ქვეყანათმცოდნეობა

საქართველო ვალშია ირანის წინაშე

ბოლო დროს ქართულ პოლიტიკაში განვითარებული მოვლენები გვაიძულებს ყურადღება გავამახვილოთ იმ დიპლომატიურ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ და მისმა ხელმძღვანელმა

მიხეილ სააკაშვილმა გადადგეს. ჩვენი მიზანი სულაც არ არის ყველა მათგანის გაანალიზება, ვინაიდან ზოგიერთზე, უკვე გვქონდა ლაპარაკი ჟურნალ–გაზეთებში. შევეხებით საქართველოსთვის დასავლეთთან ურთიერთობაზე არანაკლები მნიშვნელობის საკითხს – ირანთან ურთიერთობას.

ჩვენმა მკითხველმა იცის ამ ქვეყანასთან ბოლო პერიოდში საქართველოს გააქტიურებული პოლიტიკის თაობაზე, რაც არც გასაკვირია და არც მიუღებელი, რამეთუ კავკასიაში მდებარე პატარა ქვეყნის დამოკიდებულება რეგიონის ლიდერ სახელმწიფოსთან ცხოვრების კარნახით გამოწვეული აუცილებლობაა. მითუმეტეს, როდესაც ირანს მრავალსაუკუნოვანი ისტორიული კავშირები აახლოებს როგორც საქართველოსთან, ისე ამიერკავკასიის დანარჩენ ორ სახელმწიფოსთან. არც ის არის დასამალი, რომ საუკუნოვანი ურთიერთობების განმავლობაში ადგილი ჰქონდა როგორც ნეგატიურ, ისე პოზიტიურ მოვლენებს.

ირანის მბრძანებელთა დამოკიდებულება საქართველოსადმი ძირითადად დიდისა და ძლიერის, პატარასა და სუსტთან დამოკიდებულების შუასაუკუნეობრივ პრინციპებს ექვემდებარეობდა, თუმცა სისასტიკესთან ერთად იყო კულტურა. ახლო აღმოსავლეთში დომინანტი სპარსეთის მდიდარ კულტურას მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი ეტანებოდა, მათ შორის საქართველოს. ჟამთა სვლამ, ისტორიულმა ობიექტურმა თუ სუბიექტურმა გარემოებებმა ერთმანეთს დააშორა ერთ დროს ახლოს მყოფი ქვეყნები. მართლმადიდებლურმა საქართველომ სხვა გზა აირჩია. ირანი საკუთარ პრობლემებში ჩაიძირა, განსაკუთრებით გასული საუკუნის განმავლობაში. დისტანცირებულმა ურთიერთობებმა შესაბამისი ნაყოფი – ერთმანეთის შესახებ მკრთალი წარმოდგენა შექმნა, რაც სულაც არ არის გასაკვირი. როდესაც არ გაქვს ურთიერთობა, არც ქვეყნის ავ-კარგი გაინტერესებს.

ირანში ყოფნის დროს ჩემთვის არც ის ყოფილა გასაკვირი, რიგითმა ირანელმა რომ ნაკლებად იცის საქართველოს შესახებ. გურჯისტანი მისთვის ისეთივე შორეულია, როგორც ქართველისათვის თანამედროვე ირანი. ჩემს თანამემამულეთა უდიდესი უმრავლესობის წარმოდგენა თანამედროვე ირანზე შაჰ აბასის პერიოდთან და ფერეიდანში გადასახლებულ ქართველთა ჭირ–ვარამთან ასოცირდება. დამოუკიდებლად ცხოვრების პერიოდში ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა, რაშიც უდიდესი წვლილი შეიტანა ირანის მხარემ. საქართველოს ძნელბედობის ჟამს ორ ქვეყანას შორის დაწყებულმა წვრილმა ვაჭრობამ სული მოათქმევინა უშუქოდ, გათბობისა და სიცოცხლისათვის აუცილებელ სხვა კომპონენტებს მოკლებულ საქართველოს. დაიწყო სახელმწიფოთაშორისო პოლიტიკური კავშირებიც, რასაც ხელი შეუწყო ორი ქვეყნის პრეზიდენტთა ურთიერთ ვიზიტებმა. კარგი დასაწყისი წარმატებული თანამშრომლობის საწინდარი შეიძლება გამხდარიყო, რომ არა საქართველოს ხელისუფალთა მიერ გამოცხადებული ერთადერთი უალტერნატივო კურსი – დასავლეთი. საქართველოს შიდა ცხოვრებაში დაიწყო შორიდან მოსულის მოუბოდიშებელი ხელის ფათური. ამერიკანიზებული საქართველო საინტერესო აღარ აღმოჩნდა ოფიციალური თეირანისათვის, ისე, როგორც თბილისისათვის ირანი. გაჩნდა საკამათო საკითხებიც, მათ შორის ისეთიც, რომელმაც 2 წლის წინათ თეირან–თბილისს შორის საგრძნობლად დაძაბა ურთიერთობა. საქმე ეხებოდა თბილისში ჩამოსული ირანელი ახალგაზრდის დაკავებას, ციხეში გამომწყვდევას, შემდეგ, ტერორიზმის საბაბით, ამერიკელთათვის გადაცემას.

დაბალ სახელმწიფოებრივ დონეზე ურთიერთობა ასე გაგრძელდებოდა, რომ არა საქართველოს პრეზიდენტის მოულოდნელი განცხადება – ირანის პრეზიდენტის საქართველოში ოფიციალური მოწვევისა და საქართველო–ირანს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე. სააკაშვილის განცხადება აშკარად იმსახურებდა არა მარტო საქართველოს მოსახლეობის, არამედ აშშ–ს ადმინისტრაციის ყურადღებას.

საქართველო აშშ–ს სტრატეგიულ პარტნიორად ითვლება. აშშ–ის დამოკიდებულება ირანისადმი აშკარად მძიმეა, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ირანი კატეგორიულად არ იზიარებს ამერიკის პოზიციას ირანის მიერ სამშვიდობო ბირთვული ენერგეტიკის შექმნასთან დაკავშირებით.

აშშ–ი აცხადებს, რომ ირანი მშვიდობიანი ატომის საბურველით ბირთვულ იარაღს ამზადებს, რაც კატასტროფის მომტანი იქნება მსოფლიოსათვის. ირანი აცხადებს, რომ რელიგიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ის არ დაამზადებს ბირთვულ იარაღს. მისი მიზანია ბირთვული ტექნოლოგიის ათვისება ელექტროენერგიის მისაღებად და მედიცინის გასავითარებლად. ბირთვული ტექნოლოგიის დაუფლება მეცნიერების განვითარების დარგში წინ გადადგმული ნაბიჯია, რაც ესოდენ ესაჭიროება თანამედროვე ირანს. ეს ქვეყანა ამზადებს ყველაფერს – სარეცხი ფხვნილიდან დაწყებული, საბრძოლო რაკეტებით და კოსმოსში გაშვებული თანამგზავრით დამთავრებული. მთიან სოფლებშიც კი ინტერნეტი ისეთივე ხელმისაწვდომია, როგორც თეირანში. რუსეთის დახმარებით როგორც იქნა დასრულდა ბუშერის ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობა, რითაც ირანმა მყარად დაიკავა ადგილი ბირთვული ტექნოლოგიების მქონე ქვეყნების რიცხვში.

ბუნებრივად იბადება კითხვა – რა არ მოსწონს აშშ–ს? აშშ–ს უპირველეს ყოვლისა არ მოსწონს ის, რომ ირანი ითვისებს ბირთვულ ტექნოლოგიას. ვაშინგტონისთვის უმჯობესია ამ ტექნოლოგიის გარეშე დარჩენილი ირანი, ამერიკის ხელის შემყურე, ამერიკაზე დამოკიდებული. ბირთვული ელექტროსადგურების მშენებლობის თვალსაზრისით აშშ–ს პრიორიტეტული პოზიციები უკავია. მას მეტოქეობას ფრანგები, გერმანელები და რუსები უწევენ. ბირთვული რეაქტორის მშენებლობა მსუყე შეკვეთას უკავშირდება და თუ ამ შეკვეთას აშშ მიიღებს, სარფიანი შემოსავალი გაუჩნდება. ეს მომავლისთვის, ვინაიდან დღეს ვაშინგტონ–თეირანს შორის, 30–წლიანი გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების პირობებში, ამ გარიგებაზე ფიქრიც ზედმეტია. ვაშინგტონს აღელვებს ირანის ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოდ გადაქცევის საკითხიც. ბირთვულ იარაღიან ირანთან ხელწამოკვრით ლაპარაკი ისე, როგორც ამას დასავლეთის მხრიდან დღეს აქვს ადგილი, შეუძლებელი იქნება. ბირთვული იარაღის მქონე ირანი არა მარტო რეგიონული ლიდერი იქნება, არამედ მსოფლიოში პატივსაცემი სახელმწიფო. რა გაეწყობა – მსოფლიოში დღესაც წარმატებულია – „შიში შეიქმს სიყვარულსა“, დევიზი.

აშშ–ს და დასავლეთის ქვეყნების მიერ აგორებული ანტიირანული ისტერია, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რიგით მეოთხე ეკონომიკური სანქციებით დასრულდა. ვაშინგტონმა შეძლო ერთ დროს ირანის მოკავშირედ მიჩნეული რუსეთის დაყოლიება უშიშროების საბჭოს რეზოლუციის კენჭისყრის დროს. ვაშინგტონმა მოახერხა ოფიციალური მოსკოვის დაჯერება ირანის საწინააღმდეგო ქმედებაში. კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ანტისარაკეტო სისტემა C–300–ს ირანისათვის მიყიდვის საკითხიც. მოსკოვის პოზიციის შეცვლა თანამედროვე ვითარებაში არ არის გასაკვირი. მოსკოვს სურს ახალი ტექნოლოგიების მიღება აშშ–დან, მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება, ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების გეგმის შეჩერება, ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსებისათვის წერტილის დასმა და სხვა. ყველა ჩამოთვლილი საკითხის მოსკოვისათვის დადებითად გადაწყვეტაში ამერიკასთან თანამშრომლობა აუცილებელია, თუმცა იმის გამოცნობაც ძნელია, სადამდე წაჰყვება ამერიკა რუსეთს. არც ის იქნება გასაკვირი, თუ აშშ–ს ახალი ადმინისტრაცია უარს იტყვის ობამას პროექტ „გადატვირთვაზე“, ასე რომ თეირანის რუსეთისადმი გაფრთხილება – ამერიკა მოატყუებს რუსეთს და ამერიკის გამო არ ღირს ძველი მეგობრის, ირანის დავიწყება, ანგარიშგასაწევია. მოქნილი დიპლომატიის შემთხვევაში, რუსეთს შეეძლო, შეუძლია კიდევაც არც მწვადი დაწვას და არც შამფური, თუმცა ჯერ–ჯერობით ამას ადგილი არ აქვს. თუ რას აქვს ადგილი – ორი ქვეყნის პრესაში ერთმანეთის მიმართ საყვედურიანი მოხსენიებაა და წვრილი დიპლომატიური დემარშები საერთაშორისო არენაზე.

ირანის გაფრთხილება ახდა კიდევაც. „დეილი ტელეგრაფში“ გამოქვეყნებული ცნობა პენტაგონ–ლონდონის სამოკავშირო–სამხედრო ურთიერთობებიდან გამომდინარე ზუსტად ის არის, რაზეც ოფიციალური თეირანი აფრთხილებდა მოსკოვს. საქმე შემდეგშია: ბრიტანეთის ახალმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა მკვეთრად შეამციროს სამხედრო ხარჯები, რითაც გაღიზიანება გამოიწვია პენტაგონში. ვინ არ დარეკა ლონდონში – თავდაცვის მინისტრ გეიტსიდან დაწყებული რიგითი მოხელით დამთავრებული. მათი აზრით, ბრიტანეთი ვალდებულია ჰყავდეს ძლიერი ბირთვული შემაკავებელი ძალები, აგრეთვე სადაზვერვო ინფორმაციის შემკრები სამსახური, ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ჯგუფი და სხვა. თუ ამას ადგილი არ ექნება ვაშინგტონი ემუქრება ლონდონს „განსაკუთრებული“ ურთიერთობების გაწყვეტით. ვაშინგტონის მიხედვით, ამერიკისა და ინგლისის წინაშე ერთი და იგივე საფრთხეებია: ჩრდილოეთ–კორეის ბირთვული იარაღი, ირანი და აღორძინებული რუსეთი. მათ წინააღმდეგ საბრძოლველად აშშ–ს ესაჭიროება ინგლისის დახმარება. ყოველივე აღნიშნული მიანიშნებს იმაზე, რომ ორივე ქვეყნისათვის რუსეთი რჩება ისეთივე სტრატეგიულ მოწინააღმდეგედ, როგორც უწინ. ცნობისათვის მოგახსენებთ, რომ აშშ–ს დავალებით ნატოს წევრი სახელმწიფო ვალდებულია სამხედრო მშენებლობისათვის გამოჰყოს ეროვნული პროდუქტის ორი პროცენტი.

ზემოთ მოყვანილი წიაღსვლების შემდეგ დავუბრუნდეთ სააკაშვილის მოულოდნელ განცხადებას ირანთან ძმობის თაობაზე და დავსვათ კითხვა – ეს სურვილი რამდენად შეესაბამება ჭეშმარიტებას და თუ ამას ადგილი არ აქვს, რითია გამოწვეული?

მოყვანილი ფაქტებიდან გამომდინარე, აშშ–ს სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოს ირანის მიმართ „მეგობრული“ გრძნობები კი არ უნდა გასჩენოდა, არამედ ისეთი უნდა ჰქონოდა, როგორიც განცხადებამდე ანუ ნეგატიური.

საქმის არსი შემდეგშია: აშშ–ი მყოფი სააკაშვილი პრეზიდენტმა ობამამ არ მიიწვია თეთრ სახლში, რაც სააკაშვილმა პირად შეურაცხყოფად მიიღო. არადა ტერორიზმის საწინააღმდეგო კონფერენციაში მონაწილეობა სულაც არ იძლეოდა სააკაშვილის თეთრ სახლში მიწვევის გარანტიას. სააკაშვილი ესწრებოდა კონფერენციას, მაგრამ მას გარდა 50 ქვეყნის პრეზიდენტი ესწრებოდა ამ ღონისძიებას, თუმცა მხოლოდ თითო–ოროლას ერგო თეთრ სახლში პრეზიდენტთან საუბრის პატივი. ამერიკაში სააკაშვილის ერთთვიანმა უაზრო ყოფნამ შედეგი არ გამოიღო, რამაც განარისხა პატივცემული მიხეილი და თბილისში დაბრუნებისთანავე გააკეთა ოფიციალური ვაშინგტონისათვის გამაღიზიანებელი განცხადება. პრეზიდენტს მხარი აუბა საგარეო უწყებამაც და მინისტრის მოადგილე კალანდაძემ გამართულ ბრიფინგზე ვრცლად ილაპარაკა, როგორც პრეზიდენტ აჰმადინეჟადის საქართველოში ვიზიტზე, ისე სავიზო ხელშეკრულებაზე.

პრეზიდენტის განცხადებას უმალ მოჰყვა სახელმწიფო პოლიტოლოგთა ქებათა–ქება ირანთან დაკავშირებით და პრეზიდენტის გადაწყვეტილების დადებითი შეფასება. მოულოდნელად წარმოქმნილი აჟიოტაჟი ჩააქრო ოფიციალური ვაშინგტონის გამოხმაურებამ და ჰილარი კლინტონის ვიზიტმა. მას შემდეგ ირანი არავის უხსენებია, უფრო სწორედ, რაც ახსენეს ურთიერთობათა საწინააღმდეგო იყო, ვიდრე სასარგებლო.

მაინც რა ახსენეს? სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას ირანის პრეზიდენტი არ მოუწვევია. გამოდის, რომ ირანის პრეზიდენტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კალანდაძემ მოიწვია. კალანდაძე ყოფილა პრეზიდენტი. კალანდაძის ძლევამოსილებაზე და ყოვლისშემძლეობაზე ბოლო დროს ხშირად გაისმის. გავიხსენოთ საქართველო–აზერბაიჯანის კონფედერაციის თემა. მართალია, თემა სააკაშვილმა შემოაგდო, შემდეგ კალანდაძე ალაპარაკა – დეტალებზე ვმუშაობთო, მაგრამ როდესაც ვითარება დაიძაბა, სააკაშვილმა უმალ იუარა – მე რა შუაში ვარო, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრმა ვაშაძემ ისეთი აბრაკადაბრა გაახურა ტელევიზიაში, ავ ყურს რომ არ მოესმინებოდა – საქართველო–აზერბაიჯანს ისეთი მჭიდრო ეკონომიკური კავშირები აქვთ, ნამდვილი კონფედერაციულიაო. აი, სწორედ ეს იგულისხმა პრეზიდენტმაო. მაგრამ რა ვუყოთ ვაშაძის მოადგილე კალანდაძის ნათქვამს შეთანხმების „დეტალებზე“ მუშაობასთან დაკავშირებით? საკუთარი უმეცრების და ავანტიურიზმის შედეგად ჩიხში მომწყვდეული საქართველოს ხელისუფლებისათვის არცთუ იოლი იქნება თავის დაძვრენა.

ერთადერთი, რაც სამინისტრომ მოიფიქრა, ის განცხადება იყო, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე მოლაპარაკება გრძელდება. საქმეში ჩაუხედავი რიგითი მოქალაქისათვის ეს ფორმულირება შეიძლება მისაღები იყოს, მაგრამ არა საქმეში ჩახედულისათვის. სავიზო ხელშეკრულება არ არის სტრატეგიული ბირთვული რაკეტების შემცირების ხელშეკრულება, რომ ერთი წელი დასჭირდეს მის მომზადებას, მით უმეტეს, როდესაც პროექტის ტექსტი რახანია წარედგინა საქართველოს საგარეო უწყებას ირანელი კოლეგების მხრიდან. ირან–საქართველოს დღემდე მოქმედი სავიზო ხელშეკრულება, ჩემი და ჩემი კოლეგების ძალისხმევით, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუზარელი და მუყაითი შრომით, თეირანში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში იქნა განხილული და პარაფირებული. აქვე ისიც მინდა გაუწყოთ, რომ უვიზო მიმოსვლის იდეა ირანის ხელისუფლებაში გაჩნდა, ცხადია მოსკოვის დასაფიქრებლად. ოფიციალურმა ირანმა განაცხადა, რომ მზადაა საქართველოსთან ცალმხრივად გააუქმოს სავიზო მიმოსვლა.

ორივე შემთხვევაში პირველ პლანზე წამოწეული საკითხების მიღმა იყო მთავარი – მოკავშირეების ქცევით გამოწვეული გაღიზიანება. საქართველომ ამ ავანტიურის შედეგად, ჰილარი კლინტონის დასამშვიდებელი აბები მიიღო, რომ ამერიკას საქართველო არ დავიწყებია და ის ყოველთვის იქნება საქართველოს გვერდში.

რაც შეეხება ირანს, მან სხვა მხარდაჭერაც დააფიქსირა საქართველოს მიმართ – გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ „აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ლტოლვილების უსაფრთხო, ნებაყოფლობითი და დაუყოვნებელი“ დაბრუნების რეზოლუციის მიღებისას. მიხეილ სააკაშვილმა გაეროს რეზოლუცია ქართული „დიდი დიპლომატიის პატარა გამარჯვებად“ შეაფასა. არის ეს ასე, თუ არა, ამის ამოხსნა ძნელი არ არის. „ქართული წარმატება“ განპირობებული იყო არა იმდენად ქართული დიპლომატიის გარჯით, არამედ საერთო პოლიტიკური კონიუქტურიდან გამომდინარე, რუსეთისადმი გაეროს ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს დამოკიდებულებით, უფრო სწორად პოლიტიკური ვაჭრობით.

ასეა თუ ისე, საქართველო ვალშია ირანის წინაშე. დიპლომატიაში უფრო მეტად არის მიღებული ვალის გასწორება, ვიდრე ჩვეულებრივ ცხოვრებაში. გადაიხდის თუ არა ვალს საქართველო ირანთან უვიზო რეჟიმის შემოღებით, უახლოესი მომავლის საქმეა. უვიზო მიმოსვლა ძალზე წაადგება ორივე ქვეყანას. მას უდავოდ მოჰყვება სავაჭრო–ეკონომიკური კავშირების გაფართოება და ორი ქვეყნის დაახლოება. თუმცა შიდა ცხოვრებაში „გადაგდებას“ დაჩვეული ხელისუფლებისათვის ერთობ ძნელი იქნება საგარეო ურთიერთობებში მავნე ჩვევაზე უარის თქმა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი