ქვეყანათმცოდნეობა

“ამერიკული” - ერთი სტერეოტიპის დაზუსტებისათვის

ზოგიერთი პოლიტიკური მოვლენის არსის გასაგებად სასურველია ამერიკელებისა და ”ამერიკულის” შესახებ რამდენიმე სტერეოტიპის დაზუსტება.

ხშირად “ამერიკული” მოიაზრება როგორც “ჰედონისტურის”, “არარელიგიურის” ანტონიმი და “თავისუფალი მორალის” სინონიმი.

ამგვარი სტერეოტიპი არ ითვალისწინებს ამერიკული კულტურის და პოლიტიკის გარკვეულ რეალობას და ხელს უშლის იმ აუცილებელი ნიუანსების გააზრებას, რომელიც ხშირად გადამწყვეტია. მაგალითად ავიღოთ ე. წ. “ტელე-ევანგელიტების” ქადაგებები, რომლებიც რეგულარულად გადაიცემა ამერიკული ტელე-რადიო არხების საშუალებით. ის, ვინც “ამერიკულს” “არარელიგიურთან” აიგივებს, ალბათ ტელე-ევანგელისტის ქადაგებას აღიქვამს როგორც “არაჭეშმარიტს”, “არანამდვილს“. თუკი მას სამართლიანად ეტყვიან, რომ ამერიკის პოლიტიკურ სპექტრში ყველაზე უფრო აქტიური მილიტარისტული, ანტი-ლიბარალური და იმპერიალისტური სული სწორედ ამ რელიგიურ ფენაშია გამეფებული, ეს მისთვის ადვილად გასაგები იქნება. თუმცა მას გაუჭირდება იმ ფაქტის ახსნა, რომ სწორედ ეს რელიგიური კასტა უპირისპირდება იმ “იმორალიზმის” დიდ ნაწილს, რომელიც ქართველ მართლმადიდებელს არ მოსწონს “ამერიკულში”. “ერთი და იმავე სქესის ქორწინება”, “ჰომოსექსუალთა უფლებები”, “ჰოლივუდის დემორალიზირებული ჰეგემონია”, “ტრადიციული ოჯახის გადაგვარება” ის საკითხებია, რომელთა წინააღმდეგაც ამერიკული რელიგიური კლასის დიდი ნაწილი გაშმაგებით იბრძვის, ინტენსივობის მეტ-ნაკლები განსხვავებებით, რომელსაც ესა თუ ის დენომინაციის სახესხვაობა განაპირობებს.

ამ რელიგიური ჯგუფების საპირისპიროდ, ლიბერალები და სხვადასხვა მემარცხენეები ამერიკული კულტურის სწორედ იმ ასპექტებს წარმოადგენენ, რომლებიც საქართველოში “ამერიკულის” სინონიმად აღიქმება. “რელიგიის ყავლგასულობა”, “ქალთა უფლებები” (აბორტის უფლების ჩათვლით), “ქორწინების თავისუფლება” (=საკუთარი სქესის წარმომადგენელზე დაქორწინების უფლება), სქესის “თავისუფალი არჩევა” (=ბიო-ქირურგიული ჩარევის მეშვეობით საპირისპირო სქესის მიღება) და სხვა მათი სტანდარტული რეპერტუარის მნიშვნელოვანი ნაწილია. თუკი მემარჯვენეები, განსაკუთრებით მათი რადიკალური ფრთა, საავადმყოფოებს აფეთქებენ, რათა პროტესტი გამოხატონ აბორტის შემთვევების მიმართ, აქ მათი ლოზუნგია “სიცოცხლის ღირებულება”, მემარცხენე აბორტს სიცოცხლის “ხარისხის” ღირებულების და ქალის უფლებების მტკიცებით ამართლებს: თუ ბავშვი არახელსაყრელ სოციალურ და ფინანსურ გარემოში დაიბადა, არც მისი და არც მისი მშობლის ყოფა არ იქნება ღირებული (თვითმყოფადი) სიცოცხლე. ამასთანავე, როდესაც საქმე კრიმინალური სასჯელის უმაღლეს ფორმას - სიკვდილით დასჯას ეხება, მემარჯვენეს ავიწყდება “სიცოცხლის აბსოლუტური ღირებულების” მისეული მტკიცება და ემხრობა სიკვდილით დასჯას, მემარცხენისაგან განსხვავებით.

კიდევ უფრო რადიკალურია ამ ორ ჯგუფს შორის განსხვავება, როდესაც საქმე საერთაშორისო პოლიტიკას ეხება. როგორც წესი, მემარჯვენეები მილიტარისტულ, რადიკალურად ანტიკომუნისტურ, ანტისოციალისტურ და ანტიჰუმანისტურ ფრთას წარმოადგენენ ამერიკულ პოლიტიკაში. ნეგატიურია მათი დამოკიდებულება “ინტერნაციონალურის“ მიმათ. “ერების გაერთიანება” ან გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მის ნებისმიერ ფორმაში მათთვის ეჭვის მომგვრელია. ამერიკული “ექსკლუზივიზმი”, რომელიც საბოლოო ჯამში რასიზმია, მათი არგუმენტია. “რატომ უნდა გავერთიანდე, ანუ იმავე კანონებისა და ნორმების მიხედვით ვიმოქმედო, რომლებიც ყველა სხვა ხალხითვის მოქმედებს, როდესაც ჩვენ ყველაზე უკეთესნი ვართ?” - ეს არის მათი ძირითადი მოტივი. რა თქმა უნდა, სიტყვა “ჩვენ” მოცემულ კონტექსტში საკმაოდ სპეციფიურია. იგი მოიცავს არა ამერიკის მულტინაციონალურ სპექტრს, არამედ იმ “თეთრი ელიტის” ბირთვს, რომელიც ამერიკის “სულს” წარმოადგენს მათთვის. რადიკალური ქსენოფობია და რასიზმი მემარჯვენის არსებითი ნიშანია.

ხშირად მემარჯვენისა და მემარცხენის დამოკიდებულება პრინციპულად განსხვავდბა ამერიკის ისტორიის საკვანძო მოვლენების მიმართ. თუ მემარცხენე ლიბერალი ამერიკელი სამოციანელებით ამაყობს, რომელიც მას ადამიანის უფლებებისა და პიროვნების თავისუფლებისათვის ბრძოლის საუკეთესო მომენტად მიაჩნია XX საუკუნის ამერიკის ისტორიაში, მემარჯვენეები ამ პერიოდს ჰიპური უაზრობის, ზანგური ბოღმის, და მოკომუნისტო დეგრადირებული ელემენტების სამარცხვინო ზეობის პერიოდად მიიჩნევენ, რომელმაც ამერიკა შეარყია და, რეიგანს - მემარჯვენეების საამაყო პრეზიდენტს რომ არ მოესწრო და არ ”გადაერჩინა” საბოლოო დაცემისაგან თავისუფლების ქვეყანა, მათი აზრით, არავინ იცის, ვინ მოიგებდა ცივ ომს. ამიტომ, როდესაც მაისურ-შემოტმასნილი, გძელთმიანი სამოციანელი ახალგაზრდა “ამერიკული ტიპი” გვგონია, კარგი იქნება გვახსოვდეს, რომ რეალურად იგი მხოლოდ “ამერიკულის” ნახევარ ცნებას ფარავს, და რომ მეორე ნახევარი მის მოძულე რადიკალს უკავია, რომელსაც, როგორც წესი, თმები მოკლედ აქვს შეჭრილი, დადის ეკლესიაში, სძულს ჰოლივუდის “გარყვნილება” და ზოგჯერ საავადმყოფოებსაც ნაღმავს, რომლებშიც აბორტის გაკეთება ნებადართულია.

ამ მეორე ნახევარს ამერიკულ ცხოვრებაში გაცილებით მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, ვიდრე ამ მოკლე შენიშვნებიდან შეძლებოდა დაგვესკვნა. ის მოიცავს არა მხოლოდ საბაზისო “ხალხურ” ფენას, რომლებიც უზრუნველყოფენ რადიკალი მემარჯვენე პოლიტიკოსების არჩევას, არამედ თვითონ იმ მაღალი რანგის პოლიტიკოსებს, რომლებიც, მათ რწმენაში, ხშირად არ ჩამოუვარდებიან ყველაზე უფრო ფანატიკურ ესქატოლოგებსა და “სამყაროს დასასრულის” მქადაგებლებს. თუმცა, ამ ელიტარული მემარჯვენეების შემთხვევაში, “დასასრული” განსხვავებულად წარმოიდგინება, როგორც სივრცის, ისე დროის კატეგორიებში.

რა თქმა უნდა, ამერიკული მემარჯვენეობა მხოლოდ რელიგიურ ფენას არ მოიცავს. არარელიგიური ელიტის გაკვეულ ნაწილს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მის სოციალურ სისტემაში. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ამერიკელი მემარჯვენის ფსიქოლოგიური ტიპი ამ საერთო ნიშნებით გამოირჩევა: აგრესიულობა, არატოლერანტობა, უკიდურესი აქტიურობა საკუთარი წარმოდგენების განხორციელებისთვის და უნდობლობა ადამიანური ბუნებისადმი. ჩვენ ამოვიცნობთ ამ ტიპს, როდესაც მისი სახლის კარიბჭეზე ვკითხულობთ წარწერას - “გაგიხსნით ცეცხლს“. ლიბერალის “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება” შეცვლილია მუდმივად საომრად მზაობაში მყოფი პარანოიდული ჰომონკულუსის ლოზუნგით, რომელიც მას არაჩვეულებრივად კეთილმოწყობილ და დაცულ საცხოვრებელ რაიონში გამოუკრავს საკუთარი ეზოს კარზე. ჩვენ ასევე ვიცნობთ ამ ტიპს, როდესაც იგი თავგამოდებით ამტკიცებს უცხო მტრების პრევენციული განადგურების აუცილებლობას მაშინ, როცა ამ “მტრებსა” და მას შორის სამხედრო და ეკონომიკური განსხვავება გაათმაგდა მას შემდეგ, რაც მისმა ბაბუამ ვინჩესტერითა და ზარბაზნებით გაანადგურა შვილდ-ისრიანი ინდიელები, ხოლო უშვილდისრო ზანგების მთელი ტომები გადმოზიდა ერთი კონტინენტიდან მეორეზე მონობისა და ექსპლუატაციისთვის.

როდესაც ბუშის ადმინისტრაცია ყოველ ღონეს ხმარობდა 2001-ში, რათა ამერიკელი და საერთაშორისო საზოგადოება დაერწმუნებინა, ყველა საერთაშორისო დამკვირვებლის მტკიცების საპირისპიროდ, რომ ერაყს ქიმიური და ბირთვული იარაღი მზაობაში ჰქონდა, იგი სწორედ რადიკალური მემარჯვენეობის ტრადიციას აგრძელებდა. როდესაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინტერნეტ-გვერდზე კითხულობთ, რომ ყველა იმ უცხოელს, რომლის ქვეყანაშიც ამერიკის შეერთებულ შტატებს არა აქვს საელჩო წარმომადგენლობა, ეწოდება “უსახლკარო”, თქვენ უშუალოდ აკვირდებით მემარჯვენის შეფარულ ცინიზმს და მდაბიო სიძულვილს, რომელიც მას ირანელის, ჩრდილო კორეელის, თუ სხვა არა-მორჩილი ქვეყნის მიმართ გააჩნია.

ამ აღწერებიდან მავანმა შეიძლება დაასკვნას შემდეგი: თუკი მრავალ განვითარებად ქვეყანაში, ისევე როგორც განსხვავებულ კულტურულ სივრცეებში “ამერიკული” სწორედ დეფორმირებული ჰედონიზმის ფორმით შედის, ეს ამერიკელი მემარცხენეობის “დამსახურება” უნდა იყოს, რომლის დაძლევისათვის ამერიკელ მემრჯვენესთან ალიანსი ერთ-ერთი სწორი გზა იქნებოდა. მაგრამ რეალურად არაფერია ამაზე შორს ჭეშმარიტებისაგან. მართალია, ამერიკელი მემარჯვენე აღიარებს მორალის ისეთ ფასეულობებს, როგორებიცაა რელიგია (ქრისტიანული), ტრადიციული ოჯახი, სექსში და სხვა “აგრესიულ” სიამოვნებებში ზომიერებისა და თავშეკავების საჭიროება, ანტი-ჰომოსექსუალიზმი და ა.შ. მაგრამ როდესაც საქმე ამ ღირებულებების საპირისპიროს პრაგმატულ გამოყენებას ეხება, მემარჯვენე გაცილებით აქტიური ხდება მათ დანერგვაში, ვიდრე ნებისმიერ სხვა. ეს ეხება როგორც ამერიკის საშინაო, ისე მის საგარეო პოლიტიკას. გაცილებით თვალსაჩინოა ეს ამერიკის საგარეო პოლიტიკაში.

ავიღოთ კონკრეტული მაგალითი. როგორც ითქვა, “თავისუფალი სექსი” და “ჰომოსექსუალისტთა უფლებები” ამერიკელი მემარჯვენეების შმაგი კრიტიკის ობიექტებია. ამდენად, ისინი აცნობიერებენ ამ ფენომენების დესტრუქციულ, მადემორალიზებელ, და ზოგიერთ შემთხვევაში, მადესტაბილიზირებელ ძალას თუნდაც ასე თუ ისე ინსტიტუციონალურად მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილი სოციალური სტაბილურობის თანამედროვე ამერიკულ სივრცეში. მაგრამ, ამ “ღირებულებების” ნეგატიური ძალა კიდევ უფრო მძლავრია, როდესაც მათი მექანიკური ტრანსპლატირება ხდება უცხო კულტურულ სივრცეში. ამიტომ, თუკი მემრჯვენე ამ “თავისუფლებებს” მიზანმიმართულად ნერგავს ულტრა-ტრადიციულ, ეკონომიკურად და ინსტიტუციონალურად განუვითარებელ ქვეყანაში, რომელსაც არ გააჩნია შიდა მექანიზმები საკუთარი კულტურის უარსებითესი ფორმების ბალანსირებული შენარჩუნებისათვის, ჩვენ მართებულად აღვწერთ ამას, როგორც მისი მხრიდან სოციალური ბაცილების მიზანმიმართული გავრცელების ტაქტიკას.

შეჯამებისათვის მოკლედ შეიძლება ითქვას: დომინანტური კულტურა ამერიკაში არაა ლიბერალური ჰედონიზმი. ეს უკანასკნელი შეიძლებოდა განგვესაზღვრა როგორც “სიამოვნების ღირებულების აღიარებისა და მისი საჯარო ხელმისაწვდომობის სოციალური ტრადიცია.” თანამედროვე ამერიკის დომინანტური ქცევის სტანდარტი უფრო მართებული იქნებოდა წარმოგვედგინა როგორც ის, რასაც მასობრივი ჰედონიზმის საჯარო პროპაგანდა მხოლოდ ფასადად ემსახურება და ფარავს მმართველი კორპორაციული კლასის პათოლოგიური ძალაუფლების სურვილს. ნაწილობრივ მაინც ამით აიხსნება ის, რომ თვით ამერიკის შიგნით ამ “საჯარო” ჰედონიზმის მცირე წარმოდგენა მიმდინარეობს ამერიკის დიდი ქალაქების ე. წ. “დაუნთაუნების” უსახლკაროთა მასობრივი შიზოფრენიის, სულის შემძვრელი მარტოობისა და ტანჯვის ღია თეატრში. ხოლო ამერიკის გარეთ, ე. წ. “სამხრეთ დედამიწის” სარდაფში გამეფებული სიბნელე ჰედონიზმის თეატრის ნათების ძირითადი პირობაა.

 

დავით მახარაშვილი

(ავტორი საკუთარი სურვილით ანონიმურად რჩება)