ქვეყანათმცოდნეობა

დემოკრატია ამერიკულად

გიორგი ვეკუა

ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც დემოკრატიის ციტადელი მთელ მსოფლიოში - ეს არის ალბათ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი მითი,

რომლის ტირაჟირებაზე და მსოფლიოს მთელი მოსახლეობის ცნობიერებაში რაც შეიძლება ღრმად დალექვაზე არნახული რაოდენობის რესურსი დაიხარჯა, ძირითადად ამერიკის პრეზიდენტების გამოსახულებიანი ქაღალდების სახით. სხვათაშორის, ეს ბრწყინვალე ინვესტიცია იყო: სწორედ ამ მითს, ისევე როგორც ამერიკულ ”დემოკრატიულ დაბომბვებს”, თუმცა, პირველ ყოვლისა მაინც ”დემოკრატიის მითს”, უნდა უმადლოდნენ თავად ეს ქაღალდები დღემდე მსოფლიოს მთავარი ვალუტის სტატუსში ყოფნას.

მაგრამ ეს ცალკე საუბრის თემაა და შორს წაგვიყვანს. დავუბრუნდეთ ამერიკულ დემოკრატიას. გავიხსენოთ თავად სიტყვა ”დემოკრატიის” განმარტება. ეს სიტყვა ბერძნული წარმოშობისაა და შედგება ორი ნაწილისგან: დემოს (ხალხი) და კრატია (ძალაუფლება, ხელისუფლება). ანუ დემოკრატია წესით უნდა ნიშნავდეს ხალხის ძალაუფლებას. ვნახოთ, აქვს თუ არა ხალხს ანუ მოსახლეობის უმრავლესობას ამერიკის შეერთებულ შტატებში რეალური ძალაუფლება.

დავსვათ კითხვა: რას ნიშნავს საერთოდ ”რეალური ძალაუფლება”? დროებით გვერდზე გადავდოთ სხვადასხვა პოლიტოლოგიური თუ ფილოსოფიური განმარტებები და ტერმინები, ნაკლებად გასაგები რიგითი მოქალაქისთვის და ჩამოვაყალიბოთ ეს ცნება შემდეგნაირად: ”რეალური ძალაუფლება” ნიშნავს იმას, რომ ხალხი, მოსახლეობის დიდი ნაწილი ხანდახან მაინც ახდენს რეალურ ზეგავლენას სახელმწიფოში სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაზე ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, სახელმწიფოს, ქვეყნის ბედზე.

აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო ისტორია. მაშ, ახდენს თუ არა და თუ ახდენს, რამდენად ხშირად, ამერიკის ხალხი, ჩვეულებრივ ამერიკელთა უმრავლესობა, გადამწყვეტ ან თუნდაც ძალზე სერიოზულ გავლენას ამერიკის სხვადასხვა სახელისუფლებო შტოების მიერ სტრატეგიული, ყველაზე სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებაზე? ამერიკის შეერთებული შტატების მთელი ისტორია, ან თუნდაც ბოლო 150 წელი (სტაბილური ორპარტიული სისტემის ჩამოყალიბების შემდეგ) გვეუბნება, რომ ასეთი გავლენა მხოლოდ განსაკუთრებულ, გამონაკლის შემთხვევებში თუ აღინიშნება.

კი მაგრამ, იკითხავს მკითხველი, ამერიკის დემოკრატიული სისტემა? არჩევნები ყველა დონეზე? პრესის და აზრის გამოხატვის თავისუფლება და სხვა სამოქალაქო თავისუფლებები? ხომ არსებობს ეს ყველაფერი? ეს ყველაფერი ფორმალურად და რეალურადაც არსებობს, მაგრამ მაინც არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკის ხალხი რეალურად როდესმე წყვეტდა ან წყვეტს სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებს ამ ქვეყანაში.

სინამდვილეში აქ არავითარი პარადოქსი არ არის. მოდით, განვიხილოთ აშშ-ს პოლიტიკური სისტემა და მისი ფუნქციონირება. მთავარი დასკვნა, რაც ამ სისტემის ანალიზის შემდეგ იბადება, არის ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ბრწყინვალედ ორგანიზებული ოლიგოკრატია , სადაც დემოკრატიის ფასადურობა და ილუზორულობა ყველაზე უკეთ არის შენიღბული, მაგრამ რეალური დემოკრატიის ხარისხი (ანუ ხალხის უმრავლესობის ძალაუფლების ხარისხი) არათუ მეტია, ვიდრე მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში, არამედ გაცილებით ნაკლები.

ოლიგოკრატია ანუ ოლიგარქია ნიშნავს მმართველობის ფორმას, სადაც ძალაუფლება არის მცირერიცხოვანი ჯგუფის, კლასის ან ფენის ხელში. სწორედ ასეთი მმართველობაა ამერიკის შეერთებულ შტატებში (ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყანაში რეალურად). ამ ქვეყნის ელიტა წარმოადგენს მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უკეთ ორგანიზებულ და დარაზმულ ჯგუფს, რომელიც ათწლეულების და შეიძლება ითქვას, საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში თანმიმდევრულად, მემკვიდრეობითობის საფუძველზე, ერთპიროვნულად ახდენს ქვეყნის მართვას. გავაანალიზოთ ამ მმართველობის მაგალითები და ფორმები, თუ როგორ ხორციელდება ის.

დავიწყოთ ამერიკის პოლიტიკური სისტემით. როგორც ცნობილია, ის შედგება ორი ტრადიციული, ძირითადი პარტიისგან, ხოლო დანარჩენი პარტიები არ თამაშობენ არანაირ სერიოზულ როლს ქვეყნის ცხოვრებაში, ყოველ შემთხვევაში, ფედერალურ დონეზე და მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში. ყველა მცდელობა, რომ შექმნილიყო მესამე პოლიტიკური პარტია (ასეთი კი ბოლო ასი წლის განმავლობაში რამდენჯერმე იყო) სრული კრახით დამთავრდა. ფაქტია, რომ პოლიტიკური ელიტა, ისტებლიშმენტი, ეფექტურად ბლოკავს მისი მონოპოლიის დარღვევის ყველა მცდელობას და ინარჩუნებს ”დუალისტურ” ხასიათს. ამავე დროს, ასეთი ხისტი ორპარტიული სისტემა არ არსებობს არცერთ ”დემოკრატიულ” ქვეყანაში, ანუ იმ ქვეყნებში, რომლებიც საკუთარ თავს დასავლურ დემოკრატიებად მიიჩნევენ. დიდ ბრიტანეთშიც კი, მათ შორის ბრიტანეთის იმპერიის არსებობის დროს, დროდადრო ჩნდებოდა და ძლიერდებოდა მესამე პოლიტიკური პარტია და ბოლო ათწლეულებშიც, ტრადიციული კონსერვატორების და ლეიბორისტების გარდა, საკმაოდ სერიოზულ როლს თამაშობენ ლიბერალ-დემოკრატები, ამ უკანსაკნელ წლებში კი შოტლანდიელ ნაციონალისტთა პარტიაც.

ამერიკული ორპარტიული სისტემა არის შესანიშნავი მაგალითი ოლიგოკრატიისა, როცა ორ ნაწილად გაყოფილი მმართველი ელიტა, ისტებლიშმენტი, მთლიანად აკონტროლებს პოლიტიკურ სივრცეს და ახლოსაც არ უშვებს არავის ”გარედან”. ის, რომ ეს სისტემა ერთიანია და ერთ მთლიან რეალურ ელიტას წარმოადგენს, კარგად ჩანს ბევრი კონკრეტული შემთხვევის განხილვის დროს. მაგალითად, 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას ეს განსაკუთრებით ცხადად გამოჩნდა. არჩევნებში ფაქტიურად გამარჯვებულმა ალბერტ გორმა, რომელმაც ოფიციალური მონაცემებითაც კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით მეტი ხმა მიიღო, ვიდრე ბუშმა-უმცროსმა, მაგრამ დამარცხებულად გამოცხადდა მხოლოდ ფლორიდის შტატში რამდენიმე ათასი ხმით წაგების გამო, ფაქტიურად უბრძოლველად დათმო არჩევნები, თუმცა სრულიად აშკარა იყო უაღრესად უხეში დარღვევები ზემოხსენებულ შტატში. სხვათაშორის, ფლორიდის შტატის გუბერნატორი ამ დროს ჯორჯ ბუშის ღვიძლი ძმა ჯებ ბუში იყო, ხოლო არჩევნებს, აშშ-ში მიღებული კანონმდებლობის თანახმად, ატარებდა რესპუბლიკელი გუბერნატორის მიერ დანიშნული ადმინისტრაცია, რომელსაც ბუშების ოჯახთან დაახლოებული რესპუბლიკელი აქტივისტები ხელმძღვანელოდნენ. კურიოზულია, მაგრამ თითქმის იგივე ისტორია განმეორდა 4 წლის შემდეგ, 2004 წლის არჩევნებში, ოღონდ ამჯერად ოჰაიოს შტატში. ამ შემთხვევაშიც, დამარცხებულმა თუ დამარცხებულად გამოცხადებულმა დემოკრატთა კანდიდატმა ჯონ კერიმ, რომელიც ლიდერობდა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩატარებული თითქმის ყველა გამოკითხვის თანახმად და უფრო მეტიც, არჩევნების დასრულების შემდეგ მას-მედიაში გამოჟონილი ეგზიტ-პოლების თანახმადაც, პრაქტიკულად უბრძოლველად დათმო არჩევნების ბედი და მეორე დღესვე მიულოცა ბუშს გამარჯვება.

ასეთ ფაქტებს ანგაჟირებული ექსპერტები თუ მას-მედიის საშუალებები მოსახლეობას აწვდიან, როგორც ამერიკული პოლიტიკური კულტურის ”მაღალი დონის” დამადასტურებელ ინფორმაციას. სინამდვილეში კი აშკარაა, რომ თვით წამყვანი პოლიტიკური პერსონაჟებიც კი, პრეზიდენტობის კანდიდატების ჩათვლით, წარმოადგენენ დეპერსონალიზებულ, რეალურ ძალაუფლებას მოკლებულ ჭანჭიკებს აწყობილი პოლიტიკური მანქანის მექანიზმში, ამ მექანიზმის კბილანებს. ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტია, რომელიც გვაჩვენებს აშშ-ს პოლიტიკურ სისტემის ფუნდამენტურ თვისებას. ყველაფერს წყვეტს არა პიროვნება, პოლიტიკური ლიდერი, არამედ ”უხილავი”, მაგრამ ყოვლისშემძლე ელიტა, რომელიც არის კიდეც რეალური ძალაუფლება ქვეყანაში.

რეალური მმართველობის ამ ფორმას იდეალურად შეესაბამება არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ თვით საარჩევნო სისტემაც კი. შეიძლება ზოგმა არც იცოდეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ფორმალურად ხალხი როდი ირჩევს. მას ირჩევს ე.წ. ხმოსნების კოლეგია, ანუ ცალკეული შტატების წარმომადგენლები. მართალია, თითოეული ამ ხმოსანთაგან ვალდებულია ხმა მისცეს ისე, როგორც დასრულდა კენჭისყრა მის მშობლიურ შტატში, მაგრამ თეორიულად ხალხის მიერ მიცემული ხმა მაინც არაა გადამწყვეტი. არათუ თეორიულად, პრაქტიკაშიც იყო მსგავსი შემთხვევები, მაგალითად, ზემოთაღნიშნულ 2000 წლის არჩევნებში ალბერტ გორმა მეტი ხმა მიიღო მთელი ქვეყნის მასშტაბით (ე.წ. popular vote), ვიდრე ბუშმა, მაგრამ ხმოსნების კოლეგიაში უპირატესობის გამო გამარჯვებულად მაინც ეს უკანასკნელი გამოცხადდა.

მაგრამ ეს კიდევ არ არის მთავარი. გავიხსენოთ, როგორ ხდება პრეზიდენტობის კანდიდატების შერჩევა ორი ძირითადი პარტიის მიერ. ეს არის ძალზე უცნაური პროცესი, რომელიც, სხვათაშორის, არჩევნებიდან არჩევნებამდე იცვლება. თითოეული პარტია, უფრო სწორად, მისი ხელმძღვანელი სტრუქტურები, ადგენს ე.წ. პრაიმერიზების გეგმას და გრაფიკს. ”პრაიმერიზი” ეწოდება შიდაპარტიულ არჩევნებს, რომელმაც უნდა გამოავლინოს ორივე პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი. მაგრამ ეს არჩევნები მიმდინარეობს ურთულესი, შეიძლება ითქვას, სპეციალურად აბურდული სქემით, რომელში გარკვევა ხშირად პოლიტიკურ მიმომხილველებსაც კი უჭირთ. ამის შესანიშნავი მაგალითია 2008 წლის გახმაურებული პრაიმერიზები, განსაკუთრებით დემოკრატიულ პარტიაში, როდესაც არათუ რიგითი მოქალაქეები, არამედ საინფორმაციო სააგენტოებიც კი დაიბნენ ერთი პერიოდი, თუ ვინ ლიდერობდა ამ რბოლაში, ბარაკ ობამა თუ ჰილარი კლინტონი და სხვადასხვა ციფრები მოჰყავდათ კანდიდატთა მომხრე დელეგატებისა. არცაა გასაკვირი. მაგალითად, პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა წყვეტს, თუ რომელ შტატში რა ფორმით ჩატარდეს არჩევნები - რიგითმა ამომრჩეველმა მისცეს ხმა თუ ე.წ. caucus-ების დელეგატებმა. Caucus ეწოდება სპეციალურად შერჩეული პარტიული აქტივისტების ერთგვარ ყრილობას. ამასთან, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, caucus-ის არჩევნების შედეგი ხშირად არ ემთხვევა ამომრჩევლის ფართო მასის მიერ მიცემული ხმის შედეგს იმავე შტატში. ანალოგიურად, პარტიის მმართველი ორგანო წყვეტს, ამა თუ იმ შტატში როგორ განაწილდება პარტიული ყრილობის დელეგატთა ხმები - კანდიდატების მიერ მიღებული ხმების პროპორციულად თუ ”მოგებული იღებს ყველას” პრინციპით. ეს ყველაფერი და მრავალი სხვა დეტალი ქმნის პარტიული ხელმძღვანელობისთვის უფართოეს სივრცეს, არეგულიროს შიდაპარტიული არჩევნების შესაძლო შედეგი და პრაქტიკულად ნებისმიერ ეტაპზე გაფილტროს ”არასაიმედოდ” მიჩნეული კანდიდატი.

რას ემსახურება ეს ყოველივე? ცხადია, ერთ მთავარ მიზანს: ასე ვთქვათ, გაატაროს მომავალი პრეზიდენტი პარტიული ელიტის მიერ ორგანიზებულ მრავალსაფეხურიან ”გაცხრილვაში”, რომლის პროცედურებს და თამაშის წესებს იგივე პარტიული და მის ზურგს უკან მდგომი რეალური ელიტა ადგენს. ეს კი უნდა გახდეს ერთ-ერთი (მაგრამ არა ერთადერთი) საფუძველი იმისა, რომ პრეზიდენტი არასოდეს გამოვა ელიტის სრული კონტროლიდან და არასოდეს წავა მის წინააღმდეგ. გარდა შიდაპარტიული არჩევნების ურთულესი სტრუქტურისა, საპრეზიდენტო კანდიდატების გაცხრილვა და მათზე კონტროლი - წინ წამოწევა თუ ჩაძირვა - ხდება ფინანსური მეთოდითაც, ანუ ვის გადაერიცხება მეტი ფული საარჩვვნო კამპანიის საწარმოებლად. მიუხედავად კიდევ ერთი გავრცელებული მითისა, თითქოს კანდიდატების წინასაარჩევნო ფინანსები რიგითი ამერიკელების მიერ გაგზავნილი ”ას-ასი დოლარით” ივსება (ასეთი ინფორმაცია ვრცელდებოდა, მაგალითად, ობამას შესახებ), საარჩევნო ფონდის ლომის წილს ავსებენ მსხვილი კორპორაციები და შემომწირველები, რომლებიც გაფაქიზებული ყნოსვით იღებენ რეალური ელიტის იმპულსებს და თავადაც წარმოადგენენ ამ ელიტას.

ეს არის ამერიკული პოლიტიკური სისტემის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური თვისება - პრეზიდენტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი ფიგურა, არ უნდა ”გავიდეს” ხალხის ფართო მასაზე ელიტის გვერდის ავლით. ამისთვის ყველაფერი კეთდება - დაწყებული პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევნებით, დამთავრებული კანდიდატების შერჩევის სპეციალურად გართულებული წესით. ამ წესს საერთო არაფერი აქვს ტრადიციასთან, როგორც ეს შეიძლება ვინმეს ეგონოს. ჯერ ერთი, თავად ამერიკული ცხოვრების წესი ზოგადად არ ცნობს ტრადიციებს, როგორც საკრალურ მოვლენას და მითუმეტეს, პრაგმატულ პოლიტიკაში მას არავინ შეინარჩუნებდა, მასში სულ სხვა, ღრმა აზრი რომ არ იყოს ჩადებული (რაც შევეცადეთ გვენახვებინა) და მეორეც (როგორც ასევე ვნახეთ), წესები თითქმის ყოველი ახალი არჩევნების დროს საკმაოდ სერიოზულად იცვლება, ეს კი ტრადიციისთვის, რა თქმა უნდა, დამახასიათებელი არ არის.

არის კიდევ ერთი მომენტი, რომელიც პოლიტიკას თუ პოლიტოლოგიას, ცოტა არ იყოს, სცილდება და ლამის მისტიკაში გადავყავართ... არსებობს ლეგენდა - ე.წ. ტეკუმსეს წყევლა, რომლის მიხედვითაც 1813 წელს ინდიელთა ბელადმა ტეკუმსემ უწინასწარმეტყველა ამერიკის შეერთებული შტატების ყველა პრეზიდენტს, რომელსაც 0-ით დამთავრებულ წელში აირჩევდნენ, რომ ის ტრაგიკულად დაასრულებდა სიცოცხლეს პრეზიდენტის პოსტზე. და მართლაც, დაწყებული 1840 წლიდან, პრეზიდენტ უილიამ ჰენრი ჰარისონით, რომელიც იყო კიდეც ტეკუმსეს დაღუპვის მიზეზი, 9-დან 7 პრეზიდენტი, რომელიც 0-ით დამთავრებულ წელს აირჩიეს, მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა, უმეტესწილად თავდასხმების შედეგად. ესენი იყვნენ ჰარისონი (1840 წ.), ლინკოლნი (1860 წ.), გარფილდი (1880 წ.), მაკ-კინლი (1900 წ.), ჰარდინგი (1920 წ.), რუზველტი (1940 წ.), კენედი (1960 წ.). 1980 წელს არჩეული რ. რეიგანი კი სიკვდილს სასწაულით გადაურჩა - ტყვია მისი გულიდან ზუსტად 2,54 სმ დაშორებით გაჩერდა. სხვათაშორის, ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ობამამ საინაუგურაციო სიტყვაში განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ამერიკის შეერთებულ შტატებში ხელისუფლების მშვიდობიანად და ცივილიზებულად გადაცემის ტრადიციას. არადა, როგორც ვნახეთ, უამრავი პრეზიდენტი, მათ შორის ობამას მიერ საკუთარ იდეალად გამოცხადებული ლინკოლნი, ტერორისტის ტყვიით დაიღუპა ან ექიმებს ჩააკვდა ხელში... ამ უკანასკნელთა შორის იყო ზემოხსენებული ჰარისონი, რომელმაც სათავე დაუდო ”დაწყევლილ” პრეზიდენტთა სიას. სასიკვდილო სარეცელზე მისი უკანასკნელი სიტყვები, რომლებიც მან ბოდვისას წარმოთქვა, ასეთი იყო: ”სერ, მე მინდა თქვენ გაიგოთ მმართველობის ჭეშმარიტი პრინციპები. მე მინდა, რომ ისინი შესრულდნენ. მეტს არაფერს ვითხოვ”. ვარაუდობენ, რომ ეს სიტყვები ვიცე-პრეზიდენტ ტაილერისთვის იყო განკუთვნილი. საინტერესოა, მმართველობის რა ჭეშმარიტ პრინციპებს გულისხმობდა პრეზიდენტი ჰარისონი და რის დაცვას ითხოვდა აგონიაში მყოფი? ამერიკულ დემოკრატიას, როგორც ოფიციალური ისტორია გვამცნობს, ხომ იმ დროს თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ ემუქრებოდა...

გარდა პრეზიდენტებზე წარმატებული თავდასხმებისა, არანაკლებ იყო წარუმატებელი მცდელობები. დაფიქსირებულია ათამდე ასეთი ფაქტი. ნიშანდობლივია, რომ სენატორებზე თავდასხმა, რომლებიც წარმოადგენენ კიდეც რეალურ პოლიტიკურ ელიტას, ამერიკის ისტორიაში რატომღაც გაცილებით იშვიათად ხდებოდა. სულ ორი ასეთი შემთხვევაა ცნობილი: 1935 წელს მოკლეს სენატორი ლონგი, 1968 წელს კი სენატორი რობერტ კენედი. თუმცა, ეს უკანასკნელი, როგორც ვიცით, მოკლული პრეზიდენტის კენედის ძმა იყო და ასევე ყველაზე რეალური კანდიდატი იმ წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის...

მაგრამ, მეორე მხრივ, ობამა მართალია. პრეზიდენტები იღუპებოდნენ, სამაგიეროდ, ვიცე-პრეზიდენტები, ვითომც არაფერი, იკავებდნენ მათ ადგილს და ყველაფერი წყნარად გრძელდებოდა. რას გვაგონებს ეს? ქათმების თუ ცხვრების შეწირვას? ამ ”მისტიური” ისტორიიდანაც კარგად ჩანს, რაოდენ უმნიშვნელოა პრეზიდენტების როლი ამერიკის პოლიტიკურ სისტემაში ან, უფრო სწორად, რაოდენ დიდია ტენდენცია, რომ ეს სწორედ ასე ყოფილიყო. ”ტეკუმსეს წყევლა” კი მშვენიერი ლეგენდაა, მისი საშუალებით ბევრი რამის ახსნა შეიძლება. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით.

კიდევ ერთი თვისება ”ამერიკული დემოკრატიისა” - ამ ქვეყანაში არასოდეს ტარდება საერთო-ეროვნული რეფერენდუმები. ყოველ შემთხვევაში, ბოლო ათწლეულების მანძილზე ასეთი რამ არ მომხდარა. რაზე მეტყველებს ეს ფაქტი? სწორედ რეფერენდუმი წარმოადგენს სახალხო, პირდაპირი მოქმედების დემოკრატიის ყველაზე ეფექტურ ფორმას. ძალზე ძნელია მისი გაყალბება ან შედეგის წინასწარ განსაზღვრა ხალხზე მანიპულაციის გზით. ამავე დროს, ცალკეულ შტატებში ხშირად ტარდება ადგილობრივი რეფერენდუმები, რომელზეც ათასგვარი საკითხი, როგორც წესი, ადგილობრივი მნიშვნელობისა, გამოაქვთ კენჭის საყრელად.

ეს უცნაური სიტუაცია - როდესაც ცალკეულ შტატებში რეფერენდუმი ჩვეულებრივი მოვლენაა, ხოლო მთელი ქვეყნის მასშტაბით კი არ ტარდება - გვაძლევს მნიშვნელოვან გასაღებს ”ამერიკული დემოკრატიის” რეალური ფუნქციონირების გასაგებად. რა თქმა უნდა, ”ოფიციალური” ახსნა არის ის, რომ აშშ ფედერაციული სახელმწიფოა და შტატებს საკმაოდ დიდი უფლებები აქვთ. შესაბამისად, ცალკეულ შტატში ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აისახება ამ ხალხის ცხოვრებაზე, იქნება ეს სიკვდილით დასჯის საკითხი, აბორტების აკრძალვა თუ ერთსქესიანი ქორწინების დაშვება. მაგრამ ამავე დროს, ამერიკელი ხალხი, როგორც ერთობა, მაინც მოკლებულია უფლებას, მიიღოს სუვერენული გადაწყვეტილება და განახორციელოს თავისი ნება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ხოლო ცალკეულ შტატებში ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები წარმოადგენს ელიტის დროებით დათმობას მოსახლეობის მიმართ. მრავალსვლიანი და ჩახლართული იურიდიული პროცედურების გამოყენებით, ხშირად ხდება ამ რეფერენდუმების შედეგების ბლოკირება - გასაჩივრება აშშ-ს უმაღლეს სასამართლოში, ხელახალი რეფერენდუმების დანიშვნა და ა.შ. მაგალითად, კალიფორნიის შტატში, რომელიც არის ჰომოსექსუალისტთა უმცირესობის კონცენტრაციის მთავარი ადგილი და სადაც ამ უმცირესობის პოლიტიკური გავლენა ყველაზე ძლიერია, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უკვე ორჯერ ჩატარდა რეფერენდუმი ერთსქესიანი ქორწინების აკრძალვის მოთხოვნით. მიუხედავად იმისა, რომ ორივეჯერ დაფიქსირდა აკრძალვის მომხრეთა გამარჯვება, გავლენიანი ჰომოსექსუალისტური ლობი აგრძელებს ბრძოლას და პირველი რეფერენდუმის შედეგების ფაქტიური გაუქმების შემდეგ, იგივეს აპირებს მეორე კენჭისყრასთან დაკავშირებითაც.

სწორედ ეს არის ამერიკული პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირების მეორე ფუნდამენტური თვისება - ”ორთქლის გამოშვების” იდეალურად აწყობილი მექანიზმი. ამ თვისების საშუალებით მიიღწევა ის პარადოქსული ვითარება, რომელიც სტატიის დასაწყისში აღინიშნა - როცა, ერთი მხრივ, დემოკრატია თითქოს მთელი ძალით ფუნქციონირებს, ხოლო სინამდვილეში მმართველ ელიტას უმტკიცესად უპყრია მართვის სადავეები ხელში და მხოლოდ თავისი შეხედულებით, ხალხის, ქუჩის სტიქიის ზეწოლის გარეშე იღებს ყველა ან თითქმის ყველა სტრატეგიულ გადაწყვეტილებას. ”ორთქლის გამოშვება” ხორციელდება მოსახლეობის ფართო ჩართვით უამრავ პოლიტიკურ-პროცედურულ მექანიზმში, განსაკუთრებით ადგილობრივ თუ რეგიონულ (შტატის) დონეზე, რის შედეგადაც ხალხს ექმნება თითქმის სრული ილუზია, რომ სწორედ ის წყვეტს ქვეყანაში ყველაფერს, ის ირჩევს თავის მომავალს და ა.შ. სინამდვილეში კი, თუნდაც ეს მონაწილეობა ფორმალურ დემოკრატიულ პროცედურებში მანიპულირებულია იგივე ელიტის მიერ, განსაკუთრებით კი მისთვის მნიშვნელოვან საკითხებში. ამ მანიპულირებისთვის არსებობს დროთა განმავლობაში დახვეწილი და აპრობირებული მექანიზმები, პირველ რიგში მას-მედია და ფინანსები, ასევე პოლიტიკური კორუფცია. მას-მედიის სრული ან თუნდაც მნიშვნელოვანი თავისუფლება კიდევ ერთი მითია, რომელიც ”ამერიკულ დემოკრატიას” საფუძვლად უდევს. მას-მედია აშშ-ში თავისუფალია იგივე ”დუალისტური” მოდელის ფარგლებში, ანუ ორი პარტიის ”დაპირისპირების” კონტექსტში, ხოლო ეს ისევ და ისევ ელიტის ძალაუფლების კალაპოტში ჯდება. ამ ფარგლებიდან ამოვარდნილი გავლენიანი გაზეთი თუ ტელეარხი ამერიკაში პრაქტიკულად არ არსებობდა ისტორიულად და არც ამჟამად არსებობს.

დავაკვირდეთ, რა შედეგს იძლევა ამგვარი ”ორთქლის გამოშვება”. მთავარი არის ის, რომ ამერიკელ ხალხში თითქმის არასოდეს გროვდება საკმარისი რაოდენობის საპროტესტო მუხტი ან სტიქიური ამბოხის ძალა, რომ ამან გავლენა იქონიოს ქვეყნის სტრატეგიულ კურსზე. თითქმის ყოველთვის ელიტა ახერხებს, რომ მცირედი, მეორეხარისხოვანი დათმობების ხარჯზე და ხალხისთვის ილუზიის შექმნით, რომ ის (ხალხი) ქვეყნის ბატონ-პატრონია, წარმართოს პროცესები წინასწარ დაგეგმილი მიმართულებით. ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია ”გარიგება”, რომ ამერიკული ელიტა მოსახლოებას აძლევს ეკონომიკურად საკმარისად კარგ პირობებს. ხალხი ასე თუ ისე ”გამძღარი” უნდა იყოს - ეს არის პოლიტიკის აუცილებელი პირობა, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა აშშ-ს მმართველ ფენას მიეცა საშუალება, მსოფლიო სიმდიდრის დიდი ნაწილის ამერიკაში თავმოყრის შედეგად, ხალხი ”გამაძღარი” ჰყოლოდა. სხვათაშორის, მეორე მსოფლიო ომში აშშ-ს ჩართვის ისტორია ბრწყინვალე მაგალითია ელიტის მიერ ხალხის მანიპულირებისა. მოკლედ შევეხებით ამ ფაქტს. ცნობილია, რომ აშშ-ს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კატეგორიულად წინააღმდეგი იყო ქვეყნის მონაწილეობისა მეორე მსოფლიო ომში. ამავე დროს, ხელისუფლებისთვის ნათელი გახდა, რომ ომში ჩართვა აუცილებელი იყო და სტრატეგიულად უდიდეს დივიდენდებს მოუტანდა აშშ-ს. შედეგად, როგორც ისტორიულ ლიტერატურაში ხშირად აღინიშნება, აშშ-ს ხელისუფლებამ მოახდინა იაპონიის პროვოცირება. 30-იან წლების ბოლოს მაქსიმალურად ხდებოდა ამ ქვეყნის გამოწვევა მტრული განცხადებებით, შემდეგ კი მოხდა ფლოტის დიდი ნაწილის თავმოყრა ერთ ადგილას. დღეს ისტორიკოსებს პრაქტიკულად არ ეპარებათ ეჭვი, რომ რუზველტის ხელისუფლება ინფორმირებული იყო პერლ-ჰარბორზე მოსალოდნელი შეტევის შესახებ. იაპონელთა ”ვერაგული” თავდასხმა კი გახდა იდეალური საფუძველი ხალხის მობილიზაციისთვის ქვეყნის შიგნით და მოსახლეობის განწყობის მთლიანად შეცვლისთვის.

თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამერიკული ელიტა ყოველთვის ვერ ახერხებდა ორთქლის დროზე გამოშვებას და ტაქტიკური დათმობის ხარჯზე სტრატეგიული მოგების მიღწევას. ამის თითქმის ერთადერთი მნიშვნელოვანი მაგალითია ვიეტნამის ომი. ელიტა, ხელისუფლება ათიოდე წელი ეწინააღმდეგებოდა უკიდურესად ნეგატიურ განწყობას არაპოპულარული ომის მიმართ, მაგრამ ბოლოს მაინც იძულებული გახდა, შეეწყვიტა ვიეტნამის ოკუპაცია. თუმცა, ამაში თავისი როლი ამ ომის სრულმა უპერსპექტივობამაც ითამაშა. დაახლოებით იგივე განმეორდა ერაყის ოკუპაციის შემთხვევაშიც. ამერიკელი ხალხი, ”განებივრებული” ცხოვრების მაღალი სტანდარტით და გამუდმებული ჩიჩინით, რომ ქვეყანა ჰუმანიზმის და დემოკრატიის სამოთხეა, ვერ ეგუება რეალურ მსხვერპლს, თუ ეს მსხვერპლი რამდენიმე წელი გრძელდება და შედეგი არ ჩანს. როგორც ჩანს, ყოვლისშემძლე ამერიკული ელიტის განკარგულებაში არსებულ მექანიზმებსაც აქვთ სუსტი წერტილი. თუმცა, ნუ ვიჩქარებთ. ერაყში ჯარების ყოფნა 2011 წლამდე გახანგრძლივდა და ჯერ არავინ იცის ზუსტად, შესრულდება თუ არა ახალი ადმინისტრაციის დაპირება მათი გამოყვანის შესახებ. ამავე დროს, ავღანეთის ოკუპაციას აშშ-ს ხელისუფლება კიდევ ათწლეულები აპირებს. საგულისხმოა, რომ მიუხედავად ავღანეთში ამ ბოლო დროს გაზრდილი მსხვერპლისა, ამერიკის საზოგადოებაში რატომღაც არ შეინიშნება ასეთივე ნეგატიური განწყობა ჯარების იქ ყოფნის მიმართ. ხომ არ არის ეს ამერიკული მას-მედიის (ანუ ელიტის) შორს გამიზნული სტრატეგიის შედეგი, როცა ყურადღება მთლიანად გადატანილ იქნა ერაყზე და ავღანეთის ოკუპაცია კი მოსახლეობის მხრიდან ”უმტკივნეულოდ” აღიქმება?

და ბოლოს, ერთი საინტერესო ფაქტიც აღვნიშნოთ. სტატიაში ვისაუბრეთ ამერიკული ”დემოკრატიის” იმ თვისებაზე, რომ პრეზიდენტი და ხალხი გათიშულია ერთმანეთისგან და მათ შორის დგას ყოვლისშემძლე ელიტა, რომელიც აკონტროლებს კიდეც ორივე მათგანს. ამ მოვლენას აქვს სრულიად რეალური, ”ფიზიკური” გამოხატულებაც. ეს არის ქალაქ ვაშინგტონის, აშშ-ს დედაქალაქის თავისებურებანი. აქ არ შევეხებით ამ ქალაქის ისტორიას და მის არქიტექტურას, განსაკუთრებით სამთავრობო შენობების და ცალკეული ძეგლების, თუმცა ეს საკმაოდ საინტერესო თემაა. აღვნიშნავთთ მხოლოდ დემოგრაფიულ შემადგენლობას. ვაშინგტონი არის ერთადერთი მსხვილი ქალაქი აშშ-ში, სადაც შავკანიანი (ე.წ. აფროამერიკელი) მოსახლეობა შეადგენს 90 %-ზე მეტს. ეს ნიშნავს, რომ ამერიკის დედაქალაქში თეთრკანიანი მოსახლეობა, გარდა სამთავრობო სტრუქტურებში დასაქმებულები ადამიანებისა, პრაქტიკულად არ არსებობს. არადა, ვინ წარმოადგენს ამერიკელი ხალხის დიდ და ყველაზე ტიპიურ ნაწილს? მიუხედავად ამ ბოლო ორიოდე ათწლეულის განმავლობაში ინტეგრაციის მცდელობებისა, ამერიკელი ერი რამდენიმე საკმაოდ მკვეთრად გამიჯნული კომპონენტისგან შედგება და მისი ძირითადი ნაწილია თეთრკანიანი ინგლისურენოვანი მოსახლეობა. სწორედ ეს არის ამერიკელი ერის ძირითადი შემადგენელი ნაწილი. და სწორედ ის არ ცხოვრობს ქვეყნის დედაქალაქში, ქალაქში, სადაც მდებარეობს პრეზიდენტის რეზიდენცია და კონგრესი. რა თქმა უნდა, ეს ფაქტიც სრულიად შემთხვევითია.