ქვეყანათმცოდნეობა

ქართულ-ირანული ურთიერთობები და საქართველოს ”მეგობრები”

კითხვა:ირან-საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავება ხომ არ გააღიზიანებს საქართველოს მეგობარ ქვეყნებს?

პასუხი: საქართველო აგვისტოს ომის შემდეგ საერთაშორისო არენაზე იმდენად უმწეო მდგომარეობაშია, რომ იგი ნაკლებად გააღიზიანებს ვინმეს. ჩვენი ე. წ. ”მეგობარი ქვეყნები” არ ჩაერევიან ამჟამინდელ ქართულ-ირანულ ურთიერთობებში, რომლებიც ირანში ქართული ჯიშის ცხვრების გაყიდვით, საქართველოში ამავე ცხვრების სასაკლაოს მოწყობით, ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლის დამყარებით და საქართველოში მინიმალური ირანული ინვესტიციების დაბანდების განხილვით (მაგალითად,მცირე ჰიდროელექტროსადგურის აშენება) შემოიფარგლება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც აღიარა, რომ ირანთან რაიმე სტრატეგიულ პარტნიორობაზე და პოლიტიკურ დაახლოებაზე ლაპარაკი ძალიან ნაადრევია. რა თქმა უნდა, ამერიკის კეთილგანწყობაზე დამოკიდებული ვითომ-სუვერენული საქართველოს ხელისუფლება დამოუკიდებელ ნაბიჯებს ვერ გადადგამს სტრატეგიულ საკითხებში. ასე რომ, თანამშრომლობა არ შედგება არც სამხედრო-პოლიტიკურ, არც მსხვილი ენერგეტიკული პროექტების ფარგლებში.

 

მოგეხსენებათ, ბოლო წლებში ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთოებები ხელოვნურად იყო დაძაბული, საქართველოში 2007 წელს უკანონოდ დააკავეს ირანის ერთი მოქალაქე და ამერიკის სპეცსამსახურებს გადასცეს. კარგა ხანს ირანს თავისი ელჩი ამ ფაქტის გამო კონსულტაციებისთვის ჰყავდა გაწვეული საქართველოდან. საქართველოს ცუდი იმიჯი შეექმნა ირანში. ირანის სულიერმა ლიდერმა ალი აკბარ ხამენეიმ თავის ერთ-ერთ საჯარო გამოსვლაში შარშან განაცხადა, რომ ამერიკას ირანი ”ვიღაც” საქართველო არ ეგონოს, საქართველოსგან განსხვავებით ჩვენ არავის არ ვემორჩილებით და თავის დაცვაც შეგვიძლიაო. ამით ყველაფერია ნათქვამი.

 

თუმცა ობიექტურად ირანს და საქართველოს არაფერი აქვთ გასაყოფი, ბევრ საკითხში შეიძლება ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა, ირანი ხომ ჩვენი რეგიონული მეზობელია. ამ თანამშრომლობის პოტენციალის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია ის, რასაც ახლა ვაკვირდებით, მაგრამ რაც არის, ისიც მისასალმებელია. მინდა აღვნიშნო, რომ ამ მხრივ აქტიურად და საკმაოდ ნაყოფიერად მუშაობს საქართველოს ახალი ელჩი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ბატონი ჯანჯღავა.

 

/ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის გულბაათ რცხილაძის ინტერვიუდან გაზეთ ”ახალი თაობისადმი” - 16 ივნისი, 2010 წ./