ქვეყანათმცოდნეობა

რა დგას ირანის პრობლემის მიღმა

გერმანულმა გაზეთმა Freitag -მა გამოაქვეყნა ინტერვიუ ცნობილ ამერიკელ ფილოსოფოსთან, ლინგვისტთან და პოლიტიკურ მოაზროვნესთან ნოამ ჩომსკისთან.

სტატიის ორიგინალი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: http://www.freitag.de/politik/1013-iran-obama-weltordnung-sanktionen

კითხვა: ბარაკ ობამას ნობელის პრემია მიანიჭეს მშვიდობისათვის, მაშინ, როდესაც იგი ავღანეთში დამატებით ჯარებს გზავნიდა. რა დაემართა “ცვლილებას”, რომელსაც ის პირდებოდა ხალხს?

ჩომსკი: მე იმ უმცირესობას ვეკუთვნი, ვისაც არ გაცრუებია იმედი ობამაში, რადგან არც მოელოდა რაიმე არსებითს მისგან. ობამას პოზიციებსა და წარმატების შესაძლებლობებზე მე მისი კამპანიის დასაწყისშივე ვწერდი. მის ვებგვერდს შევხედე თუ არა, ცხადი გახდა, რომ ის ბილ კლინტონის მსგავსი ზომიერი დემოკრატი იყო. რა თქმა უნდა, ის ბევრს საუბრობდა იმედზე და ცვლილებაზე. მაგრამ ეს ცარიელ ფურცელს ჰგავდა, რომელზეც რასაც გინდა, იმას დაწერ. ხალხი გაწბილებული იყო ბუშის გამო. მათ სჭირდებოდა იმედი. მაგრამ, თუკი კარგად გაანალიზებდით იმას, რასაც ობამა ამბობდა, დაინახავდით, რომ არ არსებობდა რაიმე საფუძველი იმედისთვის.

კითხვა: მისი მთავრობა ირანს საფრთხედ აღიქვამს ურანის გამდიდრების გამო მაშინ, როდესაც ინდოეთი, პაკისტანი და ისრაელი, რომლებიც ატომური იარაღის მფლობელი ქვეყნებია, არ განიცდიან არავითარ ზეწოლას ამერიკის მხრიდან. როგორ ახსნით ამას?

ჩომსკი: ირანი საფრთხედ აღიქმება მხოლოდ იმიტომ, რომ ის არ ემორჩილება შეერთებული შტატების დირექტივებს. სამხედრო თვალსაზრისით, ეს საფრთხე უმნიშვნელოა. ამ ქვეყანას რამდენიმე საუკუნეა, რაც არ განუხორციელებია რაიმე აგრესია მისი საზღვრების გარეთ. Eერთადერთი გამონაკლისია 70-იანი წლები, როდესაც შაჰის მეთაურობით, რომელსაც შეერთებული შტატები უჭერდა მხარს, ის ორ არაბულ კუნძულზე შევიდა. რა თქმა უნდა, არავის სურს, რომ ირანი, ან ნებისმიერი სხვა ქვეყანა, ფლობდეს ატომურ იარაღს. ცხადია, ირანი არასასურველი რეჟიმის ხელშია დღეს. მაგრამ, მიუყენეთ იგივე სტანდარტი ამერიკის პარტნიორ ქვეყნებს, როგორებიცაა საუდის არაბეთი და ეგვიპტე და ნახავთ, რომ ადამიანის უფლებების მხრივ ირანი გაცილებით კარგ ფორმაშია, ვიდრე ეს ორი ქვეყანა. ისრაელი კი, ამერიკის თანხმობითა და წახალისებით, ხუთჯერ შეიჭრა ლიბანში 30 წლის მანძილზე. ირანს არაფერი მსგავსი არ გაუკეთებია.

კითხვა: მიუხედავად ამისა, ირანს უყურებენ როგორც საფრთხეს!

ჩომსკი: [ეს ასეა, რადგანაც] ირანი დამოუკიდებელ გზას მიუყვება და არ ემორჩილება საერთაშორისო ძალაუფლებას. ის ისევე იქცევა, როგორც ჩილე 70-იანებში. როდესაც ის სოციალისტ სალვადორ ალიენდეს მმართველობის ქვეშ იყო, შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა ამ ქვეყნის დესტაბილიზაცია, რათა მიეღწია “სტაბილურობისთვის”. აქ არ არის რაიმე წინააღმდეგობა. ალიენდეს ძალით ჩამოგდება აუცილებელი იყო, რამდენადაც ის აღიქმებოდა როგორც “მადესტაბილიზებელი ძალა”. ეს საჭირო იყო, რათა აღდგენილიყო “სტაბილურობა” და შეერთებული შტატების ძალაუფლება. იგივე ფენომენს ვხვდებით დღეს სპარსეთის ყურეში. თეირანი არ ემორჩილება ბრძანებებს.

კითხვა: როგორ შეაფასებდით საერთაშორისო საზოგადოების გადაწყვეტილებას თეირანს უფრო მკაცრი სანქციები დაუწესდეს?

ჩომსკი: საერთაშორისო საზოგადოება -- უცნაური ცნებაა. [ამ საკითხში] მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა არამორჩილის მხარეს არის და მხარს უჭერს ირანის უფლებას გაამდიდროს ურანი მშვიდობიანი მიზნებისათვის. მათ მრავალჯერ გაიმეორეს, რომ [ამ საკითხში] ისინი არ არიან ეგრეთწოდებულ “საერთაშორისო საზოგადოებასთან”. აშკარაა, მას მიეკუთვნება მხოლოდ ის, ვინც ვაშინგტონის ბრძანებებს იზიარებს. შეერთებული შტატები და ისრაელი კი ემუქრება ირანს და ამ მუქარას სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ.

კითხვა: რატომ?

ჩომსკი: დღეს ისრაელს ასობით ატომური ბომბი და ბობმბ-სატყორცნი საშუალება აქვს. ამ უკანასკნელის ყველაზე უფრო საშიში სახეობა გერმანიიდანაა მიღებული. ეს ქვეყანა ამარაგებს [ისრაელს] დელფინის წყალქვეშა ნავებით, რომლებიც თითქმის უხილავია. ისინი შეიძლება აღჭურვილი იქნეს ატომური ბომბებით. ისრაელი ერთ ასეთ წყალქვეშა ნავს უკვე იყენებს სპარსეთის ყურეში. ეგვიპტის დიქტატორული რეჟიმის წყალობით, მათ შეუძლიათ სუეცის არხში შეღწევა.

არ ვიცი გავიდა თუ არა ეს გერმანიის მედიაში, მაგრამ რამდენიმე კვირის წინ, შეერთებული შტატების სამხედრო ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ის აშენებს ატომური იარაღის ბაზას დიეგო გარსიას კუნძულზე, ინდოეთის ოკეანეში. იქ გაიგზავნება ატომური ბომბებით აღჭურვილი წყალქვეშა ნავები და სხვა შეიარაღება. ესენია ბომბები, რომლებსაც რამდენიმე ფუტის სისქის ბეტონის კედლის განგრევა შეუძლიათ. ამის ერთადერთი მიზანი მათი ირანის წინააღმდეგ გამოყენებაა. ისრაელის წამყვანმა თანამედროვე ისტორიკოსმა, მარტინ ვან კრეველდმა, რომელიც საკმაოდ კონსერვატორი ადამიანია, 2003-ში, შეერთებული შტატების მიერ ერაყის დაპყრობის შემდეგ, დაწერა: “ამ დაპყრობის შემდეგ, ირანელები უგნურები იქნებიან, თუკი არ იზრუნებენ ატომური ბომბის შექმნაზე.” აბა, სხვაგვარად როგორ უნდა შეაჩერო დაპყრობა? რატომ არ შეიჭრა შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეაში აქამდე? იმიტომ, რომ მათ ბომბი აქვთ. ვიმეორებ: არავის სურს, რომ ირანს ატომური იარაღი ჰქონდეს. მაგრამ, [რომც ჰქონდეს]Oძალზე მცირეა ალბათობა, რომ ისინი გამოიყენებენ მას. ამაში დარწმუნდებით, თუკი ამერიკის დაზვერვის მასალებს წაიკითხავთ. ირანს ერთი ატომური ბომბიც კი რომ შეექმნა, მას გაანადგურებდნენ. ასეთ ხვედრს არ ისურვებდნენ ირანის მთავრობაში მყოფი ისლამისტი სასულიერო პირები: აქამდე არავის შეუმჩნვია მათთვის თვითმკვლელობისადმი მიდრეკილება.

კითხვა: რა უნდა გააკეთოს ევროპის გაერთიანებამ იმისთვის, რომ ეს ფეთქებადსაშიში სიტუაცია განიმუხტოს?

ჩომსკი: მას შეუძლია ომის საშიშროების შემცირება. Eვვრო-გაერთიენებას შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა პაკისტანზე, ინდოეთსა და ისრალეზე -- სამ ატომური იარაღის მქონე სახელმწიფოზე, რომლებსაც არ მოუწერიათ ხელი ატომური იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებაზე -- რომ მათ, ბოლოს და ბოლოს, მოაწერონ იმ შეთანხმებას ხელი. 2009-ის ოქტომბერში, როდესაც მათ პროტესტი გამოთქვეს ირანის ატომურ პროგრამაზე, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ მიიღო რეზოლუცია, რომ ისრაელს მოეწერა ხელი ზემოთ აღნიშნულ ხელშეკრულებაზე და რომ მას უცხოელი ინსპექტორები შეეშვა საკუთარი ატომური სისტემების შესამოწმებლად. ევროპამ და შეერთებულმა შტატებმა დაბლოკეს ეს რეზოლუცია.

საინტერესოა ის, თუ რა მოხდა ევროპაში ცივი ომის დამთავრების შემდეგ. ვისაც წინა პერიოდის პროპაგანდის სჯეროდა, ალბათ იფიქრებდა, რომ 1990-ის შემდეგ ნატო დაიშლებოდა. მართლაც, ნატო ევროპის “რუსული ურდოებისგან” დასაცავად შეიქმნა. მაგრამ, 1990-ის შემდეგ, აღარ არსებობენ “რუსული ურდოები”, თუმცა ეს ორგანიზაცია ფართოვდება და არღვევს ყველა დაპირებას, რომელიც კი მან გორბაჩოვს მისცა. გორბაჩოვი საკმაოდ გულუბრყვილო აღმოჩდა და დაიჯერა ბუშისა და კანცლერ კოლის სიტყვები, რომ ნატო აღმოსავლეთ ევროპისკენ ერთი სანტიმეტრითაც არ წაიწევდა წინ. საერთაშორისო ანალიტიკოსებიც ადასტურებენ, რომ გორბაჩოვს ამ პოლიტიკოსების საკმაოდ სჯეროდა. ეს არც ისე ბრძნული იყო. დღეს ნატო მიიწევს აღმოსავლეთისაკენ და ახორციელებს მის სტრატეგიას, რათა დაეუფლოს გლობალური ენერგიების სისტემებს, ნავთობ-სადენებსა და სავაჭრო დერეფნებს. დღეს ვაკვირდებით ამერიკის შეერთებული შტატების ინტერვენციების დემონსტრაციას. რატომ უშვებს ამას ევროპა? იმიტომ ხომ არა, რომ მყარად ვერ დამდგარა საკუთარ ფეხებზე და ვერ გაუსწორებია თვალი შეერთებული შტატებისათვის?

კითხვა: თუმცა შეერთებული შტატები აპირებს მილიტარისტულ ზე-სახელმწიფოდ დარჩენას, მისი ეკონომიკა თითქმის სრულიად დაინგრა 2008-ში. მრავალი მილიარდი დასჭირდა იმას, რომ უოლ სტრიტი გადაერჩინათ. ჩინეთის ფულის გარეშე, შეერთებული შტატები ალბათ გაბანკროტდებოდა.

ჩომსკი: ბევრს ლაპარაკობენ ჩინურ ფულზე და ამის გამო გლობალურ სივრცეში ძალაუფლების გადანაცვლებაზე. შეიძლება ჩინეთმა შეერთებული შტატები შეცვალოს? ამ კითხვას იდეოლოგიური ექსტრემიზმის გამოვლინებად ვთვლი. სახელმწიფოები არაა ერთად-ერთი აქტორი დედამიწაზე. გარკვეული ზომით ისინი გამაპირობებელი ძალაა, თუმცა არა აბსოლუტერი. აქტორები, რომლებიც სახელმწიფოების პოლიტიკას მართავენ, ეკონომიკური ხასიათისაა. ესენია ბანკები და კორპორაციები. ამაში არაფერია ისეთი, რაც უკვე ადამ სმიტთან არ გვხდება. თუკი გამოვიკვლევთ იმას, თუ ვინ მართავს სამყაროს და პოლიტიკას, მართლაც დავინახავთ ძალაუფლების გადანაცვლებას -- მის კიდევ უფრო დაცილებას გლობალური შრომითი ძალებისაგან. ჩინეთი უკიდურესი მაგალითია. არსებობს ტრანსნაციონალური კორპორაციების, ფინანსური ინსტიტუტებისა და იმ ქვეყნების ინტერაქცია, რომლებიც მათ ინტერესს ემსახურებიან. ეს ძალაუფლების რეალური ცვლილებაა. თუმცა, ის არ გვხდება ახალი ამბების სათაურებში.

დავით მახარაშვილის თარგმანი (ინგლისურიდან)