სტივ უანდერი თუ უიტნი ჰიუსტონი?

საიტი copoka.net კვლავ განაგრძობს სააკაშვილის ხელისუფლების წევრთა საუბრების გამოქვეყნებას. ამჯერად თვით ბ-ნ მიხეილის მოსმენის ბედნიერება მოგვეცა. იგი კულტურის ფრონტზე თავის ერთგულ მებრძოლ, ნ. რურუასთან აზუსტებდა უცხოელი მომღერლების საქართველოში ჩამოყვანის დეტალებს.

ეს საუბარი სულ წუთნახევარს გაგრძელდა, მაგრამ ნაციონალურმა ტელეკომპანიამ ისიც კი შემოკლებული სახით გადასცა (!). ჩვენი მკითხველების ნაწილი, რომელიც ამავე დროს ინტერნეტის მომხმარებელიც არის, ალბათ შესულა სხვადასხვა ფორუმებზე და იცის ე.წ. „სმაილიკების“ არსებობის შესახებ. ვინც არ იცის, განვუმარტავთ, რომ ეს არის გრაფიკული ნიშნები, რომლებიც ავტორის ემოციებს გამოხატავენ, მაგალითად, სიცილის ან ხარხარის განწყობას. ზემოთ, სადაც ძახილის ნიშანი დავსვით, სწორედ ხარხარის აღმნიშვნელი გრაფიკული ნიშანი უნდა ყოფილიყო. ნაციონალური ტელეკომპანია, რომლის „ჟურნალისტები“ ლამის ცოფიანი ძაღლებივით დასდევენ ოპოზიციის წარმომადგენლებს, აგარაკების მახლობლად უსაფრდებიან და მიკროფონებს ცხვირში ჩრიან, არ დაინტერესდა საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტის სატელეფონო საუბრით, რომელიც უაღრესად გამხაურებულ სკანდალს ეხებოდა და შემოკლებული სახით, საინფორმაციო გამოშვების შუაში, სასხვათაშორისოდ გაუშვა. ეს ეპიზოდი კიდევ ერთხელ თვალსაჩინოდ ასახავს სააკაშვილის ხელისუფლების ელექტრონული მას-მედიის სრულ უბადრუკობას, რბილად რომ ვთქვათ.

მაგრამ ახლა „იმედის“ სკანდალს თავი დავანებოთ და სტივ უანდერს დავუბრუნდეთ. ცხადი გახდა, რომ სააკაშვილი გამალებული ნადირობს ამ ან რომელიმე სხვა ცნობილი მომღერლის ჩამოყვანაზე. გამარჯობაც კი არ უთხრა კულტურის მინისტრს, ისე მოიკითხა „კულტურული ფრონტის“ ამბები. დავსვათ კითხვა: რა ღონისძიებისთვის სჭირდება სააკაშვილს სტივ უანდერი? აქ ორი ვერსია გვიჩნდება: 1) ადგილობრივი არჩევნების წინ, სავარაუდოდ, 26 მაისს, „გრანდიოზული“ შოუს მოწყობა; 2) უკვე არჩევნების შემდეგ, „გამარჯვების“ აღსანიშნავი შოუ, რომელმაც, ალბათ, ოპოზიციის შესაძლო მიტინგი უნდა გადაფაროს. ორივე შემთხვევაში, სააკაშვილი ზედმიწევნით ასრულებს რომის იმპერატორ ავგუსტუსის დროს პოპულარულ ლოზუნგს: პური და სანახაობა. განსაკუთრებით, მეორე ნაწილში.

თუმცა აქ მცირედი პროტესტის გრძნობა გაგვიჩნდა. რატომ მაინცდამაინც სტივ უანდერი ან უიტნი ჰიუსტონი? გასაგებია, რომ ბატონი პრეზიდენტი ზრუნავს თავის ხალხზე და მომღერლებიც თავად შეარჩია, მაგრამ იქნებ მოსახლეობასაც დავეკითხოთ? ჩვენი აზრით, შეიძლებოდა სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაგვეტარებინა, რომელშიც შევიდოდა სხვა კანდიდატებიც, მაგალითად, თინა ტერნერი (ქართული სახელი აქვს და ხიდაშელიც არ იქნება წინააღმდეგი), პატრისია კაასი (საფრანგეთთან ურთიერთობას გავაუმჯობესებთ) და სხვა.

ცნობილი უცხოელი მომღერლების გვარებს რომ ვარჩევდით, გაგვახსენდა, რომ შარშან მაიკლ ჯექსონი გარდაიცვალა. გაგვახსენდა და გული შეგვეკუმშა. აფსუს, 2013 წელს, მოქალაქე გ. უგულავას „გაპრეზიდენტების“ აღსანიშნავი შოუსთვის, ჯექსონი იდეალური კანდიდატურა იქნებოდა, ყოველგვარი გამოკითხვების და რეფერენდუმების გარეშე. მაგრამ არა უშავს, ჩვენი აზრით, პატივცემული მადონაც "წავა".