ქვეყანათმცოდნეობა

აშშ-ს „მოკავშირეების“ სავალალო ხვედრი

აშშ-ს „მოკავშირეების“ სავალალო ხვედრი

 უკრაინის მოვლენები დღეს მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. მას შემდეგ, რაც უკრაინის ოპოზიციამ და ულტრამემარჯვენე ფორმირებებმა კიევში ხელისუფლების აღება მოახერხეს,

უკიდურესად დაიძაბა სიტუაცია ყირიმის ნახევარკუნძულზე და უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რაიონებში.

 თუკი უკრაინის მოსახლეობა ვერ მონახავს თავის თავში ძალას, რომ ცივი გონებით გაერკვეს არსებულ სიტუაციაში, უკრაინას ემუქრება სუვერენიტეტის თითქმის მთლიანი დაკარგვა, რადგან იგი გადაიქცევა დასავლეთის, და პირველ რიგში, აშშ-ს იარაღად რუსეთის წინააღმდეგ.

 სამწუხაროდ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ნერგავენ საქართველოს მოსახლეობაში იმ აზრს, თითქოს აშშ ჩვენი ქვეყნის „სტრატეგიული პარტნიორია“ და არ ერევა ჩვენს შინაურ საქმეებში. სინამდვილეში, ეს არის სიცრუე და ამის დასადასტურებლად სხვა ქვეყნების მაგალითებიც კმარა.

 არათუ ისეთი ღარიბი და შეუმდგარი ქვეყნები, როგორც უკრაინა და საქართველო, არამედ თვით ნატო-ს წევრი მძლავრი სახელმწიფოებიც იმყოფებოდნენ და იმყოფებიან აშშ-ს თითქმის უხილავი, მაგრამ ყოვლისმომცველი ჩარევის პირობებში.

 ამის თაობაზე თვით დასავლეთშიც არაერთი ავტორი წერს. მაგალითად, თავის დროზე დიდი გამოხმაურება მოიპოვა შვეიცარიელი ავტორის, დანიელე განზერის (Daniele Ganser) კვლევამ სახელწოდებით „ნატო-ს საიდუმლო არმიები: ოპერაცია „გლადიო“ და ტერორიზმი დასავლეთ ევროპაში“. ამ კვლევის შესახებ მოთხრობილია გულბაათ რცხილაძის წიგნში „ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის საფუძვლები ამერიკელი და ევროპელი ავტორების მიხედვით“ (თბილისი, 2008 წ.).

 დ. განზერი მრავალ ფაქტზე დაყრდნობით დამაჯერებლად აჩვენებს, რომ ცივი ომის პერიოდში, დასავლეთ ევროპის მრავალი ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედებდნენ გასაიდუმლოებული ტერორისტული ორგანიზაციები, რომლებიც ახდენდნენ აფეთქებებს, გატაცებებს, მკვლელობებს, ხოლო მასმედიის საშუალებით ეს აქტები ბრალდებოდა მემარცხენე მიმართულების გაერთიანებებსა და პარტიებს (კომუნისტებს).

 ამერიკის შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურების მიერ შექმნილი საიდუმლო ქსელი იტალიის ტერიტორიაზე ატარებდა „გლადიოს“ (ხმალი) სახელწოდებას. განზერის ნაშრომში ნაჩვენებია, რომ გასული საუკუნის 60-70-იან წლებში იტალიაში მომხდარი რამდენიმე გახმაურებული ტერორისტული აქტი სწორედ ამ საიდუმლო ქსელის ოპერატიული მუშაკების მიერ იყო მოწყობილი და არა მემარცხენე ბოევიკების, როგორც მათ აბრალებდნენ. ამასთან, საიდუმლო აგენტებს კოორდინაციას უწევდნენ სპეცსამსახურები, ხოლო ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებს, სასამართლოებს და თვით პოლიტიკოსებსაც კი მათი საქმიანობის გაკონტროლება ან შეჩერება არ შეეძლოთ.

 ანალოგიური ქსელები შექმნილი იყო დანიაში, ნორვეგიაში, ბელგიაში და სხვა ქვეყნებში. ნატო-ს წევრ თურქეთშიც არსებობდა მძლავრი და განშტოებული ტერორისტული ორგანიზაცია სახელწოდებით „რუხი მგლები“, რომელიც ნატო-ს ქვეყნების სპეცსამსახურების და თურქი სამხედროების მფარველობის ქვეშ მოქმედებდა.

 ამჟამად მსგავსი ორგანიზაციების ამოქმედებისთვის ხელსაყრელი პირობები იქმნება უკრაინაში. რუსეთის საფრთხის განეიტრალების საბაბით, აშშ და მისი მოკავშირეები მოახდენენ უკრაინის სუვერენიტეტის თითქმის სრულ ანულირებას და ქვეყანას გადააქცევენ თავიანთი სპეცსამსახურების და საიდუმლო ქსელების სათარეშო ტერიტორიად. სამწუხაროდ, ამას ხელს უწყობს შექმნილი სიტუაცია, როცა რუსეთი ცდილობს თავისი გავლენა შეინარჩუნოს ყირიმის ნახევრაკუნძულზე და უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში. ამ პირობებში, ამერიკელებს, როგორც ჩანს, არ გაუჭირდებათ უკრაინის მთელი რესურსების ხელში ჩაგდება და მათი მიმართვა რუსეთის წინააღმდეგ ძირგამომთხრელ საქმიანობაში. ვერც უკრაინა და ვერც რუსეთი ამით ვერ იხეირებენ. ამიტომ, ანტიფაშისტურ ძალებს მოუწევთ მაქსიმალური მობილიზება და მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების გაწმენდა საეჭვო ელემენტებისაგან.

 

გიორგი ვეკუა