ქვეყანათმცოდნეობა

კრემლი, მისი “იდეური ძმები” და ტერორისტები – მეგობრობის თუ თანამშრომლობის აღდგენა?

ონსტანტინე ჟღენტი, რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტი

საკმაო დრო გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში სამხედრო აგრესიის შედეგად, რუსეთმა ჯერ მოახდინა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სრული ოკუპაცია, ხოლო შემდეგ

, საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმების დარღვევით, სცნო ამ ტერიტორიებზე უკანონდ შექმნილი, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.

მაგრამ რუსული დიპლომატიის საკმაოდ აგრესიული (განსაკუთრებით ბოლო პერიოდში) მცდელობების მიუხედავად, მსოფლიოს სხვა სახელმწიფოები არ ჩქარობენ მიბაძონ მის მაგალითს.

უეჭველია, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-ის მაგალითზე მრავალმა სახელმწიფომ სცნო კოსოვოს დამოუკიდებლობა, რუსეთს სურდა რომ იგივე განმეორებულიყო აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით. თუმც კრემლი აცხადებს, რომ მას სულაც არ აღელვებს თუ როდის მოხდება ამ “სახელმწიფოების” დამოუკიდებლობის ცნობა, რადგან ადრე თუ გვიან ეს მაინც მოხდება, ნათელია, რომ მიმდინარეობს მისი მხრიდან ზეწოლა იმ ქვეყნებზე, რომლებზეც მას ზეგავლენის მოხდენის ეკონომიკური და პოლიტიკური საშუალებები გააჩნია.

მიუხედავად ამისა, ბელორუსის მაგალითი გვიჩვენებს, რომ 21-ე საუკუნეში ხშირად ძალიან ძლიერ სახელმწიფოებსაც კი უჭირთ აიძულონ სხვა სახელმწიფოები, იმოქმედონ 19-ე ან თუნდაც უფრო ადრეული საუკუნეებისათვის დმახასიათებელი ქცევის მეთოდებით.

თუმცა ხდება მოსკოვისათვის ერთი შეხედვით სასიამოვნო, მაგრამ დანარჩენი მსოფლიოსათვის, ჩვენი აზრით საკმაოდ დამაფიქრებელი გამონაკლისებიც. კერძოდ 2008 წლის სექტემბერში, მხოლოდ ერთი სახელმწიფოს ნიკარაგუას გარდა (ამის მიზეზებზე ქვემოთ მოგახსენებთ) აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებლობა”აღიარა კიდევ ორმა ორგანიზაციამ – ჰამასმა და ჰეზბოლამ.

ნიკარაგუას ამგვარი ქცევის მიზეზი ნათელი გახდა უკვე იმავე 2008 წლის სექტემბერში, როდესაც იქ ჩავიდა რუსეთის ვიცე-პრემიერი იგორ სეჩინი. მან დაიწყო მოლაპარაკება ნიკარაგუას პრეზიდენტთან დანიელ ორტეგასთან არა მარტო ორ ქვეყანას შორის 16 წლის წინ შეწყვეტილი ურთიერთობების აღდგენაზე, არამედ ორტეგას მოსკოვში გადაუდებელი ვიზიტის ორგანიზებასა და ორ ქვეყანას შორის ხელშეკრულებების ისეთის პაკეტის გაფორმებაზე, რომელიც მოიცავს მოსკოვის მხრიდან ნიკარაგუას დახმერებას ყველა სფეროში, ეკონომიკიდან დაწყებული, სამხედრო თანამშრომლობით დამთავრებული.

ნიკარაგუას არმიის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ სამხედრო თანამშრომლობა ითვალისწინებს როგორც მათი ქვეყნისათვის შეიარაღების და ტექნოლოგიის მიწოდებას, ისე სამხედრო კადრების მომზადებას. გაკვირვებას იწვევს მხოლოდ ის, თუ რა სისწრაფით მოხდა აღნიშნული შეთანხმების განხორციელების დაწყება. კერძოდ უკვე 2008 წლის ნოემბერში(!) მოსკოვს ეწვია ნიკარაგუას სამხედრო აკადემიის 14 კურსანტი, რომლებიც თან ახლდნენ ნიკარაგუას საგარეო საქმეთა მინისტრს სამუელ სანტოსს და თავისი ქვეყნის პრეზიდენტსაც კი დაასწრეს. Oორტეგა მოსკოვს მხოლოდ 2008 წლის დეკემბერში ეწვია (NICARAGUA-RUSSIA: Ortega Embraces Kremlin, José Adán Silva, Global Intelligence News / IPS, November 26, 2008).

ყოველივე აღნიშნულის შემდეგ ძნელია დაიჯერო, რომ ორტეგას მიერ სეპარატისტული წარმონაქმნების აღიარება, როგორც მან თვითონ განაცხადა, “გარეშე ძალების მიერ რუსეთის ალყაში მოქცევის” მიზეზით მოხდა და რომ “პრეზიდენტი პუტინი თავისი ნაბიჯებით მხოლოდ ეწინააღმდეგება ამ პროცესს”. (Nicaragua joins Russia in recognizing South Ossetia, Abkhazia, DPA, 2008-09-03).

უფრო სავარაუდოა, რომ კრემლის ძველმა “იდეურმა ძმამ” ორტეგამ, გადაწყვიტა ისარგებლოს მომენტით, და ხედავს რა, რომ რუსეთი ცდილობს დაამტკიცოს საბოლოოდ ფეხზე დამდგარი ქვეყნის და საბჭოთა იმპერიის “დიად საქმეთა” გამგრძელებლის სტატუსი, დაიბრუნოს მისი ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერა.

იბადება მხოლოდ კითხვა, თუ რას მოუტანს რუსეთს, აუნაზღაურებელი ხარჯების გარდა (რაც არაერთხელ დადასტურდა), ისეთ რეჟიმებთან მეგობრობა, როგორც ორტეგას და ჩავესის რეჟიმებია.

ხოლო თუ კრემლმა მათთან მეგობრობა “ამერიკის იმპერიალიზმთან ბრძოლის” მიზნით გადაწყვიტა, როგორც ამას საბჭითა კავშირი აკეთებდა, 21-ე საუკუნეში ამგვარ ქცევას იმაზე უარესი შედეგების მოტანა შეუძლია, რაც საბოლოოდ საბჭოთა იმპერიისთვის მოიტანა.

თუ ორტეგას ან ჩავესს ოფიციალურად არასოდეს მიიჩნევდნენ ტერორისტებად ან არ მიაკუთვნებდნენ ტერორისტულ ორგანიზაციებს, ამის თქმა არ შეიძლება მათ “კოლეგებზე” სეპარატისტების აღიარების საქმეში – ჰამასსა და ჰეზბოლაზე.

იმის ფაქტები, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა სპეცსამსახურებს ჰქონდათ მათთან არააფიშირებული, თუმცა საკმაოდ აქტიური კონტაქტები, ადრეც იყო ცნობილი (Mich Elbaz, AIA stuff). ეს კონტაქტები იცვლებოდა (ხან აქტიურდებოდა ხან ჩერდებოდა) ახლო აღმოსავლეთში საბჭოთა პოლიტიკის ცვლილების შესაბამისად.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ საბჭოთა ხელმძღვანელობა, რომელიც ოფიციალურად უჭერდა მხარს პალესტინის განმანთავისუფლებელ მოძრაობას იასირ არაფატის ხელმძღვანელობით (თუმცა ცდილობდა, რომ ერთგვარი წონასწორობა პალესტინურ ორგანიზაციებთან ურთიერთობებშიც დაეცვა), მაინცდამაინც არ წყალობდა “ძმებ მუსლიმებს” (ორგანიზაციას, რომლის წიაღიდანაც ჰამასი და ჰეზბოლა აღმოცენდნენ). თუმცა საბჭოთა პერიოდშიც და ახლაც, როდესაც საუბარია ე.წ. ”განმანთავისუფლებელ” მოძრაობებზე, განსაკუთრებით კი ამგვარ ორგანიზაციებზე ახლო აღმოსავლეთში, საკმაოდ რთულია იმის გარჩევა, თუ რომელი მათგანის ბრძოლის მეთოდები შეიძლება ჩაითვალოს “ტერორიზმად” და რომლის არა.

კარგად მახსოვს, გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, მოსკოვის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში მუშაობისას (სადაც სადისერტაციო ნაშრომზე ვმუშაობდი), როგორ იღებდნენ პალესტინის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი მოძრაობის სხვადასხვა ორგანიზაციების დელეგაციებს. ეს შეხვედრები თითქმის ყოველთვის ინსტიტუტთან ახლოს მდებარე რესტორან “უზბეკისტანში” გრძელდებოდა უფრო არაფორმარულ სიტუაციაში. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ ყველა მათგანს პრაქტიკულად ერთი ტექსტით ესაუბრებოდნენ. მათი წასვლის შემდეგ ინსტიტუტის რომელიმე “თანამშრომელი” აუცილებლად იტყოდა ხოლმე: შეამჩნიე, რომ კოსტუმის და ჰალსტუხის ნაცვლად ეს ბატონი (ან ჭაბუკი) უფრო ”კალაშნიკოვის” ტარებას არის მიჩვეული?”

ორმაგი სტანდარტები ამგვარ ორგანიზაციებთან ურთიერთობებში განსაკუთრებით ნათლად გამოიკვეთა უკვე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც ისინი განსაკუთრებით გააქტიურდნენ არა მხოლოდ რეგიონში, არამედ საერთოდ საერთაშორისო ასპარეზზე.

ეს გამოიხატებოდა როგორც საინფორმაციო, ისე საერთაშორისო პოლიტიკაში. მაგალითად, როდესაც რუსეთის მთავრობა აქტიურ პროტესტს გამოხატავდა სხვადასხვა სახელმწიფოების (არა მხოლოდ ბალტიის) მიერ ჩეჩნური ინტერნეტ-გვერდებისადმი ფუნქციონირების საშუალების მიცემის გამო, ის არანაირად რეაგირებდა იმაზე, რომ ისეთი ორგანიზაციების ვებგვერდები, როგორებიცაა ჰამასი და ჰეზბოლა, მოქმედებდნენ რუსული ინტერნეტ პროვაიდერების საშუალებითაც.

საერთოდ ორმაგი სტანდარტი რუსეთის დამოკიდებულებაში ერთის მხრივ ჩეჩნურ, ხოლო მეორეს მხრივ სხვა ორგანიზაციებთან ცნობილი ფენომენია, მაგრამ ისრაელის სპეცსამსახურების ინფორმაციით, ჰამასის და ჰეზბოლას საიტებზე, რუსეთში სასწავლებლად მყოფი არაბი სტუდენტების გადაბირება არა მხოლოდ “დასავლეთის იმპერიალიზმის” წინააღმდეგ, არამედ ჩეჩნეთში ბრძოლისთვისაც ხდებოდა (AIA stuff).

მსოფლიოში ყველაზე დიდი რეზონანსი ჰქონდა მაინც პუტინის განცხადებას იმის თაობაზე, რომ “რუსეთი აშშ-სა და ევროკავშირისგან განსხვავებულად უყურებს ჰამასს” და შემდეგ ამ ორგანიზაციის ოფიციალური დელეგაციის სტუმრობას მოსკოვში 2006 წელს.

ეს განცხადება და შემდეგ აღნიშნული ვიზიტი სხვადასხვაგვარად იქნა აღქმული მსოფლიოში. მაგალითად, ცნობილ (ზოგჯერ საკმაოდ სკანდალური განცხადებებით) რუს პოლიტოლოგს სტანისლავ ბელკოვსკის მოჰყავს ცნობილი ამერიკელი პროფესორის რიჩარდ პაიპსის სიტყვები:

“რუსეთის მეტად უცნაური ქცევის მიზეზები, პოსტკომუნისტური რეჟიმის მხრიდან საბჭოთა წარსულზე უარის თქმაში იმალება. რუსეთის მოსახლეობის თითქმის ერთმა მესამედმა, რომელიც სოფლის რაიონებსა და პატარა ქალაქებში ცხოვრობს, არ იცის, რომ საბჭოთა კავშირი უკვე აღარ არსებობს. ვერც რუსეთის სახელმწიფო, ვერც ქვეყნის მოსახლეობა ვერ ამყარებს მოდუს ვივენდი-ს, ანუ თანხმობის დროებით ფორმას მსოფლიოსთან. ისინი თავის თავს რაღაც განსაკუთრებულად და მტრებით გარშემორტყმულად მიიჩნევენ, ჰგონიათ რა რომ ეს მტრები მათ მსოფლიოში კანონიერ ადგილს ართმევენ. სახელმწიფო კი დაკავებულია ამგვარი გრძნობების წაახალისებით, რადგან ეს მასსა და მის ქვეშემრდომებს შორის ერთგვარ ნათესაურ კავშირს ქმნის”.

ბელკოვსკის მოჰყავს სხვა პოლიტოლოგების, მაგალითად მათიას ბრიუგმანის და ილია ბურტმანის შეხედულებებიც:

“ახლო აღმოსავლეთში მოსკოვი დიდ ფსონებს ჩამოდის. საქმე კრემლის საგრეო-პოლიტიკურ რეპუტაციას ეხება. სარგებელი, რომლის მიღებასაც ვლადიმერ პუტინი ცდილობს, საკმაოდ ძვირად ფასობს: რუსეთს უნდა, კვლავ გახდეს ზესახელმწიფო მსოფლიოს თვალში. რუსეთი მთელს მსოფლიოში ეძებს მოკავშირეებს, რომლებიც მზად არიან, აღიარონ მოსკოვის წამყვანი როლი.”

“მოსკოვში ჰამასის წარმომადგენლების მიწვევის შესახებ შოკის მომგვრელი ცნობის მიღების შემდეგ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა გარეგნული სიმშვიდე შეინარჩუნა. მან მხოლოდ მოითხოვა, რომ მოსკოვმა მოლაპარაკებები “მტკიცე პოზიციებიდან” აწარმოოს. მიუხედავად ამისა, ბუშის ადმინისტრაციის წარმომადგენლები უაღრესად აღშფოთებული იყვნენ. მოსკოვის რევერანსმა ჰამასის მიმართ უნდა აჩვენოს დასავლეთს, რომ პუტინს ერთნაირი ალბათობით შეუძლია მასთან თანამშრომლობაც და მის წინააღმდეგ მოქმედებაც”.

ამ შეხედულებების მოყვანის შემდეგ, ყველაზე შოკისმომგვრელი აზრი თვით ბელკოვსკიმ გამოთქვა:”კრემლის “უკანა ეზოდან” მიღებული ინფორმაციის მცირე ნაწილიც კი, საშუალებას იძლევა დავასკვნათ, რომ მოსკოვში ნახევრადტერორისტული(?) ორგანიზაციის ვიზიტი ჰალედ მაშალის მეთაურობით, არა მხოლოდ შეთანხმებული იყო ვაშინგტონთან, არამედ აშშ-ს ადმინისტრაციის ინიცირებული იყო.”(!)

ამგვარი შეხედულება ბელკოვსკიმ იმით ახსნა, რომ “ვაშინგტონს არა აქვს დიდი ილუზიები შემდეგ საკითხზე: უახლოეს ხანებში ჰამასის თავიდან მოშორება შეუძლებელი იქნება. ამიტომ საჭიროა მასთან მუდმივი კონტაქტები ან მოლაპარაკებები. მაგრამ ლეგალურ კონტაქტზე წასვლა მის მიერ ოფიციალურად ტერორისტულად აღიარებულ ორგანიზაციასთან თეთრ სახლს არ შეუძლია. ამ მისიის დაკისრება ევროპის სახელმწიფოებისათვისაც არ შეიძლება, რადგან თუმც ევროკავშირი გაცილებით ლოიალურია პალესტინელთა ავტონომიის მიმართ, ვიდრე აშშ, პრინციპი - არანაირი მოლაპარაკებები ტერორისტებთან, არავის გაუუქმებია და არც გააუქმებს. აი ამგვარი განსაკუთრებული დავალებებისათვის ვაშინგტონს ჰყავს “სხარტი ბიჭუნა” სახელად ვლადიმერ პუტინი. ბიჭუნას თურმე თავის დროზე დავიწყებია ჰამასის შეყვანა ტერორისტების სიაში და ამიტომ ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მას ხელები გახსნილი აქვს”.

თავისი შეხედულების დამამტკიცებელ საბუთად ბატონი ბელკოვსკი თვლის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ადამ ერლის განცხადებასაც, რომელმაც ოპტიმისტურად განაცხადა ჩატარებული მოლაპარაკებებისთანავე: ”შეხვედრამ შეასრულა თავისი მიზანი, გადაეცა მსოფლიოს გზავნილი” (Лента.ру 08.04.2009).

რა თქმა უნდა, არსებობის უფლება ყველა, მათ შორის ყველაზე ექსტრავაგანტულ აზრსაც აქვს. მე, მაგალითად, უფრო იმ სპეციალისტების შეხედულებებს ვიზიარებ (განსაკუთრებით კი ბატონი პაიპსის), რომლებიც ბატონ ბელკოვსკის საკუთარი შეხედულების გამოთქმამდე მოჰყავს.

მინდა გამოვთქვა კიდევ ერთი მოსაზრება, რომელიც შეიძლება ზოგიერთს გადაჭარბებული ეჩვენოს, მაგრამ ჩემი ხანგრძლივი დაკვირვების შედეგია. კერძოდ, საუბარია იმ ფაქტებზე, როდესაც რუსეთის მოსაზღვრე რეგიონებში მდგომარეობის გამწვავების მომენტში ან ზოგჯერ უფო ადრეც(!) კი (პირველ რიგში მხედველობაში მაქვს პოსტ-საბჭოთა კონფლიქტური რეგიონები), რომელსაც უეჭველად უნდა მოჰყვეს აშშ-ის და მისი მოკავშირეების რეაქცია, საეჭვოდ აქტიურდებიან აშშ-ს და დასავლეთის მოწინააღმდეგე ტერორისტული ორგანიზაციები. ეს ხდება არა მხოლოდ კონფლიქტური რეგიონების მოსაზღვრე, არამედ რუსეთის სპეცსამსახურების აზრით აშშ-ისთვის “მტკივნეულ” მსოფლიოს სხვა რეგიონებშიც. აღნიშნული ფაქტები კი ნამდვილად იწვევს ეჭვს ამგვარი მოქმედებების კოორდინაციის თვალსაზრისით რუსეთსა და ამ ტერორისტულ ორგანიზაციბს შორის. ამის სულ ბოლო მაგალითი აგვისტოში ცხინვალის რეგიონში მომხდარი შეტაკებების წინ (!) თურქეთის ტერიტორიაზე ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის ერთ მონაკვეთზე მომხდარი აფეთქება იყო.

მაგრამ მთავარი კითხვა ალბათ დაახლოებით ისეთივეა, როგორსაც მე ზევით, ნიკარაგუას და სანდინისტების მიმართ კრემლის პოლიტიკაზე საუბრისას ვსამდი. ის შემდეგშია: რა სარგებლობის მოტანა შეუძლია 21-ე საუკუნის დასაწყისში, ისეთ რადიკალურ ორგანიზაციებთან მეგობრობას და თანამშრომლობას, რომლებიც მთელს მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციებად არის ცნობილი, და რომელთა იდეოლოგიაც არა მხოლოდ საწინააღმდეგო აზრის, არამედ ყველას და ყველაფრის მიუღებლობაზეა დაფუძნებული?

ამაზე საუბრისას მე მხედველობაში მყავს არა მხოლოდ რუსეთი, თუმც “ძლიერთ ამა ქვეყნისა” ყოველთვის ჰგონიათ, რომ უბრალო მოკვდავთაგან განსხვავებით მათ ძალიან ბევრის უფლება აქვთ, არამედ “დამოუკიდებელი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი”, რომლებიც თავის “საერთაშორისო პოლიტიკას” მეტად საეჭვო ურთიერთობებით იწყებენ.

რედაქციისგან: დაზუსტების მიზნით აღვნიშნავთ, რომ ორგანიზაციები ჰამასი და ჰიზბოლა ”ტერორისტულად” დასავლეთისათვის, პირველ რიგში, აშშ- ს მმართველი სიონისტური წრეებისთვის ითვლებიან. არავითარი ”მთელი მსოფლიო” მათ ტერორისტებად არ მიიჩნევს. ჩვენ ყველა მკვლევარს მოვუწოდებთ, გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან მსოფლიო და მისი ერთი, თუნდაც ჯერ კიდევ მდიდარი ნაწილი - დასავლეთი - თავის სიონისტებიანად. ნუ შევხედავთ სამყაროს დასავლო-ცენტრისტული პოზიციებიდან. შესაბამისად, დავნერგოთ ნეიტრალური, არაიდეოლოგიზირებული ტერმინოლოგია ამ და სხვა მსგავს შემთხვევებშიც.

რაც შეეხება ”რუსულ აგრესიას” და ქართული ტერიტორიების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას ”დამოუკიდებელ სახელმწიფოებად”, ნუ დაგვავიწყდება ჩვენი ”უმაღლესი მთავარსარდალი” და მისი ”ცივილიზებული” წამქეზებლები დასავლეთიდან. რუსეთს არც კოსოვოს აღიარება სურდა დასავლეთის მხრიდან და არც თავის მხრიდან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის, მოვლენათა ასეთი განვითარება ჩვენ და ჩვენმა დასავლელმა ”უფროსობამ” ვისურვეთ. შესაბამისად, ვერც ნიკარაგუას დავემდურებით, მით უმეტეს ”ჩავესის რეჟიმს”, რომელსაც საქართველოსგან განსხვავებით არაფერი სჭირს ვინმესთან რაიმე სამათხოვრო და მყარი ვალუტით ყიდულობს შეიარაღებებს რუსეთში, რაც ორივე მხარის ინტერესშია.