ქვეყანათმცოდნეობა

ინტერესები და ფასეულობები: მერკელი და ჰუ ძინტაო ობამას წინააღმდეგ

WELT ONLINE. მერკელი და ჰუ - მსოფლიოს უძლიერესი წყვილი. ჩინეთის სახელმწიფო მეთაურთან ერთად გერმანიის კანცლერმა სეულში წარმატებას მიაღწია ბარაკ ობამას წინააღმდეგ.

ანგელა მერკელი მსოფლიოში ყველაზე გავლენიან ქალბატონად ითვლება - 2006 წლიდან ამის წერილობითი დასტურიც არსებობს, როდესაც ამერიკულმა ჟურნალმა „ფორბსმა“ იგი თავისი ლეგენდარული სიის პირველ ადგილზე დააყენა. მსოფლიოს უმძლავრეს მამაკაცად კი ბოლო დროიდან ჰუ ძინტაო მიიჩნევა: ჩინეთის პრეზიდენტმა თავისი ამერიკელი კოლეგა ბარაკ ობამა „ფორბსის“ მესვეურთა თვალში პირველი ადგილიდან მიმდინარე წელს პირველად ჩააჩოჩა.

 

მხოლოდ ჟურნალისტური თამაშია? დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ გასულ კვირაში „დიდი ოცეულის“ სამიტზე სეულში მსოფლიოს უმნიშნელოვანეს ქვეყანათა სახელმწიფო და მთავრობათა მეთაურებმა საკუთარი თვალით იხილეს, თუ რა ხდება, როდესაც მსოფლიოს უძლიერესი ქალი და მამაკაცი ერთად მოქმედებენ ასპარეზზე: ისინი განსაზღვრავენ სტრატეგიას. ეს კი ყველაზე მტკივნეული უნდა იყოს სწორედ ობამასთვის, რომელმაც კბილები გაიფუჭა გერმანულ-ჩინურ კავშირზე.

 

თავდაპირველად ობამა შეეცადა, ჰუ ძინტაო გაეტეხა. უზარმაზარი ამერიკული დელეგაცია სამი თვითმფრინავით ჩამოფრინდა, ორასი ჟურნალისტის თანხლებით და მთლიანად დაიკავა ქალაქის ყველაზე ძვირი სასტუმრო - „გრანდ ჰაიატი“. მაგრამ გამოცდილ ჰუზე შთაბეჭდილება ვერც ბროლის ჭაღებმა, ვერც სპეცსამსახურების აგენტების მებრძოლმა გარეგნობამ ვერ მოახდინა. საათნახევრის განმავლობაში ესაუბრებოდა მას ობამა: ჩინელებმა ბოლოსდაბოლოს უნდა შეამცირონ თავიანთი უზარმაზარი სავაჭრო ნამეტი აშშ-ში. ჰუ თავაზიანი იყო, მაგრამ არაფერს ამბობდა. მან იცოდა: მის შემდეგ უნდა მოსულიყო მისი ყველაზე ახლო მოკავშირე. ჰუს შემდეგ ობამა დაუყოვნებლივ შეუდგა ანგელა მერკელის დაყოლიებას. მერკელის მხრიდან რეაგირების გარეშე არ დარჩენილა ის ფაქტი, რომ ობამამ მას თითქმის მთელი ოცი წუთი ალოდინა: როდესაც ობამამ მას შემდგომ კომპლიმენტად უთხრა, რომ ჩინელებისგან განსავავებით გერმანელებთან მაშინვე შეიძლება მუშაობაში ჩართვა, ძვირფასი დროის იმაზე ხანგრძლივი საუბრით ხარჯვის გარეშე, თუ რა კარგ მდგომარეობაშია ორმხრივი ურთიერთობები, მერკელმა ჩაიცინა: „მაგრამ დღეს მე ამას სიამოვნებით მოვისმენდი“.

 

ასეთი პასუხით მერკელმა მოახდინა ობამას მცდელობის ნეიტრალიზება, გათიშულობა ჩამოეგდო მასსა და ჰუს შორის. ამასთან მან მიანიშნა იმ მკვეთრ ტონზე, რომლის მოსმენაც ოფიციალურ ბერლინს მოუხდა ვაშინგტონიდან, ბოლო დღეების განმავლობაში. მერკელმა მაშინვე გასცა განკარგულება „საპასუხო ცეცხლის“ გახსნის შესახებ. მისმა მინისტრებმა ვოლფგანგ შოიბლემ და რაინერ ბრიუდერლემ შეერთებული შტატების ფულად პოლიტიკას „უიმედო“ და „არასწორი“ უწოდეს.

 

პირადად მერკელი საკმაოდ დიდ ხანს იდგა ჩრდილში იმისათვის, რათა ამერიკელების პროვოცირება მოეხდინა უშუალოდ სამიტის წინ. მან შეაქო სწორედ ჩინელები, როგორც გერმანიის „საბიუჯეტო პოლიტიკის ღირსეული თანმხლებნი“ და ერთი სიტყვითაც არ უხსენებია აშშ. ეს ნიშნავდა: ჩინეთს ძალუძს, გაატაროს ეკონომიის პოლიტიკა, ამერიკას - არა.

 

ურთიერთობათა კრიზისს უიღბლობაც დაემატა: ობამას მიერ სამიტის ცხრამეტი მონაწილისათვის გაგზავნილმა წერილმა მაინცადამაინც მარტო კანცლერის აპარატში მისვლა დააგვიანა. მერკელის თვითმფრინავი უკვე სეულის თავზე ეშვებოდა, მან კი ჯერ არ იცოდა წერილის შესახებ. არადა ობამას წერილზე საინფორმაციო სააგენტოები უკვე იტყობინებოდნენ. მაგრამ ამერიკელთა მხრიდან ადგილი არ ჰქონდა უგულებელყოფას, მათ უბრალოდ არ გაუმართლათ: გერმანიაში ამერიკის ელჩმა პრეზიდენტის წერილის თანმხლები წერილის დაწერა მოისურვა და ამის გამო წერილი დროულად ვერ მიიტანეს კანცლერთან, სეულში მის გაფრენამდე.

 

ყველა უსიამოვნების საფუძველი არის ის, რომ ჩინეთი, ისევე როგორც გერმანია, აშშ-ში ჰყიდის მეტს, ვიდრე იქ ყიდულობს. თუმცა გერმანული პროდუქციის შემთხვევაში საუბარი არ არის იაფფასიან პროდუქტებზე, არამედ ხარისხიანზე. „ექსპორტში ჩვენი წარმატებები ამტკიცებს, რამდენად კონკურენტუნარიანია გერმანული პროდუქტები“ - ჯერ კიდევ სამიტზე გამოფრენის წინ განუცხადა მერკელმა WELT ONLINE -ს. მიუხედავად ამისა, გერმანული სავაჭრო ნამეტი ობამას ისევე არ სიამოვნებს, როგორც ჩინური.

 

მერკელის ადმინისტრაცია თუმცა ყოველთვის კი ცდილობს, საკუთარი მოქმედებები შეუთანხმოს თავის ტრანსატლანტიკურ მოკავშირეს, მაგრამ როდესაც სუპერსახელმწიფო ზედმეტად ჰეგემონიალურ მოქმედებას ახორციელებს, მერკელის ადმინისტრაცია სხვა სახელმწიფოთა წინააღმდეგობას იყენებს, როგორც ამ შემთხვევაში ჩინეთის მხრიდან. ამერიკელთა მაქსიმალური მოთხოვნა, სავაჭრო ნამეტი შემცირებულიყო ოთხ პროცენტზე მეტად, გერმანელებისა და ჩინელების მიერ მოგერიებულ იქნა ჯერ კიდევ სამიტის დაწყებამდე. გერმანიამ შეძლო საფრანგეთის დარწმუნება, ხოლო ჩინეთმა ბევრი ზღურბლზე მდგომი ქვეყანა დააჯერა, რის შედეგადაც მოხდა აშშ-ის იზოლირება. ერთობლივი ინტერესები ჯერ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ვალუტაა, ვიდრე ერთობლივი ფასეულობები.

 

ამიტომაც სახელმწიფო მეთაურთა გამოსამშვიდობებელ რაუნდზე გუნებაწამხდარმა ობამამ მერკელისა და დანარჩენი თვრამეტი სახელმწიფო და მთავრობის მეთაურთა მხრიდან მეტს ვერაფერს მიაღწია, გარდა ბურუსით მოცული დაპირებებისა. ვაჭრობა პერსპექტივაში უფრო დაბალანსებული უნდა გახდეს, მაგრამ საამისოდ ზუსტი პროცენტები არ იქნება კრიტერიუმად აღიარებული. მეტწილად შესწავლილ იქნება რამდენიმე „ინდიკატორი“, რომელიც ქმნის დისბალანსს. ეს ნიშნავს შემდეგს: სამუშაო ჯგუფმა შეიძლება, აწარმოოს დიალოგი ამ თემაზე. მაგრამ ჩინეთი და გერმანია განაგრძობენ თავიანთ ექსპორტს ისეთივე კარგი გუნება-განწყობით, როგორც აქამდე.

 

სამიტის მეორე დღეს ობამას, როგორც იქნა, იმედი მოეცა, რომ არ დარჩებოდა იზოლაციაში. მან განაცხადა, რომ სურს უფრო თავისუფალი ვაჭრობა მსოფლიოში, რაშიც მას დასავლეთის სხვა ქვეყნები მხარს უჭერენ. ამ თვალსაზრისით ჩინეთი დარჩა იზოლირებული. მაგრამ ჯერ კიდევ მანამ, ვიდრე დასკვნითი დოკუმენტი მომზადდებოდა, მერკელი წავიდა. იმავე დროს, ვიდრე მერკელს თავისი კორტეჟი ელოდებოდა, სხვა კოლონამ უკვე ჩაიარა. ეს ჰუ ძინტაო მიემართებოდა აეროპორტისკენ. ამრიგად, მსოფლიოს უძლიერესი წყვილი ერთდროულად გაფრინდა.

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) რეფორმა: სსფ-ში ძალთა ბალანსის ახლებური გადანაწილება ყველაზე უფრო არსებითი რეფორმაა მის ისტორიაში. ისეთი მზარდი ქვეყნები, როგორც ჩინეთი და ინდოეთი, მეტ გავლენას ღებულობენ,  ხოლო ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყნები, როგორც გერმანია, თავიანთ ძალაუფლებას თმობენ. ჩინეთი გერმანიას ცვლის, როგორც სიდიდით მესამე მეწილეს.

 

სსფ-ის 187 წევრ-სახელმწიფოთა ხმის უფლებისა და წილების ახალ რეგულაციაში გათვალისწინებულია სწრაფად განვითარებადი ზღურბლზე მდგომი ქვეყნების გაზრდილი მნიშნელობა.

 

ახლახან ჩინეთმა შეცვალა იაპონია, როგორც მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკა აშშ-ის შემდეგ. ახლანდელ დრომდე სსფ-ში არაპროპორციულად მძლავრად წარმოდგენილი შეერთებული შტატების გავლენა ამ ორგანიზაციაში ამიერიდან უფრო სუსტი იქნება. ასევე გერმანია, მსოფლიოში სიდიდით მეოთხე ეკონომიკა, რამდენადმე თმობს თავისი წილს.

 

წილთა კონკრეტულად 6,4 პროცენტი გადანაწილდება ძირითადად ზღურბლზე მდგომ ქვეყნებს შორის. წილის სიდიდიდან გამომდინარეობს ამა თუ იმ ქვეყნის წონა კენჭისყრის დროს და ასევე მისი კაპიტალური შესატანი. მთლიანობაში 2012 წლამდე კვოტები უნდა გაიზარდოს სამჯერ. ამრიგად სსფ მიიღებს უფრო მეტ თავისუფალ ფულად სახსრებს.

 

2013 წლის დასაწყისამდე ასევე უნდა იქნას ნაპოვნი ახალი ფორმულა იმ მიზნით, რომ განვითარებადმა და ზღურბლზე მდგომმა ქვეყნებმა მეტი გავლენა მოიპოვონ. ჯერ კიდევ 2008 წელს სსფ-ის წევრი-სახელმწიფოები დათანხმდნენ ამ ქვეყნების სასარგებლოდ კვოტების 5,4 პროცენტის გადანაწილებაზე.

 

თანხმობა იქნა მიღწეული ასევე აშშ-სა და ევროკავშირს შორის ადგილების გადანაწილებაზე აღმასრულებელ დირექტორატში, რაზეც დისკუსიები დიდი ხანია მიმდინარეობდა. ევროპის ორი ინდუსტრიულად განვითარებული სახელმწიფო თავის ადგილს დათმობს ზღურბლზე მდგომი და განვითარებადი ქვეყნების სასარგებლოდ. აშშ-ის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, ამ მნიშვნელოვან ორგანოში ადგილების რაოდენობა არ შემცირდება 24-დან 20-მდე. ღიად რჩება საკითხი, როგორ განაწილდება ევროპისთვის დარეზერვებული შვიდი ადგილი.

წყარო: dpa

 

თარგმანი გერმანულიდან: ევრაზიის ინსტიტუტი