ივანიშვილი ხალხს აშკარად მოსწონს, თუმცა...

ორი ვრცელი წერილობითი განცხადება, დიალოგი ოპოზიციურ პოლიტიკოსებთან, შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან, ორი-სამი ინტერვიუ უცხოელი და ქართველი ჟურნალისტებისთვის, ახლა კი პრესკონფერენცია, რომელმაც უზარმაზარი ინტერესი გამოიწვია ჟურნალისტურ წრეებში.

და არა მარტო ჟურნალისტებში. იმის დანახვა, რომ ივანიშვილი მოსწონს ხალხს და მოლოდინი ძალზე დიდია, შეიძლებოდა გუშინ, ყოველი ფეხის ნაბიჯზე საქართველოში. თბილისში ჩვენ ვიხილეთ სიტუაცია, რომლის ხილვასაც დიდი ხანია, გადავეჩვიეთ: ზუსტად 16:00 საათზე, როდესაც დაიწყო პრესკონფერენციის ტრანსლირება, ადამიანებმა ერთად იწყეს შეკრება ტელევიზორებთან – როგორც სახლში, ისე სამუშაო ადგილებზე (ბუნებრივია, იქ, სადაც არ არის სახელმწიფო ზედამხედველობა), ავტომანქანებში რადიომიმღებები ასევე პრესკონფერენციაზე იყო მომართული. ხალხი აშკარად გამოდის დაღონების მდგომარეობიდან და გადადის დაძაბული მოლოდინის რეჟიმში.

 

შეიძლება წარმოვიდგინოთ ის ემოციები, როდესაც ივანიშვილი დაიწყებს ხალხში გასვლას და ადამიანებთან შეხვედრებს, მათთან მათ პრობლემებზე საუბარს!

 

ხელისუფლება თავგანწირვით ებრძვის ამ სიტუაციას და ცდილობს, ჩანასახშივე გაანადგუროს ივანიშვილის ფიგურის გარშემო კონსოლიდაცია. მოწმენი გავხდით მისი მომხრეების უკანონო დაპატიმრებათა სერიისა, დააკავეს ბანკ „ქართუს“ საინკასაციო მანქანა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი დასაშინებლად. ხოლო ხალხის დასარწმუნებლად ხელისუფლების მონა ტელევიზიები უშვებენ უნიჭო სერიალებს თემაზე, „რამდენად ცუდია ეს ივანიშვილი, როგორაა იგი შეკრული პუტინთან“. ჩვენი დაკვირვებით, ასეთი ტრიუკები უკვე აღარ მუშაობს, ხალხს ამის აღარ სჯერა. ჩვენ გამოვკითხეთ რამდენიმე „უბრალო მოქალაქე“, რომელთაც ერთ-ერთი ამისთანა სერიალი ნახეს ტელეარხ „იმედზე“. ხალხს უკვე ეღიმება ასეთ შავ პიარზე და ამბობს, რომ თვით ნაჩვენები ფილმის ფარგლებშიც ივანიშვილი მათ არანაირად არ მოეჩვენათ ცუდ ადამიანად და საშიშ პოლიტიკოსად, უფრო პირიქით. ეს ძალზე მნიშვნელოვანი მომენტია, სახელმწიფო მასმედია თავისი დამაჯერებლობის დაკარგვას იწყებს. მათ ამაში აუცილებლად სჭირდებათ „დახმარება“. თუ როგორ – ეს სხვა საუბრის თემაა.

 

ჯერ-ჯერობით კი „ნაციონალების“ რიგებში დაბნეულობა გრძელდება. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი კულუარული არხების საშუალებით, მომავალი წლის იანვარში „ნაციონალები“ ჩაატარებენ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას („კარდაკარ“). არსებობს ინფორმაციები, რომ „ქვედა ფენები“ ე. წ. კორპუსების კოორდინატორების დონეზე უკვე გაურბიან მმართველ პარტიასთან კონტაქტებს და ეძებენ ივანიშვილთან გადაბარგების შესაძლებლობებს.

 

პრესკონფერენციამ წარმატებით ჩაიარა. ივანიშვილს თავი მშვიდად ეჭირა, სამთავრობო ტელევიზიების ჭაობის კიკიმორების სიბინძურეებსა და ისტერიკას იუმორით პასუხობდა, სერიოზულ შეკითხვებზე კი დამაჯერებელი, და რაც მთავარია, საქართველოს ინტერესებისათვის სავსებით მისაღები პასუხები ჰქონდა. მაგალითად, საქართველოს ნატოში შესვლის აუცილებლობასთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ აგვისტოს ომმა, რომელიც სააკაშვილის დახმარებით გაჩაღდა, საქართველოს ამ ორგანიზაციაში წევრობა ძალზე შორს გადასწია. ივანიშვილმა მოხერხებულად აარიდა თავი ნატოს პირდაპირ უარყოფას. ახლა სწორედ ასეთი დიპლომატიური მეთოდებია საჭირო, პასუხებისგან თავის ასარიდებლად. რუსეთთან ურთიერთობების დალაგების აუცილებლობა მან ასევე სერიოზულად და წარმატებით დაასაბუთა: საქართველოს საქმე არ არის, არკვიოს რუსეთის საშინაო სიტუაცია, მისი დემოკრატიულობა თუ ავტორიტარულობა, საქართველოს სჭირდება ურთიერთობები ისეთ რუსეთთან, როგორი რუსეთისც თავად რუს ხალხს უნდა, რომ ჰქონდეს. ივანიშვილი სხვა შეკითხვებსაც ასე დიპლომატიურად და დამაჯერებლად პასუხობდა.

 

თუმცა რჩება სერიოზული გადაუწყვეტელი საკითხებიც. მთავარი: ივანიშვილმა არ დასახა გზები, როგორ აპირებს იგი, მოქალაქეობის გარეშე, მოახდინოს ხელისუფლებისთვის ლეგიტიმური წინააღმდეგობის ორგანიზება. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იურიდიული თვალსაზრისით, არამედ პოლიტიკურად, რადგან ჩვენთვის შესამჩნევი გახდა, რომ ხალხში, მართალია, მისგან დიდი მოლოდინია, მაგრამ ადგილი მაინც აქვს გარკვეულ სკეფსისს, თუ როგორ შეუძლია მას განახორციელოს თავისი მიზნები. ამასთან დაკავშირებული რეკომენდაციები ჩვენს წინა კომენტარებშია მოცემული, ყველაფერი, რა თქმა უნდა, თავად ივანიშვილის გადასაწყვეტია. დრო არ ითმენს. საჭიროა, ბოლოსდაბოლოს გამოჩნდეს მომავალი მასობრივი მოძრაობის კონტურები. გასაგებია, რომ არაა საჭირო იმაზე ბევრი საუბარი, როგორ აპირებ, ქვეყანას მოაშორო ტირანი, მაგრამ ზოგად ფარგლებში მაინც აუცილებელია, ფართო საზოგადოებრიობასთან გაზიარებულ იქნას დასახული გეგმები. რაც უფრო მალე მომწიფდება ასეთი გეგმები, მით უკეთესი.