ქვეყანათმცოდნეობა

გერმანელი ანალიტიკოსი: ირანის თანხმობის გარეშე ამერიკული ჯარების გამოყვანა ერაყიდან არ მოხდება

ასეთ დასკვნას აკეთებს ჟურნალ ”ტელეპოლისის” ავტორი იენს ბერგერი სტატიაში ”დიალოგი მტრებს შორის” (28.12.2008).

ავტორი აღნიშნავს, რომ პრაგმატიკოსები ვაშინგტონში მიხვდნენ, რომ იმ კატასტროფული სიტუაციიდან, რომელშიც აშშ აღმოჩნდა ახლო აღმოსავლეთში, თავის თუნდაც ნაწილობრივ დაღწევა მხოლოდ რეგიონული ზესახელმწიფოს - ირანის საშუალებით არის შესაძლებელი. ამასთან, ირანში არსებობს დასაბუთებული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ბარაკ ობამას გარემოცვა აშშ-ის ახალ პრეზიდენტს საშუალებას არ მისცემს, საერთო ენა გამონახოს თეირანთან, როგორც ეს მან ჯერ კიდევ თავისი საარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა. ჰილარი კლინტონის დასახელება მომავალ სახელმწიფო მდივნად ირანის პოლიტიკურ ელიტაში სკეპსისს განაპირობებს, რადგან ჰ.კლინტონი ცნობილია, როგორც გამოკვეთილად პროისრაელური ორიენტაციის პოლიტიკოსი.

მიუხედავად ვაშინგტონთან შესაძლო მოლაპარაკებების შედეგებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულებისა, თვით კონსერვატული ირანელი კომენტატორებიც მიესალმებიან დიალოგის იდეას. ხოლო თვით ისლამური რესპუბლიკის სულიერი ლიდერის - აიათოლა ჰამენეის ნდობით აღჭურვილმა პირებმა უკვე მიანიშნეს, რომ ირანი მზად არის მოლაპარაკებების პროცესისათვის. შედგება თუ არა დიალოგი ამერიკასა და ირანს შორის, ვაშინგტონზეა დამოკიდებული - ხაზგასმით აღნიშნავს ავტორი.

სტატიაში განხილულია ისეთი თემები, როგორც ისრაელის ფაქტორი და ერაყში არსებული სიტუაცია. მოგვყავს გერმანულიდან ნათარგმნი სტატიის ეს ნაწილი:

ატომური ენერგიის თემა ირანისთვის საერთო-ეროვნული მნიშვნელობისაა, ხელისუფლება არასოდეს იტყვის უარს ურანის გამდიდრებაზე დასავლეთის ზეწოლის გამო. თუკი მსოფლიო საზოგადოება და ირანი განწყობილნი არიან ამ კონფლიქტის პრაგმატულად გადასაწყვეტად, გამდიდრების შეჩერება სულაც არ არის სავალდებულო. ირანს რომ მიანიჭონ ”უსაფრთხოების გარანტიები”, ეს სახელმწიფო, ეჭვს გარეშეა, თანახმა იქნება, თავისი ატომური პროგრამა დაუქვემდებაროს საერთაშორისო კონტროლს. ახლა კი ირანის უსაფრთხოება პირველ ყოვლისა ისრაელისა და თვით აშშ-ის მხრიდან საფრთხის ქვეშ იმყოფება. თუ აშშ-ს სურს ატომური საკითხი დიალოგის გზით იქნას გადაწყვეტილი, ეს მის ხელთაა. პრობლემური შეიძლება აღმოჩნდეს სამშვიდობო მოლაპარაკებების აუცილებლობაში ისრაელის დარწმუნების საკითხი.

უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის ყოფილი მრჩეველი ზბიგნევ ბჟეზინსკი, რომელიც ობამას საარჩევნო კამპანიაშიც მონაწილეობდა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის სტატუსით, სიტუაციას შემდეგნაირად აღწერს:

”მე არ ვიცი, ირანს სჯერა იმის, რომ სამხედრო ვარიანტი ნამდვილად განიხილება თუ არა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, აშშ-ს თავად არ აქვს ასეთი ვარიანტი. ისრაელსაც არ გააჩნია იგი, რადგან მას აკლია შესაძლებლობები ირანის ბირთვული ობიექტების გასანადგურებლად. ისრაელს მაქსიმუმ ძალუძს ამ ობიექტების დაზიანება და ამ გზით პროცესის შენელება, მაგრამ ამავე დროს იგი ხელს შეუწყობდა ირანული ექსტრემიზმის გაძლიერებასა და ირანული ფუნდამენტალიზმის ნაციონალიზმთან შერწყმას - არა მგონია, რომ ამგვარი განვითარებით ვინმე იყოს დაინტერესებული. დაბოლოს, ისრაელს არ შეუძლია ეფექტური თავდასხმის განხორციელება ჩვენი ნებართვის გარეშე. თუკი შევხედავთ რუკას, ადვილი მისახვედრია - რატომ.

მე ვურჩევ ისრაელის მთავრობას, არ წამოეგოს პროპაგანდისტულ კამპანიას, რომელიც აშშ-სგან მოითხოვს ირანზე თავდასხმას, რადგან ჩემი აზრით, ამერიკა ირანს არ დაესხმება თავს, და ეს თუ მაინც მოხდა, მაშინ შედეგები კატასტროფული იქნება”.

ატომურ პროგრამასთან ერთად, რომლის განხილვაც მუდმივად მიმდინარეობს, ამერიკულ-ირანულ დღის წესრიგში სხვა თემებიცაა. ორივე სახელმწიფოს აერთიანებს მიზანი, შეიზღუდოს რადიკალური სუნიტებისა და ისლამური ტერორისტების გავლენა ახლო აღმოსავლეთში. პირველ ყოვლისა, როდესაც საქმე ეხება ერაყის მომავალს, თეირანსა და ვაშინგტონს შორის უფრო ინტერესთა თანხვედრა შეინიშნება, ვიდრე სხვაობა. თუკი ობამას, როგორც ეს გამოცხადებულია, სურს 2011 წლამდე ჯარების გამოყვანა, ეს არ გამოვა, ამერიკელებმა ძალაუფლების ვაკუუმი რომ დატოვონ ქვეყანაში. აშშ-სა და ირანს შორის თანამშრომლობის გარეშე ამერიკული ჯარების გამოყვანა ვერ მოხდება.

პასუხი კითხვაზე, შეცვლის თუ არა დიპლომატიური გამყინვარების პერიოდს დათბობა, მხოლოდ და მთლიანად ამერიკელებზეა დამოკიდებული. დიდი ხანია, არ ყოფილა ისეთი კარგი მომენტი ორმხრივ ურთიერთობებში გარდატეხის შესატანად, როგორც დღეს არის - ოღონდ ეს ორივე მხარემ უნდა მოინდომოს. წარსულში ირანმა უკვე გამოავლინა მზადყოფნა თანამშრომლობისთვის და 2003 წელს შვეიცარელი დიპლომატიური შუამავლების საშუალებით ვაშინგტონს წარუდგინა წინადადება ორმხრივ ურთიერთობებზე მოლაპარაკებების განახლებასთან დაკავშირებით. აღნიშნული წინადადება ირანის მხრიდან თვით ისრაელის ოფიციალურ აღიარებასაც-კი ითვალისწინებდა. მაგრამ ბუშის მთავრობამ არ გამოიყენა ეს შანსი, არამედ გადაწყვიტა ერაყში შეჭრა და კონფრონტაციის გაღრმავება. ობამას, მართალია, არ შეუძლია წარსულის შეცვლა, მაგრამ სურვილის შემთხვევაში მას ძალუძს, ამერიკულ-ირანული ურთიერთობების ახალ ეტაპზე აყვანა.

Caucasia-Experts.