ქვეყანათმცოდნეობა

საუდის არაბეთი იმუქრება

რამდენიმე დღის წინ, საუდის არაბეთის პრინცმა ტურკი ალ-ფეისალმა სენსაციური განცხადება გააკეთა: სპარსეთის ყურის მონარქიების წარმომადგენლების თათბირზე, რომელიც ერ-რიადში გაიმართა,

მან განაცხადა, რომ რადგან მსოფლიო თანამეგობრობა უძლურია გააკონტროლოს ისრაელის ბირთვული არსენალი და ირანის ბირთვული პროგრამა, საუდის არაბეთი ასევე განიხილავს ბირთვული იარაღით აღჭურვის შესაძლებლობას.

საყურადღებოა თავად პრინც ტურკი ალ-ფეისალის პიროვნება. ის მუშაობდა საუდის არაბეთის ელჩად დიდ ბრიტანეთში და აშშ-ში, მანამდე კი თითქმის 25 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საუდის არაბეთის მძლავრ სადაზვერვო სამსახურს. სწორედ ეს სამსახური მონაწილეობდა ავღანელი მებრძოლების დაფინანსებასა და აღჭურვაში და მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა როგორც ალ-ქაიდას, ისე „თალიბანის“ ცალკეულ ლიდერებთან, და ასევე მთელ მსოფლიოში გაბნეულ ვაჰაბიტურ დაჯგუფებებთან. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: ტურკი ალ-ფეისალი თანამდებობიდან გადადგა... 2011 წლის 11 სექტემბრის ტერაქტიდან ათი დღით ადრე.

აშკარაა, რომ ბ-ნი ტურკი მეტად ინფორმირებული პიროვნებაა და სიტყვებს ჰაერზე არ ისვრის. რას უნდა ნიშნავდეს მისი განცხადება ბირთვული იარაღის თაობაზე? ეს შეიძლება იყოს გაფრთხილება აშშ-ს და დასავლეთის მიმართ, რომ არ დაუშვან საუდის არაბეთის შემდგომი დასუსტება და შიდა არეულობები, თორემ რეჟიმი, როგორც იტყვიან, „თავის თავზე პასუხს არ აგებს“. ასევე ეს არის გაფრთხილება ირანის მიმართ, რომ არ შეეცადოს საუდის არაბეთის დესტაბილიზაციას, თორემ მომავალში ბირთვულ სახელმწიფოსთან მოუწევს დაპირისპირება.

როგორც ცნობილია, საუდის არაბეთი გამოირჩევა საკმაოდ ხისტი და მკაცრი შინაგანი რეჟიმით, რომელიც ეფუძნება ისლამის ერთ-ერთ მიმდინარეობას. ამ ბოლო დროს, ისლამურ ქვეყნებში განვითარებული მოვლენები არ შეიძლებოდა შეუმჩნეველი დარჩენილიყო ამ ქვეყნის ხელმძღვანელობის მიერ. მთელ რიგ არაბულ ქვეყნებში ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ ე.წ. ზომიერი ისლამისტები, რომლებმაც შეცვალეს პროამერიკული დიქტატორული რეჟიმები. ერთ-ერთი ყოფილი დიქტატორი, ტუნისელი ბენ ალი, სწორედ საუდის არაბეთში გაიქცა, მისი რეჟიმის დამხობის შემდეგ.

ამას წინათ, ტუნისის აწ უკვე მმართველი ისლამისტური პარტიის ლიდერმა განუშიმ, მიმართა საუდის არაბეთის ლიდერებს და მოუწოდა რეფორმების გატარებისკენ, სხვა შემთხვევაში კი რევოლუციის გარდუვალობა შეახსენა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს განცხადება ასახავს ისლამურ, კერძოდ, სუნიტურ სამყაროში ორი მიმართულების გააქტიურებულ კონკურენციას თუ დაპირისპირებას: ერთი მათგანია საუდის არაბეთის მიერ სპონსირებული ვაჰაბიზმი და სალაფიზმი, ხოლო მეორე - ე.წ. მუსლიმი ძმების მოძრაობა, რომელსაც მრავალ ქვეყანაში აქვს ფილიალები. ეგვიპტეში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებიც მიუთითებს, რომ სწორედ ეს ორი ძალა იბრძვის პირველობისთვის ისლამურ-სუნიტური მიმდინარეობის არაბულ ქვეყნებში.