სამთავრობო ”სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ" – პანაცეა თუ სტრაუსის პოზა?

ამას წინათ საქართველოს მთავრობამ  გამოაქვეყნა ახალი სტრატეგია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ, რომლის სახელწოდებაა ”სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. ჩართულობა თანამშრომლობის გზით”.

ზოგიერთმა შენიღბულმა პროსახელისუფლებო სააგენტომ, როგორიცაა, მაგალითად, ”სივილ.ჯი”, უცნაური სიტყვა ”ჩართულობა” რუსულად გადათარგმნა როგორც ”თანამონაწილეობა”,მაგრამ ქართულ ორიგინალს ეს უცნაური ტერმინი შერჩა, რაც ეჭვს ბადებს, რომ დოკუმენტი სულაც არ არის ქართულ ენაზე შედგენილი და იგი საშუალო დონის თარგმანს წარმოადგენს. ასეა თუ ისე, ჩვენ შევეცადეთ, გაგვეაზრებინა მოცემული დოკუმენტის შინაარსი, რომლის პრეზენტაცია გაეროში 22 – 23 თებერვლისთვის დაიგეგმა და რომელსაც, სააგენტოების ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე ”მოქმედების გეგმაც” უნდა მოჰყვეს.

შევჩერდებით მხოლოდ ძირითადზე და განვიხილავთ პუნქტობრივად.

1. დასახული მიზნისა და მისი მისაღწევი მეთოდების ერთმანეთთან შეუთავსებლობა თავიდანვე თვალშისაცემია. დოკუმენტში არსებული რეალიების არაადექვატურად სახელმწიფოებრივ ამოცანად განიხილება ის, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ უნდა შეიგრძნოს ის ”სარგებელი”, რომელიც თურმე დაკავშირებულია ”ქვეყნის უფრო ღრმა ინტეგრაციასთან ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებსა თუ ინსტიტუტებში”. მაგრამ მთავარი, საბოლოო მიზანი მდგომარეობს ”აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის სრული დეოკუპაციაშის” მიღწევაში, აგრეთვე იმაში, რომ საქართველომ ”შეაქციოს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის პროცესი და მშვიდობიანი გზით მოახდინოს ამ ტერიტორიებისა და მოსახლეობის რეინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციურ სივრცეში”.

რუსეთის აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან მშვიდობიანი მეთოედებით გაყვანის მიზნად დასახვა აშკარა აბსურდია, რადგან დოკუმენტში მინიშნებაც-კი არ არის იმაზე, რომ ქართულმა მხარემ უნდა დაამყაროს კონტაქტები და ააწყოს დიალოგი რუსეთთან (დოკუმენტში, მაგალითად, გათვალისწინებულია ”დიალოგის წარმოება საქართველოს ტერიტორიიდან გაძევებულ თემებთან და დიასპორებთან, განსაკუთრებით მეფის რუსეთის იმპერიის მიერ გაძევებულ მოსახლეობასთან”, რაც სავსებით შეიძლება შეფასდეს რუსეთის მორიგ გამოწვევად). ისმის შეკითხვა: როგორ უნდა წავიდეს რუსეთი მშვიდობიანად, თუკი მასთან დიალოგი არ იქნება წარმოებული? საქართველოს მთავრობა ალბათ მოსკოვის მიმართ მძლავრ დიპლომატიურ ზეწოლას იმედოვნებს, მაგრამ ამ შემთხვევაში სად ხედავს იგი შესაბამის რესურსებს, ვის და როგორ შეუძლია მოსკოვზე მოახდინოს ზეწოლა ისე, რომ მან თავი იძულებულად ჩათვალოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ”სადეოკუპაციოდ”? დოკუმენტი ამის თაობაზე მოკრძალებულად დუმს. ლოგიკურად გამოდის, რომ ან რუსეთის გასვლა კონფლიქტური ზონებიდან არის შეუძლებელი, ან ეს გასვლა შეუძლებელია მშვიდობიანი მეთოდებით (ჩვენი მხრიდან დავძენთ – ეს მით უფრო შეუძლებელია სამხედრო მეთოდებით).

სამართლიანობისათვის აღვნიშნავთ, რომ დოკუმენტის ფინალურ ნაწილთან ახლოს, მე-14 გვერდზე აღნიშნულია: ”საქართველოს მთავრობა განაგრძობს საოკუპაციო ძალასთან მუშაობას ჟენევის დისკუსიების ფორმატში და/ან სხვა პოტენციური ფორუმების ფარგლებში, რათა უზრუნველყოს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელება”. მაგრამ ეს ერთადერთი, და როგორც მკითხველი თავად ხედავს, საკმაოდ სუსტი და ბუნდოვანი ხსენებაა რუსეთთან დიალოგის წარმოებაზე მზადყოფნისა. ეს პრინციპში დიალოგისადმი მზადყოფნის განცხადებაც არ არის, არამედ უბრალო მოხსენიება ჟენევის ფორმატის არსებობისა. მართალია, საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას სურვილიც რომ გამოეთქვა ასეთ მზადყოფნასთან დაკავშირებით, მოსკოვის მხრიდან შემხვედრი ნაბიჯის გადმოდგმა უკვე მოსალოდნელიც არ იქნებოდა (პრეზიდენტმა მედვედევმა სულ ახლახანს საბოლოო წერტილი დაუსვა ამ საკითხს, გამოაცხადა რა მ. სააკაშვილი პერსონა ნონ გრატად), მაგრამ საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთის ფაქტორის იგნორირების ფაქტის კონსტატაცია იმით არის საინტერესო, რომ ოფიციალურ თბილისს არ სურს გაიგოს: კონფლიქტური რეგიონების პრობლემას რუსეთის მონაწილეობისა და კეთილი ნების გარეშე მოგვარება არ უწერია. ხოლო ”საქართველოს მშვიდობიანი დეოკუპაციის” გზა ასეთ შემთხვევაში არ არსებობს, შესაბამისად, მთელი ეს ნაწერი – თავის მოტყუება და ქართული და მსოფლიო საზოგადოებრიობის მოტყუების მცდელობაა.

ამ ფონზე დანარჩენი პუნქტების განხილვა შეიძლება არა დოკუმენტის პრაქტიკული სარგებლიანობიდან ან მნიშვნელობიდან გამომდინარე, არამედ საკუთარ ქვეყანაზე საქართველოს ხელისუფლების წარმოდგენებისა და ამ ხელისუფლების ფსიქოლოგიისა და საერთო დონის დემონსტრირების მიზნით.

 

2. დოკუმენტში დასახული მიზნების განხორციელების კონტექსტში საკმაოდ უცნაური ფორმულირება არის მოცემული (ხაზგასმა ჩვენია):

 

”საქართველოს მთავრობა ზემოაღნიშნულ მიზნებს განახორციელებს ქვეყანაში შესაბამისი სამთავრობო ინსტიტუციების შექმნის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მაკონტროლებელი ძალაუფლების წარმომადგენლებთან ურთიერთობისათვის ნეიტრალური სტატუსის მქონე ჩარჩო-მექანიზმის შემუშავების, შესაბამისი საკოორდინაციო მექანიზმების განვითარებისა და მშვიდობიანი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბების გზით”.

მაშასადამე, რა გამოდის: სიტყვამრავლობით გამორჩეულ ”სტრატეგიაში” არაფრის მთქმელ ფრაზებს შორის შენიღბულია სურვილი, ამა თუ იმ გზით სეპარატისტული მთავრობების წარმომადგენლებთან დამყარებულ იქნას კონტაქტები. მაგრამ აღნიშნული მთავრობები საქართველოსავე ხელისუფლების ლექსიკონში მოიხსენიებიან როგორც ”მარიონეტული რეჟიმები”, ამავე დროს აქცენტი გაკეთებულია რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვაზე, რომელიც აკონტროლებს კიდეც ამ ”მარიონეტებს”. ქართველ ”სტრატეგთა” აზროვნების აბსურდულობა აშკარაა.

 

3. საქართველოს ხელისუფლება ”სტრატეგიაში” ნებსით თუ (ალბათ უფრო) უნებლიეთ აღიარებს, რომ ა) კონფლიქტებს ასე თუ ისე ჰქონდათ ეთნიკური ხასიათი (და ისინი არ წარმოადგენენ წმინდა წყლის ”პოლიტიკურ კონფლიქტებს”, ანუ არ არიან ცალმხრივად რუსეთის მიერ ”ინსპირირებულნი”) და ბ) ოფიციალური თბილისი არ სარგებლობს კონფლიქტური ზონების მცხოვრებთა, ე. ი. აფხაზთა და ოსთა შორის ნდობით. ადრე (ასევე დღესდღეობითაც) საქართველოს ხელისუფლება ხმის ჩახლეჩამდე არწმუნებდა ყველას, რომ კონფლიქტები მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნახელავია, ხოლო აფხაზები და ოსები ილტვიან პროდასავლური საქართველოსკენ, მაგრამ რუსეთსა და სეპარატისტულ მთავრობებს ისინი მძევლის მდგომარეობაში ჰყავთ. დოკუმენტი საქართველოს მთავრობას ირიბად, მაგრამ მაინც ცალსახად ააშკარავებს: რამდენიმე ადგილზე სიტყვასიტყვით არის ნახსენები ”ნდობის აღდგენის” და კონფლიქტური რეგიონების მოსახლეობის წარმომადგენელთა შორის ”შერიგების” აუცილებლობა. იბადება კითხვა: თუკი ოფიციალური თბილისი რიგით აფხაზებსა და ოსებს შორის ნდობით სარგებლობდა, მაშ რომელი ნდობა უნდა აღგდეს? და თუ ეთნოკონფლიქტებს ადგილი არ ჰქონია, მაშ რომელი მოსახლეობის წარმომადგენლების ერთმანეთთან შერიგებაა საჭირო?

 

4. საქართველოს ხელისუფლება 2010 წელს ეთნიკური უმცირესობების პრობლემისადმი თავისი ნაჯახისებრი მიდგომით ბევრად არ განსხვავდება 1980-იანი წლების ბოლოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამოუცდელი მეთაურების მიდგომისაგან. ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლებაც ამოდის აფხაზი ხალხის ავტოქტონურობიდან (”მკვიდრი მოსახლეობა”) და ამავე დოკუმენტში ანალოგიური აზრით არ ახსენებს ოს მოსახლეობას და ამ უკანასკნელს ფაქტობრივად სამშობლოზე უფლებას ართმევს, როგორც ზ. გამსახურდიას დროს. 1991 წელს ფორმალურად ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს ანტიკომუნისტური ხელმძღვანელობა აფხაზურ მხარესთან გარიგებაზე წავიდა და აფხაზებს – აფხაზეთის მთელი მოსახლეობის 17 პროცენტის წარმომადგენლებს ეთნიკური ქვოტების დაწესების გზით მიეცათ საპარლამენტო მანდატების უმრავლესობა – და ეს მხოლოდ იმ მოსაზრების საფუძველზე, რომ ”აფხაზებს აფხაზეთის გარდა სხვა სამშობლო არ გააჩნიათ”, სამაგიეროდ ოსებს, ”რომლებსაც თავიანთი სამშობლო აქვთ ჩრდილო კავკასიაში”, ერთი წლით ადრე საერთოდ უარი ეთქვათ, ჰქონოდათ საკუთარი ავტონომიური ოლქი (რომ არაფერი ვთქვათ რესპუბლიკაზე). ამ მიდგომამ რაც გამოიწვია, კარგად არის ცნობილი. ამჟამად უკვე ახალი ”ნაციონალური” მთავრობა აფხაზურ ენას ”აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ქართულ ენასთან ერთად სახელმწიფო ენის” (რეალობის გრძნობის სრული ატროფირება!) სტატუსს ”უწყალობებს”, ხოლო ოსურ ენაზე დოკუმენტში ერთი სიტყვაც არაა ნათქვამი (გასაგებია, რომ ოსებს ახლა არც სჭირდებათ ოფიციალური თბილისის მხრიდან მსგავსი რევერანსები, მაგრამ მაინც, ზრდილობის გულისთვის ...).

 

5. დოკუმენტში აგრეთვე ნახსენებია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების უზრუნველყოფის, ისევე როგორც იმის აუცილებლობა, რომ კონფლიქტური რეგიონის მოსახლეობას საშუალება მიეცეს, საზღვარგარეთ ქართული ოფიციალური დოკუმენტებით იმოგზაურონ – აშკარად დაგვიანებული მოთხოვნები.

აი საბოლოო ჯამში მივიღეთ ”სახელმწიფო სტრატეგია”, რომელიც, საინფორმო სააგენტოების ინფორმაციების თანახმად, უკვე იქნა მოწონებული აშშ-ისა და საფრანგეთის მიერ. ამ სახელმწიფოთა ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათი ქვეყნები მიესალმებიან ამ დოკუმენტს როგორც ”კონსტრუქციულ ნაბიჯს, მიმართულს დაძაბულობის განმუხტვისაკენ”. ანუ დასავლეთი ემხრობა ეთნოკოფლიქტების კონსერვაციას და მათი ”დარეგულირების” გაწელვას გაურკვეველი ვადით. ეს მოსალოდნელი იყო და ალბათ არავის არ აკვირვებს დასავლეთის ამგვარი რეაქცია. აგრეთვე არ იწვევს გაკვირვებას, რომ საქართველოს ოპოზიციური სპექტრი კრიტიკულად, აგდებით თუ არა, უდგება ამ დოკუმენტს. ჩვენ ზოგიერთი ოპოზიციონრის მოსაზრება ჩავიწერეთ არა იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ მოგვესმინა მათი ”სამართლიანი მრისხანება” ხელისუფლების მიმართ, არამედ იმისათვის, რათა შევხედოთ, რამდენად ინფორმირებულნი და მომზადებულნი არიან ისინი, საქმიანი კომენტარი გაუკეთონ მთავრობის ინიციატივებს უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით. ქვემოთ წარმოდგენილ კომენტარებს ჩვენ ჩვენი კომენტარის გარეშე ვტოვებთ.

გია ცაგარეიშვილი (დამოუკიდებელი დეპუტატი): ”საქართველოს მთავრობის მიერ შედგენილი ბევრი დოკუმენტი მინახავს, რომელიც მხოლოდ ქაღალდზე დარჩა. იგივე უსაფრთხოების კონცეფცია, რომლის ჩამოყალიბებაზეც ჩვენ აქტიურად ვიბრძოდით და მხოლოდ წინა მოწვევის პარლამენტის ბოლოსკენ მოხერხდა მისი ჩამოყალიბება კონცეფციად, მაგრამ კონცეფცია კონცეფციად დარჩა. თუ ბატონი იაკობაშვილი და სხვები ამბობენ, რომ მათ არ უნდათ ომით დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, გარწმუნებთ ისინი ამას ამბობენ მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ძალიან კარგად იციან, რომ კიდევ ერთი გასროლა ამ კონფლიქტურ ზონებში დასრულდება ჩვენი ქვეყნის სრული გაპარტახებით და მათ შორის იმ ადამიანების განადგურებით ვინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სხვა სახის განადგურებით და მე არ მეშინია ამ სიტყვის თქმის.

პეტრე მამრაძე (ნოღაიდელის პარტია ”სამართლიანი საქართველოსთვის”): ”მე ვფიქრობ, რომ ეს დოკუმენტი საერთოდ ვერ იმუშავებს, ეს უკვე გამოვლინდა, როდესაც როგორც აფხაზებმა, ისე ოსებმა ეს დოკუმენტი კატეგორიულად უკაუაგდეს განხილვის გარეშე. უნდა გვესმოდეს, რომ სანამ იქნება სააკაშვილი და მისი ხელისუფლება, სამშვიდობო პროცესის დაწყება შეუძლებელია, ვინაიდან ამ ხელისუფლებას სრულიად უგუნური ულტიმატუმები აქვს გაჟღერებული ჟენევის პროცესში, რომ ჯერ რუსეთმა გაიყვანოს ჯარები, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ დიალოგს... ეს იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილს სურს ჩანასახშივე მოსპოს დიალოგის შესაძლებლობა.

გიორგი გუგავა (”ლეიბორისტური პარტია”): ”სანამ ეს ხელისუფლება იქნება, მანამდე ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების პერსპექტივა არ არსებობს, პირიქით, მათი ხელისუფლებაში ყოფნის თითოეული დღე უფრო ზრდის საფრთხეს და კიდევ უფრო გვაშორებს მიზანს, რომ აღდგეს ჩვენი სახელმწიფოებრიობა იმ ტერიტორიაზე, რომელიც აღიარებულია თანამედროვე მსოფლიოს მიერ. ამიტომ დანარჩენი არის პიარი, საზოგადოებისათვის ილუზიის შექმნის მცდელობა, არა თუ ტერიტორიების დაბრუნება, არამედ საფრთხე უფრო იზრდება, რომ დამატებით კიდევ დავკარგოთ ტერიტორიები.

კობა დავითაშვილი (”ხალხის პარტია”): ძალიან ცუდი თარგმანია ინგლისურიდან, ჯერ თარგმანი გაასწორონ. შინაარსს ვერ ვიგებ ბოლომდე და როდესაც ქართულად გადათარგმნიან, წესიერად მერე მეცოდინება, თუ რა დევს ამ დოკუმენტში.

ირინა სარიშვილი (პარტია ”სამართლიანობა”): ეს ხელისუფლება თვითონ მონაწილეობდა ამ ტერიტორიების დაკარგვის გაფორმებაში, ამიტომ ყველაზე კარგი დოკუმენტიც კი მათ ხელში იქნება პირობითი ნიშანი, ანუ ცარიელი ქაღალდი. ასე რომ, ჩემთვის მნიშვნელობაც არ აქვს, რა სტრატეგიას შეიმუშავებენ. ეს არის ხალხი, რომელმაც შეგნებულად გადადგა ყველა ნაბიჯი საიმისოდ, რომ საკუთარი პასუხისმგებლობა, საკუთარი ბრალი შეენიღბა იმ სპექტაკლით, რომელიც აგვისტოში მოაწყვეს - სამწუხაროდ, როგორც რუსულ-ამერიკული, ასევე ქარული მხარის მონაწილეობით.

 

ლევან ბერძენიშვილი (”რესპუბლიკური პარტია”) ამბობს, რომ ის ამ დოკუმენტს არ იცნობს, ვინაიდან ეს არ არის მისი სფერო და ეს დოკუმენტი საერთოდ არც წაუკითხავს.

რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ალასანია საკუთარი პრეს-სამსახურის სატელეფონო ზარებსაც კი არ პასუხობს (პრეს-სამსახურმა ამის მიზეზად მისი შეუძლოდ ყოფნა დაასახელა), პარტიის ოფისში კი ვერავინ მოიძებნა, ვინც თავის თავზე აიღებდა ”სტრატეგიის” კომენტირებას. ---