ქვეყანათმცოდნეობა

ერაყი განვითარების ახალი ეტაპის პერსპექტივის წინაშე

2003 წლის 19 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბუშმა გასცა ბრძანება საკუთარი არმიის მიმართ, რომ დაეწყო შეჭრა ერაყის ტერიტორიაზე. იმავე დროს, აშშ-ს საჰაერო ძალებმა

მასირებულად დაბომბეს ობიექტები ერაყში, ხოლო წყალქვეშა ნავებმა ფრთოსანი რაკეტებით მიიტანეს იერიში.

2003 წელს დაწყებული ომი ხანგრძლივ ქაოსში და პარტიზანულ მოქმედებებში გადაიზარდა, რამაც ასი ათასზე მეტი ერაყელის სიცოცხლე შეიწირა. დაიღუპა 4,5 ათასამდე ამერიკელი ოკუპანტიც, რის გამოც ამერიკის მოსახლეობაში ერაყის ომი ძალზე არაპოპულარული გახდა და 2008 წელს ხელისუფლებაში მოსული ობამას ადმინისტრაცია იძულებული გახდა, დათანხმებულიყო ერაყიდან ჯარების გამოყვანაზე.

ეს პროცესი 2011 წელს უნდა დასრულდეს, თუმცა აშკარაა, რომ აშშ ცდილობს მის გაჭიანურებას და ერაყში ჯარის გარკვეული კონტინგენტის დატოვებას 2011 წლის შემდეგაც. თუმცა, ერაყის მოსახლეობის აბსოლუტური უმეტესობა და პოლიტიკოსების მნიშვნელოვანი ნაწილი მოითხოვს ხელშეკრულების უცვლელად და ზუსტად შესრულებას, რომლის მიხედვითაც ქვეყანა ამერიკის საოკუპაციო ჯარებმა უნდა დატოვონ. დღეისათვის, აშშ-ს ადმინისტრაციას არ გააჩნია არავითარი ხელჩასაჭიდი მიზეზი ან საბაბი იმისთვის, რომ უარი თქვას აღებული ვალდებულებების შესრულებაზე.

მაგრამ რა მოხდება შემდეგ? 8 წლიანმა ოკუპაციამ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ერაყი. დანგრეულია ქვეყნის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი, რომლის აღდგენა მხოლოდ ახლა მიმდინარეობს. ერაყი დატოვა მილიონზე მეტმა ადამიანმა, მათ შორის კვალიფიციურმა სპეციალისტებმა - მეცნიერებმა, ინჟინრებმა და ინტელიგენციის წარმომადგენლებმა. საჭირო იქნება მათი დაბრუნება და ამასთან ერთად, ახალი კადრების დაჩქარებული წესით მომზადება, რომ ერაყი გადაიქცეს თანამედროვე სახელმწიფოდ და არ დარჩეს უსუსური დასავლეთის ქვეყნების შესაძლო აგრესიული ნაბიჯების მიმართ.

ბევრ ქვეყანას, პირველ რიგში ამერიკის შეერთებულ შტატებს, არ აწყობთ ერაყში სრული სტაბილურობის აღდგენა, რაც საშუალებას მისცემს ერაყს მჭიდრო თანამშრომლობა განავითაროს მეზობელ ქვეყნებთან. ამერიკელების მიერ პროვოცირებული ე.წ. „მართული ქაოსის“ პირობებში უფრო ადვილია ზემოქმედების მოხდება ერაყელ პოლიტიკოსებზე, რომ ისინი დათმობებზე წავიდნენ ამერიკის და მისი მოკავშირეების მიმართ. ამის ნათელი მაგალითია ერაყის ჩრდილოეთში განლაგებული „აშრაფის“ ბაზის საკითხი.

მცირე წინაისტორია: სადამ ჰუსეინის მმართველობის პერიოდში ერაყში თავშესაფარი მიეცათ ირანიდან გამოქცეულ პირებს, რომლებიც ტერორისტულ აქტებს აწყობდნენ ისლამური რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებაში მოსული ძალების წინააღმდეგ. ამ პირებმა შექმნეს ორგანიზაცია, რომელსაც ეწოდა „სახალხო მოჯაჰედები“. ირან-ერაყის ომის დროს ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში თავისი სამშობლოს წინააღმდეგ. ხოლო ომის დამთავრების შემდეგ, 1988 წელს, მათი დიდი ნაწილი ერაყში დარჩა.

მას შემდეგ, რაც დაემხო სადამ ჰუსეინის რეჟიმი, „სახალხო მოჯაჰედები“ „გადაიბარეს“ ამერიკელებმა და დღემდე მფარველობენ მათ ბაზას ირანთან საზღვრის სიახლოვეს, ერაყის ცენტრალურ ნაწილში. ირანი მოითხობს ერაყის ხელისუფლებისგან, რომ ბაზა დაიშალოს და ტერორისტებმა დატოვონ ერაყის ტერიტორია, რაზეც ბაღდადის ხელისუფალნი თანახმა არიან. მაგრამ აშშ ყველანაირად ცდილობს ხელი შეუშალოს ბაზის გაუქმებას, რომელიც არასტაბილურ ვითარებას ქმნის ერაყის ამ ნაწილში და ხელს უშლის ორ მეზობელ ქვეყანას შორის ურთიერთობებს. ამგვარი ხერხებით ამერიკელები ფიქრობენ შეინარჩუნონ გავლენა ერაყში მიმდინარე პროცესებზე.

ერაყს გააჩნია უზარმაზარი ბუნებრივი რესურსები, განსაკუთრებით ნავთობი, ასევე ბუნებრივი გაზი, რომლის გამოყენება საშუალებას მისცემს ამ ქვეყანას მძლავრ და დამოუკიდებელ მოთამაშედ იქცეს რეგიონში. ერაყის მოსახლეობის ნახევარზე მეტს შეადგენენ შიიტი მუსლიმები, დაახლოებით მეხუთედს ქურთები, რომლებიც ძირითადად სუნიტები არიან, ხოლო სუნიტი არაბები დანარჩენ ნაწილს. თუმცა არის დაახლოებით მილიონამდე სხვადასხვა მიმართულების ქრისტიანიც (მოსახლეობის 3-4%). შიიტური თემი ტრადიციულად დაჩაგრული იყო სადამ ჰუსეინის მმართველობის პირობებში, ახლა კი შედარებით თავისუფალი მოქმედებების საშუალება მიეცა. აღსანიშნავია, რომ ერაყში მდებარეობს შიიტების მრავალი წმინდა ადგილი, მათ შორის იმამ ალის საფლავი ქალაქ ნაჯაფის მეჩეთში. ამავე ქალაქში განლაგებულია შიიტების ერთ-ერთი მთავარი თეოლოგიური სკოლა მსოფლიოში.

მიუხედავად იმისა, რომ შიიტები მოსახლეობის ნახევარზე მეტს შეადგენენ, ისინი ჯერ არ არიან იმდენად აქტიურები პოლიტიკურ პროცესებში, როგორც ქურთები და სუნიტი არაბები. ეს ნაწილობრივ იმითაც აიხსნება, რომ უმრავლესობას არ სურს უმცირესობების ზედმეტი გაღიზიანება და მათთვის დაუცველობის შეგრძნების გაჩენა და იმითაც, რომ სუნიტები უფრო მიჩვეული არიან პოლიტიკურ ბატონობას. თუმცა ადრე თუ გვიან, სწორედ შიიტური მიმართულების ძალებს მოუწევთ ინიციატივის აღება თავის თავზე, რომ ერაყი დაიძრას თანამედროვე განვითარების გზაზე, მათ შორის მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის მიმართულებით. ერაყის პოლიტიკურ სპექტრში უკვე რამდენიმე წელია გამოჩნდნენ საკმაოდ ახალგაზრდა და ენერგიული პოლიტიკოსები, როგორებიცაა მოქთადა ალ-სადრი და ამმარ ალ-ჰაქიმი. თუ ისინი შეძლებენ მომდევნო წლებში უფრო აქტიური პოზიციები დაიკავონ პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაშინ უნდა ველოდოთ ერაყის განვითარების ტემპების დაჩქარებას. ასევე დიდი როლის შესრულება შეუძლიათ ისლამის რელიგიაში განსწავლულ პირებს - აიათოლებს და სხვა სწავლულებს, რადგან ერაყის სწორი მიმართულებით სვლა მათ გარეშე რთული იქნება. ერაყის შიიტებს, სუნიტებს და ქურთებს შორის სრულფასოვანი დიალოგი და თანამშრომლობა წაადგება რეგიონალური უსაფრთხოების განმტკიცებას და საშუალებას მისცემს ამ რეგიონის ქვეყნებს უფრო მჭიდრო ინტეგრაციული პროექტების განხორციელებაზე იზრუნონ.