ივანიშვილის მიმოწერა ევროპასთან

ივანიშვილის მიმოწერა ევროპასთან

პოპულარული რუსული გამოცემა“ВЗГЛЯД“ ყურადღებას უთმობს ბიძინა ივანიშვილის წერილს ‘ევროპის

სახალხო პარტიის’ მიმართ, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ პარტიის საქართველოსადმი სუბიექტურ დამოკიდებულებას მკაცრად აკრიტიკებს. იქვე გამოცემა თავის მკითხველს სთავაზობს ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, გულბაათ რცხილაძის კომენტარს:

„საქართველოში პრემიერის წერილი ხალხმა დადებითად მიიღო. ეს გარკვეული მესიჯია ევროპის მიმართ. ბევრმა ადამიანმა ამოისუნთქა იმ მიზეზით, რომ პრემიერ-მინისტრმა, ბოლოსდაბოლოს, თავისი სიტყვა თქვა და ხისტად უპასუხა დასავლეთის, კერძოდ, ევროპის ქვეყნების ზეწოლას.

ამავე დროს, ევროდეპუტატების გადარწმუნება არარეალურია, უბრალოდ, ივანიშვილი ზეწოლას ზეწოლითვე პასუხობს. ევროპელი დეპუტატები და საზოგადო მოღვაწეები არ არიან ჭეშმარიტების დადგენით დაინტერესებულნი, იმით, თუ ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი, რა ესაჭიროება ქართველ ხალხს, რა აწუხებს მას და ასე შემდეგ. მათი მთავარი ინტერესი იმაში მდგომარეობს, რომ შენარჩუნებულ იქნას სააკაშვილის რეჟიმი, არ მოხდეს პოლიტიკური სცენიდან მისი გაქრობა.

ევროდეპუტატებმა ‘სახალხო პარტიიდან’ მშვენივრად უწყიან, თუ რეალურად რა ხდება საქართველოში, როგორ არღვევდა სააკაშვილის რეჟიმი ადამიანის უფლებებს არა მარტო ციხეებში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორ არბევდნენ მიტინგებს, როგორ კლავდნენ ხალხს ქუჩაში, პირდაპირ ხვრეტდნენ, ეს ყველაფერი მათ არ ადარდებდათ.

ივანიშვილს რაც შეეხება, მისი პოლიტიკა, მათ შორის, საშინაო, უფრო დამოუკიდებელი იქნებოდა, ხალხის მხარდაჭერით, რომ არა ეკონომიკური ფაქტორები. ამჟამად პრემიერი იძულებულია, დასავლეთსა და რუსეთს შორის ბალანსი დაამყაროს. საქართველოს, როგორც ცნობილია, ძალზე მაღალი საგარეო დავალიანება აქვს, სწორედ ამ წელიწადში უნდა გადაიხადოს მან თავისი ვალების დიდი ნაწილი. საქართველომ უნდა გაითვალისწინოს ვალების რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობა და სული მოითქვას.

საქართველომ მეზობლების გამოცდილება უნდა გაითვალისწინოს, რომლებიც გარკვეულწილად დასავლეთსა და რუსეთს შორის ლავირებენ. მაგალითად, სომხეთი რუსეთის რეგიონულ მოკავშირედ მიიჩნევა, მაგრამ იგი დასავლეთთანაც მშვენივრად ახერხებს ურთიერთობას. საქართველოს ხელისუფლებისთვის მთავარია, რომ საქართველო მართლაც არ იყოს გამაღიზიანებელი ფაქტორი რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობებში. საქართველო უფრო მეტად უნდა დაუახლოვდეს მოსკოვს“.