ვლადიმერ ბედუკაძე: „მზად ვარ, გამოვააშკარავო ყველა ის ბნელეთის მოციქული, ვისაც პატიმრების წამებაში მიუღია მონაწილეობა და ასრულებდა დანაშაულებრივ ბრძანებებს!“

ვლადიმერ ბედუკაძე: „მზად ვარ, გამოვააშკარავო ყველა ის ბნელეთის მოციქული, ვისაც პატიმრების წამებაში მიუღია მონაწილეობა და ასრულებდა დანაშაულებრივ ბრძანებებს!“

ამჟამად დევნილობაში მყოფი, სკანდალური, წამების ამსახველი ვიდეოკადრების ავტორი,  ვლადიმერ ბედუკაძე ჩვენი კორესპონდენტის წინაშე განცხადებას აკეთებს.

„პოლიტფორუმი“ ექსკლუზიურად გთავაზობთ ამ განცხადების შინაარსს.

     

  «ფსიქოლოგიურად,  მორალურად  გაუსაძლისმა მდგომარებამ, რომელიც წლების მანძილზე არსებობდა და სამწუხაროდ კვლავ გრძელდება აღნიშნულ სისტემაში, გაუსაძლისმა პოლიტიკურმა წნეხმა, ადამიანთა ღირსების შელახვის, დამცირების, წამების, აბუჩად აგდების, თვითნებობის, უკანონობის, პატიმართა  გარდაცვალების  მრავალმა ფაქტმა, რომლის პირადი თვითმხილველი ვიყავი და რის შეცვლაც ან რაიმე გარდატეხვის შეტანაც მე არ შემეძლო ჩემი თანამდებობრივი მდგომარეობის გამო,  განაპირობა ჩემს მიერ სისტემის დატოვება  და ბრძოლოს სხვა  კუთხით გაგრძელება ვარჩიე.

  ვინც კი პირადად მიცნობს, იცის, რომ მთელი ჩემი არსებით, საშუალებებით, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებოდი  ძალადობრივი ფორმებით სისტემის მართვას, მაგრამ ეს  წინააღმდეგობა ზღვაში წვეთი იყო ძალადობის იმ ნიაღვართან, რომელიც მოედინება ამქვეყნიურ ჯოჯოხეთად წოდებულ სფეროში და ამ ჩაკეტილ, ბნელ სისტემასთან საბრძოლველად უფრო ეფექტური გზების გამონახვა იყო საჭირო, თუმცა ციხის კედლებიდან ნათლად ჩანს  სააკოვის ‘’აშენებული’’ ძირმომპალი  ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემის ნამდვილი სახე და მიზანი.     

   გარდამტეხი ეტაპი პენიტენციალური სისტემის არსებობის ისტორიაში 2006 წლის 27 მარტია, ე.წ. “ციხის ბუნტი”  – სპექტაკლი, რომელიც თავიდანვე  ინსპირირებული და პროვოცირებული  იყო პირადად  ბატონ ბაჩანა ახალაიასა და მისი ე.წ. გუნდისგან (მეგის ქარდავა, ალექსანდრე მუხაძე, გოგა ონიანი და სხვები) 

    ახალაია, რომელიც მანამდე აქტიურად იბრძოდა  შევარდნაძის ხელისუფლების უკანონობების წინააღმდეგ და იყო სახალხო დამცველის მოადგილე, თვითონ იქცა  მთელი რიგი უკანონობებისა და ძალადობების: მკვლელობების, ცემის, წამების, აღიარების ძალადობრივი გზით მოპოვების, დასმენების, მოსმენების, მონობის სინდრომის დანერგვის, ჟარგონულ სიტყვით  ‘’ბესპრედელის’’ დაკანონების სიმბოლოდ; იქცა ადამიანად, რომელმაც სიტყვა „კანონი“ აქცია ბუტაფორიად, ლიტონ, დასაცინ სიტყვად და პატიმრობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანი და პრინციპები –თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და რესოციალიცაზია თავისებურად ასე  განმარტა: უფრო მეტი  დანაშაულის აღიარება, პატიმართა უფრო მეტი უსიტყვო მონური მორჩილება, ცემა, ფაშისტურ-ბოლშევიკური წამების მეთოდების შერწყმა და პარაქტიკაში დანერგვა, ადამინის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების ფეხქვეშ გათელვა, კანონის სრული იგნორიერება და ფარატინა ქაღალდად ქცევა!  

–კანონი  მე ვარ, არ გინდა მუშაობა? წადი! ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია – ეს ფრაზები და გამონათქვამები ლოზუნგებად იქცა და სისტემის ყველა თანამშრომლისათვის ცნობილია, ეს სააკოვის კრიმინალური ხროვის აზროვნების სტილი და  მუშაობის მეთოდია.

   საპყრობილეში  შესახლებიდანვე, ციხის კარის, ზღურბლის გადაბიჯებისთანავე, პატიმარი ხდება დიდი პროექტის ნაწილი, სისტემის საკუთრება, ახალაიას საცდელი ბოცვერი, სათამაშო, სრულიად უუფლებო, განწირული ადამიანი, რომელიც თუ არ დაჰყვა გამოძიების კეთილ ნებას და არ აღიარა ჩადენილი თუ ჩაუდენელი  “დანაშაული’’, ან არ გაიღო შემოწირულობა ხაზინისათვის (გააჩნია მუხლს), მაშინ უკვე  მთელი ძალით ჩაირთვება (ამოქმედდება) სააკოვ-ახალაია-მერაბიშვილის მიერვე  შექმნილი ბოროტი მექანიზმი!

  მერწმუნეთ, ღირსების დამცირების  მეთოდების და ხერხების პრაქტიკული ამოქმედება  სააკოვის სისტემის გადაგვარებული თანამშრომლებისათვის,  ვინც ამ ბინძურ სამუშაოს ასრულებს,  სიამოვნების მომგვრელია და ჟრიამულით ელოდებიან ყოველ ამგვარ მომენტს. ათმაგად დასასჯელია ის, ვინც ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანა ისინი!

 თუმცა, რა თქმა უნდა,  ცემა-წამება ინიღბება საპყრობილეში წესრიგის დამყარების აუცილებელ გზად, რეჟიმის დაცვისთვის მიმართულ ქმედებად და, რაც მთავარია, ითვლება  “გვერდში დგომად’’, იმედების გამართლებად მათი პატრონისადმი - შემოქმედისადმი, „მესიისადმი“, მხსნელისადმი, რომლის სახელის ცუდ კონტექსტში წამოცდენაც კი შეიძლება, მარტივად რომ ვთქვათ, დიდი უსიამოვნებად ექცეს როგორც პატიმარს,  ისე იქ მომუშავე პერსონალს.

 ასევე  ვადასტურებ, რომ სისტემა  ზედმეტად პოლიტიზირებულია. მომსახურე უკლებლივ ყველა ადამიანი აღიქმება როგორც უპირობო მხარდამჭერი და თაყვანისმცემელი ‘’ნაციონალური მოძრაობისა’’ და პირადად სააკოვისა!

  ის პატიმრები, რომლებიც სხვადასხვა  ფორმებით დაკავშირებულნი არიან პოლიტიკასთან და არიან სააკოვის იდეოლოგიური მოწინააღმდეგენი, ითვლებიან სახელმწიფოს მტრებად და მათ მიმართ მიდგომა უსასტიკესია, მათზე არ ვრცელდება არანაირი არსებული სოციალური პროექტები, დაცვის მექანიზმები, ელემენტარული ადამიანური  უფლებებიც კი!

  სამწუხაროდ, დირექტორი ერთპიროვნულად განაგებს დაწესებულებას, როგორც პირად  კანტორას, ექვემდებარება უშუალოდ დეპარტამენტის თავჯდომარეს ან მის პირველ მოადგილეს, რომლებიც თავის მხრივ ასრულებენ უშუალოდ ბაჩო ახალაიას მითითებებს,  ახალაიას კი პრეზიდენტ სააკოვთან რა ახლო, სასიყვარულო ურთიერთობები აქვს, ყველამ უწყის, ითვლება რა პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილ პირად და მისი ნება-სურვილის უსიტყვო შემსრულებლად.

 დავალება საპყრობილის დირექტორისთვის, რომელიც მოდის დეპარტამენტის ხელმძღვანელობიდან, ასეთია: ნებისმიერი გზით, ხერხით, მეთოდით მიიღოს, მოიპოვოს აღიარებითი ჩვენება, ხელი შეუწყოს უკანონო საგამოძიებო მოქმედებების შესრულებას (ღამისეული დაკითხვები), დანერგოს მონობის სინდრომი, პანიკური შიში – როგორც პატიმრებში, ასევე თანამშრომლებში.

    ამ ახირებების მსხვერპლია ათეულობით უდანაშაულო ადამიანი, რომლებიც ასე მრავლად, სხვადასხვა ყალბი სამედიცინო დიაგნოზებითა და რეალური გარდაცვალების მიზეზების მიჩქმალვით  ემატებიან იმქვეყნიურ საქართველოს.

   მმართველ დონეზე სასჯელაღსრულების სიტემა სააკოვმა დააკომპლექტა კრიმინალური ელემენტებით, ფაქტობრივად მოხდა ე.წ. კანონიერი ქურდების ჩანაცვლება, ანუ კონკურენტების გზიდან ჩამოცილება.  

  მოტივი ნათელია, ფაქტი სახეზეა  – სისტემა იქცა  საცდელ ლაბორატორიად, სადაც ხდება შიშის დანერგვა, მონური იდეოლოგიის მქონე ადამიანების ქარხნული კონვეირით გამოშვება, რომლებიც მერე თავისუფლებაზე ყოფნისას კვლავ  იქნებიან  მართულნი, დაშინებულნი, კომპრომეტირებულნი. და, რაც არაფრით არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, სისტემა აქციეს ბიუჯეტის, უფრო ზუსტად – საკუთარი ჯიბის ბიუჯეტის შევსების ძირითად წყაროდ.

    მმართველ თანამდებობეზე ახალაიას ნებართვის გარეშე არავინ არ ინიშნება, სამინისტრო, მთელი აპარატი, მინისტრი – იქნება ეს შაშკინი თუ კალმახელიძე თუ ახლა უკვე ტუღუში –  ბუტაფორიაა, მაკეტია, რომლებიც არანაირ გადაწყვეტილებას არ იღებენ ციხეების მართვა-გამგეობის საკითხებში. ისინი მხოლოდ უბრალო, უმნიშვნელო პიარული ელემენტებით არიან დაკავებულნი  სამინისტროს ნათელ კაბინეტებში და ცოცხალი პატიმარი სახეზეც არ უნახავთ, მათს პრობლემებს საერთოდ არ იცნობენ.

    მმართველი თანამდებობის პირების, დირექტორების გადაადგილება, გადანიშვნა  ხდება  ე.წ. ‘’კარუსელის პრინციპით’’; თუ სადმე ვინმემ  ‘’თავი გამოიჩინა’’ ანუ საზოგადოება მეტისმეტად  გააღიზიანა თავისი სულელური ქმედებებით,  დროებით ‘’გადამალავენ’’  სხვა შედარებით დაბალ თანამდებობაზე.

   წამყვანი თანამდებობის მსურველი ყველა კანდიდატი პირადად ახალაიასთან გადის აუდიენციას და ტესტს  სანდოობაზე ანუ  რამდენად უსიტყვოდ, მონური მორჩილებით, პარტიისადმი ერთგულებით შეასრულებს მასზე დაკირებულ ესოდენ დიდ საპასუხისმგებლო მისიას და ემსახურება ნაც.მოძრაობას, პარტიას, მიშას და გაამართლებს საპატიო ნდობას, შეასრულებს ბაჩანას  ნებისმიერ უკანონო დავალებას.      

ასეთი დავალების შესრულება ერთგულების დამტკიცებად მიიჩნევა და მათ თანამდებობრივ წინსვლას განაპირობებს. 

  პარტიული დავალებაა, შესრულდეს დავალება –  ნებისმიერ ფასად, ნებისმიერი გზით, ხერხით, მეთოდით, ადამიანის სიცოცხლე აქ უკვე მეასე ხარისხოვანია. „მიზანი ამართლებს საშუალებას“.

   დამცირების, ცემის, წამების, ხერხები, მეთოდები – დირექტორების  მიერ შერჩეული სანდო და ერთგული გუნდის წევრების, ე.წ.  ‘’ზონდერების ‘’  ფანტაზიებზეა დამოკიდებული და გამოიხატება გონების დაკარგვამდე ხელით, წიხლებით, “დუბინკით“ ცემაში და თუ საჭირო გახდა, ამავე „დუბინკითვე“  გაუპატიურებაში, თუნდაც ლეტალური შედეგის დადგომამდე მიყვანაში. თავზე დაშარდვა, გაღებულ პირში ჩაფურთხება, თვითმკვლელობამდე მიყვანა მათთვის გამართლებულია, მიზანი კვლავ ამართლებს საშუალებას, „მიზანი ერთია, დიადი ნათელი“- სააკოვის ნდობის გამართლება, კაი ბიჭის სახელის დამკვიდრება!

  ნაცემ-ნაგვემი,  სიკვდილამდე დაშინებული პატიმარი  (თვითონ ან  მისმა ადვოკატმა თუ იმარჯვა და ცემის ამბავი გაახმაურა), სახალხო დამცველის დონეზე წერს და ყვება შეთითხნილ ისტორიებს, თუ „როგორ ჩამოვარდა საწოლოს მეორე იარუსიდან, ფეხი დაუცურდა და თავი მიარტყა კედელს , თვითონ მიიყენა დაზიანება თვალბუდის არეში სისხლნაჟღენთების სახით“ და რაც მთავარია, არანაირი პრეტენზია დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართ არ გააჩნია.

  თვითონ  განსაჯეთ - წელიწადში 500-600 ე.წ. ‘’შეტყობინებიდან’’ პირობითად  გლდანის #8 დაწესებულებიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მისამართით ნახევარი მაინც – ერთი სტილია, ერთი ხელწერაა, ალბათ ამაზე მეტი ფაქტობრივი  ნივთმტკიცება მცემელთა გვარ-სახელის მითითებით ზედმეტიც კია..

   გაუპატიურებაში, ცემაში, წამებაში შემომკვდარი პატიმტრების ‘’გაპრავების’’ მეთოდი ე.წ. „რეზბალნიცის“ მესვეურებმა კარგად იციან.

   ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს, სამართლიანობა უნდა აღსდგეს,  სახალხო დამცველს თავის ყოველწლიურ მოხსენებებში დასახელებული აქვს ათეულობით მოძალადე, სისხლის სამართლის დამნაშავე თანამშრომელთა სახელები, ჩემის მხრივ მზად ვარ,  გამოვააშკარავო  ყველა ის ადამიანი , ბნელეთის მოციქული,  ვისაც პატიმრების სასტიკ, მასობრივ ცემა-წამებაში მიუღია მონაწილეობა, ვინც წლების მანძილზე მონურად ემსახურებოდა ჩაბნელებულ, ჩაკეტილ სისტემას საკუთარი პირადი კეთილდღეობის ხარჯზე და ასრულებდა არაკანონიერ, დანაშაულებრივ ბრძანებებს!»           

                                                                                                                                                                                                       სპეციალურად „პოლიტფორუმისთვის“ – ჩაიწერა ლაშა გაბისკირიამ