სტრატეგიული ობიექტი

სტრატეგიული ობიექტი

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი განხილულ უნდა იქნას სტრატეგიულ ობიექტად - ეს ის ცნებაა,

რომელსაც ამ უნივერსიტეტის „მფლობელი“ ბენდუქიძე არ ცნობს. ბენდუქიძისგან დამოუკიდებლად, აგრარული უნივერსიტეტი იმიტომ არის სტრატეგიული ობიექტი, რომ საქართველოს მთავარი პრიორიტეტი იყო და იქნება სოფლის მეურნეობა - მის გარეშე ვერც ქართული სახელმწიფო იარსებებს და ვერც ეთნიკურად ქართველი ადამიანი.

თავის დროზე აგრარული უნივერსიტეტი, ანუ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი კერა იყო საბჭოთა კავშირის მასშტაბით. სააკაშვილის რეჟიმმა ეს ობიექტი ხელში ჩაუგდო ბენდუქიძეს, რომელიც ცნობილია იმით, რომ სოფლის მეურნეობას, გლეხობას, ზედმეტ ტვირთად, ჩამორჩენილობად მიიჩნევს ქვეყნისათვის. მით უფრო საინტერესოა, რომ სწორედ მან მოისურვა ამ სტრატეგიული ობიექტის მითვისება და მიითვისა კიდეც - ფაქტობრივად მოშალა სოფლის მეურნეობის სწავლება და იგი ერთ-ერთ რიგით „უმაღლესად“ გადააკეთა. სამაგიეროდ, ბენდუქიძის განკარგულებაში რჩება აგრარული უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული მიწის ნაკვეთები, ყოფილი საცდელი მეურნეობები. მიწები - აი ის, რაც სჭირდებოდა ბენდუქიძეს, როდესაც სტრატეგიულ ობიექტს ხელში იგდებდა.

გამომდინარე ყოველივე ზემოთქმულიდან, გაუგებარია, რატომ იტყუებს თავს საქართველოს მთავრობა და ბენდუქიძის „უმაღლესს“ მეორეხარისხოვან საკითხებზე ედავება. აკრედიტაციის გაუქმება ამ, ან თუნდაც სერიოზული მიზეზის საფუძველზე, გამოსავალი არ არის. ეს პრობლემას არ წყვეტს. პრობლემის გადაწყვეტა იქნებოდა აგრარული უნივერსიტეტის რე-ნაციონალიზაცია და სახელმწიფოს ზრუნვის აღდგენა მასზე. რა თქმა უნდა, მხოლოდ უნივერსიტეტის შენობაზე არ გვაქვს საუბარი, არამედ მიწების მთელ ფონდზე.

ხოლო იმით, თუ რა ხრიკებით ჩაიგდო ხელში აგრარული უნივერსიტეტი და რა მოტივები ამოძრავებდა ბენდუქიძეს, განათლების სამინისტრო კი არა, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.

 

ევრაზიის ინსტიტუტი