ქვეყანათმცოდნეობა

ხელს უშლის თუ არა რელიგია ქვეყნის განვითარებას?

ირანის ისლამური რევოლუციიდან 31 წელი გავიდა. თებერვალში ირანში ტრადიციულად აღინიშნებოდა რევოლუციის თარიღი, ე.წ. ფაჯრის დღეების (დეკადის) სახით

11 თებერვლის მიტინგში, რომელიც თეირანში გაიმართა, ასეულ ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მიტინგის ამსახველი კადრები ამ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ.

დასავლური მას-მედიაც კი, რომელიც წლების განმავლობაში ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა ირანის წინააღმდეგ, იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ამ გრანდიოზულმა მიტინგმა მთლიანად დაჩრდილა ადგილობრივი ოპოზიციის საკმაოდ უბადრუკი მცდელობები, საკუთარი აქცია გაემართა. მაგრამ, დავუსვათ შეკითხვა საკუთარ თავს: რატომ უჭერს ირანელი ერი მხარს ისლამურ მმართველობას? იქნებ ხალხი ოფიციალური პროპაგანდითაა დაჩლუნგებული და რელიგიური ფანატიკოსების ბრბოდ ქცეულა?

ალბათ, მსგავსი სტერეოტიპი ირანის შესახებ ფართოდ გავრცელებულია საქართველოში. ინტერნეტ-ფორუმებზე ხშირად შეგვხვედრია რეპლიკები ირანზე, როგორც ჩამორჩენილ, „ბნელ“ ქვეყანაზე, სადაც ფანატიკოსი მოლები ბატონობენ და დაჩაგრული ქალები კი, ჩადრებში გახვეულნი, ლანდებივით დალასლასებენ. რა თქმა უნდა, ამგვარი სტერეოტიპები ინერგება დასავლური პროპაგანდის მიერ, რომელიც საქართველოშიც აღწევს, მათ შორის ადგილობრივი მას-მედიის საშუალებითაც.

გვერდით გადავდოთ ქალების უფლებების და მდგომარეობის საკითხი ირანში, რომელსაც ალბათ მომავალში დავუბრუნდებით, მაგრამ შევეცადოთ გავიგოთ, მართლა ასეთი ჩამორჩენილი ქვეყანაა ირანი და „მოლების რეჟიმმა“, როგორც მას უწოდებენ დასავლეთში, ლამის შუასაუკუნეებში დააბრუნა ქვეყანა?

სინამდვილეში, ირანი დინამიურად ვითარდება და განვითარების ტემპი გაიზარდა სწორედ ბოლო 15-20 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით 2000-იან წლებში. მსოფლიოში ყველას გაგონილი აქვს ირანის ბირთვული პროგრამა. მაგრამ დავუშვათ, ვინმემ თქვას, რომ ირანული ბირთვული მეცნიერები მიღწევები საიდუმლოდ მხარდაჭერილია საზღვარგარეთიდან, საიდანაც ჟონავს ტექნოლოგიები, ნოუ-ჰაუ და ა.შ (თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, ჰიპოთეტური დახმარების მისაღებად და გამოსაყენებლად სამეცნიერო ცოდნის გარკვეული დონე იქნებოდა საჭირო). ასევე დავუშვათ, რომ ირანის ბალისტიკური რაკეტებიც მთლიანად უცხოეთიდან „მოპარული“ ან ფარულად მიღებული ტექნოლოგიების და დეტალების გამოყენებით არის შექმნილი. მაგრამ რა ვუყოთ ამ აზიური ქვეყნის მიღწევებს მეცნიერების და ტექნიკის სხვადასხვა სფეროებში? ესენია ბიოტექნოლოგია, ნანოტექნოლოგია, მედიცინა და ა.შ. ჩვენთან ცოტა ვინმემ თუ იცის, მაგალითად, რომ ირანში ჯერ კიდევ 3 წლის წინ მოახდინეს ძუძუმწოვრის, კერძოდ, ცხვრის კლონირება, რითაც ირანი გახდა პირველი ქვეყანა ახლო აღმოსავლეთში, სადაც ეს მოხერხდა. შარშან ირანში მოახერხეს თხის კლონირება, რაც აქამდე მხოლოდ 4 ქვეყენაში იყო განხორციელებული. საყურადღეობა, რომ შიიტი სასულიერო პირები, რომლებსაც დიდი გავლენა აქვთ ქვეყნის პოლიტიკაზე, მიესალმენ ირანელი მეცნიერების ამ მიღწევებს, თუმცა მათ ასევე კატეგორიულად დაუშვებლად გამოაცხადეს ადამიანის კლონირების მცდელობები.

შეგვიძლია დიდხანს ჩამოვთავალოთ ირანელი მეცნიერების და ინჟინრების წარმატებები და მიღწევები. მაგრამ ზოგად წარმოდგენას ირანსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მეცნიერების მდგომარეობის შესახებ გვაძლევს კანადური კომპანიის Science-Metrix-ის კვლევა, რომელმაც გაანალიზა სხვადასხვა ქვეყნებში სამეცნიერო პუბლიკაციათა რაოდენობა ბოლო 30 წლის მანძილზე. ამ კვლევის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:

ამ ფაილის გრაფიკები გვიჩვენებენ საკმაოდ საინტერესო ტენდენციას მსოფლიოში მეცნიერების განვითარების შესახებ. ჯერ ერთი, განუხრელად იზრდება აზიის ქვეყნების წილი მსოფლიო მეცნიერებაში. თუ 20 წლის წინ აზიის წილად მოდიოდა სამეცნიერო პუბლიკაციების მხოლოდ 11 პროცენტი, 2009 წელს ეს ციფრი 29-მდე გაიზარდა. და ამ ფონზეც კი, ირანის განვითარების ტემპი შთამბეჭდავია: აზიის ქვეყნებს შორის სამეცნიერო სტატიების რიცხვის ზრდის მიხედვით ლიდერი ირანი გახდა. ყველაზე მეტი პროცენტი ირანელმა მკვლევარებმა მიუძღვნეს არაორგანული ქიმიის, ბირთვული ფიზიკის და ქიმიის, ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის და ატომური ენერგეტიკის სფეროებს. ამასთან, ბირთვული ენერგიის გამოყენების დარგში პუბლიკაციების რაოდენობა ირანში ბოლო 30 წლის განმავლობაში 250-ჯერ უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე საშუალოდ მსოფლიოში.

ეს მონაცემები აშკარა თანხვედრაშია ირანში განათლების სისტემის განვითარებასთან, თან საქმე ეხება როგორც საშუალო, ისე უმაღლეს განათლებას. საინტერესო ფაქტი: 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ირანელი მოსწავლეები თითქმის უცვლელად შედიან 10 საუკეთესო გუნდს შორის საერთაშორისო მათემატიკურ და ფიზიკურ ოლიმპიადებზე. ფიზიკაში ისინი საერთოდ მე-3-4 ადგილებს იკავებენ ბოლო 10 წლის მიღწევების მიხედვით, ჩინეთის და რუსეთის მოსწავლეების შემდეგ. ასე რომ, არაფერი გასაოცარი ირანში მეცნიერების განვითარებაში არ არის. ამის საფუძველი ჯერ კიდევ სკოლაში იყრება და შემდგომ ეტაპებზე ასევე რეალურად და არა სიტყვებზე, მხარდაჭერილია სახელმწიფოს მიერ.

ამ სტატიაში მოკლედ მიმოვიხილეთ ნებისმიერი ქვეყნის განვითარების და მოდერნიზაციის მხოლოდ ერთი ასპექტი - სამეცნიერო, თუმცა არსებობენ სხვა ასპექტებიც, კერძოდ, ხელოვნება, ლიტერატურა, სულიერება და ა.შ. ირანს ამ სფეროებშიც შთამბეჭდავი მიღწევები აქვს, სწორედ ისლამური რევოლუციის შემდეგ. მაგალითად, ირანული კინემატოგრაფი ბოლო ორი ათეული წლის მანძილზე სტაბილურად იკავებს წამყვან პოზიციებს მსოფლიოში, საერთაშორისო ფესტივალებზე მოპოვებული ჯილდოების და ირანული კინოს აღიარების მხრივ. ბევრი ამგვარი ფაქტი უცნობია ქართული საზოგადოებისთვის. ეს, ალბათ, არც არის გასაკვირი, რადგან ხელისუფლებისთვის არახელსაყრელია, რომ საქართველოში ჰქონდეთ რეალური ინფორმაცია ირანის და მსგავსი ქვეყნების შესახებ (რუსეთზე რომ არაფერი ვთქვათ). რატომ არის ეს მათთვის არასასურველი? იმიტომ, რომ ერთი მხრივ, ეს ააშკარავებს თავად ამ ხელისუფლების სრულ გაკოტრებას ანალოგიური წარმატებების მიღწევის საქმეში. მაგალითად, სად არის ქართული კინო? ყველასთვის საყვარელი ქართული კინო, რომელსაც არაერთი ჯილდო აუღია პრესტიჟულ ფესტივალებზე და რაც მთავარია, მაყურებელს შესანიშნავი ფილმებით ახარებდა, ახლა უბადრუკ მდგომარეობაშია. იგივე ითქმის ქართულ მეცნიერებაზე, ანუ იმაზე, რაც გადაურჩა რეფორმატორ-„დეფორმატორების“ საქმიანობას. მეორე მხრივ, ამგვარი ინფორმაციები ამსხვრევს ამერიკული და ზოგადად, დასავლური პროპაგანდის მითს, რომ მხოლოდ ე.წ. „ცივილიზებულ სამყაროს“ ძალუძს კულტურის, მეცნიერების სფეროში წარმატების მოპოვება. ამიტომაც, ნაციონალისტურ, რუსოფობულ და პროამერიკულ ხელისუფლებას არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ რეალური წარმატებების არარსებობის პირობებში, მოსახლეობა აზომბიროს წარმოსახვითი „მიღწევების“ ტირაჟირებით, რომლებიც მხოლოდ ტელეეკრანზე არსებობენ და როგორმე გაართოს იგი ბრიყვულ-უხამსი ტელეშოუებით.

 

გიორგი ვეკუა,ევრაზიის ინსტიტუტი