ქვეყანათმცოდნეობა

ჰილარი კლინტონის უცნაური განცხადება ბაქოში

ციტატი: ”მსოფლიოში ჯერ კიდევ არიან სახელმწიფოები, რომლებიც ვერ ეგუებიან აზერბაიჯანის დამოუკიდებლობას, ამიტომ ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ აზერბაიჯანს უსაფრთხოების საკითხებში”.

(ჰილარი კლინტონი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბაქოში, 2010 წლის 4 ივლისი - იხ. ბმული).

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ეს სიტყვები მეტად უცნაურად ჟღერს. თვითონ აზერბაიჯანი, დავუშვათ, მეზობელი საქართველოს ხელმძღვანელობისგან განსხვავებით, არასოდეს ამტკიცებდა, რომ მისი დამოუკიდებლობა ვინმესათვის მიუღებელი ფაქტია. თვით სომხეთთან მიმართებაშიც კი არ ყოფილა ამგვარი ბრალდება აზერბაიჯანის მხრიდან - ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ერთი თემაა, ხოლო დამოუკიდებლობის პრინციპული არაღიარება - კიდევ სხვა საკითხია. ამიტომ კლინტონი ვერ იგულისხმებდა სომხეთს, მით უმეტეს, რომ აშშ დაბალანსებულ პოზიციას იკავებს ყარაბაღის კონფლიქტში და თვითონ კლინტონი ბაქოდან ერევანში გაფრინდა. სუვერენულ აზერბაიჯანს არავინ არ ემუქრება, ამიტომ გასაგები უნდა იყოს: აშშ არა აზერბაიჯანის უსაფრთხოებაზე ზრუნავს, არამედ, როგორც ჩანს, ცდილობს მის ჩათრევას (ისევე როგორც სხვა კავკასიური ქვეყნების, მათ შორის, შესაძლოა, საქართველოს ჩათრევას) მეზობელი ირანის წინააღმდეგ, ამას სამართლიანად აღნიშნავენ ჩვენი კოლეგები CMSR -იდან (იხ. ბმული). ამერიკა აზერბაიჯანს ირანის სახით თავს ახვევს მტრის ხატს, ისევე როგორც თავის დროზე საქართველოს აქეზებდა, ოღონდ რუსეთის წინააღმდეგ.

რჩება კიდევ ერთი ვარიანტი, რომლის მიხედვით კლინტონს იმდენად ირანი არ უგულისხმია, რამდენადაც რუსეთი. თუმცა რუსეთის მხრიდან ამერიკისადმი ბოლოდროინდელი დათმობების ფონზე, განსაკუთრებით, ირანის საკითხში, ქალბატონი სახელმწიფო მდივნის სიტყვების ამგვარი ახსნა ცოტა არადამაჯერებელი ჩანს. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი გაუსწორდებიან ირანს, ხვალ აზერბაიჯანის ”მტრად” სწორედ რუსეთს დახატავენ.