ქვეყანათმცოდნეობა

რუსეთი და ირანი: რეგიონალური ძალის ცენტრები თუ მსოფლიო ლიდეთა ”უმცროსი ძმები”?

ანდრეი დიკოვი, სტრატეგიული განვითარების მოდელირების ცენტრი, სპეციალურად ”კავკასიის ექსპერტებისთვის”

მორიგმა რუსულ-უკრაინულმა ”საგაზო ომმა” კვლავ აქტუალური გახადა ევროპის ენერგომომარაგების პრობლემა და უბიძგა ბრიუსელს, უფრო აქტიურად ეძებოს ევროკავშირში ენერგოშემცველების მოწოდების მარშრუტები. ”ნაბუკო”-ს პროექტი, რომელიც მაგისტრალური გაზსადენის გაყვანას ითვალისწინებს რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლით და 2004 წლიდან განიხილება, შეესაბამება აშშ-ის, ევროკავშირისა და თურქეთის სტრატეგიულ ინტერესებს, აგრეთვე იქნებოდა საშუალება შუა აზიის სახელმწიფოებისათვის მეტი ეკონომიკური დამოუკიდებლობის მისაღებად.

ამ პროექტში გაზის დონორთა ძირითადი ფუნქცია ენიჭებოდა წინა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს, ხოლო მთავარი ტრანზიტორის როლი - თურქეთს. პროექტი ჩაფიქრებული იყო, როგორც რუსული ”იუჟნი პოტოკის” ალტერნატივა და მის დანიშნულებას წარმოადგენდა შუა აზიის და აზერბაიჯანის ენერგოშემცველთა მოწოდების მარშრუტის დივერსიფიცირება, ამ სისტებაში ირანის და ერაყის ჩართვა, სომხეთსა და აზერბაიჯანში მშენებარე და მოდიფიკაციის პროცესში მყოფი გაზსადენების ირანული ენერგოშემცველებით შევსების არდაშვება, რუსეთის გავლენის შემცირება ევროკავშირის ენერგეტიკულ პოლიტიკაზე.

ნავარაუდები იყო, რომ გაზის ძირითად მომწოდებლებად პროექტის ფარგლებში უნდა ქცეულიყვნენ ირანი და თურქმენეთი. ეს უკანასკნელი მონაწილეობდა რუსულ ”კასპიისპირა გაზსადენში”, თუმცა ამასთან, განზრახული ჰქონდა ტრანსკასპიური გაზსადენის - ”ნაბუკო”-ს განშტოების მშენებლობაც. მაგრამ ამ გაზსადენის კასპიის ზღვის ფსკერზე მშენებლობის ერთ-ერთ უმთავრეს წინაღობად 1991 წლიდან მოყოლებული, საზღვაო საზღვრების ჯერ კიდევ დაუმთავრებელი დემარკაცია მოგვევლინა.

2008 წლის ივნისში ირანის მონაწილეობა, რომლის გარეშეც ”ნაბუკო”-ს სრულფასოვანი ფუნქციონირება საკმაოდ პრობლემატურია, უეჭველი ჩანდა. ისლამური რესპუბლიკის ნავთობის მინისტრის მოადგილემ რეზა ყაზაი-ზადემ განაცხადა, რომ ირანის გაზსადენი ”ნაბუკო”-ს პროექტის შემადგენელი ნაწილი გახდებოდა და იგი დაიტვირთებოდა ირანის უდიდესი ბუნებრივი აირის საბადოს ”სამხრეთი პარსის” ნედლეულით. 2009 წლის აპრილში გერმანიაში ირანის ნავთობის მინისტრის ვიზიტის დროს ირანული გაზის ”ნაბუკო”-ს საშუალებით ტრანსპორტირების საკითხიც იქნა განხილული. შეერთებულმა შტატებმა ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ შეარბილა ანტიირანული რიტორიკა, თურქეთი დიპლომატიურ ზეწოლას ახორციელებდა ირანსა და ყაზახეთზე და საქმის ვითარება ისე გამოიყურებოდა, რომ პროექტის განხორციელება დაიწყებოდა.

მაგრამ 2009 წლის 8 მაისს პრაღის სამიტზე შეთანხმება ”სამხრეთის კორიდორი - აბრეშუმის გზა” ფაქტობრივად ჩაიშალა, ვინაიდან თურქმენეთმა, ყაზახეთმა და უზბეკეთმა უარი განაცხადეს თავიანთ გარანტირებულ მონაწილეობაზე ”ნაბუკო”-ს პროექტში. შეთანხმებას ხელი მოაწერეს მხოლოდ აზერბაიჯანმა, საქართველომ, თურქეთმა და ეგვიპტემ, რაც აშკარად არასაკმარისი აღმოჩნდა. ტაქტიკურ გამარჯვებას მიაღწია რუსეთმა, არ დაუშვა რა ნავთობისა და გაზის გადაზიდვების მიმართულების შეცვლა, მიუხედავად რუსულ-თურქმენულ ურთიერთობებში მიმდინარე წლის მარტში წარმოშობილი დროებითი გართულებებისა.

პრაღის სამიტის კრახმა ირანს მისცა შესაძლებლობა, განეცხადებინა საკუთარი ”სპარსული გაზსადენის” (“Persian Pipeline”) მშენებლობის თაობაზე. აღნიშნული გაზსადენით შესაძლებელი უნდა გახდეს ბუნებრივი აირის მიწოდება ევროპისათვის ირანიდან ერაყის, სირიის და ხმელთაშუა ზღვის გავლით, საბერძნეთის და იტალიის მიმართულებით. ასეთი განცხადება გააკეთა ირანის ნავთობის მინისტრმა გოლამჰოსეინ ნოზარიმ სირიის დედაქალაქ დამასკოში ამასწინანდელი ვიზიტისას.

ირანის პოზიციის ამგვარი მკვეთრი ცვლილება ”ნაბუკო”-სთან მიმართებით იძლევა დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ირანი თავიდანვე არ იყო მზად, მონაწილეობა მიეღო ამ პროექტში და რომ პრაღის სამიტის წინ, შესაძლოა, მიაღწია კულუარულ შეთანხმებებს შჲააზიურ სახელმწიფოებთან. ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს ირანის დელეგაციის არყოფნა დოკუმენტის შესაძლო ხელმომწერთა შორის. ირანელები არ მოიწვიეს თუ ისინი თავად არ დათანხმდნენ მოწვევაზე? სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ევროკავშირი ყოველწლიურად მოიხმარს დაახლოებით 800 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს წელიწადში. ისმის შეკითხვა - რას უკავშირდება ”ნაბუკო”-ს პროექტის ასეთი ხანგრძლივი პროპაგანდისტული კამპანია, რომელიც მისი სავარაუდო დასრულების შემდეგ 2014 წელს ბუნებრივი აირის წლიური ევროპული მოთხოვნილების მხოლოდ დაახლოებით 4%-ს დაფარავდა? სავარაუდებელია, რომ ეს პიარ-კამპანია მიმართული იყო რუსეთის, როგორც ენერგოშემცველების საიმედო მომწოდებლის დისკრედიტაციისკენ, რაც ობიექტურად ხელს უწყობდა სხვა მომპოვებელი ქვეყნების, მათ შორის ირანის იმიჯის გაძლიერებას.

მაგრამ ”სპარსული გაზსადენის” მშენებლობა ეწინააღმდეგება რეგიონის ორი სხვა საკვანძო მოთამაშის - თურქეთისა და ისრაელის ინტერესებს, რომლებიც შეშფოთებულნი არიან ირანის გაძლიერებით. დსთ-სთანაც აქვს თეირანს არაერთი წინააღმდეგობა: აზერბაიჯანს აწუხებს გაზსადენის მშენებლობა სომხეთში, თურქმენეთს - მკაფიო საზღვაო საზღვრის არარსებობა. ”სპარსული გაზსადენის” პროექტმა, ამას გარდა, საშუალოვადიან პერსპექტივაში შეიძლება, კონკურენცია გაუწიოს რუსეთის მიერ მშენებარე ”სამხრეთულ დინებას” (”იუჟნი პოტოკ”) და ამით ევროკავშირისთვის მიწოდებულ ნედლეულზე ფასის დაცემა გამოიწვიოს. ყველაფერთან ერთად, არც ევროპა შეიძლება იყოს მთლად დაინტერესებული, ენერგეტიკის სფეროში თეირანისგან საკუთარი დამოკიდებულების ზრდით.

ირანის ენერგორესურსების გამოყენება ფაქტობრივად ხელს შეუწყობს ირანის გარშემო გაერთიანებული სახელმწიფოების ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნას. ამგვარი დემარში შეიძლება გაკეთდეს ერთ-ერთ დიდ, გლობალური მასშტაბის ძალაზე დაყრდნობით, როგორიც არის, მაგალითად, ჩინეთი. სწორედ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა აძლიერებს თავის ყოფნას ახლო აღმოსავლეთის ნავთობით მდიდარ რეგიონში და წლიდან წლამდე აფართოვებს საკუთარ მონაწილეობას ირანული ნავთობის მოპოვებაში. 2001 წლის დასაწყისიდან ჩინეთის მონაწილეობა დაშვებულ იქნა საბადოს ”ზავარეჰ-კანშანე”-ში, ხოლო 2007 წლის დეკემბერში ჩინეთის ნავთობ-გაზგადამამუშავებელმა კომპანია Sinopec-მა მიაღწია ირანის უდიდესი ნავთობსაბადოს ”იადავარანის” მოპოვებაში მონაწილეობის უფლებას, 2 მილიარდი დოლარის ინვესტიციების ოდენობით. ექსპერტთა შეფასებით, ნავთობისა და გაზის სფეროში ირანულ-ჩინური კონტრაქტების საერთო თანხის ოდენობა მალე 100 მილიარდ დოლარს მიაღწევს, ხოლო ტვირთბრუნვა ორ ქვეყანას შორის წლიურად 5 მილიარდ დოლარს შეადგენს და მუდმივად იზრდება. ირანი ჩინეთს აწვდის მისი მოთხოვნილების ბუნებრივი აირის 1/5-ს. ევროკავშირთან, იაპონიასა და სამხრეთ კორეასთან ერთად, ჩინეთი თეირანის ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა შეეცდება, მონაწილეობა მიიღოს ”სპარსული გაზსადენის” მშენებლობაში.

გაზსადენის მრავალრიცხოვანი პროექტები არ ახდენენ გეოპოლიტიკური რისკების მინიმიზაციას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უფრო პრობლემატურ რეგიონში. ირანის, ერაყის და სირიის დაკავშირების მხარდაჭერით ჩინეთი ამ სახელმწიფოებს უბიძგებს თურქეთსა და ისრაელთან უფრო ხისტი კონფრონტაციისკენ, აგრეთვე ქმნის რუსეთის პოტენციური კონკურენტების ბლოკს თეირანის მეთაურობით.

რუსეთი ირანთან შედარებით უფრო უარეს მდგომარეობაშია რუსული გაზის მაღალი თვითღირებულების გამო, აგრეთვე ბუნებრივი აირის უფრო მაღალი შიდა მოხმარების თვალსაზრისით. თუმცა ამასთან არსებობს ირანის ჩრდილოეთი ნაწილის გაზით მომარაგების პრობლემა, რომელიც შესაძლოა, მოგვარდეს ”გაზპრომის” მიერ შესყიდული შუააზიური ბუნებრივი აირის საშუალებით.

ჯერ-ჯერობით რესურსებით ყველაზე უფრო უზრუნველყოფილი და პერსპექტიული ”იუჟნი პოტოკის” მშენებლობის შედეგად შესაძლოა, მოხდეს რუსულ-ირანული კონკურენციის გაღრმავება. ირანული გაზსადენ-დუბლიორის გაყვანის დაწყება ორივე სახელმწიფოს ეკონომიკურ ზიანს მოუტანს, იგი შექმნის პირობებს ევროკავშირისა და აშშ-ის მხრიდან ზეწოლისათვის, შეასუსტებს ტრადიციული რეგიონული ძალების მდგომარეობას. გამომდინარე აქედან, აუცილებელია, გადაიდგას ნაბიჯები ევროკავშირისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების პროცესში საიმედო რუსულ-ირანული კავშირ-ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად, რაც შეიძლება განხორციელდეს ერთიანი გაზის ტრანსპორტირების ჰოლდინგის შექმნის ფარგლებში. ბუნებრივი აირის ერთობლივად ექსპორტირების პოლიტიკური და ეკონომიკური დივიდენდები აშკარაა: გაერო-ს ექსპერტების შეფასებით, რუსეთის და ირანის ერთობლივი წილი ევროკავშირის გაზით მომარაგებაში 2010 წლისათვის იქნება 40 – 45 პროცენტზე მეტი.

C.-E.-ის რედაქციისგან: ჩვენი მხრიდან სავსებით ვეთანხმებით ავტორს პრობლემის ხედვაში და სტატიის ბოლოს გაკეთებულ დასკვნაში. უბრალოდ დავძენთ, რომ რუსულ-ირანული თანამშრომლობის ამგვარი გაღრმავებისათვის რუსეთის მხრიდან მეტი მონდომებაა საჭირო. არ შეიძლება ირანისათვის საზენიტო კომპლექსების მიწოდების საკითხი, ირანის ატომური პროგრამისადმი დამოკიდებულება, ირანის სრულუფლებიანი წევრობა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში და მთლიანად, საკუთარი პოლიტიკის ირანული მიმართულება რუსეთმა ვაჭრობის საგნად აქციოს დასავლეთთან და ისრაელთან ურთიერთობაში. კრემლი შესაძლოა, მიეჩვია, რომ უახლოეს და უერთგულეს მოკავშირეებს, როგორც მაგალითად, ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელორუსიაა, ფეხი დაუდოს, იგნორირება გაუკეთოს რუსეთისადმი კეთილგანწყობილ ძალებს მეზობელ სახელმწიფოებში და ნაცვლად მათთან თანამშრომლობისა, ჯერ ავანტიურისტული ფლირტი აწარმოოს მმართველ ანტირუსულ რეჟიმთან და შემდეგ მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა განიზრახოს, როგორც ეს საქართველოს შემთხვევაში მოხდა. ყოველივე ეს ისედაც არ აძლიერებს რუსეთის გეოსტრატეგიულ პოზიციებს, მაგრამ რუსეთისთვის კიდევ უფრო მძიმე იქნებოდა ირანის ისლამური რესპუბლიკის კონკურენტად გადაქცევა, ნაცვლად მასთან მოკავშირეობის ძიებისა. ---