ქვეყანათმცოდნეობა

სამი გამოაშკარავებული ამერიკული პროპაგანდისტური მითი

რით არის განპირობებული მსოფლიოში არსებული საყოველთაო სიძულვილი აშშ-ის მიმართ? ეგრეთ წოდებული ატლანტისტებისგან, ანუ ამერიკანოფილებისგან,

ხანდახან გაიგებთ, რომ სძულთ მხოლოდ ყველაზე ძლიერები და ამ სიძულვილის წყაროა შური. მაგრამ მართლა შური და მოჩვენებითი სიძლიერე არის ამის მიზეზი? გულბაათ რცხილაძემ გაზეთ „საქართველო და მსოფლიოსთან“ ინტერვიუში აღნიშნა 3 პროპაგანდისტური მითი, რომელიც შეიქმნა ვაშინგტონში და რომელსაც პოსტსაბჭოთა სივრცეში იმეორებენ ატლანტისტები.

გულბაათ რცხილაძე: ამერიკის იმიჯი და ეგრეთ წოდებული დასავლური ფასეულობები, რომელთა უნივერსალიზაციასაც ცდილობდა დასავლეთი დიდი ხნის მანძილზე, მსოფლიოს დიდ, უდიდეს ნაწილში თუ არა, კარგა ხანია, დისკრედიტებულია. პოსტსაბჭოთა სივრცეში და კერძოდ, საქართველოში, დასავლეთის ხიბლის გაქრობის პროცესი შედარებით ახალი დაწყებულია, თუმცა ფაქტობრივად დასავლეთს და განსაკუთრებით აშშ-ს, იმიჯი აქაც სერიოზულად შეელახა.

 

აღნიშნული პროცესის მიზეზებიდან გამოვყოფდი იმ მითების მსხვრევას, რომელთაც თავის დროზე წარმატებით ამკვიდრებდა აშშ და მასთან ერთად დასავლური სამყარო:

 

- მითი პირველი: ამერიკის გავლენა და ამერიკის მოკავშირეობა ნიშნავს ცხოვრების მაღალ დონეს;

- მითი მეორე: ამერიკის გავლენა და ამერიკის მოკავშირეობა ნიშნავს დემოკრატიის განვითარებას, თავისუფლებას, მშვიდობას;

- მითი მესამე: ამერიკის გავლენა და ამერიკის მოკავშირეობა ნიშნავს დაცულობას, უსაფრთხო ცხოვრების გარანტიას.

 

პირველი მითის დასადასტურებლად აშშ-ს და მის მიერ დაქირავებულ ადგილობრივ წვრილფეხა იდეოლოგიურ დამქაშებს მაგალითად მოჰყავთ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი დასავლეთ ევროპის სწრაფი განვითარება და "ეკონომიკური სასწაული", ე. წ. მარშალის გეგმა, ასევე ერთმანეთს ადარებენ კომუნისტურ ჩრდილოეთ კორეას და კაპიტალისტურ სამხრეთ კორეას, რომელთა შორის ცხოვრების დონე შეუდარებლად განსხვავდება პროამერიკული სამხრეთის სასარგებლოდ. მაგრამ ამ წვრილფეხა დამქაშებს ავიწყდებათ, რომ მარშალის გეგმის წილი დასავლეთევროპული სახელმწიფოების ეკონომიკის ნახტომისებრ ზრდაში მინიმალურია, ევროპის "ეკონომიკური სასწაული" არა იმდენად ამერიკულმა იაფმა კრედიტებმა, არამედ გამანადგურებელი ომის მიუხედავად ევროპაში შენარჩუნებულმა მაღალგანვითარებულმა საწარმოო საშუალებებმა, მაღალკვალიფიციურმა კადრებმა, მეცნიერების მაღალმა დონემ და მდიდარმა ევროპულმა გამოცდილებამ განაპირობა. არ უნდა დაგვავიწყდეს 1960-იან წლებში აზიური და აფრიკული ქვეყნებიდან იაფი მუშახელის შემოყვანაც, რაც კაპიტალისტური ევროპის ეკონომიკური ბუმის მთავარ ფაქტორად იქცა.

 

ყოველივე ამის საფუძველზე ომის შემდგომი დასავლეთი ევროპა სწრაფად განვითარდა, ანუ საკუთარი ძალებით და არა იმდენად ამერიკის დახმარებით. ისიც აღსანიშნავია, რომ სტალინის საბჭოთა კავშირიც საოცარი ტემპებით ვითარდებოდა, ომის შემდეგ სსრკ პირველი სახელმწიფო იყო მოკავშირეებს შორის, რომელმაც გააუქმა კვების პროდუქტებზე ტალონები და პროდუქტებით ვაჭრობაზე შეზღუდვა. ასევე მისი აღმოსავლეთევროპული მოკავშირეებიც სწრაფად ვითარდებოდნენ საბჭოთა რესურსების ხარჯზე. რა თქმა უნდა, ხრუშჩოვის პერიოდიდან მოყოლებულმა საეჭვო ხასიათის ექსპერიმენტებმა და არასწორმა სტრატეგიამ სოციალისტური ბანაკი დაასუსტა და დასავლეთი თანდათან უპირატესობას ეუფლებოდა, მაგრამ ეს ამერიკის დამსახურება ნაკლებადაა. რაც შეეხება ორ კორეას, ეს გამონაკლისი შემთხვევაა, რომელიც განპირობებულია მხოლოდ კორეული სპეციფიკით.

 

სამაგიეროდ უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეობა არ ნიშნავს ცხოვრების მაღალ დონეს. მთელი ცენტრალური და სამხრეთი ამერიკა აშშ-ის გავლენის სფერო იყო ბოლო დრომდე, მაგრამ არსად არ შეინიშნებოდა ეკონომიკური წინსვლა. სწორედ ამ სიღატაკემ და აშშ-ის მიერ რეგიონის დაუნდობელმა ეკონომიკურმა ექსპლუატაციამ განაპირობა დიდი ზიზღი აშშ-ს მიმართ სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში. კარიბის ბასეინში, მაგალითად, კუბა, მიუხედავად აშშ-ს მიერ დაწესებული ეკონომიკური ბლოკადისა, უკეთ ცხოვრობდა, ვიდრე პროამერიკული ჰონდურასი ან იამაიკა. ვენესუელაში ჰუგო ჩავესს იმიტომ აქვს უზარმაზარი მხარდაჭერა, რომ მან ამერიკის მარწუხები მოაშორა თავის ქვეყანას, რამაც შედეგად გამოიღო ის, რომ ვენესუელის მცხოვრებთა ღატაკი ფენებისთვის შესაძლებელი გახდა სხვადასხვა სოციალური პროგრამების განხორციელება, ხოლო საკუთრივ ღატაკი მოსახლეობის წილი 60 პროცენტიდან 40 პროცენტამდე შემცირდა.

 

აშშ-ის და მისი "ფილიალის" - საერთაშორისო სავალუტო ფონდის უტყვი მორჩილი იყო კარლოს მენემის არგენტინა, რომელიც თითქოს იმედის მომცემ ციფრებს აჩვენებდა და საქართველოსავით რეგიონისთვის "სამაგალითოდ" ცხადდებოდა. მაგრამ აშშ-დან წამოსულ "რეცეპტებზე" აგებული არგენტინული "სასწაული" ერთ მშვენიერ დღეს სტრუქტურულმა კრიზისმა მოიცვა და უმალ საპნის ბუშტივით გასკდა. არგენტინა მთელი რამდენიმე წლის მანძილზე უმძიმეს ვითარებაში ჩავარდა საოცარი ინფლაციით. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ არგენტინული ქალაქების ქუჩებში სიარული უსაფრთხო აღარ იყო, ყოველ წუთს მოსალოდნელი იყო ასოციალური ელემენტების თავდასხმა. არგენტინა დატოვა უამრავმა ადამიანმა და თავი ევროპას შეაფარა. ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებმა - ბრაზილიამ, ბოლივიამ, ჩილემ - თავს უშველეს შეერთებული შტატებისგან მეტი დისტანცირებით. მსგავსმა კრიზისებმა ამერიკის სხვა მოკავშირეებიც შეარყია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მაგალითად, ინდონეზია და სხვა აზიური თითქოს მზარდი კაპიტალისტური ქვეყნები.

 

პოსტსაბჭოთა სივრცის ბოლო ოცწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ამერიკის ფსევდოდახმარებას დადებითი შედეგის ნაცვლად ამ ქვეყნების კიდევ უფრო მეტი დაკნინება - მოჩვენებითი ეკონომიკური ზრდა, სინამდვილეში კი სოციალური უთანასწორობა, ეკონომიკური დაუცველობა, რესურსების გაჩანაგება და სხვა უბედურებები მოაქვს.

 

ახლა მეორე მითზე შევჩერდეთ. ის, რომ აშშ-ს არ მოაქვს დემოკრატია და თავისუფლება, ამ ცნებებით განსაკუთრებულად მოსპეკულანტო ბუში-უმცროსის მმართველობის დროს საბოლოოდ დამტკიცდა. აშშ-ის მოკავშირეები - ნავთობით მდიდარი საუდის არაბეთი, ომანი, კუვეიტი - ტოტალიტარული სისტემებია, სადაც მთელი ძალაუფლება მონარქის ხელშია კონცენტრირებული. ახლა "ლაივში" ვხედავთ, სადამდე მიიყვანა ამერიკის მოკავშირე მუბარაქმა ეგვიპტე, როგორ გააჩანაგა იგი ეკონომიკურად და მორალურად, ქვეყანაში არ არის დემოკრატიის ელემენტარული ჩანასახი და ამიტომაც ძალზე გაჭირდება მუბარაქის მოშორების შემდეგაც კი, რაიმე სტაბილური სისტემის შექმნა, რომელიც სამართლიანობის საფუძველზე იარსებებს. ყველამ ნახა, რაც მოუტანა ამერიკამ ერაყს და ავღანეთს, როგორ ფეხქვეშ ითელება დღემდე ადამიანის უფლებები გუანტანამოს საკონცენტრაციო ბანაკში, როგორ აწამებდნენ ხალხს აბუ ღრეიბის ციხესა და ბაგრამის სამხედრო ბაზაზე, როგორ იტაცებდნენ სი-აი-ეის აგენტები უბრალო ადამიანებს, რომელთაც უსაფუძვლოდ აბრალებდნენ ტერორისტობას და აწამებდნენ. ეს ყველაფერი გამომზიურდა და შესაბამისად, მოხდა ამერიკის იმიჯის დევალვაცია.

 

ის, რომ ამერიკის მოკავშირეობა არ ნიშნავს დაცულობას, და რომ ამერიკას შეუძლია, თავისი მოკავშირე პროვოკაციულ ინსტრუმენტად გამოიყენოს, შემდეგ კი პასუხისმგებლობა მოიხსნას მასზე, 2008 წლის აგვისტოს ომმაც აჩვენა მსოფლიოს - ჩვენდა საუბედუროდ, საქართველოს მაგალითზე.

 

კიდევ ბევრი ფაქტორის დასახელება შეიძლება, თუ რატომ დაიმსხვრა ამერიკის პოზიტიური იმიჯი პრაქტიკულად მთელს პლანეტაზე, მაგრამ ამჯერად ალბათ ესეც საკმარისია.