ქვეყანათმცოდნეობა

ირანი იოლად მოსადრეკი სახელმწიფო არ არის

ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჟადის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლა ყოველთვის სენსაციით იყო აღსავსე. მან არც ამჯერად უღალატა ტრადიციას და სიტყვა არ დაიშურა კაპიტალიზმის, აშშ–ს, ისრაელის „შესამკობად“, განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი ნიუ–იორკის ტყუპ ცათამჯენზე თავდასხმას, მიკრძალებით მოიხსენა დაღუპულები და დაბეჯითებით აღნიშნა აშშ–ს ადმინისტრაციის როლზე განხორციელებულ ტერაქტში.

მისი აზრით, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტმა სერიოზულად იმოქმედა მსოფლიო განვითარებაზე, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვნის პროპაგანდისტულ მანქანას – რომლის მიხედვით, მსოფლიოს ახალი საფრთხე–ტერორიზმი ემუქრება და იმისათვის, რომ დედამიწა გადაურჩეს ტერორიზმს, საჭიროა ავღანეთში ჯარის გაგზავნა. ავღანეთს ერაყი მოჰყვა.

სამი ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა 11 სექტემბრის ტერაქტმა, რაც სამწუხარო ფაქტია, მაგრამ არანაკლებ სამწუხაროა ავღანეთსა და ერაყში დაღუპული ასეულ ათასობით ადამიანი, მილიონობით დაჭრილი და ადგილნაცვალი, თქვა მან. აჰმადინეჟადმა ჩამოთვალა სამი მოსაზრება, თუ ვინ მოაწყო ტერაქტი. მისი აზრით, ერთ–ერთი არის აშშ–ს მთავრობაში არსებული სეგმენტი, რომელმაც „ორკესტრირება“ გაუწია თავდასხმას ქვეყნის დაღმამსვლელი ეკონომიკიდან ყურადღების გადასატანად, აგრეთვე ახლო აღმოსავლეთში სიონისტური რეჟიმის გადასარჩენად.

ირანის პრეზიდენტის გამოსვლას უმალ მოჰყვა აშშ–ს ადმინისტრაციის მაღალჩინოსანთა მკაცრი განცხადებები. მკაცრი იყო პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეფასებაც.

ამერიკელი ექსპერტების აზრით, პრეზიდენტ აჰმადინეჟადის სიტყვაში ახალი არაფერია. ის, რაც მან თქვა სისტემატურად გაისმის მის ყოველ გამოსვლაში, თუმცა მათ იმედი ჰქონდათ, ამჯერად მაინც აჰმადინეჟადის კონსტრუქციულობის, განსაკუთრებით ობამას გამოსვლის შემდეგ, რომელმაც ირანთან დიპლომატიური მოლაპარაკებისათვის კარი ღია დატოვა. ექსპერტებმა ისიც განაცხადეს, რომ აშშ–ს ადმინისტრაციამ ირანში უნდა გამოძებნოს ამ ქვეყნის სულიერ და პოლიტიკურ წინამძღოლთან აიათოლა ჰამენეისთან დაახლოებული პირი, რომელთანაც შესაძლებელი იქნება საზრიანი დიალოგის წარმოება. რაც შეეხება აჰმადინეჟადს – მასთან მიმართებაში ყველაფერი გარკვეულია. ამერიკელთა აზრით, ირანის პრეზიდენტთან ლაპარაკს აზრი არ აქვს.

ტელეკომპანია „სი–ენ–ენ“–ის ეთერში ამერიკელ ექსპერტთა მიერ გაკეთებული განცხადებების შემთხვევითობისთვის მიწერა არ იქნებოდა მართებული. ამერიკელები, ფარული დიპლომატიის დიდოსტატები, საგრძნობ წარმატებას აღწევენ ამ დარგში. 30 წლის მანძილზე საჯაროდ არავის შეუნიშნავს ამერიკა–ირანის კავშირები, თუმცა ბოლო ორი წლის განმავლობაში ერაყში ადგილი ჰქონდა ელჩების დონეზე შეხვედრებს. კონტაქტებს შესაძლოა ინტენსიური სახე მისცემოდა ობამას სურვილიდან გამომდინარე. მან ინაუგურაციის დღეს გამოთქვა მზაობა ირანთან პირდაპირი მოლაპარაკების დაწყებაზე, მაგრამ ირანში ჩატარებულმა პრეზიდენტის არჩევნებმა და მას მოყოლებულმა რთულმა ვითარებამ, პრეზიდენტ ობამას მკაცრმა განცხადებებმა, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ვაშინგტონის ინიცირებული ეკონომიკური სანქციების რეზოლუციამ, უკიდურესად დაძაბა ორ ქვეყანას შორის არსებული ვითარება. სისტემატურად გაისმის შემაშფოთებელი განცხადებები ირანის ბირთვული კვლევის ობიექტებზე წერტილოვანი თავდასხმების შესახებ. მაღალჩინოსანი ამერიკელი სამხედროები არ გამორიცხავენ ასეთს, რაც შეეხება ისრაელს – ის დღესაც მზად არის იერიშის მისატანად.

ყოველგვარ დიპლომატიურ ეთიკას სცილდება ამერიკელი დიპლომატის, 2005–2009 წლებში გაეროში აშშ–ს წარმომადგენლის ჯონ ბოლტონის განცხადება, რომელიც მან სპეციალურად გააკეთა ბუშერის ბირთვული ელექტროსადგურის გაშვების წინ. მან მოუწოდა ისრაელს – ვიდრე გვიან არ არის დაებომბა ბუშერის რეაქტორი. „ისრაელს რამდენიმე დღე რჩება ბუშერის რეაქტორის განადგურებისათვის, თუ მან ელექტროსადგური უმალ არ დაბომბა, შემდეგ გვიან იქნება, ვინაიდან დაიწყება ობიექტის ბირთვული საწვავით დატვირთვა“, – განაცხადა ბოლტონმა. დიპლომატმა შეაქო ისრაელის მოქმედება 1981 წელს ერაყის ბირთვული რეაქტორის „ოზირაკის“ დაბომბვისათვის და ტრადიციულად კბილი გაჰკრა რუსეთს ამერიკისათვის თვალში თითის ტაკებისათვის.

ბუშერის ბირთვული ელექტროსადგური არსებულ პარამეტრებში ვერაფრით მოახდენს ურანის 80–90 პროცენტამდე გამდიდრებას, ბირთვული ბომბის დამზადების მიზნით, რაც კარგად იცის როგორც ბოლტონმა, ისე სხვა ამერიკელმა სამხედრო თუ პოლიტიკურმა მოღვაწეებმა. მათი მიზანი ერთია – ირანის ირგვლივ პერმანენტული აჟიოტაჟის შექმნა, მისი იზოლაციაში მოქცევა, ეკონომიკური სანქციებით იმ დონემდე დასუსტება, რომ თავი აღარ ჰქონდეს ახლო აღმოსავლეთსა და მსოფლიოში პოლიტიკური ბრძოლისათვის, რაც შესაძლებლობას მისცემს აშშ–ს შეუფერხებლად იმოქმედოს რეგიონში.

ამერიკელთა მიზნების განხორციელებას ხელს უწყობს რუსეთის ახალი დიპლომატიური კურსი, რომელიც განსაკუთრებით გამოიკვეთა პრეზიდენტ მედვედევის ორწლიანი მმართველობის პერიოდში. როგორც ჩანს, მედვედევი მზად არის აშშ–ნ „გადატვირთვის“ პროგრამის სრული ამოქმედების მიზნით გაითვალისწინოს ამერიკელთა რჩევა ისლამურ ირანთან დაკავშირებით. თვალსა და ხელს შუა შეიცვალა ოფიციალური მოსკოვის დამოკიდებულება თეირანისადმი. მოსკოვმა მხარი დაუჭირა აშშ–ს პროექტს გაეროს უშიშროების საბჭოში. მისი მიხედვით, ირანის წინააღმდეგ ერთობ მძიმე შეზღუდვები ამოქმედდა, რაც თავისთავად აისახება ირანის ეკონომიკასა და სოციალურ ყოფაზე. რუსულ პრესაში იშვიათობას აღარ წარმოადგენს ირანის ხელისუფალთა კრიტიკა. როგორც ყოველთვის აქტიურობს ტელეკომპანია „RTVI“ და მის ეთერში მიწვეული პოლიტიკოს–პოლიტოლოგები. ერთ–ერთმა მათგანმა ლეონიდ რაძიხოვსკიმ ტრადიციულად გალანძღა ირანის პრეზიდენტი და ნიშნის მოგებით მიმართა ირანის მხარდამჭერ რუსულ საზოგადოებას, რომ დღევანდელი ირანის პოლიტიკა უაღრესად საშიშია უპირველეს ყოვლისა რუსეთისათვის. „ბირთვული ირანი პირველ რიგში მეზობელ რუსეთს დაემუქრება, შემდეგ კი აშშ–ს“, – თქვა მან.

პოლიტოლოგმა ილაპარაკა ირანის ამბიციურ გეგმებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, დღითიდღე ფართოვდება ირანის გავლენა ახლო აღმოსავლეთში, კასპიის ზღვის აუზის ქვეყნებში, კავკასიაში. ირანი თანმიმდევრულად მოქმედებს, რათა კავკასიიდან განდევნილ იქნას რუსეთი, რომ ირანს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს დამყარებული სომხეთთან და აზერბაიჯანთან, უფრო უკეთესი კი საქართველოსთან. “აშშ–ს მოკავშირე სააკაშვილს ხელს არ უშლის ირანთან ურთიერთობები“, – თქვა რაძიხოვსკიმ. ძნელია გაიზიარო რუსი (რუსი?) ექსპერტის მოსაზრება – ირანის ამიერკავკასიაში დომინირების თაობაზე. ასე იოლად დაუშვებს ამას აშშ–ი? თეირან–ბაქოს დელიკატური ურთიერთობიდან გამომდინარე, უხერხულია მათ ძმობაზე ლაპარაკი.

რაძიხოვსკის მიზანი ერთია – რუსეთის დაშინება და იმავედროულად ირანის წინააღმდეგ ამხედრება. ლიბერალურმა რუსეთმა უკვე გამოძებნა საკუთარი იდეების მხარდამჭერად არც მეტი, არც ნაკლები ქვეყნის პრეზიდენტი. დიმიტრი მედვედევის „ლაითი“ მოსაზრებები როგორც ქვეყნის საშინაო, ისე საგარეო საკითხებში სულ უფრო გამოკვეთილად გაისმის. არც პრაქტიკული გადაწყვეტილებების დეფიციტი იგრძნობა. ამას წინათ პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც წერტილი დაესვა ირანისათვის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის C-300 გადაცემას, რითაც უაღრესად გაახარა ვაშინგტონი და თელ–ავივი. ისინი ხომ დაბეჯითებით მოითხოვდნენ მოსკოვიდან ამის გაკეთებას.

ბოლო დროს სულ უფრო ხშირად გაისმის ევროპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემაში რუსეთის ჩართვის თაობაზე. სისტემა ირანული რაკეტების საწინააღმდეგო იქნება. საუბარია რუსეთის ნატოში გაწევრიანებაზეც. სხვა პოზიტიური ჰანგებიც გაისმის, რაც აშკარად მეტყველებს პრეზიდენტ მედვედევის სურვილზე გაადასავლუროს რუსეთი, როგორც ტექნოლოგიურად, ისე სამხედრო თვალსაზრისითაც.

სტალინის გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა კავშირსა და მის მემკვიდრე რუსეთში სისტემატურად აქვს ადგილი „დერჟავული“ პოლიტიკის „ლიბერალურით“ ჩანაცვლებას. სტალინური მმართველობა ხრუშჩოვის „ლიბერალურით“ შეიცვალა, ხრუშჩოვის – ბრეჟნევური „სახელმწიფოებრივით“, ბრეჟნევ–ანდროპოვ–ჩერნენკოს, გორბაჩოვ–ელცინის ზელიბერალურით, რასაც მოჰყვა კიდევაც საბჭოთა კავშირის დაშლა, რუსეთის დაშლის პირამდე მიყვანა. ვითარება პუტინმა შეაჩერა. მან შეძლო დაჩოქილი რუსეთის ფეხზე წამოყენება, „დერჟავის“ აღორძინება და აქედან გამომდინარე ტრადიციული მოკავშირული ინტერესებისათვის, მათ შორის ირანთან, ხელის შეწყობა.

პუტინი იყო რუსეთის ის პრეზიდენტი, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლა კატასტროფად შეაფასა. მედვედევს სხვა მოსაზრება აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. „თანამედროვე განვითარების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის იგორ იურგენსის განცხადებით, რომელიც ნიუ–იორკში გააკეთა, მედვედევი ახალი რუსეთის ის ხელმძღვანელია, რომელიც სსრკ–ს დაშლას კატასტროფად არ მიიჩნევს. მისი მიზანია რუსეთის ევრო–ატლანტიკური უსაფრთხოების სისტემაში ჩასმა და ნატოში გაწევრიანება.

ახალი აზროვნების ფარგლებში იყო რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერდიუკოვის ვიზიტი აშშ–ში. თავის ამერიკელ კოლეგასთან მოლაპარაკებისას ითქვა პოსტსაბჭოთა სივრცეში პასუხისმგებლობის ზონების შესახებ. როგორც ჩანს, მოსკოვი წინააღმდეგი არ იქნება ამ ზონებში ამერიკა–ნატოს უფრო ფართო ყოფნის. თუ წინათ მოსკოვი წინააღმდეგი იყო ცენტრალურ აზიაში ამერიკა–ნატოს სამხედრო ბაზების განთავსების, დღეს მზადაა პასუხისმგებლობის ზონების შექმნისათვის. მაგალითად ყირგიზეთიც გამოდგება. ამ ქვეყნის სამხრეთში ამერიკელები გეგმავენ სამხედრო–საწვრთნელი ბაზის შექმნას. გეიტსის თანაშემწე ბლეიკი აცხადებს, რომ საკითხი შეთანხმებულია მოსკოვთან. იმავე სამხრეთში რუსული ბაზაც იქმნება. მიღწეულია შეთანხმება რუსეთის მიერ M–17 ვერტმფრენების ავღანელთათვის უფასოდ გადაცემის თაობაზე. სწორედ ამას სთხოვდა აშშ–ი რუსეთს.

მოსკოვ–ვაშინგტონს შორის თანამშრომლობის პარამეტრები იზრდება, თუმცა საკითხავია რა დოზით და სადამდე. რუსი ექსპერტები ეჭვობენ, რომ აშშ–ის „ქორების“ ზეწოლით ობამას ადმინისტრაცია მალე შეიცვლის პოზიციებს, ოღონდ მოსკოვ–თეირანის გაფუჭებულ ურთიერთობებს აღარაფერი ეშველება.

მოსკოვის ლიბერალური პოლიტიკის შედეგად სრული მოსალოდნელია რუსეთ–ამერიკის მიერ საქართველოს მიმართ ყირგიზეთის მსგავსი პასუხისმგებლობის ზონის შემოღება ანუ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული რუსული ბაზების დამატებით ამერიკულის შექმნა. ეს კი თავისთავად გამოიწვევს ირანთან პოზიციის გამძაფრებას საქართველოს მიმართ.

ირანი იოლად მოსადრეკი სახელმწიფო არ არის. მას საკუთარი თვალთახედვა გააჩნია საერთაშორისო საკითხებისადმი და რაც მთავარია, აშშ–ს პოლიტიკის მიმართ, რამაც ასახვა ჰპოვა გაეროს 65–ე გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან პრეზიდენტ აჰმადინეჟადის სიტყვაში.ამბობენ რამდენი ადამიანიც არის, იმდენი სიმართლეა. ჭეშმარიტების დასადგენად კი ობიექტური გამოკლევაა საჭირო, რაც ირანის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა თავის გამოსვლაში. მისი აზრით, 11 სექტემბრის სინამდვილის დასადგენად საჭიროა გაეროს სპეცკომისიის შექმნა.აჰმადინეჟადის გარდა, რომ ტერაქტი ამერიკის ადმინისტრაციის მიერ იყო ორგანიზირებული ბევრი ამერიკელი იზიარებს. გავიხსენოთ აშშ–ს ყოფილი ვიცე–პრეზიდენტის ალბერტ გორის სიტყვები, რომლებიც ბრალს დებენ ბუშს ზერელეობაში. გორის აზრით, შესაბამის სამსახურებს ყურადღება რომ გამოეჩინათ 2001 წლის აგვისტოში, ორი ტერორისტის მიერ, იმ რეისებზე ბილეთების აღებაში, რომლებიც 11 სექტემბრის ტერაქტში მონაწილეობდნენ და დროულად შეედარებინათ მათი გვარები შავ სიაში მოხვედრილ გვარებთან, თავდასხმას ადგილი არ ექნებოდა.ან რა არის იმაში გასაკრიტიკებელი, რომ 60 წლის განმავლობაში პალესტინელი ხალხი ოკუპაციაში იმყოფება და ყოველდღიურად თავზე აცვივათ ისრაელის ბომბები?

არც ის არის ახალი, რომ ბირთვული იარაღის გაუვრცობლობის ხელშეკრულება, რომელზეც ირანი მიერთებულია, აძლევს მას საშუალებას ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე გამოიყენოს ბირთვული ენერგია. აჰმადინეჟადის განცხადებით: „ბირთვული ბომბი ყველაზე ანტიჰუმანური იარაღია, რომელიც ტოტალურად უნდა აიკრძალოს. მსურს 2011 წელი გამოვაცხადო ბირთვული განიარაღების წლად დევიზით – ბირთვული ენერგია ყველას, ბირთვული ბომბი არავის“.

განა დასაგმობი არ არის ყურანის დაწვა, რასაც ამას წინათ ადგილი ჰქონდა აშშ–ი? ან რა არის დასაძრახი ირანის პრეზიდენტის სიტყვებში: „ირანელი ერის სახელით მე ქედს ვიხრი საღვთო წიგნების და მათი მიმდევრების წინაშე. ეს არის ყურანი და ბიბლია“.

პრეზიდენტის განცხადება, რომ ოკუპაცია დემოკრატიის და თავისუფლების საბაბით, მიუტევებელი დანაშაულია – მიუღებელია? ამ მხრივ ირანს აქვს სათქმელი. მთელი მე–20 საუკუნის განმავლობაში ამ ქვეყანას სხვის მიმართ არავითარი აგრესია არ გამოუვლენია, თვითონ კი – არაერთხელ იწვნია ტერორისტული აქტები და აგრესია.

ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, პრეზიდენტის სიტყვა არა კრიტიკას, არამედ ღრმა ანალიზსა და რეაგირებას საჭიროებს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი