ქვეყანათმცოდნეობა

ნურსულთან ნაზარბაევი წინასაარჩევნო რბოლაში მონაწილეობს

ნურსულთან ნაზარბაევი წინასაარჩევნო რბოლაში მონაწილეობს

  ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა, მმართველი პარტიის „ნურ ოთანის“ ყრილობაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ წინასაარჩევნო რბოლაში მონაწილეობას მიიღებს. 

 ქვეყნის „პირველი პირის“ კანდიდატურა საპრეზიდენტო პოსტის პრეტენდენტის სახით, ცნობილმა ყაზახმა მეცნიერმა, აკადემიკოსმა კენჟეგალი საგადიევმა წამოაყენა. 

- ნაზარბაევი ერთადერთი ღირსეული კანდიდატია, - განაცხადა აკადემიკოსმა პარტიის სახელით, ყრილობაზე გამოსვლისას. ამის შემდეგ საკითხი პრაქტიკულად უკვე გადაწყვეტილი იყო. რა თქმა უნდა, დადებითად.

 ქვეყნის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მისი ბრძანებულება არჩევნების 26 აპრილს დანიშვნის შესახებ, ხალხის ინიციატივის პასუხია, რომელიც ყაზახეთის ხალხის ასამბლეაზე გახმიანდა. ხოლო ყაზახეთის სახელმწიფო ხელისუფლების მუშაობის მიზნად დაასახელა გარე ფაქტორების უარყოფითი გავლენის თავიდან აცილება რესპუბლიკის განვითარებაზე. 

- ჩვენ გველოდება ისტორიული, გადამწყვეტი პერიოდი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, - აღნიშნა ნაზარბაევმა. - ამჟამად ვითარება მსოფლიოში რთულდება. მკვეთრად გაიზარდა ეკონომიკური რისკები, ნავთობზე ფასის დაცემის გამო, შემცირდა ჩვენი ბიუჯეტის შემოსავლები. თითქმის ყველა ქვეყანა განიცდის სიძნელეებს, არა მარტო ჩვენ.   

 ეკონომიკური გამოწვევების და საფრთხეების პასუხი პრეზიდენტმა ეკონომიკური პროგრამა „ნურლი ჟოლ“-ის სახით წარმოადგინა, ასევე ისაუბრა არსებული სოციალური პოლიტიკის შენარჩუნებაზე და ყველა სოციალური ვალდებულების შესრულებაზე. ერთი სიტყვით, სახელმწიფოს მეთაურმა პირობა დადო, რომ ყაზახეთი ძველ კურსს არ გადაუხვევს. 

- პოლიტიკოსმა თავისი კანდიდატურა უნდა დააყენოს მაშინ, როცა მას გააჩნია პროგრამების და მიზნების ნაკრები, რომელთა საშუალებითაც ის აპირებს ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას, - შეაჯამა თავისი გამოსვლა ნურსულთან ნაზარბაევმა. - თუ არ გაქვს ასეთი მიზნები და ამოცანები, არც უნდა იფიქრო არჩევაზე.  

 

საპრეზიდენტო არჩევნების 2016 წლიდან 2015 წელს გადმოტანის კლასიკურ მიზეზად ასახელებენ მათ შესაძლო დუბლირებას საპარლამენტო არჩევნებთან, რომლებიც ასევე მომავალ წელს არის დაგეგმილი. ჩათვალეს, რომ ორი ელექტორალური კამპანია, რომელიც პრაქტიკულად ერთდროულად ჩატარდება, უკვე მეტისმეტია და შეეცადნენ მათ დაშორებას.  

 მაგრამ რატომ გადაწყდა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება ვადაზე ადრე და არა საპარლამენტოსი? ამ კითხვაზე პასუხი უნდა ვეძებოთ პრეზიდენტის ამავე გამოსვლაში, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, ითქვა ის, რომ სახელმწიფოს ელის პოლიტიკური მოწყობის რეფორმა.

 პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აუცილებელია გაფართოვდეს სახელმწიფო ორგანოების ხელმძღვანელების ანგარიშგების პრაქტიკა მოსახლეობის წინაშე, მათ შორის, ინტერნეტის საშუალებით და ამასთან ერთად, არსებობდეს უკუკავშირი ხალხს და ხელისუფლებას შორის.

- მნიშვნელოვანია სახელმწიფო ორგანოებთან და აკიმატებთან არსებული საზოგადოების საბჭოების როლის გაზრდა, - აცხადებს ნაზარბაევი. - ამით სიტუაცია მხოლოდ გაუმჯობესდება.

 გარდა ამისა, სახელმწიფოს მეთაურის სიტყვებით, ქვეყანას სჭირდება ე.წ. სამოქალაქო ბიუჯეტირების დანერგვა, რომლის თანახმადაც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ, ჩაერთონ საბიუჯეტო სახსრების განაწილებაში, განსაკუთრებით რეგიონებში. ხოლო სახელმწიფო ორგანოები აღარ იქნებიან „კეისრის მეუღლის“ არაოფიციალურ მდგომარეობაში, რომელზეც ეჭვის მიტანა შეუძლებელია.

- საკანონმდებლო გზით უნდა გაფართოვდეს მოქალაქეთა შესაძლებლობები, გაასაჩივრონ სახელმწიფო ჩინოვნიკების ქმედებები, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

რეფორმების კვინტესენცია იქნება თვითრეგულირების დანერგვა საზოგადეობაში, რომელიც მიმართულია სახელმწიფო ორგანოების პასუხისმგებლობის ზონების შემცირებისკენ და მათი უფლებების გადაცემისკენ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებისთვის. შესაბამისად, ამგვარ სიტუაციაში შესაძლებელი იქნება ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოების და საერთოდ, ხელისუფლების არჩევნების ახალი სისტემის საკითხის დაყენება დღის წესრიგში. 

 ნაზარბაევმა ისუბრა ამგვარი პოლიტიკური სტრატეგიის კანონზომიერ შედეგზეც.

ეტაპობრივად უნდა ჩატარდეს საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს უფლებამოსილებების გადანაწილებას პრეზიდენტისგან პარლამენტისთვის და მთავრობისთვის, ჩვენი ტრადიციების შესაბამისად, - დაასკვნა მან.

 ამ განცხადებების შემდეგ მას-მედიაში გაჩნდა მოვლენათა შესაძლო განვითარების უამრავი ვერსია. კერძოდ, საუბარია ყაზახეთის გადასვლაზე მმართველობის საპრეზიდენტო ფორმიდან საპრეზიდენტო-საპარლამენტოზე და მთლიანად საპარლამენტოზეც კი. ამ სისტემის ტესტირება, როგორც ჩანს, ახალარჩეულ პარლამენტში მოხდება, რათა 2020 წლისთვის, ახალი პრეზიდენტის არჩევის წელს, მექანიზმი უკვე ავტომატიზმამდე დახვეწილი იყოს.

 

ყაზახი ექსპერტების აზრით, არჩევნების „გაყოფა“ მხოლოდ დადებითად აისახება სახელმწიფოს ეკონომიკაზე. ამგვარი თვალსაზრისი გამოთქვა გადაცემაში „საქმიანი დრო“ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ესენჟოლ ალიაროვმა.

ახლა ყაზახეთში ყველაზე განხილვადი და რეზონანსული მოვლენაა პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნები, - განაცხადა მან. - ეს გათვალისწინებულია კონსტიტუციით. შესაძლებელია არჩევნების ვადაზე ადრე ჩატარება, ხალხი აირჩევს პრეზიდენტს. შემდეგ წელს საჭიროა პარლამენტის არჩევნების ჩატარება. და რაც უფრო ნაკლები იქნება დროის პერიოდი ამ ორ არჩევნებს შორის, მით უარესია ეკონომიკისთვის, ქვეყნის ბიუჯეტისთვის.    

 დადებით პოლიტიკურ ეფექტზე (მათ შორის საგარეოზე) საუბრობენ რუსი ანალიტიკოსებიც.

აშკარაა, რომ ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს ნურსულთან ნაზარბაევი, - აღნიშნავს ერთ-ერთ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორის ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტის (მგიმო) ანალიტიკური ცენტრის დირექტორი ანდრეი კაზანცევი. - და ისიც ნათელია, რომ ის გაიმარჯვებს. ჯერჯერობით არავითარი ალტერნატიული კანდიდატი არ ჰყავს ნაციონალურ ლიდერს, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თანამედროვე ყაზახური სახელმწიფო შექმნა

 

ნაზარბაევის უფლებამოსილებები გაგრძელდება. ეს არის მოვლენათა განვითარების ერთადერთი რეალური სცენარი. საკვანძო მომენტია ის, რომ პრეზიდენტს ექნება ძლიერი კოზირი როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკის გატარებისას, ხალხისგან მიღებული ნდობის ახალი მანდატის სახით. უდავოა ის, რომ ნაზარბაევისთვის მიცემული ხმების რაოდენობა მაღალი იქნება (75-90%-ის ფარგლებში), და არავითარი მანიპულაციები არ არის ამისთვის საჭირო, რადგან არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ მოსახლეობა ნაზარბაევს ენდობა.

 

ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მიზეზია დააშოროს არჩევნების თარიღი სხვადასხვა სახის საფრთხეების ზრდას, რაც მოსალოდნელია 2016 წელს. მე არ ვფიქრობ, რომ თუკი ყველა დონის არჩევნები ჩატარდებოდა 2016 წელს, ეს სერიოზულ დესტაბილიზაციას გამოიწვევდა. მაგრამ მაინც არსებობს არჩევნების და რისკების პიკის დამთხვევის ალბათობა. ამიტომ, ვადამდელი არჩევნების დანიშვნამ უნდა უზრუნველყოს ნებისმიერი დესტაბილიზაციის თავიდან აცილება, რომელიც დაკავშირებულია რისკების დამთხვევასთან.         

 ლიბერალების წრეში მიღებულია ყაზახეთის ელექტორატის კრიტიკა ამჟამინდელი პრეზიდენტის მიმართ ზედმეტი ლოიალობის გამო. 2011 წელს ყაზახეთის ლიდერს ხმა მისცა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 95%-მა. ოპოზიცია ტრადიციულად მიაწერს ამგვარ მაღალ შედეგებს არჩევნების გაყალბებას ან ადმინისტრაციული რესურსის ზეწოლას მოსახლეობაზე, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს წააგავს თავის მართლებას თავად ოპოზიციის პოლიტიკური ინფანტილობის გამო.

 თუ საუკუნის დასაწყისში, პოსტსაბჭოთა სივრცეზე ხალხი სიხარულით მიესალმებოდა „ფერად რევოლუციებს“, უკანასკნელ წლებში აღტაცება გვარიანად მინელდა. მოქალაქეთა თავისუფალი ნების უკან, რომლებსაც დემოკრატია სწყუროდათ, უეცრად გამოჩნდა მოქნილი მანიპულატორების ხელები. ხოლო დაპირებული თავისუფლება გამოიხატა ცხოვრების დონის კატასტროფულ დაცემაში, ან სამოქალაქო ომებშიც კი. 

 ამიტომ ყაზახეთში ხალხი ხმას აძლევს ნაზარბაევს, რადგან სახელმწიფოს სტაბილურობის შენარჩუნების იმედი აქვს თანამედროვე მღელვარე მსოფლიოში.

 

 ევრაზიის ინსტიტუტი