ქართული საზოგადოებრიობა მზად არის სააკაშვილის რეჟიმის შეცვლისა და რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებისათვის

ამგვარი დასკვნის გამოტანა შეიძლება საქართველოს პოლიტიკისა და საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლების შეხვედრის შედეგების მიხედვით, რომელიც საქართველოს ხალხების მსოფლიო კონგრესისა (პრეზიდენტი – ალექსანდრე ებრალიძე) და პარტია თავისუფალი საქართველოს (თავმჯდომარე – კახა კუკავა) თანამშრომლობის საფუძველზე შედგა 2011 წლის 25 – 26 ოქტომბერს ბრიუსელში, სასტუმრო Royal Windsor-ში. ქართული მასმედია, როგორც ყოველთვის, იუწყება მხოლოდ მეორეხარისხოვანზე და მხედველობიდან უშვებს მთავარს – ამა თუ იმ ღონისძიების შინაარსობრივ ნაწილს, არ აკეთებს მომხდარის ანალიზს. ჩვენ ჩვენი მხრივ შევეცდებით, მოკლედ და ლაკონურად შევავსოთ ეს სიცარიელე, ყურადღების მხოლოდ მთავარზე გამახვილების გზით.

1. შეხვედრის ფაქტის მნიშვნელობა

 

ის, რომ საქართველოს პოლიტიკისა და საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლები ყურადღებას არ აქცევენ სახელმწიფო პროპაგანდას და არ გაურბიან ღია შეხვედრას სააკაშვილის რეჟიმის მიერ „პრორუსულობით“ დამღადადებულ ძალებთან, კერძოდ, ალექსანდრე ებრალიძესთან, უკვე როგორც საკუთრივ ფაქტია მნიშვნელოვანი. ქართული დელეგაცია კი საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო. გარდა საკუთრივ ალექსანდრე ებრალიძის, ვლადიმერ ხომერიკის (საქართველოს ხალხების მსოფლიო კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი), ეკა კაზნინას (კონგრესის რუსეთის ფილიალის დირექტორი) და კახა კუკავას, აგრეთვე ევრაზიის ინსტიტუტის წარმომადგენლების – გულბაათ რცხილაძისა და კონსტანტინე ჩიკვილაძისა, შეხვედრაზე ჩამოვიდნენ ექსპერტი და საზოგადო მოღვაწე ნანა დევდარიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ლორთქიფანიძე, დამოუკიდებელ ასოციაციათა კავშირის ხელმძღვანელი ალექსანდრე შალამბერიძე, იურისტი და ადამიანის უფლებათა დამცველი ლალი აფციაური, ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე, პროფესორი ვახუშტი ფარცვანია, ტ/კ „მაესტროს“ ჟურნალისტი ნათია მიქიაშვილი, საპროტესტო ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენელი ჯაბა ჯიშკარიანი; ქართულ დიასპორებს წარმოადგენდნენ ჟურნალისტები გიორგი ფოფხაძე (საფრანგეთი) და ვახტანგ კომახიძე (შვეიცარია), აგრეთვე მერაბ ბლადაძე (ბელგია).

 

 

2. საქართველოს შიდაპოლიტიკური ვითარების ანალიზი

 

ბრიუსელში შეხვედრა არ იყო უბრალო ჟესტი და არ ატარებდა მხოლოდ გაცნობით ხასიათს. ყოველმა მონაწილემ საკმაოდ ვრცლად და რაც მთავარია, გულახდილად ისაუბრა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებისა და საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ბიძინა ივანიშვილის ჩართვის გათვალისწინებით ეს ორი თემა განხილვის მთავარ ობიექტს წარმოადგენდა. სააკაშვილის რეჟიმის შეფასება ცალსახა იყო – რეჟიმმა ამოწურა საქართველოს მართვის აბსოლუტურად ყველა რესურსი, რეჟიმს ქვეყნის განვითარების ილუზიის შექმნაც-კი აღარ შეუძლია. არ არსებობს არც მატერიალური, არც მორალური რესურსები. ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური ვითარება სწრაფად უარესდება. რეჟიმი ძალაუფლებას ინარჩუნებს მხოლოდ ძალისმიერი ზეწოლის, დაპატიმრებების, შანტაჟის, მოსახლეობისა და პოლიტიკური ოპონენტების დაშინების საშუალებით, რასაც თან ერთვის ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ელექტრონული მასმედიის აგრესიული პროპაგანდა.

 

ივანიშვილის გამოჩენა პოლიტიკურ ასპარეზზე ახალ სიტუაციას ქმნის, მიმდინარეობს ოპოზიციის გადაჯგუფება და გაძლიერება, თუმცა ყოველივე ამის მიუხედავად რეჟიმის შეცვლამდე ჯერ კიდევ შორი გზაა გასავლელი, აუცილებელია უსერიოზულესი სამუშაოს განხორციელება. სწორედ რეჟიმთან კონსტიტუციური, მშვიდობიანი მეთოდებით ბრძოლის სტრატეგია და ტაქტიკა იქცა ბრიუსელში დისკუსიების საგნად.

 

განსაკუთრებით იქნა აღნიშნული იმ მდგომარეობის, რომელშიც აღმოჩნდა ივანიშვილი, რომელსაც უბრალოდ წაართვეს საქართველოს მოქალაქეობა, მსგავსება იმ მდგომარეობასთან, რომელშიც ებრალიძე იმყოფება უკვე საკმაო ხნის მანძილზე, რომელსაც სააკაშვილი ქართულ პასპორტს უკანონოდ არ აძლევს შიშით, მიიღოს ძლიერი პოლიტიკური კონკურენტი. მიუხედავად ამისა, ქართული დიასპორა უნდა იქნას ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რადგან სწორედ დიასპორას შეუძლია, დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს ძალზე ბევრ და მნიშვნელოვან სფეროში. განსჯისათვის სტატისტიკური მაჩვენებლებიც იქნა ნახსენები: მხოლოდ 2010 წელს საქართველო დატოვა 160 ათასმა მოქალაქემ, რომელთაგანაც აბსოლუტური უმრავლესობა უკან არ დაბრუნებულა.

 

ალექსანდრე ებრალიძეს დაუსვეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური შეკითხვა იმის თაობაზე, თუ აპირებს იგი, დაამყაროს კონტაქტი ბიძინა ივანიშვილთან და შეეცადოს რეჟიმთან ბრძოლის ერთიანი ფრონტის შექმნას. ებრალიძის პოზიცია შემდეგში მდგომარეობს: იგი შეგნებულად არ ეძებს ივანიშვილთან კონტაქტს, რათა რეჟიმს არ მისცეს ზედმეტი საბაბი ივანიშვილისათვის ბრალდების წასაყენებლად, რომ იგი „რუსულ პროექტში“ მონაწილეობს – თავად ებრალიძეს ხომ უკვე დიდი ხანია, ამგვარ დამღას ასვამენ. ამიტომ ებრალიძე არ ჩაერევა პროცესებში, მაგრამ ამასთან იგი, როგორც ქართველი პატრიოტი, გულწრფელად არის გახარებული ქართულ პოლიტიკაში ისეთი პერსპექტიული ფიგურის გამოჩენით, როგორიც ივანიშვილია. ებრალიძე მოუწოდებს ქვეყნის ყველა ოპოზიციურ ძალას, გაერთიადნენ ერთი პერსონის, მ.სააკაშვილის წინააღმდეგ, მოახდინონ მისი იზოლირება, მათ შორის მისსავე გარემოცვაში, რათა მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი ქართული პოლიტიკიდან სააკაშვილის გაძევების პროცესის მშვიდობიანი ხასიათი.

 

ჩვენი მხრივ ალექსანდრე ებრალიძის ამგვარ პოზიციას, გამომდინარე არსებული რეალობიდან, ვაფასებთ აბსოლუტურად სწორ პოზიციად.

 

საერთო ჯამში დისკუსიის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ საჭიროა რეჟიმზე ყველა არსებული საშუალებით ზეწოლა, არჩევნებში გამარჯვების მოპოვება თვით დღეს არსებული არადემოკრატიული საარჩევნო კანონმდებლობის პირობებში სავსებით რეალურია. ოპოზიციამ უნდა მოახდინოს თავისი ინტელექტუალური, ადამიანური და მატერიალური რესურსების მობილიზება, იყოლიოს თავისი წარმომადგენლები ყველა დონის საარჩევნო კომისიაში და ხელისუფლება უბრალოდ ვერ განახორციელებს არჩევნების შედეგების სერიოზულად დამახინჯებას. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება ხალხის ნების პირდაპირ იგნორირებას მოახდენს, იგი ვერ შეძლებს საერთო-ეროვნული დაუმორჩილებლობის ჩახშობას, მას ხალხი ნებისმიერ შემთხვევაში მოაცილებს.

 

 

3. საქართველოს საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების ანალიზი

 

შეხვედრაზე სავსებით გულახდილად განიხილებოდა რუსულ-ქართული ურთიერთობების პრობლემატიკა და ამ საგარეო-პოლიტიკური ფაქტორის გავლენა საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებზე. ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა საქართველოში გარკვეული კომპლექსის არსებობა, როდესაც საუბარია ქართულ-რუსული ურთიერთობების წარსულსა თუ აწმყოზე – რეჟიმის მოწინააღმდეგეები, როგორც წესი, გაურბიან ამ თემაზე ღია საუბარს, რადგან შიშობენ, რომ ხელისუფლების მიერ იქნებიან ბრალდებულნი „პრორუსულობაში“. მაგრამ სხვა მონაწილეებმა გამოთქვეს რწმენა, რომ ამგვარი კომპლექსი დღეს ახასიათებს ოპოზიციური პოლიტიკოსების მხოლოდ ნაწილს, საზოგადოების დონეზე კი იგი უკვე გადალახულია.

 

პირველი შეხედულების სასარგებლოდ მეტყველებს თუნდაც ზემოთ აღწერილი ალ. ებრალიძის არგუმენტაცია, თუ რატომ არ ეკონტაქტება იგი ივანიშვილს, მაგრამ ამასთან მართლები არიან ისინიც, ვინც ამტკიცებს, რომ საზოგადოება მთლიანობაში უკვე მომწიფდა რუსეთის მიმართ სწორი და გახსნილი შეფასებებისათვის. ამის დასტურია თავად დისკუსიის მონაწილეთა პოზიცია. ციტატები მაგალითისათვის: „რუსეთი არ არის დაინტერესებული, ჩაერიოს ჩვენს შიდა საქმეებში, როგორც ამას აკეთებს აშშ. რუსეთს აინტერესებს მხოლოდ ჩვენი გეოპოლიტიკური ლოიალობა, რათა ჩვენთან არასოდეს განლაგდეს ნატოს ჯარები. აშშ ყველას მობეზრდა და დღეს არ არის პრობლემა, პოლიტიკოსებმა ღიად ისაუბრონ რუსეთთან კარგი ურთიერთობების აუცილებლობაზე“; „რუსებმა ნაწილ-ნაწილ შეაგროვეს საქართველო“; „რუსეთის შემადგენლობაში ჩვენ მაშინ შევედით, როდესაც ევროპაში მხოლოდ იწყებოდა ნაციონალური სახელმწიფოების შექმნა“; „რუსეთი არ არის ჩვენი მტერი, რომელიც ჩვენს იდენტობას ემუქრება“; „მე არასოდეს გამოვირჩეოდი რუსეთთან განსაკუთრებული სიახლოვით, მაგრამ როდესაც ვხედავ, თუ ჩვენთან როგორ გაშალეს ფრთები თურქებმა, ვფიქრობ, რომ ჩვენთვისვე ბევრად უკეთესი იქნება რუსეთთან სიახლოვე“; „არ უნდა უგულებელვჰყოთ ჩვენთვის რუსეთის ფასეულობითი მნიშვნელობა, ხალხში ამას სერიოზულ ყურადღებას აქცევენ – პერიოდში, როდესაც ცდილობენ ხან ჩვენს ვესტერნიზაციას, ხან სინგაპურიზაციას, რუსეთი ჩვენს მართლმადიდებელ ალტერნატივად რჩება“...

 

 

ყველა ეს წინადადება ეკუთვნის შეხვედრის ცალკეულ მონაწილეებს, ეს განსხვავებული პიროვნებებია, განსხვავებული შეხედულებებით, მაგრამ მათი აზრი რუსეთთან მიმართებით თითქმის მთლიანად თანხვედრაში აღმოჩნდა. კამათი გამოიწვია მხოლოდ იმან, თუ რამდენად მიზანშეწონილია ყველაფერზე ღიად და გულახდილად საუბარი ხელისუფლების ზეწოლის პირობებში. შედეგად მოწონებულ იქნა წინადადება, რომ უმჯობესია, ოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა კონცენტრირება მოახდინონ რუსეთთან ურთიერთობების აუცილებლობის პრაგმატულ მოსაზრებებზე, რომლების ეჭვს ქვეშ დაყენება თითქმის შეუძლებელია (ვაჭრობა, როგორც ეკონომიკის განვითარების ფაქტორი, და დიპლომატია, როგორც უსაფრთხოებისა და პერსპექტივაში – ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის საშუალება), ხოლო ექსპერტებმა და საზოგადო მოღვაწეებმა უნდა განიხილონ ნებისმიერი თემები, მათ შორის საკამათო თემებიც, ორმხრივი ურთიერთობების ისტორიის ჩათვლით – როგორც მისი უარყოფითი, ისე დადებითი მხარეები. ხელისუფლებას უნდა ხელიდან გააგდებინონ კოზირი, რომ თავად ცნება „რუსეთი“ უნდა ასოცირდებოდეს მტერთან, აგრესიასთან, საფრთხესთან.

 

კამათი გამოიწვია ტერმინმა „ოკუპაცია“ – რამდენადაა მიზანშეწონილი, რომ ეს ტერმინი გამოიყენებოდეს ოპოზიციური პოლიტიკოსებისა და ექსპერტების მიერ მაშინ, როდესაც აქცენტი კეთდება რუსეთთან საერთო ენის გამონახვაზე. აქ აზრები მკვეთრად გაიყო. დისკუსიის მონაწილეთა აბსოლუტური უმცირესობა, მაგრამ დაბეჯითებით, გამოხატავდა აზრს, რომ ტერმინი „ოკუპაცია“ აუცილებელია, რადგან იგი ასახავს რეალობას – რუსეთის ჯარები განლაგებულნი არიან საერთაშორისო სამართლის მიერ საქართველოს ნაწილად აღიარებულ ტერიტორიებზე. უმრავლესობა კი მიიჩნევდა, რომ ამ ტერმინის გამოყენება არ შეიძლება, რადგან იგი სააკაშვილის რეჟიმის მიერ არის თავს მოხვეული და რუსებს აღზიანებს. ამ ორი აზრის დაახლოება არ ჩანდა პერსპექტიული და შეხვედრაც, შეიძლება, ერთიანი შემაჯამებელი განცხადების გარეშე შეიძლებოდა, რომ დარჩენილიყო. მაგრამ ევრაზიის ინსტიტუტის ინიციატივით ნაპოვნი იქნა რედაქციის ოპტიმალური ვარიანტი. კერძოდ, ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა განაცხადა: „ტერმინი ‘ოკუპაცია’ ნამდვილად არის რეჟიმის მიერ თავს მოხვეული და არ შეიძლება მისით ოპერირება, მით უმეტეს, რომ იგი ერთმნიშვნელოვნად არ აღიქმება დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდანაც. ინგლისურ ენაში ტერმინი ‘ოკუპაცია’ შედარებით ნეიტრალურად ჟღერს, ნებისმიერ შემთხვევაში, არა ისე შეურაცხმყოფელად, როგორც რუსულში. რუსს  რომ უთხრა, რომ იგი ოკუპანტია, იგივეა, უთხრა, რომ ფაშისტია. ხოლო ვინმესთვის ფაშისტის წოდება, რუსეთში, როგორც ცნობილია, დედის გინებაზე უარესი შეურაცხყოფაა. რეჟიმი შემთხვევით არ გვახვევს თავს ამ ტერმინს – ‘ოკუპაცია’, რადგან მას სურს რუსეთთან ნებისმიერი დიალოგის გამორიცხვა. მეორეს მხრივ, ჩვენ, როგორც ქართველი პატრიოტები და საერთაშორისო სამართლის მომხრეები, ვერანაირად შევეგუებით ჩვენი მიწების გასხვისებას და ეს ჩვენს რუს პარტნიორებს ღიად უნდა ვუთხრათ. ამიტომ ჩვენ ყურადღების ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ ჩვენთვის რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების მიუღებლობაზე. ჩვენ ხაზი უნდა გავუსვათ რუსეთის მხრიდან ჩვენი ტერიტორიების აღიარების მცდარობასა და მიუღებლობას, ხოლო რუსების ბრალდება ტერიტორიების ოკუპაციაში საჭირო არ არის“.

ეს წინადადება დადებითად იქნა აღქმული და მოხსნა წარმოშობილი კამათი, მან თავისი ასახვა ჰპოვა ბრიუსელის შეხვედრის შემაჯამებელ დოკუმენტში.