და საინტერესო რეალიას წარმოადგენს საერთაშორისო პოლიტიკურ სცენაზე

. ეს პროცესი საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე დაიწყო, გრძელდება დღემდე და იძენს სულ უფრო მეტ სიღრმეს და აქტუალობას.

პირველ ეტაპზე დაახლოების პროცესი რუსეთ-თურქეთის სავაჭრო ურთიერთობებში გამოვლინდა. დაბალი საექსპორტო ღირებულების წყალობით თურქეთმა შეძლო თავისი სავაჭრო ნიშა დაეკავებინა პოსტსაბჭოთა სივრცეში, რაც ყველაზე მასშტაბურად რუსეთთან მიმართებაში მოხდა. დღევანდელი მონაცემებით რუსეთი თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. რაც შეეხება ტურიზმს, მხოლოდ გასულ წელს თურქეთს სამი მილიონი რუსი ტურისტი სტუმრობდა.

განვითარებული სავაჭრო ურთიერთობებიდან ორი ქვეყანა საკმაოდ მალე უფრო სერიოზული პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე თანამშრომლობაზე გადავიდა. 1997 წელს ხელი მოეწერა «ცისფერი ნაკადის» პროექტს. პროექტის ხელმოწერიდან 4 წლის შემდეგ კი თურქეთმა რუსეთიდან ბუნებრივი აირი შავი ზღვის გავლით პირდაპირი ხაზით მიიღო. Pპროექტის სიძვირისა და საეჭვო ეკონომიკური მიზანშეწონილობის მიუხედავად რუსეთი მაინც აქტიურად შეუდგა მის განხორციელებას, რადგან ხელმძღვანელობდა პირველ რიგში პოლიტიკური მოსაზრებებით. აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ “ცისფერი ნაკადის” სწრაფმა წინსვლამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ბაქო-თბილისი- ერზერუმის გაზსადენის მშენებლობა და რამდენიმე წლით გადადო მისი რეალიზაცია.

პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავება სამხედრო-სტრატეგიულ საკითხებზეც აისახა. 2006 წლის მარტში თვალშისაცემი გახდა რუსეთისა და თურქეთის ინტერესთა თანხვედრა შავი ზღვის აკვატორიასთან დაკავშირებით. .თურქეთმა, ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს, შავი ზღვის აკვატორიაში ანტიტერორისტული საზღვაო ოპერაციის, Operation Active Endeavor (”ოპერაცია აქტიური ღონისძიება”) ჩატარების უფლება არ მისცა. თურქულმა მხარემ განაცხადა რომ შავი ზღვის ქვეყნების საზღვაო ფლოტებს მსგავსი ფორმატის ოპერაციების განხორციელება საკუთარი ძალებითაც შეეძლოთ. ამ პოზიციას აქტიურად დაუჭირა მხარი რუსეთის ფედერაციამ.

უკვე მოგვიანებით, 2006 წლის დეკემბერში, რუსეთი ოფიციალურად შეურთდა თურქეთის მიერ ინიცირებულ პროექტს სახელწოდებით “Black Sea Harmony” (შავი ზღვის ჰარმონია). აღნიშნული ინიციატივა “Operation Active Endeavor”-ის ფორმატის ანალოგია იყო, თუმცა იმ განსხვავებით, რომ “Black Sea Harmony”-ს მონაწილეები არა ზოგადად ნატო-ს წევრი სახელმწიფოები და მათი პარტნიორები, არამედ მხოლოდ შავი ზღვის აკვატორიის ქვეყნები იყვნენ, სადაც წამყვანი როლი უკვე სწორედ თურქეთსა, და გარკვეულ წილად რუსეთს ჰქონდათ.

რუსეთ-თურქეთის პოლიტიკური სიახლოვის მოწმენი კიდევ ერთხელ გავხდით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროსაც, როდესაც თურქეთის ხელისუფლებამ შეერთებული შტატების მიერ გამოგზავნილ ორ სამხედრო-ჰუმანიტარულ გემს სრუტეში შესვლის უფლება არ მისცა. ამისთვის თურქულმა მხარემ 1936 წლის, მონტროს მიძინებული კონვენცია გააღვიძა რომლის თანახმადაც ამერიკული გემების მოცულობა არ შეესაბამებოდა კონვენციით დადგენილ სტანდარტებს. შეერთებული შტატები იძულებული გახდა საქართველოს მიმართულებით შედარებით მცირე ზომის გემები გამოეგზავნა.

2008 წლის 11 აგვისტოს კი თურქეთის პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას ახალი ინიციატივა გააცნო, რომელიც «კავკასიის სტაბილურობისა და თანამშრომლობის პლატფორმის» სახით მოგვევლინა. ინიციატივის ძირითად ამოცანას რეგიონში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის უზრუნველყოფა წარმოადეგნდა. როგორც ერდოღანმა აღნიშნა, ეს ინიციატივა უკვე შეთანხმებული იყო რუსეთის ფედერაციის პირველ პირებთან. «პლატფორმა» უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მისაღწევად მხოლოდ კავკასიის რეგიონის ქვეყნების გაერთიანებას გულისხმებოდა, რაც მიანიშნებდა რეგიონიდან სხვა გარე მოთამაშეების გამოთიშვას. ამ მოთამაშეებში კი პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი მოიაზრებიან.

ერდოღანის ეს დოკუმენტი პირველი თურქული ინიციატივა არ არის, რომელიც რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის შეიქმნა. «კავკასიის სტაბილურობისა და თანამშრომლობის პლატფორმას» წინ თურქეთის ყოფილი პრეზიდენტის, სულეიმან დემირელის მიერ 2000 წელს გაჟღერებული «კავკასიის სტაბილურობის პაქტი» უსწრებდა. ამ ორი რადიკალურად განსხვავებული დოკუმენტის ზედაპირული ანალიზიც კი ნათლად გვიჩვენებს თურქეთის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას.

დემირელის ინიციატივა ეუთოს ეგიდით უნდა განხორციელებულიყო. ის, კავკასიის რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების საქმეში ყველა დაინტერესებულ მხარეს ღიად ეპატიჟებოდა. ერთ-ერთ მთავარ მოთამაშეებად კი პირველ რიგში შეერთებული შტატები და ევროკავშირი მოიაზრებოდნენ. «სტაბილურობის პაქტს» საჯაროდ სწორედ ამერიკის შეერთებული შტატები ლობირებდა. სავარაუდოდ, «პაქტის» მიმართ რუსეთის ნეგატიური დამოკიდებულებაც ამერიკის მონაწილეობის გამო არსებობდა.

რაც შეეხება ერდოღანის «პლატფორმას», 8 წლის შემდეგ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების» უზრუნველყოფის გზების თურქული ხედვა რადიკალურად შეცვლილია. სავარაუდოდ, ამ კონცეფციის მთავარი მიზანი, რეგიონში თურქეთისა და რუსეთის ჰეგემონის როლის არაპირდაპირი დეკლარირებაა. დემირელის ინიციატივისგან განსხვავებით ერდოღანის პროექტში წამყავნ ძალად არ მოიაზრება დასავლეთის არც ერთი სახელმწიფო ან მათი თაოსნობით შექმნილი ორგანიზაცია. დასავლეთის არცერთი სახელმწიფო არ განიხილება თანასწორუფლებიანი მონაწილის სახითაც კი. “პლატფორმის” თანახმად კავკასიის ბედი რეგიონის ხუთმა სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს – თურქეთმა, რუსეთმა, საქართველომ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა. გასაგებია, რომ ბოლო სამი ქვეყნის პოზიცია პირველი ორის სიძლიერის ფონზე დიდ როლს ვერ ითამაშებს და ასეთი ფორმატის საქმიანობა ძირითადად თურქეთისა და რუსეთის ნებით იქნება ნაკარნახევი და, შესაბამისად, რეგიონის მომავალი იმაზე უნდა იყოს დამოკიდებული თუ რაზე მოილაპარაკებს ერთმანეთში ეს ორი სახელმწიფო.

კავკასიის რეგიონში დომინირება ორივე ქვეყნის ტრადიციულ გეოსტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს. ამ საკითხში ეს ქვეყნები ერთმანეთს ხშირად უპირისპირდებოდნენ, თუმცა მათ შორის გარიგებებსაც ჰქონდა ადგილი. ახალი რეალიების ანალიზი აჩვენებს, რომ ამ შემთხვევაში სწორედ გარიგებასთან გვაქვს საქმე. თუმცა, დღეს, ეს ორი სახელმწიფო ახალ კავკასიურ თამაშში განსხვავებული მდგომარეობით ერთვება.

რუსეთი დღეს ცდილობს კავკასიის რეგიონში მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნებას. ამავე დროს ის ცდილობს გაუმკლავდეს ისეთ მნიშვნელოვან პრობლემებს როგორიცაა: ფინანსური კრიზისი, ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება, მძიმე დემოგრაფიული ვითარება, რთული ურთიერთობა მეზობლებთან, პრობლემები სამხედრო სფეროში და ახლად გაჩენილი «შავი ხვრელები» თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სახით, რომელთა ფინანსური გამოკვება რუსეთის ფედერაციის ფინანსურ სისტემას კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აგდებს.

რაც შეეხება თურქეთს, მან უსაფრთხოების მთავარი პრობლემა სამჭოთა მუქარის საფრთხით თავის დროზე ნატოში გაწევრიანებით მოაგვარა და დღეს მას ანალოგიური საფრთხე არ აქვს. ეთნიკური სეპარატიზმის საფრთხე რესპუბლიკაში პრაქტიკულად დაძლეულია. ერთადერთ პრობლემას თურქეთისთვის ამ კუთხით ქურთისტანის საკითხი წარმოადგენს. თუმცა, ეს პრობლემა, მისი სერიოზულობის მიუხედავად ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს აღარ წარმოადგენს.

ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე თურქეთმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ეკონომიკური აღმავლობის გზაზე. დღეს, ფინანსური კრიზისის პერიოდში რესპუბლიკის მთავარ ამოცანას ეკონომიკის სტაბილურობის და განვითარების დინამიკის შენარჩუნება წარმოადგენს.

შავ ზღვაზე და კავკასიის რეგიონში თურქეთისა და რუსეთის ტრადიციული დაპირისპირების მიუხედავად, დღეს სწორედ აქ იკვეთება მათი ინტერესების ერთგვარი დაახლოება. ამ შემთხვევაში იმის გადაჭრით მტკიცება, რომ ეს დაახლოება ტაქტიკურ, ან სტრატეგიულ ხასიათს ატარებს ჯერ ნაადრევია. ამას განაპირობებს ის, თუ როგორ განვითარდება სიტუაცია მსოფლიოში, რეგიონსა და თავად ამ ორ ქვეყანაში. ჯერჯერობით კი შავი ზღვის აკვატორიასა და კავკასიის რეგიონში ორივე ქვეყნის მთავარ მიზანს, სავარაუდოდ, რეგიონიდან სხვა მოთამაშეების გამოთიშვა წარმოადგენს. ეს მოთამაშეები კი პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირია.

არსებობს ალბათობა იმისა, რომ რუსეთი და თურქეთი დასავლეთის მიმართულებით სინქრონული პოლიტიკის გატარებაზე შეთანხმდნენ. მით უფრო მაშინ, როცა თურქეთს საბჭოთა საფრთხე აღარ ემუქრება, ხოლო მისი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ასეთ პირობებში, თურქეთი შეეცდება ევროპას მისი მნიშვნელობის შესახებ კიდევ ერთხელ შეახსენოს. ევროპის გაზმომარაგების დიფერსიფიკაციის თვალსაზრისით თურქეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა. აქედან გამომდინარე მისი ევროკავშირში გაწევრიანება ევროპისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხს უნდა წარმოადგენდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, რომ თურქეთმა და რუსეთმა გაზმომარაგების თემაზე დაყრდნობით ევროპის მიმართულებით ერთიანი თამაში აწარმოონ.

ამის მაგალითად შეიძლება მივიჩნიოთ თურქეთის «ყოყმანი» ნაბუკოს პროექტთან მიმართებაში, რომელიც მან პოლიტიკური ვაჭრობის საგნად აქცია. ცხადია, თურქეთის ასეთი პოზიცია რუსეთის ფედერაციაშიც სიამოვნებით მიიღეს.

შეთანხმებული თამაშის საინტერესო მაგალითად მოგვევლინა სომხეთიც. ანკარასა და ერევანს შორის ურთიერთობების დათბობაში რუსეთის როლი შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ყველაფერთან ერთად, ორი, ისტორიულად დაპირისპირებული ქვეყნის შერიგებაში რუსეთის ინტერესი, შეიძლება ირანი-სომხეთი-თურქეთის გაზსადენის თემის წამოწევაც იყოს.

ამავე დროს უნდა ითქვას, რომ ორ ქვეყანას შორის დისონანსის პოტენციალიც არსებობს. რუსეთი და თურქეთი კვლავ რჩებიან ტრადიციულ მეტოქეებად კავკასიის რეგიონში. რუსეთის ფედერაციაში უარყოფითად აღიქმება მისი გვერდის ავლით განხორციელებული ყველა ენერგეტიკული პროექტი, მათ შორის უკვე განხორციელებული ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი. რუსეთი ყოველთვის შეეცდება მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას ხელი შეუშალოს.

სავარაუდოდ, ორი ქვეყნის ურთიერთობებზე უარყოფით გავლენას ახდენს მოძრაობა სახელწოდებით პან-თურქიზმი, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში დაიწყო და მიზნად დაისახა მსოფლიოს მასშტაბით, თურქულენოვანი ხალხების გაერთიანება და ფინანსური მხარდაჭერა. დღეს ეს რეალია განსაკუთრებულად მტკივნეულია რუსეთისთვის, თურქეთში მცხოვრები ჩრდილო-კავკასიური დიასპორის აქტიური პოლიტიკური ფაქტორის გამო.

წინააღმდეგობის პოტენციალის შემცველია ეკონომიკური ფაქტორიც. მაგალითისთვის, დაბალი საექპორტო ღირებულების წყალობოთ თურქული პროდუქტი უკვე წლებია კონკურენცას უწევს რუსულ პროდუქტს ისეთ ბაზრებზე როგორიცაა თავად რუსეთი და უკრაინა. თუმცა როგორც ეკონომიკური ექსპერტები აღნიშნავენ რუსეთი ფინანსური კრიზისის გამო იძულებულია თვალი დახუჭოს და შემაგებებელი ქმედებები არ განახორციელოს, რაც განპირობებულია რიგი ფაქტორებით: 1) ფინანსური კრიზის დროს რუსეთის ფედერაციას ესაჭირობა სტაბილური მომწოდებელი და 2) ჩინეთის ეკონომიკურ აქტივობას რუსეთის ფედერაციაში ისევ თურქეთის აქტივობას ამჯობინებენ.

ამავე დროს, რუსეთისა და თურქეთის დაახლოებისთვის ნაყოფიერ ნიადაგს შესაძლოა ამ ქვეყნებში არსებული მზარდი ანტიამერიკული საზოგადოებრივი განწყობებიც ქმნიდეს, ისევე, როგორც ის სირთულეები, რომლებიც მათ გააჩნიათ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში აშშ-სთან. «ანტი-ამერიკანიზმი» თურქულ საზოგადოებაში 2005 წლის «ბი-ბი-სის” გამოკითხვით პიკს აღწევდა. ეს ტენდენცია დღესაც შენარჩუნებულია. რუსული საზოგადოების ანტიამერიკანიზმი კი დღეს ალბათ კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე ეს ცივი ომის დროს იყო. რაც შეეხება სახელმწიფო დონის ურთიერთობებს, რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების პრობლემური ხასიათი საყოველთაოდ ცნობილია. თურქეთსა და აშშ-ს პოლიტიკური ურთიერთობები კი დღეს ისეთი უღრუბლო აღარ არის, როგორც ეს ადრე იყო.

ამ რეალიებმა მკაფიო გამოხატულება ჰპოვა, მაშინ როცა თურქულმა მხარემ ამერიკელ სამხედროებს ერაყში შესასვლელად დერეფანი არ მისცა.

უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთ-თურქეთის დაახლოების პროცესზე გავლენას იქონიებს გლობალური ფინანსური კრიზისი. არ არის გამორიცხული, ფინანსური კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში ორივე სახელმწიფოს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და წამყვანი დასავლური სახელმწიფოების სერიოზული დახმარება დასჭირდეთ. ეს კი ორივე სახელმწიფოს აიძულებს კორექტივები შეიტანონ თავიანთ პოლიტიკაში ამერიკისა და ევროკავშირის ინტერესების გათვალისწინებით. თავის მხრივ, ევროკავშირს მოუწევს იზრუნოს თურქეთის მომავალი პოლიტიკური ორიენტაციის ბედზე. უმჯობესი იქნება თუ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს სათანადო ყურადღება დაეთმობა. თურქეთის დასავლეთთან ინტეგრაციის გაღრმავების პროცესში მნიშვნელოვანი როლის შესრულება აშშ-საც მოუწევს.

თურქეთის ევროკავშირის მიღმა დარჩენის შემთხვევაში კი ვითარება შესაძლოა საკმაოდ არასახარბიელო სცენარებით განვითარდეს. თურქეთი და რუსეთი, როგორც აღვნიშნეთ, ცდილობენ ევრიკავშირის და აშშ-ს კავკასიის რეგიონიდან გამოდევნას. თუ მათ ეს მოახერხეს, მაშინ არსებობს შემდეგი ვარიანტები:

1. მას შემდეგ რაც ისინი დიდი მოთამაშეების როლში კავკასიაში მარტონი დარჩებიან, თურქეთი და რუსეთი შეიძლება დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რათა საბოლოოდ გაარკვიონ კავკასიურ არენაზე გამარჯვებულის ვინაობა, ან

2. მოხდეს რუსეთსა და თურქეთს შორის კავკასიაში გავლენის სფეროების მკაფიო გადანაწილება და ახალი “გამყოფი ხაზების” გავლება.

ნებისმიერ შემთხვევაში, კავკასიის რეგიონში ასეთი ტენდენციების გაბატონება არ უნდა შედიოდეს ევროკავშირისა და ზოგადად დასავლეთის ინტერესებში. აქედან გამომდინარე, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება პრინციპულ ხასიათს იძენს. ევროპამ უნდა იფიქროს, რა უფრო ხელსაყრელია მისთვის, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება (ყველა სიძნელეების გათვალისწინებით რაც მას აბრკოლებს) თუ რუსულ-თურქული ენერგეტიკული ალიანსი? ამ ვითარებაში თურქეთის წევრობა ნატოში დასავლეთისთვის მყარ გარანტიად ალბათ ვერ ჩაითვლება. ვინაიდან, დაპირისპირების ფრონტმა, როგორც ამას ევროპაშიც აღიარებენ პოტენციური ბრძოლის ველებიდან მილსადენებზე გადაინაცვლა. ---