როგორ უნდა უპასუხოს ე. წ. პრორუსულმა ოპოზიციამ სააკაშვილის სატელევიზიო ისტერიას?

კომენტარი გუშინდელი აწ უკვე სახელგანთქმულ გადაცემის შესახებ ტვ ”იმედზე” უკვე არის ჩვენს საიტზე. მაგრამ ახლახან საინფორმაციო არხებით ცნობილი გახდა, რომ საქართველოს დე ფაქტო პრეზიდენტმა მ. სააკაშვილმა დღეს სხვათა შორის განაცხადა:

”ეს მართლაც ძალიან არასასიამოვნო ფილმი იყო, მაგრამ მთავარი უსიამოვნება არის ის, რომ ეს რეპორტაჟი მაქსიმალურად ახლოს იყო იმასთან, თუ რა შეიძლება მოხდეს, ან რაც საქართველოს მტერს აქვს ჩაფიქრებული”.

 

აღნიშნული განცხადება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ:

 

1) იმის ალბათობა, რომ სააკაშვილმა თავიდანვე იცოდა ამ ფილმის შესახებ, ნამდვილად ძალიან მაღალია. ანუ რეპორტაჟი არ არის შემთხვევითი ჟურნალისტური გამოხდომა, არამედ მოწადინებით დაგეგმილი ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილი;

 

2) ისტერიკაში ჩავარდნილი ხელისუფლება ცდილობს თავიდანვე მოახდინოს ე. წ. პრორუსული ოპოზიციის დისკრედიტირება და დემორალიზაცია და მოახდინოს ხალხის მობილიზება ”მტრის” - რუსეთის და ”მოღალატეების” - ოპოზიციონრების წინააღმდეგ.

 

ხელისუფლების სტრატეგია გასაგებია. ამიტომ განვიხილოთ, რით უნდა უპასუხოს ე. წ. პრორუსულმა ოპოზიციამ, რომელიც ფაქტობრივად უკვე ბრალდებულია სამშობლოს ღალატში.

 

პასუხი:

 

ა) სტრატეგიული თვალსაზრისით რუსეთის ფედერაციასთან დიალოგის კურსი შეუვალად უნდა გაგრძელდეს (ეს წინა კომენტარში უკვე ვახსენეთ კიდეც). აღებული კურსიდან არგადახვევა არა მარტო ღირსების საქმეა, ეს პოლიტიკური თვალსაზრისითაც პრაგმატულია, რადგან საქართველოში იგრძნობა, რომ ხალხის უმრავლესობა მაინც რუსეთთან დიალოგსა და ურთიერთობების დარეგულირებას ემხრობა, ხოლო კონკრტული უნიჭო ტელეგადაცემა ამ განწყობას ვერ შეცვლის, უფრო პირიქითაც, საზოგადოების უარყოფითი რეაქცია აშკარაა.

 

ბ) ტაქტიკური თვალსაზრისით საჭიროა ხმაურის ატეხვა და იურიდიული პროცესების ინიცირება ტელეკომპანია ”იმედის” წინააღმდეგ იმ მოტივით, რომ ”ვინ მოგცათ თქვენ უფლება, გვაიძულოთ ”სამშობლოს მოღალატეების” როლის თამაში თქვენს გულის ამრევ ფილმში?!” უნდა იქნას მოთხოვნილი, ჩამოერთვას ამ ტელეკომპანიას ლიცენზია და თავად იგი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს (აწ განსვენებული ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს). რა თქმა უნდა, სააკაშვილის სასამართლოები ვერ მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს, მაგრამ აქ მთავარია ინიციატივა. მოკლედ რომ ვთქვათ, ოპოზიცია შეტევაზე უნდა იყოს და არა თავდაცვისა და თავის მართლების პოზაში.

 

გ) ოპოზიციამ მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომ არ შეუშინდება მასშტაბური საპროტესტო აქციების გამართვას არჩევნების ფალსიფიკაციის შემთხვევაში და რომ მოვლენების განვითარება ტვ ”იმედის” სცენარის მიხედვით მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული და არა ოპოზიციაზე.

 

ოპოზიციის პირველი რეაქციის ანალიზის საფუძველზე ვფიქრობთ, რომ 2007 – 2009 წლებისგან განსხვავებით ოპოზიციას ჩვენი კარნახის გარეშეც სწორად ესმის სიტუაცია და ეს მხოლოდ მისასალმებელია.