ქვეყანათმცოდნეობა

ბრაიზა, ჰამბურგერი და დემოკრატია

ჰამლეტ ჭიპაშვილი

სულ ახლახანს პრესისათვის ცნობილი გახდა საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის კონფიდენციალური მოხსენების შესახებ,

რომლის მიხედვით აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო ციხეებში ტერორიზმში ეჭვმიტანილებზე გამოყენებული წამების ფაქტების შესახებ, რაც ჟენევის კონვენციით კატეგორიულად იკრძალება. მოხსენება 2007 წლით არის დათარიღებული და მასში პირდაპირაა ნახსენები სიტყვა “წამება”. წითელი ჯვრის კომიტეტის დასკვნას, რომელიც თვით აკონტროლებს ჟენევის კონვენციის შესრულების მიმდინარეობას, კანონის ძალა აქვს.

რა სახის წამებაზეა საუბარი? დემოკრატიული ამერიკა, რომელიც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის საბაბით ახორციელებს იდეოლოგიურ და სამხედრო ექსპანსიას უცხოეთში, წინააღმდეგი არ არის “დაუმორჩილებლებისათვის” შემდეგ ხერხებსაც მიმართოს: ცემას, უძილობას, შიმშილს, ცივი წყლის გამოყენებას და სხვა. საიდუმლო ციხეების პატიმრები აცხადებდნენ, რომ მათ მრავალი დღის განმავლობაში არ აძლევდნენ ძილის ნებას. გაყინულ საკნებში საჭმელის გარეშე ამყოფებდნენ, ხშირად შიშვლებს, თავს ზემოთ ხელებშეკრულებს, გამაყრუებელი მუსიკის თანხლებით. ეჭვმიტანილებს პატარა ყუთებში მოხრილ მდგომარეობაში ათავსებდნენ, სადაც ხვრელიდან შედიოდა ჰაერი. ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც ეჭვმიტანილს საწოლზე აბამდნენ, სახეზე აფარებდნენ ნაჭერს და გაყინული წყლის ჭავლს ასხამდნენ. ასეთი პროცედურების დროს სუნთქვა შეუძლებელი ხდებოდა. დოკუმენტში სხვა “ჰუმანური” მაგალითებიც არის მოყვანილი.

ეს ის დემოკრატიაა, რომელმაც ქართველებს ვარდი შეაძულა. როგორც უცხოელები ამბობენ, არანაკლები გაუსაძლისი პირობებია დემოკრატიის შუქურლენდში. ქვეყანა, რომელიც ძალით ნერგავს სხვაგან საკუთარ “სულს”, სულაც არ უნდა იყოს მომხიბლელი. მაგრამ ქართული პოლიტიკური სპექტრისათვის ის მომხიბვლელზე მეტია, რის დასტურად ოპოზიცია – ბრაიზას ამასწინანდელი უაღრესად გულთბილი შეხვედრაც კმარა. პროექტ “სააკაშვილის” ერთ-ერთ ავტორთან ოპოზიციის მტლაშა-მტლუში, განსაკუთრებით გასული წლის მოვლენებიდან გამომდინარე, რომელშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის სახელგანთქმული დემოკრატიის წარმომადგენელს, უხერხულია. ჩემი აზრით, ოპოზიციის და საქართველოს “გადამგდებ” ბრაიზასთან შეხვედრას ადგილი არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ ოპოზიციას უყვარს ბრაიზა და ვიდრე ამას ექნება ადგილი, ამ ქვეყანაში ვითარება არ შეიცვლება.

ცოტა რამ ამერიკის დემოკრატიის შესახებ

თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკური პროცესების ჭრელი მოზაიკა, სახელმწიფო ინტერესთა მკვეთრი დაპირისპირება, თვით სახელმწიფოთა შიგნით არსებული აზრთა სხვადასხვაობა, დემოკრატიისათვის ბრძოლა და დემოკრატიის საბურველით ანტიდემოკრატიული ქმედება, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. სახეზეა დემოკრატიათა პლურალიზმი, დემოკრატიათა მრავალფეროვნება. სხვაგვარ ახსნას ვერ იპოვით, როდესაც ყველა დემოკრატიულობას იჩემებს. როგორც ჩანს, ყველას თავისი დემოკრატია აქვს – ბელორუსიას თავისი, აზერბაიჯანს, საქართველოს, უკრაინას, ერაყს, ზიმბაბვეს, რუსეთს, სხვებს და სხვებს, თავისი. მათ შორის გამოკვეთილია ამერიკის დემოკრატია. სუპერ სახელმწიფოს დემოკრატიის ხარისხი გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვების. მას ტოლს არ უდებს ძველი ევროპის დემოკრატია, თუმცა მსოფლიოს აღმოსავლეთში მცხოვრებთა აზრით, მათი დემოკრატია გაცილებით სიღრმისეულია, ვიდრე ამერიკული, ვინაიდან ღრმა ისტორიულ ფესვებს ეფუძნება. ამერიკა კი ღრმადაა დარწმუნებული, რომ მხოლოდ ის არის დემოკრატიის ეტალონი და აქედან გამომდინარე ყველამ უნდა მიბაძოს მას, ყველას უნდა ასწავლოს მან, ყველას ჭკუა უნდა დაარიგოს. ნარცისივით საკუთარი დემოკრატიით მოხიბლული ამერიკა ისეთ შეცდომებს უშვებს, რაც არათუ დემოკრატიაში გამოცდილ, არამედ გამოუცდელ ქვეყანასაც არ ეპატიება. ამერიკის დემოკრატიულობაზე, უფრო სწორად, ანტიდემოკრატიულობაზე თვით ამერიკელ მეცნიერთა და პოლიტიკოსთა მიერ ბევრი რამ არის დაწერილი. ახალგაზრდა მეცნიერმა და პოლიტოლოგმა გულბაათ რცხილაძემ თავი მოუყარა მათ და საკუთარ მოსაზრებებთან ერთად გასულ წელს წიგნის სახით მიაწოდა ქართველ მკითხველს, (ინფორმაცია ამ წიგნის შესახებ:) რისთვისაც ის უდავოდ იმსახურებს მადლობას.

ამერიკელ და უცხოელ ავტორთა ნაწერებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ და თუ მას დავუმატებთ ბუშის ადმინისტრაციის ანტიდემოკრატიულ 8-წლიან მმართველობას – გუანტანამოს ციხეს და იქ ყოველგვარი მართლმსაჯულების გარეშე გამომწყვდეული პატიმრების წამებას, ამერიკის მოქალაქეების სატელეფონო საუბრების პერმანენტულ მოსმენას, საკუთარი და მსოფლიო საზოგადოების მოტყუებით ერაყში ომის გაჩაღებას და სხვა, დავინახავთ, რომ ისევე როგორც მზეს, ამერიკულ დემოკრატიასაც აქვს ლაქები. აშშ-ს, ჯერჯერობით სუპერ სახელმწიფოს, ეს ნაკლებად ადარდებს. მას სხვა რამ ამოძრავებს – დემოკრატიისა და ადამიანის უფლების დაცვის ნიღაბით განიმტკიცოს საკუთარი სუპერობა. ამ სურვილით დაალაჯებს აშშ მთელ მსოფლიოში და ჭარბი ენერგიულობით ცდილობს აიძულოს სხვა, ჩასწვდეს ამერიკის სულს, უარი თქვას საკუთარზე, ტრადიციულზე. მის ნაცვლად შეათვისებინოს ახალი, “დემოკრატიული”, ამერიკული.

მათრახის და თაფლაკვერის პოლიტიკა, რასაც სისტემატურად მიმართავს ოფიციალური ვაშინგტონი, შედეგსაც იძლევა, განსაკუთრებით ეკონომიკურად და პოლიტიკურად სუსტ, განუვითარებელ ქვეყნებში, ისეთში, როგორიც საქართველოა. საღეჭი რეზინითა და სხვა ზიზილ-პიპილოებით მოხიბლული სუსტი ქვეყნები, მათ შორის საქართველოც, იოლად ექცევიან ამერიკული გავლენის ქვეშ. ამერიკული მასობრივი კულტურა უპრობლემოდ ლახავს ეროვნულ ბარიერს, ამერიკული ინგლისური ლამის მშობლიურს ჩრდილავს. და თუ ამას ასეულ ათასობით გრანტსაც დავუმატებთ, ამერიკანიზაციას წინ აღარაფერი დაუდგება.

ამერიკული იდეოლოგია გაცილებით იოლად იკვლევს გზას თინეიჯერებში. ჯერაც ჩამოუყალიბებელ აზროვნებაზე ზემოქმედება გაცილებით მარტივია. ისინი ადვილად ითვისებენ ენას, ჩვევებს, მათაც სურთ ისეთები იყვნენ, როგორც ამერიკელი თანატოლები. ამ თემაზე ბევრის თქმა შეიძლება და დარწმუნებული ვარ ითქმება კიდევაც.

რაც შეეხება საქართველოს აწმყოს – ბოლო ხუთი წლის მონაცემებით, ერთობ დამაფიქრებელია. ხელისუფალთა მიერ ჩატარებული გარდაქმნებიდან გამომდინარე – მომავალი საგანგაშოა. ანტიეროვნული ხელისუფლების მეცადინეობით, ამერიკელი მასწავლებლების რჩევით, ერთ დროს მოწინავე ქვეყანა, თითქმის ყველა სფეროში, უფსკრულის პირასაა – არა განათლება, არა მეცნიერება, არა მრეწველობა, არა სოფლის მეურნეობა, არა სულიერება. მილსადენის და ტურიზმის დერეფნად ქცეული ქვეყანა ერთი ბაზრობიდან მეორე ბაზრობაზე გატანილი საქონლის ვაჭრობით ირჩენს თავს. საქართველოში ყველაზე დიდი დატვირთვა რესტორნებსა და ტუალეტებზე მოდის. ამერიკულ “დემოკრატიას” დაწაფებულ ახალ ქართველობას აღარც ქვეყანა აინტერესებს და აღარც ეროვნული სული. მისი მიზანი პრიმიტიულია – რაც შეიძლება დიდი, შავი ჯიპი და სამი შვიდიანი ან 001 ნომერი, დიდი საცხოვრებელი სახლი, ჰოლანდიური ბალახით და მცენარეულით; შვილებისა და შვილიშვილების სკოლაში დაცვით ტარება. როგორც ჩანს, მათზე “კარგად” მოქმედებს პრეზიდენტისა და მისი გუნდის ესკორტების მაგალითები. ხელისუფალთა და მის მიერ დანიშნულ ბიზნესმენთა ბედს მშიერი საქართველოს 90 პროცენტი შენატრის და თუ მასაც გაუჩნდა მზაკვრობით, გადაგდებით, ჩაშვებით ცხოვრების ჩარხის შეცვლის შანსი, უმალ ისიც ისეთი გახდება – თავდაჯერებული, ბრიყვული გამომეტყველობით, არაფრისმთქმელი ქონიანი სახით, წამოზრდილი მუცლით, თეძოებში ფართო მხარბეჭით. ამერიკულმა “დემოკრატიამ” სულ რაღაც თითზე ჩამოსათვლელ წლებში აუღო ალღო ქართულ მენტალიტეტს და უმნიშვნელო ცენტების ფასად ისე შეცვალა ქვეყანა, რაც მრავალი საუკუნის განმავლობაში ვერ მოახერხა მახვილით მოსულმა მტერმა. ამერიკული “დემოკრატია” ლაღობს. სრულიად ახალ სიურპრიზებს გვთავაზობს. ჭკუისგან დაცლილ ხელისუფლებაში ჩვეული ოსტატობით აფათურებს ხელს და მისთვის შესაფერის პირობებს იქმნის. სხვა რომ არ შეეპაექროს, დაბეჯითებით გაიძახის – ვერ ავიტან რუსეთის მცდელობას გავლენის სფეროდ აქციოს ყოფილი საბჭოთა სივრცეო. რუსეთსაც თავისი აზრი აქვს ამერიკასთან იდენტური. ისიც ვერ იტანს კავკასიაში ამერიკელთა ბატონობას, მაგრამ მან არ იცის მთავარი – ის, რაც შეიძლება ამერიკისთვის, არ შეიძლება რუსეთისთვის.

მარტივი ლოგიკიდან გამომდინარე, თუ მსოფლიოში გავლენის სფეროთა დაუშვებლობაზეა საუბარი, აშშ-ს არაფერი ესაქმება არც კავკასიაში, არც ახლო აღმოსავლეთში, არც ცენტრალურ აზიაში. ვის უფრო მეტი გავლენა უნდა ჰქონდეს ამ რეგიონებზე, ისტორიიდან და მეზობლობიდან გამომდინარე, მკითხველს კარგად მოეხსენება. პირადად მე მიმაჩნია, ქვეყანა რომ ქვეყნობდეს, არც არავის.

სამწუხაროდ, ერთ დროს თავმოყვარე ქართველთა მათხოვრობის ახალ ტალღას გასულმა ხელისუფლებამ შთაბერა სული. ყოფილებს სულაც არ აინტერესებდათ სახელმწიფოს ჩამოყალიბება. მათი მიზანი იყო – იმ დონის სახელმწიფოს შექმნა, ვიღაცას რომ სახელმწიფოდ ეღიარებინა და მათთვის “სახელმწიფოს აღმშენებლობის” საბაბით ფული შეეწერათ. დამოუკიდებლობის მე-18 წელს საქართველო გამოუსწორებელ მომხმარებელ ქვეყნად არის ქცეული. დიდი სახელმწიფოების კრედიტების, ნაჩუქარი ფულის ანაბარად დატოვებული, ქვეყნად, რომელიც ტუალეტის ქაღალდსაც ვერ ამზადებს. ასეთ ქვეყანაში პოლიტიკური მანიპულირება ბრაიზას დონეზეც შეიძლება. ასეთ ქვეყანაში ჩვეულებრივად ითვლება პრეზიდენტის თვითმფრინავით გერმანელი მასაჟისტი ქალის ჩამოყვანა, ფიროსმანის შედევრის მუზეუმიდან გამოტანა და სახლში დაკიდება, საკუთარ გარემოცვასთან ერთად ძვირადღირებულ უცხოურ ვოიაჟებში სიარული და სხვა. მსოფლიოს უპირველეს დემოკრატიას შემგუებლური პოზიცია უკავია, ვინაიდან მისი პროგრამა - ქართული სახელმწიფოს ლპობა, მოქმედებაშია. ქართული საზოგადოებაც აუღელვებლად უყურებს ყოველივეს და დამშვიდებული იშვიათად ამოღერღავს – სხვაც იგივეს გააკეთებდაო. მავანი ხშირად ამბობს – პრეზიდენტიც ადამიანია, რესტორანშიც უნდა შევიდეს და იმოგზაუროს კიდევაცო. დიახ, პრეზიდენტიც ადამიანია, მაგრამ პრეზიდენტობის დროს შეზღუდული ადამიანური სიამტკბილობით. ეს გზა მან აირჩია. და თუ მას სურდა ჩვეულებრივი ადამიანობა, არავინ აძალებდა პრეზიდენტობას. პრეზიდენტობა იმისთვის არ არის, რომ ჩვეულებრივ მოკვდავად ყოფნის პერიოდში მიუღწეველი ოცნებები აისრულო. პრეზიდენტობა პასუხისმგებლობაა და იმ ჭირ-ვარამით ცხოვრება, რითიც საზოგადოების უმრავლესობა ცხოვრობს. ასეა ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, სხვათაშორის ამერიკაშიც. შეგახსენებთ, კარტერის პრეზიდენტობის პერიოდში ამერიკაში არსებული ენერგეტიკული კრიზის დროს პრეზიდენტის ბრძანებით თეთრ სახლში ტემპერატურა 17-18 გრადუსს არ ასცილებია. გერმანიის ბუნდესტაგის ყოფილმა თავმჯდომარემ, ქალბატონმა ზიუსმუტმა, რომელმაც დილით, სამსახურში სახელმწიფო ავტომანქანით მიმავალმა საკუთარი მეუღლე დაიმგზავრა, ლამის გილიოტინაში გაჰყო თავი. ქალბატონის არაეთიკური საქციელი კარგა ხნის განმავლობაში იხილებოდა ბუნდესტაგში. ის ძლივს გადაურჩა გადაყენებას. ამასწინათ, საფრანგეთის პრეზიდენტსა და მის მეუღლეს, ფრანგულმა პრესამ უცხოეთში ერთკვირიანი დასვენება ცხვირიდან ძმრად ამოადინა – ვისი ფულითო?

“არჩეული” ისე იქცევა, როგორც სურს. სავალალო და დამღუპველი ხალხის დამოკიდებულებაა. და როდესაც საზოგადოების ნაწილს მსგავსი აზროვნება აქვს, ანუ მათთვის გასაგებ ენაზე – “მენტალიტეტი” (მაინც რა მაგრები ვართ ქართველები), ქვეყანა არ შედგება. ყველა ერთად უნდა მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ თანამდებობა მეწველი ძროხა არ არის.

არც მაშინ გვეშველება, როდესაც პარლამენტარი, ქრისტიან-დემოკრატი, გაამერიკულებული ვეფხვაძე “ეს სხვა შემთხვევაა-ს” ნაცვლად “ეს სხვა კეისიაო” იტყვის, ხოლო განათლებისა და მეცნიერების ყლორტი მინისტრი გვარამია სიტყვა მომხიბვლელის ნაცვლად – ეს “ეტრექტულია-ს” იტყვის.

ვაშინგტონი სისტემატურად ლაპარაკობს სხვათა არადემოკრატიულობაზე, მაგრამ ნაკლებად საკუთარსა და საკუთარი ვასალებისაზე. ერთი შეხედვით, ვაშინგტონისათვის მიუღებელია არადემოკრატიული გზით ხელისუფლების ცვლა, მაშინაც კი, როდესაც ყოველგვარი ცდა ამ გზის გამოუყენებლობისა ამოწურულია, მაგრამ ვაშინგტონისთვის მისაღებია ანტიდემოკრატიული გზა, თუ თვით არის ამის ორგანიზატორი. ვაშინგტონმა არა მარტო დემოკრატიულად შეაფასა სერბეთის, საქართველოს, უკრაინის რევოლუციები, არამედ სასიყვარულო სახელებიც გამოუძებნა და სხვებს მოუწოდა მიებაძა მათთვის, მაგალითად საქართველოსთვის, როგორც დემოკრატიის შუქურასთვის.

ვაშინგტონი გმობს მადაგასკარის რევოლუციას და მზადაა ჰუმანიტარულის გარდა ყველა დახმარება შეუწყვიტოს ამ ქვეყანას. ვაშინგტონს ყური არ გაუბერტყია, როდესაც ძველმა პრეზიდენტმა არაფრად ჩააგდო ხალხის მრავალთვიანი ანტისახელისუფლებო გამოსვლები, კულმინაციის დროს პოლიცია მიუქსია და 130 დემონსტრანტი გაწყვიტა. ფაქტი სახეზეა: მალაგასური რევოლუცია მას არ მოუმზადებია, წინააღმდეგ შემთხვევაში გამარჯვებული, 34 წლის ყოფილი “დიჯეი” აფრიკის დემოკრატიის შუქურად მოინათლებოდა. ვაშინგტონისთვის არადემოკრატიული იყო ირანის ისლამური და კუბის რევოლუციები. ორივე რევოლუციამ ვაშინგტონის მეგობრები - შაჰი მუჰამედ რეზა ფეჰლევი და დიქტატორი ბატისტა, კინწისკვრით გააგდო ქვეყნიდან. ორივე შემთხვევაში გულდაწყვეტილ ვაშინგტონს ისღა დარჩენოდა, პროვოკაციების, ტერორისტული აქტებისა და ეკონომიკური სანქციების გზას დადგომოდა ამ ქვეყნების მიმართ. ვერაფერი დემოკრატიაა, როდესაც სუპერ სახელმწიფოს თითქმის 50 წლის განმავლობაში პატარა კუბის წინააღმდეგ დაწესებული აქვს ეკონომიკური ბლოკადა. რაც შეეხება ირანს, ისიც ეკონომიკური სანქციებით ისჯება, იმისათვის რომ არ განავითაროს საკუთარი ტექნოლოგიები, არ შექმნას საკუთარი ბირთვული ენერგია, არ გაძლიერდეს როგორც სახელმწიფო. ვაშინგტონსა და მის მოკავშირე ისრაელს ირანის სამხედრო დასჯაც ჰქონდათ გადაწყვეტილი – ბირთვული კვლევის ობიექტების განადგურება. ახლახანს სერბეთმა ნატოს დაბომბვების 10 წლისთავის და 2500 დახოცილი, მათ შორის 800 ბავშვი, გაიხსენა. ნატოს მაშინდელი გენერალური მდივნის სოლანას ბრძანებით დაწყებულმა დაბომბვამ 100 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა იუგოსლავიას. ნატო ყოველგვარი მორიდების გარეშე, წარბშეუხრელად იყენებდა კასეტურ და სხვა სახის აკრძალულ ბომბებს. აშშ-ს და ნატოს დანარჩენი წევრი სახელმწიფოების მიერ განხორციელებული თავდასხმა ნაკლებად ჯდება დემოკრატიულობის ფარგლებში. აშშ და დასავლეთი მოთმინებით შეხვდა 18 მარტს აზერბაიჯანში ჩატარებულ რეფერენდუმს, რომლის მიხედვით თეთრ სახლში მიღებულმა ილჰამ ალიევმა სიკვდილამდე გაინაღდა პრეზიდენტის სავარძელი. რეფერენდუმს მონიტორინგს უწევდნენ ამერიკელი და ევროპელი დამკვირვებლები. იმავე დასავლეთმა მკაცრად დაგმო ბელორუსი ლუკაშენკოს მსგავსი საქციელი, ალიევზე კი - თვალი დახუჭა, მას ნავთობი და გაზი აქვს და მზად არის ევროპას მიაწოდოს, თანაც რუსეთის გვერდის ავლით.

ორმაგი სტანდარტი, რომელსაც სისტემატურად მიმართავს აშშ-ს ადმინისტრაცია სერიოზულ განხილვას საჭიროებს, მაგრამ ვინ შეაბამს კატას ეჟვანს, ვინ ამოიღებს ხმას სუპერ სახელმწიფოს წინააღმდეგ?

თვით აშშ-ი მიმდინარე პროცესები ძალაუნებურად აიძულებს ამერიკის საზოგადოებას გადახედოს საკუთარ ქცევას, დოქტრინას. რაღაც იმედიც გაჩნდა ობამას სახით, მაგრამ ერთი ობამა შეძლებს გაზაფხულის მოყვანას? ძნელი სათქმელია. ვაშინგტონში შემორჩენილი ბუშისტები ისევ ძველ გზას ადგანან. მაგალითისთვის საქართველოც გამოდგება. ამასწინათ, ერთ-ერთმა ამერიკულ-ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. ცნობილი ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის, გელაპისათვის მიწერილი გამოკითხვა ურცხვად გვატყობინებს, რომ პრეზიდენტს მხარს საქართველოს მოსახლეობის 37%-ი უჭერს, რომ 60%-ზე მეტს აშშ-ა და ნატოზე ამოსდის მზე და მთვარე და ეს მიუხედავად იმისა, რაც გასულ წელს მოხდა, რომ მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტი დარწმუნებულია, რომ ომი რუსეთმა დაიწყო და ა.შ. ერთი სიტყვით, ისეთი შედეგია, ამერიკულ დემოკრატიას რომ შეეფერება.

მძიმე ეკონომიკურმა კრიზისმა და წინა ადმინისტრაციის დანაშაულებრივმა ქმედებამ სუპერ სახელმწიფო ურთულეს პირობებში მოაქცია. ახალი ადმინისტრაცია ხედავს, რომ საერთო პოლიტიკის შეცვლის გარეშე ვითარების გაუმჯობესება შეუძლებელია. ის მზად არის ისეთ დაუძინებელ მტერთანაც კი, როგორიც ირანია, დაიწყოს მოლაპარაკება. ახალი პრეზიდენტი კეთილ სიტყვას არ იშურებს ირანელი ხალხისა და ხელისუფლების მიმართ. ობამამ ისიც განაცხადა, რომ ირანი დიდი ისტორიისა და ცივილიზაციის მატარებელი ქვეყანააო. ირანი ასეთი იყო კარტერის ადმინისტრაციის დროიდან დაწყებული, ბუშ მეორის ადმინისტრაციით დამთავრებული, მაგრამ არც ერთ მათგანს არ სურდა ამის გაგონება. მათ მიერ გარიყული და იზოლაციაში მოქცეული ირანი, საკუთარ თავზე დაყრდნობით, რეგიონში უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. ირანი არა მარტო ბირთვულ ტექნოლოგიას ეუფლება, არამედ სხვა თანამედროვე მიღწევებსაც. ვაშინგტონი ხედავს, რომ ირანის გარეშე ვერც პალესტინა-ისრაელის პრობლემები მოგვარდება, ვერც ტერორიზმთან ეფექტიანი ბრძოლა წარიმართება, ვერც თალიბანი დამარცხდება და ვერც ალ-კაიდა. გარდა ამისა, იზოლაციაში მოქცეული ქვეყანა, რომელსაც ბირთვული ბომბის დამზადების დიდი პოტენციალი აქვს, საშიშია.

აშშ-ს ადმინისტრაცია თვლის, რომ ირანთან დაპირისპირება მას კარგს არაფერს მოუტანს. აშშ-ს შეუძლია დაბომბოს ირანი, გაანადგუროს მისი ბირთვული კვლევის ობიექტები, მოშალოს ეკონომიკა, მაგრამ გაუჭირდება ირანის დამარცხება. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ვაშინგტონი ცვლის პოლიტიკას, მაგრამ რამდენად დაჰყვება მას ირანი, არცთუ იოლი გამოსაცნობია.

ობამას პოზიტიურ, თანამშრომლობისაკენ მიმართულ განცხადებებს ირანის ხელისუფალთა თავშეკავებული პასუხები ერთვის. არის კრიტიკაც, მაგალითად ისეთი, რაც აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პილარი კლინტონის განცხადებას მოჰყვა. ისრაელში მყოფმა კლინტონმა უკიდეგანო დახმარება აღუთქვა ისრაელის ხელისუფლებას და ეს მაშინ, როდესაც წინა ადმინისტრაციის წაყრუების შედეგად ისრაელმა მიწასთან გაასწორა ღაზა, ასეულობით უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის ბავშვები, ხოცა. “აშშ-ს პრეზიდენტი წინა ადმინისტრაციის შეცდომებს იმეორებს, ცალსახად უჭერს რა მხარს ისრაელს. ახალი პრეზიდენტიც კი, რომელიც ხელისუფლებაში ბუშის ადმინისტრაციის პოლიტიკის შეცვლის ლოზუნგით მოვიდა, ლაპარაკობს ამერიკის მიერ ისრაელის უყოყმანო მხარდაჭერაზე” – განაცხადა ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ჰამენეიმ. როგორც ჩანს, ამერიკის პოლიტიკა ისრაელთან მიმართებაში კარდინალურ ცვლას არ დაექვემდებარება, რაც ნეგატიურად იმოქმედებს ვაშინგტონის სამომავლო ურთიერთობაზე თეირანთან.

ამერიკის ადმინისტრაციისთვის უდავოდ დასაფიქრებელი უნდა იყოს პრეზიდენტ ობამას ნოვრუზის დღესასწაულის მილოცვაზე, ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ჰამენეის პასუხი: “ამერიკა ხელს უწვდის ირანს, მაგრამ როგორია ეს ხელი? ამერიკამ ჯერ უნდა დაანახოს ირანს, რა მიზნები აქვს მას. მოხსნას მის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციები, შეცვალოს ისრაელთან დამოკიდებულება. მხოლოდ ამის შემდეგ დარწმუნდება ირანი ამერიკის კეთილ სურვილებში”.

ირანის ბირთვული კვლევის თემა ისეთივე აქტუალურია, როგორც ბუშის ადმინისტრაციის დროს, თუმცა ამერიკელთა მხრიდან იგრძნობა მეტი თავშეკავება. პენტაგონი აღარ ეთანხმება ებრაელი კოლეგების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, მიიჩნევს რა მას გადაჭარბებულად. ამასწინათ ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომაც უარყო ებრაული უშიშროების სამსახურის ინფორმაცია, რომლის მიხედვით ირანს სულ მალე ექნება ბირთვული ბომბი. თავდაცვის მინისტრის გეიტსის პასუხი იყო შემდეგი: “ირანი ჯერ არ არის ახლოს ბირთვული იარაღის დამზადებასთან. მას აქვს ტონამდე დაბალგამდიდრებული ურანი, რაც საკმარისია გამდიდრების შემთხვევაში ბომბის დასამზადებლად. გამდიდრებას დრო ესაჭიროება”.

ლონდონის ანალიტიკური ცენტრის Chatham House–ს მიხედვით, ირანი განიხილავს ცენტრიფუგათა რამდენიმე კასკადის მშენებლობას, რაც ორჯერ გაზრდის წარმოებას. ირანელებმა თვითონ ისწავლეს ცენტრიფუგების დამზადება. ხელოვნური თანამგზავრის გაშვებასთან ერთად ქვეყანა წინ მიიწევს რაკეტული პოტენციალის თვალსაზრისით.

არაერთხელ აღმინიშნავს, რომ თანამედროვე ირანის შესახებ საქართველომ ცოტა რამ იცის, რაც ხელისუფლების ვიწრო დასავლური ორიენტაციის შედეგია. ხელისუფლებაში, სადაც გონიერებისა და მჭერმეტყველების ეტალონად წიკლაური მიიჩნევა, ხოლო საგარეო უწყებას მოჭარბებულად თავდაჯერებული ვაშაძე ხელმძღვანელობს, დიდ დიპლომატიურ გარღვევას არ უნდა ველოდეთ. მინისტრის ბოლოდროინდელმა “დიპლომატიურმა მიგნებამ”კიდევ ერთხელ სამასხროდ აიგდო, ისედაც მასხრად აგდებული საქართველო. იაპონიის საგარეო უწყების სახელზე გაგზავნილმა ნოტამ – “გრუზიას” ნუ დაგვიძახებთ, ჩვენ “ჯორჯია” ვართო, იაპონელ კოლეგებში თავშეკავებული ქირქილი გამოიწვია – ჩვენ საქართველოს “გრუზიად” ვიცნობთ, ხოლო ჯორჯია აშშ-ს შტატიაო, იყო პასუხი. არავინ იცის, რით დამთავრდება ორი უწყების “ურთულესი პოლიტიკურ-დიპლომატიური პრობლემა”, მაგრამ ქართველ ხელისუფალთა დაუოკებელი სურვილი “სექენდ ჯორჯიაობასთან” დაკავშირებით სახეზეა. უყვართ მათ ამერიკა და საქართველოს “გაჯორჯიავებასაც” იმედოვნებენ. ვაშა ვაშაძეს – მორიგი სისულელისათვის. ცხადია, ასეთ ვითარებაში ვის რაში სჭირდება ირანი – ახლო აღმოსავლეთის უძლიერესი ქვეყანა. არც მისი ისტორია და კულტურაა საინტერესო, ჩვენ ხომ მომავალი ამერიკელები ვართ. მაგრამ ერთი რამ მინდა შევახსენო “ყოვლისმცოდნე” თინეიჯერ პოლიტიკოსებს – აშშ-ს სულ მალე სხვა ურთიერთობა ექნება ირანთან და აქედან გამომდინარე, საჭიროა ტვინის განძრევა, ირანთან პრაგმატული ურთიერთობების დამყარება, რაც, უპირველეს ყოვლისა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ვალია.

ამერიკის დემოკრატიულობაზე ბევრის დაწერა შეიძლება, თუმცა, რაც ზემოთ აღვნიშნე სრულიად საკმარისია მისი ნამდვილი სახის დადგენისათვის. აშშ სუპერ სახელმწიფოა და ამ ტიტულის შენარჩუნებისათვის დემოკრატიის ნიღაბსაც ხშირად გამოიყენებს.