უცნაური ალიანსები

დღეს ქართულ პოლიტიკაში პოპულარული გახდა სიტყვა ალიანსი. პირველად ი. ალასანიამ შექმნა ალიანსი. როგორც ჩანს, ეს სიტყვა მოეწონა, რომლის თანხმოვნები მის გვარს ემთხვევა... საკმაოდ უცნაური კია ეს ალიანსი - სიმართლე რომ ვთქვათ, გაგვიჭირდა იმის დადგენა, თუ რის საფუძველზე არიან რესპუბლიკელები და მემარჯვენეები ერთად ყოფილ უშიშროების მუშაკთან და ელჩთან. არანაკლებ უცნაური ალიანსია შექმნილი ნაცმოძრაობაში. 

უცნაურობის ეს შეგრძნება განსაკუთრებით მწვავედ დაგვეუფლა „იმედის“ სკანდალურად ცნობილი გადაცემის შემდეგ შეკრებილი ადამიანების ცქერისას. იქ იყვნენ ძირითადად ხელისუფლების მხარდამჭერნი, მაგრამ საინტერესოა, რა კატეგორიებს განეკუთვნებიან თავად ისინი.

აქ ორი ძირითადი კატეგორიაა: ა) ე.წ. მედასავლეთეები, რომლებიც ვერაფერს ვერ ხედავენ „ცივილიზებული სამყაროს“ (ანუ დასავლეთის, პირველ რიგში ამერიკის) გარდა და რომელთათვისაც მზე ახლა უკვე დასავლეთიდან ამოდის; ბ) ერთგვარი ნაციონალისტები, მათ შორის ძირითადად ყოფილი ე.წ. ზვიადისტები.

ახლა ვრცლად არ შევეხებით იმას, თუ რამდენად ჯანსაღი მოვლენაა და გამართლებულია ამ ტიპის ნაციონალიზმი, აღვნიშნავთ მხოლოდ ამ უცნაურობას. „მედასავლეთეებს“ შორის არიან ყოფილი მხედრიონელები, სუკ-ის ყოფილი (ყოფილი?) აგენტები, ბოკერიას ტიპის ფანატიკოსები, რამიშვილის თუ ლადარიას მსგავსი „ინტელექტუალები“ და ექსპერტები. ყველანი ისინი თავის დროზე ხმალამოღებული იბრძოდნენ გამსახურდიას წინააღმდეგ, რაც არც არის გასაკვირი, რადგან მედასავლეთეებს ეროვნულობა და მსგავსი იდეები ისევე აღიზიანებთ, როგორც ხარს წითელი ნაჭერი. თუ როგორ მოახერხეს ამ კატეგორიის ადამიანებთან გაერთიანება ე.წ. ზვიადისტებმა, წიკლაურებმა და ოჩიაურებმა, ან მასხარაშვილის თუ ირაკლი წერეთლის ტიპის ნაციონალისტებმა, ამის რაციონალურად ახსნა თითქმის შეუძლებელია. სხვათა შორის, ახლახან ირაკლი წერეთელმა თავისი წიგნის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც ესწრებოდა... ბოკერია. ირაკლი წერეთელი, ნუგზარ წიკლაური, გიგა ბოკერია და ლევან რამიშვილი - სააკაშვილის ხელისუფლების სახეებია (ოთხივე ერთად).

ერთადერთი, რაც ამ ადამიანებს შეიძლება აერთიანებდეთ, ეს არის ირაციონალური, შიზოფრენიული რუსოფობია, რუსეთის სიძულვილი. ამის საფუძველზე მედასავლეთეებმა, რამიშვილის და ბოკერიას ტიპის „იდეოლოგებმა“ მიიმხრეს რუსოფობული ნაციონალიზმით შეპყრობილი პირები, რომელთა თვალსაწიერი შემოფარგლულია „რუსეთის იმპერიასთან“ ბრძოლით. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, საქმე გვაქვს ე.წ. სოროსისტების მიერ ნაციონალისტების გარკვეული კატეგორიის გამოყენებასთან, ტაქტიკურ ალიანსთან. სწორედ ამიტომაც არის რუსოფობია სააკაშვილის ხელისუფლების „იდეოლოგიის“ ქვაკუთხედი.