ქვეყანათმცოდნეობა

აშშ – ირანის ურთიერთობები და გამორჩენისადმი ამერიკული სწრაფვა

ბოლო პერიოდში ამერიკულ-ირანული ურთიერთობების თემა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მთავარი გვერდებიდან არ ქრება.

ამ თემას ეძღვნება მსოფლიოში წამყვანი ტელე- და რადიოკომპანიების უამრავი გადაცემა. მაგრამ ჩვენთვის, პროგრესული ადამიანებისა და ანტიიმპერიალისტებისათვის, ამ თემასთან დაკავშირებით მთავარია შემდეგი: როგორი პოზიცია უნდა დავიკავოთ თითოეული ამ ორი ქვეყნის მიმართ?

არ ვიცი, შესაძლოა, მე, გარკვეული პოლიტიკური შეხედულებების ადამიანს, არ მქონდეს პრეტენზია ასპროცენტიან ობიექტურობაზე ამ და სხვა საკითხებში, მაგრამ მაინც გამოვთქვამ ჩემი, როგორც კომუნისტის, მოსაზრებებს.

დავიწყოთ იმით, რომ აშშ და ირანი წარმოადგენენ ბურჟუაზიული მთავრობების მიერ მართულ კაპიტალისტურ ქვეყნებს. ამერიკაშიც და ირანშიც ადგილი აქვს მუშათა ექსპლუატაციას. იქაც და აქაც ხელისუფლება ცდილობს, გასრისოს პროფკავშირები, რათა არ დაუშვას მუშათა მხრიდან ჭეშმარიტად რევოლუციური ბრძოლა საკუთარი უფლებებისათვის. მაგრამ მაინც არსებობს ერთი მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი განსხვავება: აშშ – იმპერიალისტური სახელმწიფოა, რომელიც ცდილობს, მთელს მსოფლიოს თავს მოახვიოს თამაშის საკუთარი წესები ცხოვრების ყველა სფეროში.

ირანი კი მესამე მსოფლიოს განვითარებად სახელმწიფოს წარმოადგენს, რომლის ნებისმიერ ფასად დამორჩილებას ცდილობს მსოფლიო იმპერიალიზმი, ამერიკის მეთაურობით. ირანის აყვანა თავისი „მფარველობის“ ქვეშ ისევე სურთ, როგორც ეს გაკეთებული იქნა მისი მეზობელი ერაყის და ავღანეთის შემთხვევაში, ისევე როგორც საქართველოს, უკრაინის, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკების და ყველა სხვა იმ ქვეყნის მაგალითი გვასწავლის, რომელთაგან ზოგი „კეთილი ნებით“ დამორჩილდა, ზოგიც – პირდაპირი სამხედრო ჩარევის შედეგად ამერიკის და მისი დასავლურევროპული კოლონიების მხრიდან. ამ ქვეყნების ბუნებრივი და ადამიანური რესურსები დაუნდობლად იძარცვება დასავლეთის ქვეყნებში განლაგებული ტრანსნაციონალური კორპორაციების მიერ. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა კაპიტალისტური მსოფლიო წყობის ნაწილია, საჭიროა განვასხვავოთ ირანის, როგორც მესამე მსოფლიოს ნაწილის კაპიტალიზმი ამერიკის და ევროკავშირის იმპერიალიზმს შორის. ეს ნიშნავს იმას, რომ თუნდაც არ ვუჭერთ მხარს აიათოლების რეჟიმს, ამერიკასთან ირანის ჭიდილში ჩვენ ირანის მხარეს უნდა ვიყოთ.

 

ახლა მსურს შევეხო ამერიკულ–ირანულ ურთიერთობებში არსებულ ყველაზე საჩოთირო თემას. საუბარია, როგორც მიხვდებოდით, საკითხზე: აქვს თუ არა ირანს უფლება, ჰქონდეს საკუთარი ატომური იარაღი? როგორც რამდენიმე აბზაცით ზემოთ აღვნიშნე, ირანთან მიმართებით გათვალისწინებულ უნდა იქნას ის ფაქტორი, რომ ირანი საკმაოდ განვითარებული, მაგრამ მაინც მესამე მსოფლიოს ქვეყანაა. ამ კუთხით უნდა შევხედოთ ირანის ატომური პროგრამის თემასაც. ეჭვს გარეშეა, რომ მსოფლიოში გრძელდება ატომური იარაღის დაგროვება და ეს საფრთხეს უქმნის კაცობრიობის არსებობას. ღმერთმა დაიფაროს, რომ ხვალ ამერიკის რომელიმე პრეზიდენტმა ატომური შეტევის ბრძანება გასცემს – მხოლოდ რამდენიმე ათასი ამერიკული ბირთვული იარაღი საკმარისია იმისათვის, რომ დედამიწაზე არსებული დასახლებული პუნქტების დაახლოებით ნახევარი განადგურდეს. მხოლოდ ამერიკამ რომ გამოიყენოს ატომური იარაღი, სხვადასხვა ქვეყანაში ერთდროულად მილიარდ ადამიანზე მეტი დაიღუპება, ხოლო კიდევ ერთი –ერთნახევარი მილიარდი ადამიანი საცხოვრებელი გარემოს რადიოაქტიული დაბინძურების შედეგად ამოწყდება დროის განმავლობაში.

 

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ერთის მხრივ, მართალია, საჭიროა სწრაფვა ატომური შეიარაღებების შემცირების და სულაც ლიკვიდაციისკენ, მაგრამ მეორეს მხრივ, უნდა გვესმოდეს, რომ ამერიკის აგრესიული საგარეო პოლიტიკის გათვალისწინებით, იგი თავისი ატომური იარაღის არსენალითურთ წარმოადგენს საფრთხეს მთელი მსოფლიოსათვის, პირველ ყოვლისა, მესამე მსოფლიოს ქვეყნებისათვის, რომელთა ინდუსტრიაც ჯერ არ არის საკმარისად განვითარებული. აშშ-ს სურს, არ დაუშვას ირანის მიერ ატომური ბომბის შექმნა. მაგრამ რატომღაც იგი არც კი ფიქრობს თავისი ატომური შეიარაღების განადგურებას. ამერიკისთვის მომგებიანია ისიც, რომ ატომურ იარაღს ფლობენ ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი პაკისტანი და ინდოეთი. პირდაპირ ვიტყვი, ამერიკელები კრინტსაც არ დაძრავდნენ, დღეს ირანს ფეხლევების დინასტიის წარმომადგენელი შაჰი რომ მართავდეს, როგორც ეს 1979 წლის ისლამურ რევოლუციამდე იყო. პროამერიკული შაჰის ხელში ატომური იარაღი ვაშინგტონში არასოდეს გამოიწვევდა შეშფოთებას. მაგრამ დღეს სულ სხვა სიტუაციაა: აშშ-ს მიერ ერაყში სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ ირანი პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის ხელმძღვანელობით აძლიერებს თავის გავლენას ახლო აღმოსავლეთში და ცდილობს, გახდეს რეგიონალური ზესახელმწიფო, ისრაელის უკანა პლანზე გადაწევის საშუალებით. ასეთ ვითარებაში ამერიკელებს ძალზე არ აწყობთ თეირანის ხელში ატომური ან სხვა სახის მასობრივი განადგურების იარაღის მოხვედრა.

 

ვაშინგტონში კარგად ესმით, რომ მესამე მსოფლიოს საკმაოდ მძლავრი სახელმწიფოს, როგორიცაა ირანი, ხელში ატომური იარაღი აშშ-ს უკარგავს საშუალებას, ამ ქვეყანას უკარნახოს პირობები. მაშასადამე, ამერიკელები ვერ შეძლებენ, მოიპოვონ რაიმე ბერკეტები ირანის ნავთობის გასაკონტროლებლად. აშშ-ს ადმინისტრაციის ამგვარი ძლიერი უკმაყოფილება ირანის პოლიტიკის მიმართ გამოწვეულია შიშით, რომ აშშ დაკარგავს აბსოლუტურ სამხედრო უპირატესობას, თუკი იგი ეცდება, ელვისებური სისწრაფით დაიკავოს ირანის ტერიტორია, როგორც ეს ავღანეთსა და ერაყში გააკეთა. ამგვარ შესაძლებლობას ამერიკას თეირანის ატომური პროგრამის განხორციელება საბოლოოდ მოუსპობს.

 

ჩვენ არ ვართ ატომური იარაღის, როგორც ასეთის, მომხრე, ჩვენ, პროგრესულ ადამიანებს, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აშშ გამოდის ირანის მიერ ბირთვული ტექნოლოგიების დაუფლების წინააღმდეგ არა მსოფლიოში მშვიდობისა და სიმშვიდისთვის ზრუნვიდან გამომდინარე. ამერიკელებს სჭირდებათ ირანის ნავთობი. ახლა ირანის პრეზიდენტმა აჰმადინეჟადმა უეცრად რომ პოლიტიკური კურსი შეცვალოს და თუ მთლად პროამერიკული არა, მაგრამ პრონატოური კურსი მაინც გამოაცხადოს, ეჭვიც არ მაქვს, რომ აშშ-სთვის ირანის პრეზიდენტი მტრიდან მაშინვე საუკეთესო მეგობრად და „ახლო აღმოსავლეთში დემოკრატიული თავისუფლებებისთვის მებრძოლად“ გადაიქცევა. ხომ გასაგებია, რომ ირანის ან იმავე ერაყის, იუგოსლავიის და სხვა ქვეყნების ადგილზე, რომლებიც მსოფლიო იმპერო-ფაშიზმის მსხვერპლნი გახდნენ, ნებისმიერი სხვა ქვეყანა მოხვედრილიყო. ისიც არ იწვევს ეჭვს, რომ გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან ისრაელს მხარი საბჭოთა კავშირისთვის და არა დასავლეთისთის, დასავლეთის არც ერთი სახელმწიფო არ დათანხმდებოდა, რომ ისრაელს ჰქონოდა საკუთარი ატომური იარაღი. ის, რომ დასავლეთი ამერიკის მეთაურობით დღეს ითმენს ისრაელის ატომური ბომბების არსებობას, არ არის იმით გამოწვეული, რომ დასავლეთში ისრაელის ლიდერები უფრო გაწონასწორებულად მიაჩნიათ, არამედ მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ისრაელი დგას აშშ-ს და სხვა მსოფლიო იმპერიების სამსახურში. ისრაელმა რომ მოინდომოს ამერიკასთან ურთიერთობების გაწყვეტა, ის მაშინვე გამოცხადდება „ამერიკის ნომერ პირველ მტრად“. ეს ეხება ყველა დანარჩენ სახელმწიფოსაც, რომლებიც დღეს ეთაყვანებიან ძია სემს, როგორც რაიმე ღვთაებას, ხოლო ხვალ თავად შეიძლება, იქცნენ მსხვერპლად.

 

დაბოლოს, კიდევ ერთხელ მსურს, ხაზი გავუსვა, რომ ამჟამინდელ სიტუაციაში, როდესაც არსებობს ირანის სუვერენიტეტისადმი პირდაპირი იმპერიალისტური მუქარა, მხარი უნდა დავუჭიროთ ამ ქვეყნის უფლებას, იქონიოს საკუთარი ატომური ტექნოლოგიები და სულაც ატომური შეიარაღება. ბუნებრივია, იმის აღიარება, რომ ირანს აქვს უფლება, თავი დაიცვას ატომური ბომბის საშუალებით, არ ნიშნავს აიათოლების რეჟიმისადმი პოლიტიკური მხარდაჭერის გამოვლენას, ბურჟუაზიული რეჟიმისადმი, რომელიც თრგუნავს და ექსპლუატაციას უწევს მუშებს, ასევე დროდადრო სჯის პროფკავშირელ აქტივისტებს. მაგრამ როგორც არაერთხელ აღმინიშნავს სხვა სტატიებშიც, ირანს, როგორც მესამე მსოფლიოს ქვეყანას, სრული უფლება აქვს ატომურ იარაღზე, როგორც თავდაცვით ფარზე აშშ-ს და ნატო-ს მიერ მხარდაჭერილი მსოფლიო იმპერიალიზმის წინააღმდეგ. ირანის ხელისუფლების ამ უფლებას ჩვენ, კომუნისტებმა, მხარი უნდა დავუჭიროთ, თუმცა სოლიდარობას არ ვუცხადებთ თავად ირანის პოლიტიკურ სისტემას.

 

რედაქციისაგან: ამ სტატიის ავტორია ისრაელელი პოეტი და პუბლიცისტი შმუელ ერუშალმი, რომელიც ჩვენ უკვე წარვუდგინეთ ჩვენს მკითხველებს. ჩვენ სულაც არ ვეთანხმებით ირანის სასულიერო ფენის ავტორისეულ შეფასებას, როგორც „ბურჟუაზიის“, რომელიც „მუშათა კლასს ექსპლუატაციას უწევს“. ჩვენი აზრით, ეს სუფთა მარქსისტული გაუგებრობაა. ირანის სასულიერო წოდების წარმომადგენლებს რაც შეეხებათ, ყოველ შემთხვევაში, მმართველ აიათოლებს, ისინი საკმაოდ ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობენ – საკმარისია მოვინახულოთ იმამ ხომეინის სახლ-მუზეუმი თეირანში, სადაც ვერანაირ ზედმეტობებს ვერ ნახავთ, არის მხოლოდ პატარა ბინა, იაფი ავეჯის მინიმალური რაოდენობით. ამასთან ირანი, როგორც ეს შეეფერება ისლამურ სახელმწიფოს, უფრო ახლოს სოციალიზმთან დგას, ვიდრე კაპიტალიზმთან, თუკი გავითვალისწინებთ თუნდაც ეკონომიკაში სახელმწიფოს მონაწილეობის მოცულობას, მუშათა სოციალურ დაცულობას და ასე შემდეგ.

ამასთან ჩვენ ჩვენს მკითხველებს რეკომენდაციას ვაძლევთ, გაეცნონ ბ-ნი ერუშალმის სხვა სტატიებსაც, რომლებიც ინტერნეტშია გამოქვეყნებული. ჩვენი შეხედულებით, განსაკუთრებით საინტერესოა აზრი იმის შესახებ, რომ აუცილებელია მორწმუნე ადამიანებისა და კომუნისტების კავშირი აშშ-ს მცდელობებთან დასაპირისპირებლად, დაამყაროს მსოფლიო ბატონობა. იხილეთ შემდეგი ბმული.