ქვეყანათმცოდნეობა

შორეული და ახლობელი ირანი

ჰამლეტ ჭიპაშვილი

ამას წინათ შემთხვევით შეხვედრილ ძველ ნაცნობს, რომელიც წარმატებით საქმიანობს ტურიზმში, ვკითხე ირანთან ამ სფეროში კავშირების შესახებ,

რაზეც მან წამსვე მომიგო – არავითარი ურთიერთობა არ გვაქვს, მძიმე ქვეყანააო. პასუხმა ჩემში გაკვირვება და გაღიზიანება გამოიწვია, ვინაიდან შევატყვე, რომ მისი ნეგატიური განწყობა ნეგატიური ინფორმაციის ნაყოფი უფრო იყო, ვიდრე საკუთარი გამოცდილების.

ანტიირანული ინფორმაციით ზომაზე მეტადაა გაჯერებული ამერიკულ-ევროპული მასმედია. შიგადაშიგ მათ ვიდეოკადრებს წარმატებით იყენებენ საქართველოს ტელეარხებიც. ჩემი ნაცნობიც ამ ინფორმაციის “მსხვერპლია”, ისე, როგორც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა.

რა გაეწყობა, რომ იტყვიან არცოდნა – არცოდვაა, თუმცა ჩემი აზრით იმ ქვეყნის შესახებ, რომელთანაც ავად თუ კარგად მრავალსაუკუნოვანი ისტორია გვაკავშირებს, ცოტა რამის ცოდნა ურიგო არ იქნებოდა, მით უმეტეს, როდესაც ირანი მეზობლის მეზობელია, თბილისიდან სულ რაღაც ერთ საათამდე საფრენი მანძილით დაშორებული – უძველესი, მეტად საინტერესო ისტორიისა და უნიკალური კულტურის ძეგლებით დამშვენებული, მძლავრი თანამედროვე ეკონომიკის ქვეყანაა.

75-მილიონიანმა უძველესმა და ამადროულად ახალგაზრდა ერმა (მოსახლეობის 60%-ზე მეტი 25-წლამდე ახალგაზრდაა) უდიდეს წარმატებას მიაღწია 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ. ძნელად მოიძებნება დარგი, რომელიც განვითარებული არ იყოს ირანში. მეტალურგია, მანქანათმშენებლობა, მსუმბუქი და კვების მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, თანამედროვე ტექნოლოგიები, ბირთვული ენერგიის წარმოება, სამხედრო მშენებლობა. ირანი ამზადებს ყველაფერს, სარეცხი ფხვნილიდან დაწყებული, ტანკებით და რაკეტებით დამთავრებული.

ირანის ქალაქებში მცხოვრები ახალგაზრდები ბევრი არაფრით განსხვავდებიან ქართველი ახალგაზრდებისგან თბილისში, თელავსა თუ ბათუმში.

წარმატებას, რომელსაც ადგილი აქვს ირანში, მიუღწეველი იქნებოდა, რომ არა რელიგიის, ხელისუფლების, საზოგადოების კონსოლიდაცია, ერთი საქმისათვის მიზანმიმართული საქმიანობა. ირანის მოსახლეობის უმრავლესობას მუსლიმანი შიიტები შეადგენენ. მათ გარდა ქვეყანაში ცხოვრობენ სუნიტები, ქრისტიანები, იუდაველები, გრიგორიანელები. სხვა აღმსარებლობის ადამიანები, ყოველგვარი დისკრიმინაციის, დევნის, შევიწროების გარეშე. არც ერთ მუსლიმანურ ქვეყანაში რელიგია არ ასრულებს ქვეყნის მართვაში ისეთ გამორჩეულ როლს, როგორც ირანში. შიიზმი მოწოდებულია გაიზიაროს პასუხისმგებლობა ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ავკარგიანობაზე, საერო პირებთან ერთად გადაწყვიტოს ყოველდღიური საკითხები, სულიერად გაამხნეოს და რწმენა შთაბეროს ახალი ცხოვრების მშენებელ საზოგადოებას.

ირანის მიმართ ეჭვნარევი ინტერესი კარგა ხანია არსებობს მსოფლიოში, განსაკუთრებით აშშ-ში, რაც შემთხვევით არ არის. 1979 წლის ისლამის რევოლუციამ, რომელმაც ქვეყნიდან გააძევა ვაშინგტონის მიერ მხარდაჭერილი შაჰი, მოჰამედ რეზა ფეჰლევი, ხანგრძლივი პერიოდით რევოლუციონერთა ალყაში მოაქცია აშშ-ის საელჩო, კრიტიკული განწყობა შექმნა მსოფლიოს “დიდ სატანად” წოდებულ სახელმწიფოსთან, წინ აღუდგა აშშ-ის ინტერესებს ახლო აღმოსავლეთში, პრეტენზია გამოთქვა რეგიონალურ ლიდერობაზე, უდავოდ დაიმსახურა ეჭვი; თუმცა ჩამოთვლილ მოვლენებში დიდი წვლილი თვით ამერიკას მიუძღვის.

მრავალი წლის განმავლობაში აშშ-ი ახორციელებს ანტიირანულ საქმიანობას და პროპაგანდას. მარტო ერაყთან 8-წლიანი ომი რად ღირს. ომში თეთრი სახლის იმჟამინდელ მეგობარს, ერაყის პრეზიდენტს სადამ ჰუსეინს აშშ-ს ადმინისტრაცია და მისი ძალისხმევით მსოფლიოს თითქმის 50 ქვეყანა უმაგრებდა ზურგს. აიათოლა ჰომეინის ლოცვითა და პრაგმატული მმართველობის შედეგად, ირანმა წარმატებით გაართვა თავი შემოტევას, თუმცა ეს არ იყო უკანასკნელი. იქედან მოყოლებული, სისტემატური სახე აქვს მუქარას, ეკონომიკურ სანქციებს, ფარულ თუ ღია ტერორისტულ გამოხდომებს. ირანზე წერტილოვანი ბირთვული თავდასხმის თემა არაერთხელ გაჟღერდა ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი, ბუში უმცროსის ადმინისტრაციის 8-წლიანი მუშაობის დროს.

ბირთვული ენერგიის წარმოების საკითხი ირანის ხელისუფლების პრიორიტეტულ თემად არის ქცეული. მისი სურვილია გაზისა და ნავთობის მოხმარების შემცირება, ძვირფასი ნედლეულის მომავალი თაობისათვის შენახვა. მის ნაცვლად ბირთვული ენერგიის გამოყენება. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ დაწესებულ ფარგლებში – 5%-ი, ირანი აწარმოებს ურანის გამდიდრების კვლევით სამუშაოებს. არაერთი წელია ირანის ბირთვული კვლევის პროგრამას გულისყურით ამოწმებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო. მისი დასკვნის მიხედვით, ირანი დაწესებულ ჩარჩოებში მუშაობს და ნაკლებ საბაბს იძლევა ამერიკელთა წერტილოვანი თავდასხმისათვის. ირანის ბირთვული კვლევის ცენტრებზე საჰაერო თავდასხმის თემა არახალია. დროდადრო ამერიკისა და ისრაელის პრესაში ჩნდება სტატიები საჰაერო შეტევის თემასთან დაკავშირებით, გასულ წელსა და წელს მუქარის ინტენსიურობამ კულმინაციას მიაღწია. და რომ არა ერაყ-ავღანეთის ომი და ამერიკელთა ყელამდე ჩაფლულობა, ფიზიკურ-ტექნიკური შესაძლებლობების სიმცირე, მსოფლიო ბუშის ახალი ავანტიურის მოწმე გახდებოდა.

არნახული მუქარისა და საინფორმაციო ომის პირობებში ბუნებრივია, რომ მავანს ირანთან დაკავშირებით მცდარი მოსაზრება შეექმნას. უპირველეს ყოვლისა საფრთხის წინაშე ირანელთა შიშის თაობაზე, ძნელია მშვიდად იყო, როდესაც დასავლური პრესა საჰაერო თავდასხმის დროსაც ასახელებს, მაგრამ შიშის განწყობას სულაც არ აქვს ადგილი ირანის საზოგადოებაში. არც რევანშისტულ, ანტიამერიკულ განწყობას აქვს ადგილი. კრიტიკას აშშ-სა და ისრაელის ხელისუფალთა მიმართ მიმართავენ და არა ხალხის. ირანში ყოფნის დროს, სისტემატური შეხვედრა–საუბრების განმავლობაში ამერიკაში ნამყოფი ირანელებისაგან, ამერიკელი საზოგადოების დემოკრატიულობის ქების მეტი არაფერი გამიგია. ირანელთა პოზიტიური დამოკიდებულება, არა მარტო ამერიკელი ან ებრაელი ხალხის მიმართ, არამედ სხვა ქვეყნების ხალხთა მიმართ სახეზეა, ხოლო, რაც შეეხება საჰაერო თავდასხმების შიშის ან უფრო სწორად უშიშრობას, მარტივი ახსნა არსებობს – საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში დაჯერებულობა. თვით ამერიკელ სამხედრო ექსპერტთა აზრით, წერტილოვანი საჰაერო თავდასხმებით, ირანს დიდი ზარალი არ მიადგება, ხოლო ერთ მუშტად შეკრულ, რელიგიური სულისკვეთებით დამუხტულ ხალხთან სახმელეთო ომი, რომ აშშ-ს დასასრულის დასაწყისი შეიძლება გახდეს, ამაში ეჭვი არავის ეპარება.

ირანის როლი ახლო აღმოსავლეთში თვალნათელია და რაც უნდა საწინააღმდეგო ამტკიცოს აშშ-ს ადმინისტრაციამ, სინამდვილეს ვერსად გავექცევით. ირანის გავლენა დღითი დღე შესამჩნევი ხდება თუნდაც ერაყის პროამერიკულ მთავრობაში, რომ აღარაფერი ვთქვათ რიგით ერაყელებში, რომელთა დიდი ნაწილი, ისევე, როგორც ირანში, შიიტი მუსლიმანია. ორი სახელმწიფოს ხელისუფალთა სისტემატური კონტაქტები იმის მიმანიშნებელია, რომ ამერიკის ჯარის ერაყიდან გაყვანის შემდეგ ირანის გავლენა კიდევ უფრო გაფართოვდება.

ირანს მეგობრული კავშირები აქვს სირიასთან, ჰამასთან, ჰესბოლასთან, რაც თავისთავად განპირობებს ირანის მტკიცე პოზიციებს პალესტინასა და ლიბანში. ირანის ინტერესი არა მარტო ახლო აღმოსავლეთის არეალით შემოიფარგლება. ის თავის დაინტერესებას გამოხატავს ახლო თუ შორეული უცხოეთისადმი. ირანი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში, გარდა ამისა მოუწოდებს მსოფლიოს კულტურათა დიალოგისაკენ.

დასავლეთისკენ მიმართული ქართული საზოგადოებისთვის ირანი ხელოვნურად დაშორებული ქვეყანაა. საქართველოს ხელისუფალთ ირანი ენერგეტიკული კრიზისის დროს ახსენდებათ, არდა წიაღისეულით მდიდარი, ეკონომიკურად წელგამართული ირანის მიმართ ინტერესი ნამდვილად არ აწყენდა საქართველოს. ირანთან ეკონომიკური, საქმიანი კავშირები არანაკლებად წაადგებოდა ქვეყანას, ვიდრე სხვასთან. არცთუ დიდი ხნის წინ ირანმა სურვილი გამოთქვა მილიარდზე მეტი ინვესტიციის საქართველოს სოფლის მეურნეობაში ჩადებისათვის. საინტერესო შემოთავაზება ჰაერშია გამოკიდებული, სავარაუდოდ ამერიკელთა შიშით. ბუშის ადმინისტრაციის პოლიტიკის წყალობით, ამერიკის ბაღჩა-საქართველოში ირანული წინადადების განხორციელება, საქართველოს მიერ აღებული “დემოკრატიული კურსის” ღალატად აღიქმება. თუ რა ხარისხის დემოკრატიასთან გვაქვს საქმე, ყველამ კარგად ვიცით.

გარკვეულ წრეებს, მათ შორის საქართველოშიც მიაჩნიათ, რომ ირანი ნაკლებდემოკრატიული სახელმწიფოა. ქართული ტელეკომპანიების მიერ სი-ენ-ენის, ბი-ბი-სის სხვა დასავლური ტელეკომპანიების ვიდეო კადრების გამოყენება – აღტკინებული, ფანატი მუსლიმანების თვითგვემის სცენებითა და შახსეი-ვახსეით, არაობიექტური, მიკერძოებული გიდის როლს ასრულებს, ნეგატიურ წარმოდგენას ქმნის ქვეყნის ნამდვილ სახეზე. ირანის დემოკრატია ისეთივეა, როგორც სხვაგან, თავისებური და გაცილებით მეტად პროგრესიული, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნებში. ირანის მოსახლეობა დემოკრატიის თვალსაზრისით დღენიადაგ იხვეწება, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის საინფორმაციო საშუალებებს, ინტერნეტს. ირანის მოსახლეობა აქტიურადაა ჩართული მსოფლიო საინფორმაციო ქსელში. ირანის ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების სახლების ექსტერიერისთვის დამახასიათებელია სატელიტური ანტენები. ირანელები ჭარბად იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რაც გლობალიზაციის საწინდარია. ირანში აქტიურად მოქმედებენ დასავლელთა მიერ დაფუძნებული ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციების ფილიალები. აღნიშნული ორგანიზაციები სისემატურ მონიტორინგს უწევენ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს.

არასწორია მოსაზრება, რომ უმაღლესი სასულიერო ხელმძღვანელობა, პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება უმკაცრეს მარწუხებში აქცევს საზოგადოებას. დღევანდელი ვითარება კარდინალურად განსხვავებულია იმისაგან, რასაც ადგილი ჰქონდა რევოლუციის პირველ წლებში. იმდროინდელმა სახელმწიფო კონტროლმა გადაარჩინა ირანი ღია თუ ფარული შეტევისაგან.

ირანის პარლამენტი ის საკანონმდებლო ორგანოა, რომლის წევრობაც უაღრესად საპასუხისმგებლო საქმედ ითვლება. კანონმდებლობა მკაცრად არეგულირებს პარლამენტის წევრობის საკითხს. არჩევნებამდე გარკვეული პერიოდით ადრე მიმდინარეობს დეპუტატობის კანდიდატების შემოწმება, რაც იცავს პარლამენტს ფიზიკურად ან მენტალურად დაავადებულთაგან, აგრეთვე მაქინაციებში გახვეულ პირთაგან. პარლამენტი ყოველგვარი მორიდების გარეშე იწუნებს პრეზიდენტის მიერ მინისტრად წარდგენილ კანდიდატურას, რასაც სულ ახლახანს ჰქონდა ადგილი. მინისტრობიდან დაითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც ყალბად ჰქონდა მინიშნებული უცხოეთის პრესტიჟული უნივერსიტეტის დამთავრება. პრეზიდენტისათვის არცთუ იოლია პარლამენტში განსახილველად შეტანილი კანონპროექტის დაცვა. ხშირად აქვს ადგილი კანონპროექტის უკან დაბრუნებას. პარლამენტი, აღმასრულებელი და სასამართლო ორგანოები დამოუკიდებლად მოქმედებენ, ხოლო, რაც შეეხება უმაღლეს სასულიერო ხელმძღვანელობას, ის არ ერევა მათ ყოველდღიურ საქმიანობაში.

მომავალი წლის ივნისში ირანში გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები. ამასთან დაკავშირებით პარლამენტმა ახალი კანონი მიიღო, რომლითაც გამკაცრდა პრეზიდენტობის კანდიდატისადმი მოთხოვნა. შემოღებული იქნა ახალი ასაკობრივი ცენზი. კანდიდატი არ შეიძლება იყოს 40 წელზე ახალგაზრდა ან 75 წელზე მეტი ასაკის. მას უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება. 2005 წლის არჩევნების დროს ისეთ კურიოზსაც ჰქონდა ადგილი, როდესაც დროებით უმუშევარმა, სამუშაოს შოვნის მიზნით პრეზიდენტობის კანდიდატობაზე შეიტანა განცხადება. იყო შემთხვევა, როდესაც გაუნათლებელმა სოფლის მაცხოვრებელმა გადაწყვიტა ქვეყნის აყვავების საქმეში საკუთარი წვლილის შეტანა და საარჩევნო ადმინისტრაციას მიაკითხა პრეზიდენტობის კანდიდატად დასარეგისტრირებლად. ახალი კანონის მიხედვით ადრე არსებული კურიოზები აღარ გამეორდება. კანონის მიხედვით, პრეზიდენტი ირანის მოქალაქე უნდა იყოს, მუსლიმანი შიიტი, მან უნდა დაიცვას ისლამის რევოლუციის ფასეულობები. კანონით დაშვებულია ქალი-პრეზიდენტი. 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში 1000 კანდიდატიდან 89 ქალი იყო.

მომავალი წლის დასაწყისიდან ფართოდ გაიშლება წინასაარჩევნო კამპანია. დღევანდელი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი, რომელმაც მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი არაორდინარული განცხადებებით, ანტიამერიკული, ანტიისრაელური გამოსვლებით, შეეცდება პრეზიდენტის სავარძლის შენარჩუნებას. აჰმადინეჟადისთვის იოლი არ იქნება წარმატების მოპოვება. ყველაფერი დამოკიდებულია თუ რას დაუპირისპირებს პრეზიდენტი ლიბერალთა სისტემატურ კრიტიკას. პრეზიდენტს საკუთარი კონსერვატორებიც აკრიტიკებენ. ამასწინათ მათ ქარცეცხლში გაატარეს აჰმადინეჯადის საქციელი – ბარაკ ობამასათვის მოსალოცი წერილის გაგზავნა. მსგავსს ადგილი არ ჰქონია ირანის რევოლუციის შემდეგ.

საპრეზიდენტო არჩევნებში ბარაკ ობამას გამარჯვებამ სერიოზული იმედი გააჩინა არა მარტო ირანში. ობამას განცხადება – ირანთან წინაპირობის გარეშე მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით არ შეიძლება შეუფასებლად დარჩენილიყო ირანის ხელისუფლების მხრიდან და აჰმადინეჯადმაც არ დააყოვნა. მისალოც წერილში ირანის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ირანის პოზიცია ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებით უცვლელია. მისალოცი წერილის გულდასმით გაცნობის შემდეგ კონსერვატორებმა ამ მხრივ შეწყვიტეს პრეზიდენტის კრიტიკა, მაგრამ სხვა მხრივ გააქტიურეს. მათ მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტს უფრო ეფექტიანად უნდა გამოეყენებინა ნავთობის ექსპორტით შემოსული თანხები.

მსოფლიოში ნავთობზე ფასების დაკლებამ სერიოზულად იმოქმედა ნავთობექსპორტიორ ქვეყნებზე, მათ შორის ირანზე. ირანი ნავთობითა და გაზით უმდიდრესი ქვეყანაა. მისი როლი და გავლენა ენერგომატარებლების ექსპორტზე მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე პრეზიდენტისგან ითხოვენ მეტ პრაგმატულობას და ნაკლებ პოპულიზმს. პრეზიდენტს ლიბერალებიც უტევენ – ადამიანის უფლების არაჯეროვან დაცვისათვის, არადიპლომატიური განცხადებებისათვის, რომელთა შორის აღსანიშნავია ის, რომ ისრაელი არ უნდა არსებობდეს. ლიბერალებს დიდი იმედი აქვთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი ჰათამი (1979-2005) დაბრუნდება დიდ პოლიტიკაში და ჩაერთვება წინასაარჩევნო ბრძოლაში. აჰმადინეჯადისათვის ჰათამის არჩევნებში მონაწილეობა სერიოზული გამოცდა იქნება, მაგრამ ერთია - ჰათამის გამოჩენა უდავოდ დარაზმავს კონსერვატორებს დღევანდელი პრეზიდენტის ირგვლივ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე 6 თვეა დარჩენილი, დაპირისპირების და პოლიტიკური ბრძოლის 6 თვე. შეძლებს დღევანდელი პრეზიდენტი პოსტის შენარჩუნებას – მომავალი გვიჩვენებს, მანამადე ამერიკა-ირანის ურთიერთობებში ნაკლებად ექნება ადგილი გარღვევას. ობამას ადმინისტრაცია ფორმირების პროცესშია. 20 იანვრის შემდეგ დაიწყება ახალი ადმინისტრაციის პრაქტიკული მოთელვის პერიოდი, რომელიც რამდენიმე თვე გაგრძელდება. ამასობაში ირანის არჩევნებიც ჩათავდება და დაიწყება ის პირდაპირი დიალოგი ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის, რომელსაც ესოდენ ინტერესით ელოდება მსოფლიო.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-სა და ირანს შორის 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ გაწყვეტილია დიპლომატიური ურთიერთობა, ორი ქვეყნის ხალხთა შორის ურთიერთდამოუკიდებულება გრძელდება. ირანს სისტემატურად სტუმრობენ დასავლელი, მათ შორის ამერიკელი ბიზნესმენები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, ხელოვნების მუშაკები, ტურისტები. ტურიზმის თვალსაზრისით, ირანი აქტიური ქვეყანაა. განსაკუთრებით თვალსაჩინოა მეზობელი სახელმწიფოებიდან ტურისტების დიდი ნაკადი, რომელიც წმინდა ადგილებში ლოცვასთან, წმინდა ადგილების მონახულებასთან არის დაკავშირებული. მრავალფეროვანი, ისტორიითა და კულტურის ძეგლებით მდიდარი ირანი დასავლელ ტურისტებსაც იზიდავს, სად არ ნახავთ მათ. განსაკუთრებით ირანის ქალაქების უძველეს ბაზრებში, რომლებიც უამრავ საქონელს თავაზობს მყიდველს – მსოფლიოში სახელგანთქმული აბრეშუმისა და შალის ნოხებიდან დაწყებული, ვერცხლისა და ოქროს სამკაულებით დამთავრებული. ირანელი ვაჭრები ოსტატურად, დაუზარებლად სთავაზობენ მყიდველს ტრადიციულ ირანულ საქონელს, მინის, კერამიკის, მეტალის ნაკეთობებს. ტყუილი გამორიცხულია, რაც არცთუ იშვიათია ახლო აღმოსავლეთში. ირანელები თავშეკავებული, კეთილად განწყობილი ხალხია. ქალაქების ქუჩებში თუ საღამოს საათებში პარკებში ოჯახებით, დასასვენებლად გამოსული საზოგადოება ჩვენთვის დამახასიათებელი ხმაურის, ხმამაღალი ლაპარაკის გარეშე წყნარად, ზედმეტი გნიასის გარეშე ატარებს დროს. ირანში უცხოა ქურდობა, ძარცვა, ბანდიტობა. ვერსად შეხვდებით გაღიზიანებულ, ბოღმით აღსავსე სახეებს, რასაც, სამწუხაროდ, ჩვენში აქვს ადგილი. ტურიზმისთვის საჭირო უსაფრთხოების თვალსაზრისით ეს ქვეყანა მთელს მსოფლიოში უნიკალურად გამოიყურება, ხოლო კვების პროდუქტებისა და სხვა საქონელზე დაბალი ფასები მაგნიტივით იზიდავს ზამთრისა თუ ზაფხულის კურორტებზე იაფი დასვენების მსურველთ.

ირანი ბიზნესის თვალსაზრისითაც არის საინტერესო. განსაკუთრებით სამშენებლო მასალების მსურველთათვის. დასავლური ტექნოლოგიებით დათლილ-გაპრიალებული ძვირფასი სამშენებლო ქვები, მათ შორის მარმარილო გაცილებით იაფია ირანში, ვიდრე იტალიაში, რაც შეეხება გზათა მშენებლობისათვის სხვადასხვა ხარისხისა და აქედან გამომდინარე ფასის ბიტუმს სათვალავი არ აქვს. ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

იმათთვის, ვისთვისაც ძველი კულტურის ძეგლების მონახულება დიდი ინტერესის საგანია - პერსეპოლისის ნანგრევები შესანიშნავი ადგილია. აქემანიდი მეფეების უძველესი დედაქალაქი ქალაქი შირაზიდან 50 კილომეტრზე მდებარეობს. სასახლის კედლებზე არსებული წარწერის მიხედვით მშენებლობა დარიოს დიდს დაუწყია (ჩვენს წელთაღრიცხვამდე 522-486 წ.წ.). ეს ქალაქი ირანის მეფეთა საგაზაფხულო რეზიდენციას შეადგენდა. 330 წელს ქალაქი დაანგრია ალექსანდრე მაკედონელმა. ქალაქის გრანდიოზულობა უამრავ ტოურისტს იზიდავს. არანაკლებ საინტერესოა ისპაჰანი, რომელიც 1598 წელს შაჰ აბას I (1588-1629 ჩვ. წელთაღრიცხვა) ბრძანებით ირანის დედაქალაქი გახდა. ამ შესანიშნავი ქალაქის სახელი მჭიდროდაა დაკავშირებული მის თავთან (მერთან), ჩვენს თანამემამულე ალავერდი ხანთან (უნდილაძესთან), რომელმაც ისპაჰანის გრანდიოზულობას ბევრი შემატა. მარტო მის მიერ აშენებული ხიდი რად ღირს, რომლის არქიტექტურა ტურისტების ყურადღების ცენტრშია.

636 300 კვადრატულ მილზე გადაჭიმული ირანის ისლამური რესპუბლიკა, რომელიც ორ ზღვასა (კასპიისა და ომანის) და აზერბაიჯანს, სომხეთს, თურქმენეთს, პაკისტანს, ავღანეთს, თურქეთსა და ერაყს ესაზღვრება, რეგიონის უდიდეს ქვეყნად ითვლება. მისი უგულებელყოფა ან მასთან საყველპურო ურთიერთობა ის არ არის, რაც საქართველოს უნდა ჰქონდეს რეგიონში.